გადაწყვეტილება №24563/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24563/2/2024
27 თებერვალი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 13.02.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------“ 31.12.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24563/2/2024).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 3 ივნისის №13029 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 20.11.2024 წლის №066-17 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 17.12.2024 წლის №26469 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 152 945,42 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 87 381
დღგ - 62 193
საშემოსავლო გადასახადი - 25 188
ჯარიმა - 43 475
საურავი - 22 089,42
პროცედურული გარემოებები
მომჩივნის საქმიანობაა ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი ხე-ტყის მასალის შესყიდვა/რეალიზაცია. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2021 წლიდან 1.11.2023 წლამდე პერიოდის სრული, გეგმიური კამერალური საგადასახადო შემოწმება. ხოლო სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის მიზნებისთვის შემოწმდა 2024 წლის 25 იანვრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 29 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
1. გადასახადის გადამხდელი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (ხე-ტყის) შეძენას ახორციელებს მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე სასაქონლო ზედნადებებით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, ასევე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ბაზებში ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების და სპეციალური ფირნიშების შესახებ არსებული ინფორმაციის შესწავლით დადგინდა, რომ კომპანიის მიერ შეძენილ ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული წარმოშობის დოკუმენტი (ფირნიშის ნომრები) რიგ შემთხვევებში არ ეკუთვნოდა მომწოდებელს. ზემოაღნიშნული ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები/საგადასახადო ანგარიშფაქტურა არ იქნა განხილული ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტად. აღნიშნულიდან გამომდინარე დაკორექტირდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხის ოდენობა, კერძოდ, აღნიშნული პირებისგან მიღებული ჩათვლები გაუქმდა, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
2. მიღებული ჩათვლების გაუქმების შედეგად წარმოშობილი ფულადი ნაშთები დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით და გადასახადის გადამხდელს დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზეც 23.04.2024 წელს გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №9478 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა ამავე თარიღის №066-5 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის თანახმადაც მომჩივანს სულ დაერიცხა 264 377,7 ლარი აქედან, დამატებული ღირებულების გადასახადი
62 193 ლარი, საშემოსავლო გადასახადი 100 753 ლარი, ჯარიმა 81 258 ლარი, საურავი 20 173,80 ლარი.
23.04.2024 წლის №066-5 საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 3.06.2024 წლის №13029 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: სადავო საკითხთან დაკავშირებით, ფულადი სახსრების ნაშთის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები განესაზღვრა, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და აღნიშნულის შესაბამისად განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 3.06.2024 წლის №13029 ბრძანების აღსრულების მიზნით 8.11.2024 წელს შედგა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, საიდანაც ირკვევა, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ დაკორექტირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები, კერძოდ, „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „კრედიტორული დავალიანების შესახებ“ სსიპ შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითების პირველი თავის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯებიდან ანაზღაურებულად ჩაითვალა ხარჯის 75%, რის შედეგადაც საშემოსავლო გადასახადი შემცირდა 75 565 ლარით, ხოლო ჯარიმა 37 783 ლარით.
8.11.2024 წლის დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 20.11.2024 წლის №24449 ბრძანება და ამავე თარიღის №066-17 საგადასახადო მოთხოვნა, აღნიშნული 9.12.2024 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 17.12.2024 წლის №26469 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
დადგენილია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლითაც დაკორექტირდა (შემცირდა) დარიცხული თანხები. კერძოდ, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების გათვალისწინებით, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯებიდან ანაზღაურებულად ჩაითვალა ხარჯის 75%. შედეგად, შემცირდა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დარიცხული თანხა და ჯარიმა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება და შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, გადასახადის გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შეძენილი ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული წარმოშობის დოკუმენტი ფირნიში ნომრები რიგ შემთხვევაში არ ეკუთვნის მიმწოდებელს ეს კომპანიებია: შპს „------“ ს/ნ ------ 152006,4 ლარი დღგ-ის ჩათვლით, შპს „------“ (ს/ნ -------) 192368 ლარი დღგ-ის ჩათვლით, შპს „-------“ (ს/ნ --------) 58640 ლარი დღგ-ის ჩათვლით, სულ 403014,4 დღგ-ის ჩათვლით, მიღებული დღგ-ის ჩათვლა 61 476,77 ლარი, რომელიც აუდიტორის მიერ ამოღებულია დღგ-ის ჩათვლიდან, ზემოთ ჩამოთვლილი კომპანიების მიერ მიწოდებული საქონლის ღირებულებაზე განისაზღვრა სსკ-ის 73-ე მუხლის მიხედვით და დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი 25 188 ლარი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხა ექვემდებარება გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
შემოსავლების სამსახურის 3.06.2024 წლის №13029 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- სადავო საკითხთან დაკავშირებით, ფულადი სახსრების ნაშთის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები განესაზღვრა, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და აღნიშნულის შესაბამისად განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 3.06.2024 წლის №13029 ბრძანების აღსრულების მიზნით გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 8.11.2024 წლის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე, საიდანაც ირკვევა, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ დაკორექტირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები, კერძოდ, „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „კრედიტორული დავალიანების შესახებ“ სსიპ შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითების პირველი თავის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯებიდან ანაზღაურებულად ჩაითვალა ხარჯის 75%, რის შედეგადაც საშემოსავლო გადასახადი შემცირდა
75 565 ლარით, ხოლო ჯარიმა 37 783 ლარით.
მომჩივნის მტკიცებით მისთვის გამოწერილ დოკუმენტებში ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების (ფირნიშის ნომრების) არასწორი მითითება არ უნდა ჩაითვალოს სამართალდამრღვევად, რადგან არ გააჩნდა მსგავსი ინფორმაციის გადამოწმების საშუალება აღნიშნულის გათვალისწინებით მთლიანად უნდა გაუქმდეს საშემოსავლო გადასახადი.
საჩივარში გასაჩივრებულ დოკუმენტად მითითებული, აუდიტის დეპარტამენტის 20.11.2024 წლის №066-17 საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის 17.12.2024 წლის №26469 ბრძანება გამოცემული იყო შემოსავლების სამსახურის 3.06.2024 წლის №13029 ბრძანების აღსრულების შედეგებზე, აღნიშნული ბრძანების აღსრულება კი თავის მხრივ გულისხმობდა დავალებას აუდიტის დეპარტამენტისადმი, რომ ფულადი სახსრების ნაშთის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯები განესაზღვრა, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით და აღნიშნულის შესაბამისად განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტმა აღნიშნული დავალების აღსასრულებლად იხელმძღვანელა „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „კრედიტორული დავალიანების შესახებ“ სსიპ შემოსავლების სამსახურის მეთოდური მითითების პირველი თავის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით, რომლის მიხედვითაც „თუ ხარჯზე, ან ხარჯის ნაწილზე, საგადასახადო შემოწმების ფარგლებში ვერ იქნა მოპოვებული/დადგენილი ან/და წარმოდგენილი სრულყოფილი მტკიცებულებები, თუმცა, შესაბამისი ხარჯის ფაქტობრივად გაწევის ნამდვილობა და საჭიროება არ არის სადავო, ანაზღაურებულად ჩაითვლება ამ ხარჯის 75%.“ აღნიშნულის გათვალისწინებით შემცირდა შემოწმების შედეგად დარიცხული საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.
მომჩივანს არ წარმოუდგენია კონკრეტული არგუმენტები თუ რატომ არ უნდა ჩაითვალოს შემოსავლების სამსახურის 3.06.2024 წლის №13029 ბრძანება აღსრულებულად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავითაღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 3 ივნისის №13029 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (ხე-ტყის) შეძენას ახორციელებს მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე სასაქონლო ზედნადებებით. შესწავლით დადგინდა, რომ კომპანიის მიერ შეძენილ ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული წარმოშობის დოკუმენტი (ფირნიშის ნომრები) რიგ შემთხვევებში არ ეკუთვნოდა მომწოდებელს. ზემოაღნიშნული ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები/საგადასახადო ანგარიშფაქტურა არ იქნა განხილული ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტად. აღნიშნულიდან გამომდინარე დაკორექტირდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხის ოდენობა. აღნიშნული პირებისგან მიღებული ჩათვლები გაუქმდა, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა. მიღებული ჩათვლების გაუქმების შედეგად წარმოშობილი ფულადი ნაშთები დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით და გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;304(21);73(5);