ბრძანება N 9502

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 14.05.2025
№ დოკუმენტი 9502
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 9502

14 მაისი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ის“ (ს/ნ ---)

(მის.: ---)

2025 წლის 23 აპრილის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის პირველი მაისის სხდომაზე (ოქმი №33) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2025 წლის 23 აპრილის №95239/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 7 აპრილის №006-72 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საბანკო ანგარიშიდან მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებზე გადარიცხული მომსახურების ანაზღაურების ხელფასად დაკვალიფიცირებას და აცხადებს, რომ აღნიშნული პირები არ წარმოადგენენ საწარმოს დაქირავებულ თანამშრომლებს, თითოეული გადარიცხვა შესრულებულია მომსახურების ხელშეკრულებისა და მიღებაჩაბარების აქტების საფუძველზე, ხოლო გადარიცხვის დანიშნულებაში შეცდომით არის მითითებული ხელფასი. ამასთან, საჩივარს თან ურთავს ხელშეკრულებებსა და მიღება-ჩაბარების აქტების ასლებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 5 თებერვლის №1677 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2023 წლის 3 ივლისიდან 2025 წლის პირველ იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 28 მარტს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2025 წლის 7 აპრილის №6613 ბრძანება და ამავე თარიღის №006-72 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 56 764 ლარი, მათ შორის, გადასახადი 35 675 ლარი, ჯარიმა 17 838 ლარი, საურავი 3 251 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

შემოწმებით შესწავლილ იქნა საწარმოს საქმიანობა და შემოწმების პროცესში წარმოდგენილი ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი საბუღალტრო დოკუმენტაცია, ელექტრონული პროგრამა "ფინა". ასევე, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია (საბანკო ამონაწერები, ხელშეკრულებები). წარმოდგენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით, საწარმოს სამეურნეო ოპერაციების შესწავლით ირკვევა, რომ შპს „---ს“ გაწეული მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად საბანკო ანგარიშიდან გადარიცხული აქვს თანხები მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებთან, კერძოდ, -----. გადამხდელის განმარტებით, ეს პირები მას უწევენ შეფუთვა-დაცლის მომსახურებას, რაზეც წარმოადგინა შესაბამისი ხელშეკრულებები.

შემოწმების მიერ გაანალიზებულ იქნა აღნიშნული გადარიცხვები და დადგინდა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში დანიშნულებაში მითითებულია ხელფასი, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში კი მომსახურების ანაზღაურება. ი/მ ---ს შემთხვევაში გადამხდელის მიერ მხოლოდ 2024 წლის ბოლო თვეებში გადახდილი თანხები არის დაკვალიფიცირებული ხელფასად, დანარჩენი გადახდები კი - მომსახურებად. შესაბამისად, ერთსა და იმავე მომსახურებას გადამხდელის მიერ მინიჭებული აქვს სხვადასხვა კვალიფიკაცია. ანალიზის შედეგად, იქიდან გამომდინარე, რომ მომსახურების გაწევა ხდებოდა დამკვეთის ნედლეულითა და დამკვეთის დანადგარებით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების შესწავლის შედეგად არ იდენტიფიცირდება საწარმოს ნედლეულის გადაზიდვა კომპანიის საქმიანობის ადგილიდან სხვა ლოკაციაზე და პირიქით საწარმოში საქონლის დაბრუნება. ასევე, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ აღნიშნული ფიზიკური პირები შესამოწმებელ პერიოდში მომსახურებას უწევენ მხოლოდ შპს „---ს“. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის, 101-ე, 104-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, ბანკიდან შეფუთვის მომსახურებისთვის ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხები შემოწმების მიერ დაკვალიფიცირდა დაქირავებულ პირებზე გაცემულ ხელფასად, რაზეც გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას: ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია:

ა) ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში – შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა მიხედვით, კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად საბანკო ანგარიშიდან გადარიცხული აქვს თანხები მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებთან. აღნიშნული გადარიცხვების ნაწილის დანიშნულებაში მითითებულია - ხელფასი. ერთ-ერთ ფიზიკურ პირზე გადარიცხული თანხები გადასახადის გადამხდელს 2024 წლის ბოლოს დაბეგრილი აქვს ხელფასად. აღსანიშნავია, რომ მომსახურების გაწევა ხდებოდა დამკვეთის ნედლეულითა და დამკვეთის დანადგარებით და ასევე, აღნიშნული ფიზიკური პირები შესამოწმებელ პერიოდში მომსახურებას უწევენ მხოლოდ შპს „----ს“.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის წარმოების პროცესში და არც საჩივრის ზეპირ განხილვაზე მომჩივნის მხრიდან არ ყოფილა წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საწარმოს მიერ საბანკო ანგარიშიდან მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებზე გადარიცხული თანხების ხელფასად დაკვალიფიცირება მართლზომიერია, შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება საბანკო ანგარიშიდან მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებზე გადარიცხული მომსახურების ანაზღაურების ხელფასად დაკვალიფიცირებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმებით შესწავლილ იქნა საწარმოს საქმიანობა და შემოწმების პროცესში წარმოდგენილი ეკონომიკური საქმიანობის ამსახველი საბუღალტრო დოკუმენტაცია, ელექტრონული პროგრამა "ფინა".

შემოწმების მიერ გაანალიზებულ იქნა გადარიცხვები და დადგინდა, რომ კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში მომსახურების ღირებულების ასანაზღაურებლად საბანკო ანგარიშიდან გადარიცხული აქვს თანხები მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირებთან. აღნიშნული გადარიცხვების ნაწილის დანიშნულებაში მითითებულია - ხელფასი. ერთ-ერთ ფიზიკურ პირზე გადარიცხული თანხები გადასახადის გადამხდელს 2024 წლის ბოლოს დაბეგრილი აქვს ხელფასად. აღსანიშნავია, რომ მომსახურების გაწევა ხდებოდა დამკვეთის ნედლეულითა და დამკვეთის დანადგარებით და ასევე, აღნიშნული ფიზიკური პირები შესამოწმებელ პერიოდში მომსახურებას უწევენ მხოლოდ მომჩივანს. შესაბამისად, ბანკიდან შეფუთვის მომსახურებისთვის ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხები შემოწმების მიერ დაკვალიფიცირდა დაქირავებულ პირებზე გაცემულ ხელფასად, რაზეც გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საწარმოს მიერ საბანკო ანგარიშიდან მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებზე გადარიცხული თანხების ხელფასად დაკვალიფიცირება მართლზომიერია, შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებები შემოწმების მიერ განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,9); 101; 154.