გადაწყვეტილება №27436/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 22.07.2026
№ დოკუმენტი 27436/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 27436/2/2026

22 ივლისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ,, -----" (ს/ნ -----)

მოპასუხე: საბაჟო დეპარტამენტი.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 19.06.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ,,-----" 28.05.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის N 27436/2/2026).

 

დავის საგანი:

საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საბაჟო დეპარტამენტის 2026 წლის 18 მარტის N 5939 ბრძანება;

2. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 8 მაისის N 10288 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

ჯარიმა - 4 461.79 ლარი;.

 

ფაქტების აღწერა:

2026 წლის 16 იანვარს რეგისტრირებული N -----/----- საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4 საქონლის მიმღების – შპს „------“ (ს/ნ ----- ) მიერ წარდგენილი საქონლის ნასყიდობის დოკუმენტის საფუძველზე, თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში (იმპორტში) დადეკლარირდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე N ----- საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი - პროვიტამინების კომპლექტი (სეს ესნ-ის კოდით 2936, საბაჟო ღირებულებით 31 510.26 ლარი, რაოდენობით 358 ცალი).

ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ განსაზღვრულ/დეკლარირებულ სასაქონლო კოდში კლასიფიცირებული საქონლის იმპორტი იბეგრება მხოლოდ დღგ-ით, დეკლარირებულ საქონელს დაერიცხა მხოლოდ დღგ 5 671.9 ლარის ოდენობით.

საქონლის დათვალიერებისა და სასაქონლო ექსპერტიზის განხორციელების შედეგად გამოვლინდა, რომ დეკლარირებული საქონელი წარმოადგენს მრავალკომპონენტიან საკვებ დანამატს (მარკირებულია როგორც „-----“), შეიცავს ვიტამინებს, ამინომჟავებს, მცენარეულ კომპონენტებს და განკუთვნილია ადამიანის ორგანიზმის საერთო მხარდაჭერისთვის და ვინაიდან დეკლარირებული საქონელი არის ნივთიერებათა ნარევი, წარმოდგენილი დოზირებული ფორმით საბოლოო მომხმარებლისთვის, მისი კლასიფიკაცია სეს ესნ-ის 29-ე ჯგუფით გამოირიცხება და სეს ესნ-ის მე-3 მუხლით განსაზღვრული „საგარეო - ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის ინტერპრეტაციის ძირითადი წესების“ გათვალისწინებით, განხორციელდა სეს ესნ-ის 2106 90 980 09 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში ჩართვა (საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველოს ექსპერტიზის დასკვნა N ----- ).

რადგანაც სეს ესნ-ის 2106 90 980 09 კოდში შემავალი საქონლის იმპორტი იბეგრება დღგ-ით და იმპორტის გადასახადის 12%-იანი განაკვეთით, N -----/----- საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4 დარიცხული 5671.9 ლარის ნაცვლად, იმპორტის გადასახდელის თანხის ოდენობამ შეადგინა 10 133.69 ლარი (დღგ - 6352.46 ლარი და იმპორტის გადასახადი - 3781.23 ლარი).

საქმის მასალები საქართველოს საბაჟო კოდექსის 164-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქვემდებარეობით, გადაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.

საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს 2026 წლის 6 მარტის N ----- წერილით საბაჟო დეპარტამენტს ეცნობა, რომ მასალების შესწავლის შედეგად არ დაწყებულა გამოძიება.

საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში 31 510.26 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელზე არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის 4 461.79 ლარით შემცირების გამო მომჩივანს, საბაჟო დეპარტამენტის 2026 წლის 18 მარტის N 5939 ბრძანებით, დაეკისრა საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სანქცია - ჯარიმა საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით (4461.79 ლარი), რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 8 მაისის N 10288 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი:

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, საბაჟო კოდექსის მე-13 მუხლზე, ამავე კოდექსის 35-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებზე, 163-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 164-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-6 ნაწილზე, 167-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და არგუმენტები არ წარმოშობს საფუძველს იმის დასადასტურებლად, რომ მომჩივნის მხრიდან საბაჟო სამართალდარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტი და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საქმის მასალებითა და ადმინისტრაციული ორგანოს განმარტებით დასტურდება, რომ N -----/----- საბაჟო დეკლარაცია გაფორმდა საბაჟო კონტროლის „ყვითელი დერეფნის“ რეჟიმში, ხოლო შემდგომ, სასაქონლო კოდის სისწორესთან დაკავშირებით წარმოშობილი ეჭვის საფუძველზე განხორციელდა დამატებითი საბაჟო ექსპერტიზა. აღნიშნული გარემოება ადასტურებს, რომ სადავო საკითხი თავიდანვე არ წარმოადგენდა აშკარად ცალსახა და ერთმნიშვნელოვან შემთხვევას და საჭიროებდა სპეციალიზებულ საბაჟო - სამართლებრივ შეფასებასა და სეს ესნ-ის ინტერპრეტაციას. შესაბამისად, კლასიფიკაციის საკითხი იყო პროფესიული შეფასების საგანი და არა დეკლარანტის მიერ მიწოდებული არასწორი ფაქტობრივი მონაცემი.

მოცემულ შემთხვევაში დეკლარანტმა სრულად იხელმძღვანელა მწარმოებლის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციითა და პროდუქტის აღწერილობით. საქმის მასალებით არ დასტურდება არც ერთი არსებითი ფაქტობრივი გარემოების საქონლის ბუნების, შემადგენლობის, რაოდენობის, ღირებულების ან დანიშნულების არასწორი, ყალბი ან არასრული დეკლარირება. ამასთან, საქმის მასალებით არ დგინდება განზრახი მართლსაწინააღმდეგო ქმედება, საბაჟო თაღლითობა ან სახელმწიფოსთვის გადასახადის დამალვის მცდელობა. შესაბამისად, სადავო შემთხვევა არ უკავშირდება არასწორი ფაქტობრივი მონაცემის წარდგენას, არამედ წარმოადგენს მხოლოდ სასაქონლო კლასიფიკაციის განსხვავებულ სამართლებრივ - ტექნიკურ შეფასებას, რაც ვერ ქმნის საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის წინაპირობას.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კლასიფიკაციის განსხვავებით წარმოშობილი შესაძლო საგადასახადო სხვაობა სრულად, მყისიერად და კეთილსინდისიერად იქნას ანაზღაურებული, რის შედეგადაც სახელმწიფოს არ მიადგა რეალური ფინანსური ზიანი და სრულად აღდგა ბიუჯეტური ინტერესები.

ამ პირობებში, როდესაც:

• არ არსებობდა არასწორი ფაქტობრივი მონაცემი;

• სადავო საკითხი შეეხებოდა კლასიფიკაციას და საჭიროებდა ექსპერტიზას;

• არ დგინდება განზრახ დარღვევა ან თაღლითობა;

• სახელმწიფოსთვის საგადასახადო სხვაობა სრულად არის ანაზღაურებული;

მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების მატერიალურ - სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, გთხოვთ შპს „-----“ მიმართ დაკისრებული ფინანსური სანქციის გაუქმებას.

 

დავების განხილვის საბჭო:

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება (გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) - იწვევს დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

საბაჟო კოდექსის 35-ე მუხლის შესაბამისად:

1. საქონლის იდენტიფიკაცია და კლასიფიკაცია ხორციელდება სეს ესნ-ის საფუძველზე, რომელიც დგინდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.

2. სეს ესნ არის სასაქონლო კლასიფიკაციის კოდების სისტემა, რომელიც შეესაბამება „საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის ნომენკლატურას და დეტალიზებულია თერთმეტი ნიშნით, ეროვნული ეკონომიკის სპეციფიკის გათვალისწინებით.

3. საქონლის დეკლარირებისას სასაქონლო კოდს სეს ესნ-ის შესაბამისად განსაზღვრავს დეკლარანტი.

4. საბაჟო ორგანო აკონტროლებს დეკლარანტის მიერ განსაზღვრული სასაქონლო კოდის სისწორეს.

დადგენილია, რომ დეკლარირებული საქონლის დათვალიერებისა და სასაქონლო ექსპერტიზის განხორციელების შედეგად გამოვლინდა, რომ მომჩივნის მიერ დეკლარირებული საქონელი წარმოადგენს მრავალკომპონენტიან საკვებ დანამატს (მარკირებულია როგორც „-----“), შეიცავს ვიტამინებს, ამინომჟავებს, მცენარეულ კომპონენტებს და განკუთვნილია ადამიანის ორგანიზმის საერთო მხარდაჭერისთვის. „საგარეო - ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის ინტერპრეტაციის ძირითადი წესების“ გათვალისწინებით, მოცემული პროდუქტი კლასიფიცირდება სეს ესნ-ის 2106 90 980 09 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში, რომლის იმპორტი იბეგრება დღგ-ითა და იმპორტის გადასახადის 12%-იანი განაკვეთით.

მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში მიუთითებს, რომ დეკლარანტმა სრულად იხელმძღვანელა მწარმოებლის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციითა და პროდუქტის აღწერილობით. საქმის მასალებით არ დასტურდება არც ერთი არსებითი ფაქტობრივი გარემოების საქონლის ბუნების, შემადგენლობის, რაოდენობის, ღირებულების ან დანიშნულების არასწორი, ყალბი ან არასრული დეკლარირება. ამასთან, საქმის მასალებით არ დგინდება განზრახ მართლსაწინააღმდეგო ქმედება, საბაჟო თაღლითობა ან სახელმწიფოსთვის გადასახადის დამალვის მცდელობა. შესაბამისად, სადავო შემთხვევა არ უკავშირდება არასწორი ფაქტობრივი მონაცემის წარდგენას, არამედ წარმოადგენს მხოლოდ სასაქონლო კლასიფიკაციის განსხვავებულ სამართლებრივ - ტექნიკურ შეფასებას, რაც ვერ ქმნის საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის წინაპირობას.

მომჩივნის მითითება, რომ საქონლის დეკლარირებისას სასაქონლო კოდი განსაზღვრა მწარმოებლის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციით და პროდუქტის აღწერილობით, ვერ იქნება საბჭოს მიერ გაზიარებული, რადგან საბაჟო კოდექსის 35-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქონლის დეკლარირებისას სასაქონლო კოდის სწორად განსაზღვრის ვალდებულება და შესაბამისი პასუხისმგებლობა ეკისრება დეკლარანტს. შესაბამისად, მწარმოებლის მიერ არასწორად მიწოდებული ინფორმაცია არ ათავისუფლებს მას აღნიშნული პასუხისმგებლობისგან. შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის შესაბამისად ჯარიმის შეფარდების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება მართებულია და არ ექვემდებარება გაუქმებას.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

დადგენილია, რომ დეკლარირებული საქონლის დათვალიერებისას და სასაქონლო ექსპერტიზის განხორციელების შედეგად გამოვლინდა, რომ საქონლის იმპორტისას მომჩივნის მიერ დეკლარირებული საქონელი არასწორად იქნა კლასიფიცირებული, რის გამოც ნაკლები გადასახადი დაირიცხა. ექსპერტიზის შემდეგ შეიცვალა კლასიფიკაცია, გაიზარდა გადასახადის ოდენობა და დამრღვევს დაეკისრა ჯარიმა. საჩივარი ჯერ შემოსავლების სამსახურში, ხოლო შემდეგ კი დავების განხილვის საბჭოში გასაჩივრდა.

 

გადაწყვეტილება:

საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნისთვის საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის შესაბამისად ჯარიმის შეფარდების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება მართებულია და არ ექვემდებარება გაუქმებას.

 

დასაბუთება:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 167(1); 35(3); 163;.