გადაწყვეტილება №25182/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 16.06.2025
№ დოკუმენტი 25182/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25182/2/2025

16 ივნისი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს "-------" (ს/ნ "-------")

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,6.06.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება, შპს "-------"-ის 16.05.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25182/2/2025)

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 17.02.2025 წლის №2828 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 17 მარტის №127-3 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 28 აპრილის №7935 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 861 145,86 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 351 135

დღგ - 350 715

ქონების გადასახადი - 420

ჯარიმა - 351 135

საურავი - 158 875,86

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ასფალტისა და ბეტონის საავტომობილო გზების დაგება. საწარმო მონაწილეობას იღებს როგორც სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში, ასევე არის სხვადასხვა პირის ქვეკონტრაქტორიც.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველი მარტის ჩათვლით საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 27 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. შედეგად საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა გადამხდელის მიერ გამოწერილი/მიღებული პირველადი საგადასახადო დოკუმენტების (სასაქონლო ზედნადები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა), სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალურ ვებგვერდზე ატვირთული მიღება-ჩაბარებების აქტების და ჩარიცხული თანხების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე. დადგინდა, რომ საწარმოს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. კერძოდ, შემოწმებით დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა (სახელმწიფო ტენდერების ფარგლებში შესრულებული სამუშაოები, სხვადასხვა იურიდიულ პირებზე გაწეული მომსახურებები) განსხვავდება დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვისგან, ხოლო ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის შედეგად გამოვლინდა ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც ჩაითვალა საწარმოს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად.

შემოწმების შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 30 დეკემბრის №27651 ბრძანება და №127-31 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 17 თებერვლის №2828 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საჩივარი. სადავო საკითხებთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილი დოკუმენტები/მტკიცებულებები და აღნიშნული დოკუმენტაციის გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 17 თებერვლის №2828 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2025 წლის 28 თებერვალს გამოცემული დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 1 345 423 ლარი, მათ შორის: გადასახადი 986 514 ლარი, ჯარიმა 358 909 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2025 წლის 17 მარტის №127-3 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 28.04.2025 წლის №7935 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესში დამატებით არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, საგადასახადო კოდექსის მე-2, 51-ე, 267-ე და 174-ე მუხლებზე და მიიჩნევს, რომ საგადასახადო მოთხოვნაში (№127-3) დაფიქსირებული თანხა საჭიროებს დამატებით შესწავლას ვინაიდან ადმინისტრაციულმა ორგანოებმა არ გამოიკვლიეს საქმისთვის მნიშვნელოვანი ყველა გარემოება, რის შედეგადაც მოხდა კომპანიისთვის გადასახადის არასწორად დარიცხვა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

მომჩივანი შემოსავლების სამსახურში 2025 წლის 13 იანვარს წარდგენილ საჩივარში ითხოვდა 2024 წლის თებერვლის საანგარიშო პერიოდში შპს „N1-დან“ შესყიდულ აქტივებზე (მობილური ასფალტის ქარხანა, ქვის სამტვრევი საამქრო) დღგ-ის ჩათვლას. განმარტავდა, რომ აღნიშნულ ოპერაციაზე გამოწერილი იყო ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა - "------". ასევე ითხოვდა საშემოსავლო გადასახადში დარიცხული თანხების გადაანგარიშებასაც, რადგან გათვალისწინებული არ იყო მის მიერ შპს „N1-დან“ შესყიდულ აქტივებზე (მობილური ასფალტის ქარხანა, ქვის სამტვრევი საამქრო) გადახდილი თანხა.

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 17 თებერვლის №2828 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, შეესწავლა გადასახადის გადამხდელის მიერ აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილი დოკუმენტები/მტკიცებულებები და აღნიშნული დოკუმენტაციის გათვალისწინებით, განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული 28.02.2025 წლის №63 დასკვნიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ საგადასახადო შემოწმების შედეგების გასაჩივრების ეტაპზე წარმოდგენილი მტკიცებულებების (ნასყიდობის ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი, სალაროს ორდერები) გათვალისწინებით განხორციელდა დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო იზიარებს საგადასახადო ორგანოს პოზიციას და მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 17 თებერვლის №2828 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, სსკ-ის მე-2, 51-ე, 267-ე და 174-ე მუხლებზე და მიიჩნევს, რომ საგადასახადო მოთხოვნაშიდაფიქსირებული თანხა საჭიროებს დამატებით შესწავლას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელის საქმიანობაა ასფალტისა და ბეტონის საავტომობილო გზების დაგება. საწარმო მონაწილეობას იღებს როგორც სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში, ასევე არის სხვადასხვა პირის ქვეკონტრაქტორიც.

შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები.შემოწმებით დადგენილი დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განსხვავდება დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვისგან, ხოლო ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის შედეგად გამოვლინდა ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც ჩაითვალა საწარმოს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ ხელფასად.

შემოწმების შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და შეეფარდა სსკ-ის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო იზიარებს საგადასახადო ორგანოს პოზიციას და მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 17 თებერვლის №2828 ბრძანება აღსრულებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

304(21).