გადაწყვეტილება № 27627/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 27627/2/2026
24 აგვისტო 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 17.07.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ 21.06.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27627/2/2026).
დავის საგანი:
1. არარეზიდენტი საწარმოს ფილიალისთვის გაცემული დივიდენდის ამავე არარეზიდენტ დამფუძნებელ კომპანიაზე გაცემულად მიჩნევა, შედეგად საშემოსავლო და მოგების გადასახადებით დაბეგვრა;
2. ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის კორექტირება ქონების საბაზრო ღირებულებით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 3.04.2026 წლის №006-116 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 3.06.2026 წლის №12090 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 40 692.62 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 24 466.58
დღგ - (-33 497.42)
მოგების გადასახადი - 27 289
საშემოსავლო გადასახადი - 7 731
ქონების გადასახადი - 22 944
ჯარიმა - 12 995
საურავი - 3 231.04
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2024 წლიდან 1.04.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2026 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის
საფუძველზე გამოიცა 3.04.2026 წლის №7722 ბრძანება და №006-116 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 3.06.2026 წლის №12090 ბრძანებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. არარეზიდენტი საწარმოს ფილიალისთვის გაცემული დივიდენდის ამავე არარეზიდენტ დამფუძნებელ კომპანიაზე გაცემულად მიჩნევა, შედეგად საშემოსავლო და მოგების გადასახადებით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის და სსიპ საჯარო რეესტრის ელექტრონულ სისტემაში არსებული მონაცემებით, კომპანიის დამფუძნებელია არარეზიდენტი საწარმო ------ რომელსაც თავის მხრივ აქვს ფილიალი საქართველოში, კერძოდ: უსფ(წ) „-------ის ფილიალი საქართველოში ------“ (ს/ნ -----). კომპანიის საბუღალტრო პროგრამით და საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერებით ირკვევა, რომ 2025 წლის 21 მარტს შპს „------“ გაცემული აქვს დივიდენდი „-------ის ფილიალზე საქართველოში -----“ (ს/ნ ------).
ვინაიდან კომპანიის დამფუძნებელს წარმოდგენს არარეზიდენტი კომპანია და არა მისი ფილიალი „-----“, შემოწმების შედეგად გაცემული დივიდენდი ჩაითვალა არარეზიდენტ დამფუძნებელ კომპანიაზე გაცემულად და საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის, 97-ე მუხლის მე-4 ნაწილის და 134-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, დაიბეგრა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებით. გადასახადის გადამხდელს ასევე, დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, მე-8 მუხლის მე-12 ნაწილით, საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 130-ე მუხლის პირველი ნაწილით, 134- ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით და მიუთითა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივრები ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო ორგანომ საკითხის სამართლებრივი შეფასებისას მხედველობაში არ მიიღო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
შპს „-----“-ს (ს/ნ -----) 100%-იანი წილის მფლობელ პარტნიორს - -----ს გააჩნია მუდმივი დაწესებულება საქართველოში - კომპანია ----- ფილიალი საქართველოში ------, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოში და მინიჭებული აქვს გადასახადი გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი -------. მუდმივი დაწესებულების მეშვეობით არარეზიდენტმა კომპანიამ საქართველოში განახორციელა მასშტაბური მშენებლობის - ----- და ------ის მშენებლობა.
აღნიშნული ობიექტების ექსპლოატაციაში მიღების შემდეგ კომპანიამ დაარსა შვილობილი კომპანია საქართველოში - შპს „-----“, რომლის დაარსება მოხდა საქართველოში არარეზიდენტი კომპანიის მუდმივი დაწესებულების მეშვეობით და არარეზიდენტი კომპანია შვილობილ საწარმოში მონაწილეობას კორპორატიულ და საგადასახადო სამართლებრივად მიაკუთვნებს საქართველოში მისი მუდმივი დაწესებულების აქტივს, რაც არამარტო შინაარსობრივად, არამედ ფორმალური დოკუმენტების (ფინანსური ანგარიშგება, კრების ოქმები და ა.შ.) დონეზეც ნათლად იკვეთება.
მიუხედავად ზემოხსენებული გარემოებისა, სამეწარმეო რეესტრში არარეზიდენტი კომპანიის მუდმივი დაწესებულება შვილობილი კომპანიის დამფუძნებლად ვერ აღირიცხა, რადგან კორპორატიულსამოქალაქო სამართლებრივად მუდმივი დაწესებულება სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი არ არის (ე.ი. ის როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი არ არსებობს და მუდმივი დაწესებულება თავად არის არარეზიდენტი კომპანია), სწორედ ამიტომ სამეწარმეო რეესტრმა კომპანიის დამფუძნებლად მიუთითა - არარეზიდენტი კომპანია.
საგადასახადო ორგანოს პოზიცია იურიდიულად უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია შემდეგი გარემოებების გამო:
საშემოსავლო გადასახადი:
შეზღუდული საზოგადოება ------ (შემდეგში - „-----“) საქართველოში ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს მისი ფილიალის - „------ის ფილიალი საქართველოში ------“ მეშვეობით (შემდეგში - „ფილიალი“). საგადასახადო კოდექსის მიხედვით, „ფილიალი“ წარმოადგენს „არარეზიდენტის პირის“ მუდმივ დაწესებულებას საქართველოში „ფილიალის“ როგორც ფაქტობრივი, ისე ფორმალური მართვის ადგილი არის საქართველო, ე.ი. „ფილიალი“ წარმოადგენს საქართველოს საწარმოს, თავად „არარეზიდენტი პირი“ კი წარმოადგენს უცხოურ საწარმოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს მიერ „არარეზიდენტის საწარმოსათვის“ გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5%-იანი განაკვეთით.
მოცემულ შემთხვევაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენდა იმ ფაქტის დადგენა, ქართული საწარმოს (შპს „----“-ს) მიერ დივიდენდის გადახდა განხორციელდა ქართული საწარმოსთვის თუ უცხოური საწარმოსთვის.
უდავოა ის გარემოება, რომ შეზღუდული საზოგადოება ----- წარმოადგენს უცხოური (-----) კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ იურდიულ პირს - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას.
უდავოა ის გარემოებაც, რომ სამოქალაქო სამართლებრივად იურიდიული პირის ფილიალი არ წარმოადგენს დამოუკიდებელ სუბიექტს ე.ი. „---- არ წარმოადგენს სხვა დამოუკიდებელ იურიდიულ პირს და ის სამოქალაქო სამართლებრივად დამოუკიდებელი სუბიექტი ვერ იქნება.
თუმცა საგადასახადო სამართლებრივი თვალსაზრისით შეზღუდული საზოგადოება ------ მართალია წარმოადგენს არარეზიდენტს საწარმოს, თუმცა მისი ფილიალი საქართველოში წარმოადგენს საქართველოს საწარმოს, ე.ი. სამოქალაქო სამართლებრივად ერთი პირის საქმიანობა საგადასახადო სამართლებრივად წარმოქმნის 2 საწარმოს - ------ საქმიანობის ნაწილში უცხოურ საწარმოს და საქართველოში საქმიანობის ნაწილში საქართველოს საწარმოს.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც კორპორატიული სამართლებრივი დოკუმენტებიდან (პარტნიორთა კრების ოქმები, დირექტორის ბრძანებები და სხვ.), ასევე ფინანსური დოკუმენტაციიდან (ყოველწლიური ანგარიშგებებიდან, საბუღალტრო რეესტრებიდან და სხვ.) და საბანკო-საგადახდო დავალებიდან ნათლად ჩანს, რომ „არარეზიდენტი პირი“ (უცხოური საწარმო) შვილობილი კომპანიიდან - შპს „------“ მიღებულ დივიდენდის შემოსავალს, ისევე როგორც შვილობილ კომპანიაში წილის ფლობასთან დაკავშირებულ ხარჯს (შენატანებს), მიაკუთვნებს (განიხილავს) „ფილიალის“ (ქართული საწარმოს) შემოსავლად.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე, შვილობილი კომპანიის მიერ არარეზიდენტი პარტნიორი პირისთვის - შეზღუდული საზოგადოება ------ გადახდილი დივიდენდი წარმოადგენს არა უცხოური საწარმოსთვის, არამედ ქართული საწარმოსთვის გადახდილ დივიდენდს და საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დაბეგვრას არ ექვემდებარება.
ორმაგი ინტერპრეტაციისა და გაუგებრობის თავიდან აცილების მიზნით კანონმდებელი საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განმარტავს, რომ არარეზიდენტის მიერ მიღებული დივიდენდი გადახდის წყაროსთან დაბეგვრას ექვემდებარება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა გაცემული დივიდენდი არ მიეკუთვნება საქართველოში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „-----“-ს მიერ მისი არარეზიდენტი დამფუძნებელი პირისთვის (პარტნიორისთვის) გადახდილი დივიდენდი წარმოადგენს ქართული საწარმოსთვის გადახდილ დივიდენდს და დაბეგვრას არ ექვემდებარება.
მოგების გადასახადი:
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება. საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, განაწილებულ მოგებად არ ითვლება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე (გარდა ინდივიდუალური საწარმოსი და ამ კოდექსის შესაბამისად მოგების გადასახადისგან გათავისუფლებული პირისა) დივიდენდების განაწილება.
მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონი განმარტავს რა არის საწარმო, სამეწარმეო საქმიანობა და ამ საქმიანობის განმახორციელებელი პირები. მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 2.3.-ის მიხედვით სამეწარმეო საქმიანობა შეიძლება განხორციელდეს ინდივიდუალური მეწარმის ან სამეწარმეო საზოგადოების ფორმით (სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოება, კომანდიტური საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, სააქციო საზოგადოება, კოოპერატივი). სხვა ფორმით კანონი არ უშვებს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებას.
შეზღუდული საზოგადოება ------ მიერ საქართველოში დაარსებული ფილიალი, არ ითვლება დამოუკიდებელ სამეწარმეო საზოგადოებად (დამოუკიდებელ იურიდიულად პირად), შესაბამისად „არარეზიდენტი პირი“ საქართველოში სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ფორმით. ის გარემოება, რომ საზოგადოება უცხო ქვეყნის იურისდიქციის მიხედვით დაარსდა, არ წარმოადგენს მის მიერ საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებაში ხელისშემშლელ გარემოებად და მუდმივი დაწესებულების ნაწილში ის მიიჩნევა მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 2.3.-ით გათვალისწინებულ პირად.
აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს საწარმოს (შპს ------) მიერ „---------ს“ (არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულებისთვის) გადახდილი დივიდენდი არ ექვემდებარება მოგების გადასახადის დაბეგვრას.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით არარეზიდენტი საწარმოს, რომელიც საქართველოში საქმიანობას მუდმივი დაწესებულების მეშვეობით ახორციელებს, მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია მისი მუდმივი დაწესებულების საქმიანობიდან გამომდინარე, ამ არარეზიდენტი საწარმოს ან მუდმივი დაწესებულების მიერ განხორციელებული განაცემი/გაწეული ხარჯი, რომელიც გათვალისწინებულია ამ მუხლის პირველი ნაწილით.
ზემოხსენებული ნორმის მიხედვით, როდესაც „ფილიალი“ მოახდენს შვილობილი კომპანიისაგან (შპს „----“-სგან) მიღებული დივიდენდის შემდგომ განაწილებას (გატანას საქართველოს ფარგლებს გარეთ) ოპერაცია დაექვემდებარება მოგების გადასახადით დაბეგვრას.
საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის მიხედვით, უცხოური საწარმოს მუდმივი დაწესებულების მიერ მიღებული დივიდენდის შემდგომი განაწილება არ არის გათავისუფლებული (ამორიცხული) მოგების გადასახადის დაბეგვრისაგან.
კომპანიის მიერ მისი არარეზიდენტი დამფუძნებელი პირისთვის (პარტნიორისთვის) გადახდილი დივიდენდი წარმოადგენს მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირისთვის გადახდილ დივიდენდს და ოპერაცია (დივიდენდის გადახდა) არ ექვემდებარება მოგების გადასახადით დაბეგვრას. აღნიშნული დივიდენდი მოგების გადასახადით დაიბეგრება „ფილიალის“ მიერ მისი შემდგომი განაწილების (გატანას საქართველოს ფარგლებს გარეთ) საანგარიშო პერიოდში.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 და 43-ე ნაწილების თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე, ხოლო წმინდა მოგება − მოგება, რომელიც შესაძლებელია განაწილდეს დივიდენდის სახით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ურთიერთობების რეგულირებისას ამ კოდექსში გამოყენებული საქართველოს კანონმდებლობის ტერმინები და ცნებები გამოიყენება იმ მნიშვნელობით, რა მნიშვნელობაც მათ აქვთ შესაბამის კანონმდებლობაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების მიხედვით:
1. ამ კანონით დადგენილი წესების გათვალისწინებით, სამეწარმეო საზოგადოების მოგების/ქონების განაწილების შესახებ გადაწყვეტილების საფუძველზე პარტნიორს უფლება აქვს, მიიღოს წლიური ან შუალედური დივიდენდი.
3. დივიდენდი დგინდება სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორთა წილების პროპორციულად, თუ კანონით, წესდებით ან სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით:
1. სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორი არის პირი, რომელიც სამეწარმეო საზოგადოების წილის მესაკუთრეა (ამ კანონის ზოგად ნაწილში ტერმინი „პარტნიორი“ მოიცავს სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების, კომანდიტური საზოგადოების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორს, სააქციო საზოგადოების აქციონერს, კოოპერატივის პაის მფლობელს).
2. სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური პირი, ისე იურიდიული პირი, აგრეთვე იურიდიული პირის სტატუსის არმქონე, რეგისტრირებული, დამოუკიდებელი ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელსაც შეუძლია საკუთარი სახელით შეიძინოს უფლებები და აიღოს ვალდებულებები.
საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8−91 და 93 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, არარეზიდენტი საწარმოს მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, რომელიც საქართველოში მის მუდმივ დაწესებულებას არ მიეკუთვნება, იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, ამ კოდექსის 134-ე მუხლის შესაბამისად, გარდა ამ მუხლის მე-5, მე-6 და მე-11 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.
საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5- პროცენტიანი განაკვეთით.
საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში, იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, დივიდენდები – ამ კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც იხდის ამ კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ გადასახდელებს.
შემოწმებით დადგინდა, რომ კომპანიის დამფუძნებელს წარმოადგენს არარეზიდენტი საწარმო ----- აღნიშნულ არარეზიდენტ საწარმოს საქართველოში ----- - უსფ(წ) „ -----ის ფილიალი საქართველოში -----“ (ს/ნ -----). კომპანიის საბუღალტრო პროგრამით და საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერების მიხედვით, 2025 წლის 21 მარტს მომჩივანმა თანხა დივიდენდის სახით გადაურიცხა არა მის დამფუძნებელ არარრეზიდენტ საწარმოს, არამედ მის ფილიალს „-------ის ფილიალს საქართველოში ------“. ვინაიდან კომპანიის დამფუძნებელს წარმოდგენს არარეზიდენტი კომპანია და არა მისი ფილიალი, გაცემული დივიდენდი ჩაითვალა არარეზიდენტ დამფუძნებელ კომპანიაზე გაცემულად და დაიბეგრა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებით.
საბჭო მიუთითებს, სადავო საკითხის მარეგულირებელ კანონმდებლობაზე, რომელიც განსაზღვრავს პარტნიორის ცნებას, რომელიც წარმოადგენს საწარმოს წილის მესაკუთრეს, ამავე დროს კანონით განმარტებულია, რომ მოგების (დივიდენდი) განაწილება ხდება პარტნიორზე (პარტნიორებზე) შესაბამისი წილის (წილების) პროპორციულად.
შესაბამისად, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოწმებისას დივიდენდის არარეზიდენტ პარტნიორზე (დამფუძნებელზე) გაცემულად მიჩნევა და შესაბამისი საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა გამომდინარეობს საქმეში დადგენილი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებებიდან და შეესაბამება გადახდის რეალურ შინაარსს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება განაწილებული დივიდენდის არარეზიდენტ დამფუძნებელ კომპანიაზე გაცემულად ჩათვლის და შესაბამისი გადასახადებით დაბეგვრის შესახებ მართებულია და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
2. ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის კორექტირება ქონების საბაზრო ღირებულებით
ფაქტების აღწერა
გადასახადის გადამხდელს საკუთრებაში გააჩნდა უძრავი ქონება, რომელიც 2022 წელს კაპიტალში შეტანილია დამფუძნებელი კომპანიის მიერ. გადამხდელის განმარტებით კაპიტალში ქონების შეტანა მოხდა თვითღირებულებით, აღნიშნული ღირებულებით არის განსაზღვრული 2024 წლის ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. 2024 წლისთვის ქონების ღირებულების დადგენის მიზნით საგადასახადო ორგანომ ჩაატარა ანალიზი და შეისწავლა ბაზარზე არსებული ფასები, მათ შორის დამფუძნებელი კომპანიის მიერ ამავე კომპლექსში ---- რეალიზებული საოფისე ფართების ფასები. დადგინდა, რომ საბაზრო ღირებულება მკვეთრად აღემატებოდა გადამხდელის მიერ ქონების გადასახადის დეკლარაციაში ასახულ ქონების ღირებულებას. საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მე-41 ნაწილის გათვალისწინებით დაკორექტირდა 2024 წლის ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. ქონების საბაზრო ღირებულებად განისაზღვრა 1 კვ.მ.-ზე საშუალოდ 9 500 ლარი (3 450 აშშ დოლარი). შედეგად, კომპანიას დაერიცხა ქონების გადასახადი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტით, 202-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის 41 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლის პირველი, მე-5 და მე-7 პუნქტებით, საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-7 ნაწილით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით და მიუთითა შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო საჩივრები ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
საგადასახადო ორგანომ არ გაითვალისწინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
სადავო ფართი წარმოადგენს ბიზნეს ცენტრის და საცხოვრებელ კომპლექსის მომსახურე ფართს, რისი განკარგვის უფლებაშიც კომპანია შეზღუდულია. აღნიშნული ფართი თავისი ხასიათით უთანაბრდება იმ დამხმარე ფართებს (სასაწყობე ფართები, ტექნიკური ოთახები და ა.შ.), რომელიც სერვისის გამწევ კომპანიას გადმოეცა სერვისის გაწევის პროცესის განსახორციელებლად და სერვისის კომპანიის ცვლილების შემთხვევაში ექვემდებარება მონაცვლე კომპანიისთვის გადაცემას. აღნიშნულის გათვალისწინებით მისი საბაზრო ღირებულება მენეჯმენტის მიერ შენატანის განხორციელების პროცესში შეფასდა მისი თვითღირებულებით.
ზემოთ დასახელებული გათვალისწინებული გარემოების მიუხედავად საგადასახადო ორგანომ უძრავი ქონების საბაზრო ფასის განსაზღვრისას არ გაითვალისწინა ბიზნესცენტრში კომერციულ ფართებთან მიმართებაში განხორციელებული გარიგებების ფასები და იურიდიულად უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად განსაზღვრა ადმინისტრაციის ოფისის მაღალი საბაზრო ფასი.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციის ოფისი წარმოადგენს შეზღუდული განკარგვის უფლებით სერვისის გამწევი კომპანიისთვის გადაცემულ დამხმარე ფართს, რომლის გამოყენების უფლება სერვისის კომპანიას აქვს მხოლოდ ადმინისტრაციული მიზნებისთვის მესაკუთრეებისთვის სერვისის გაწევის პროცესში. შესაბამისად, მისი საბაზრო ფასის შეფასებისას არ უნდა იქნეს გამოყენებული კომპლექსში სარეალიზაციოდ გამოტანილი უძრავი ქონებების საბაზრო ფასი.
აღნიშნულის გაუთვალისწინებლად, საგადასახადო ორგანო ვერ მოიყვანს ვერცერთ მაგალითს, რაც დაადასტურებს, რომ კომპლექსში კომერციული ფართის გაყიდვა განხორციელდა - 3 450 დოლარად (კვ.მ.). ითხოვს, საგადასახადო ორგანომ საგადასახადო კოდექსის საფუძველზე გამოითხოვოს კომპლექსში განხორციელებული უძრავი ქონებების ბოლო გაყიდვებიდან რამდენიმე და საბაზრო ფასი განსაზღვროს აღნიშნული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე და არა ასე უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).
საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით. აღნიშნული ნორმა არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას:
ა) პირს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხება ქონების გადასახადის ძირითადი თანხა. ამასთანავე, აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან, ხოლო აღნიშნული სხვაობა გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება;
ბ) პირი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლის პირველი, მე-5 და მე-7 პუნქტების თანახმად:
1. წინამდებარე თავით რეგულირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის საფუძველზე საგადასახადო შემოწმებისას გადასახადის გადამხდელის დასაბეგრი ქონების ღირებულების საბაზრო ფასით განსაზღვრის წესი.
5. ამ წესის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებისას საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით მხოლოდ უძრავ ქონებასთან (გარდა მიწისა) მიმართებაში, გარდა ამ ინსტრუქციის 922 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
7. ამ მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით, წესი არ ვრცელდება:
ა) საწარმოზე, თუ იგი მის ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას გადაფასების მეთოდის გამოყენებით აღრიცხავს და აქვს აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება. ამასთანავე, აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ 4 წლის ვადით;
ბ) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სახელმწიფო საწარმოებზე;
გ) იმ შემთხვევაზე, როდესაც საგადასახადო კანონმდებლობა ითვალისწინებს ქონების გადასახადში საგადასახადო ვალდებულების საბაზრო ფასით განსაზღვრის შესაძლებლობას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილში მითითებული საფუძვლის გარეშე (მაგალითად: ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონების ღირებულება; ქონების გადასახადით დაბეგვრის ობიექტის აღურიცხველობის გამოვლენა; გადამხდელთან არსებული სააღრიცხვო დოკუმენტაციით დაბეგვრის ობიექტის საბალანსო ღირებულების განსაზღვრის შეუძლებლობა და ა. შ.)
საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასის განსაზღვრისას გამოიყენება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის ოფიციალური წყაროები, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების საინფორმაციო ბაზა, საგადასახადო ორგანოებისათვის გადასახადის გადამხდელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა სარწმუნო ინფორმაცია.
დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელს საკუთრებაში გააჩნდა უძრავი ქონება, რომელიც 2022 წელს კაპიტალში შეტანილია დამფუძნებელი კომპანიის მიერ. გადამხდელის განმარტებით კაპიტალში ქონების შეტანა მოხდა თვითღირებულებით, აღნიშნული ღირებულებით არის განსაზღვრული 2024 წლის ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. შემოწმებამ, 2024 წლისთვის ქონების ღირებულების დადგენის მიზნით ჩაატარა ანალიზი და შეისწავლა ბაზარზე არსებული ფასები, მათ შორის დამფუძნებელი კომპანიის მიერ ამავე კომპლექსში (----) რეალიზებული საოფისე ფართების ფასები. შედეგად, დადგინდა, რომ საბაზრო ღირებულება მკვეთრად აღემატებოდა გადამხდელის მიერ ქონების გადასახადის დეკლარაციაში ასახულ ქონების ღირებულებას. შესაბამისად, დაკორექტირდა 2024 წლის ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. ქონების საბაზრო ღირებულებად განისაზღვრა 1 კვ.მ.-ზე საშუალოდ 9 500 ლარი (3 450 აშშ დოლარი).
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო შემოწმების აქტით წარმოდგენილ ინფორმაციაზე, ასევე, იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი ზოგადად საუბრობს ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის საბაზრო ფასით განსაზღვრის არამართლზომიერებაზე, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მას მიეცა საჩივრის ზეპირ განხილვაზე დასწრების შესაძლებლობა, ვერ წარმოადგინა სათანადო არგუმენტები ან რაიმე მტკიცებულება (საექსპერტო დასკვნა ან სხვა დოკუმენტი სადავო ქონების საბაზრო ფასის განსაზღვრასთან დაკავშირებით), რაც შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და შესაბამისად, ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ვინაიდან საბაზრო ღირებულება მკვეთრად აღემატებოდა მომჩივნის მიერ ქონების გადასახადის დეკლარაციაში ასახულ ქონების ღირებულებას, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის ქონების საბაზრო ღირებულებით კორექტირების და შესაბამისად, დამატებითი საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის შესახებ მართებულია და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. არარეზიდენტი საწარმოს ფილიალისთვის გაცემული დივიდენდის ამავე არარეზიდენტ დამფუძნებელ კომპანიაზე გაცემულად მიჩნევა, შედეგად საშემოსავლო და მოგების გადასახადებით დაბეგვრა;
2. ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის კორექტირება ქონების საბაზრო ღირებულებით.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს დამფუძნებელს წარმოადგენს არარეზიდენტი კომპანია, რომელსაც საქართველოში აქვს რეგისტრირებული ფილიალი. საბუღალტრო პროგრამისა და საბანკო ამონაწერების ანალიზით გამოვლინდა, რომ საწარმომ დივიდენდის სახით თანხა გადარიცხა არა უშუალოდ დამფუძნებელ არარეზიდენტ კომპანიაზე, არამედ მისი ადგილობრივი ფილიალის მისამართით. გაცემული დივიდენდი ჩაითვალა უშუალოდ არარეზიდენტ დამფუძნებელზე გაცემულ შემოსავლად და შესაბამისად დაიბეგრა მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებით.
დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება კაპიტალში შეტანილია დამფუძნებელი კომპანიის მიერ, ხოლო გადამხდელის განმარტებით, ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა განისაზღვრა კაპიტალში შეტანის თვითღირებულებით.
შემოწმებამ, დასაბეგრი ბაზის სისწორის დადგენის მიზნით, გამოიკვლია ბაზარზე არსებული ფასები, მათ შორის იმავე კომპლექსში დამფუძნებელი კომპანიის მიერ რეალიზებული ანალოგიური ფართების ღირებულება, რის შედეგადაც დადგინდა, რომ საბაზრო ღირებულება მნიშვნელოვნად აღემატებოდა დეკლარირებულ ღირებულებას. აღნიშნულის საფუძველზე დაკორექტირდა დასაბეგრი ბაზა და ქონების საბაზრო ღირებულებად განისაზღვრა საშუალოდ 9 500 ლარი 1 კვ.მ-ზე.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ ვინაიდან საბაზრო ღირებულება მკვეთრად აღემატებოდა მომჩივნის მიერ ქონების გადასახადის დეკლარაციაში ასახულ ქონების ღირებულებას, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის ქონების საბაზრო ღირებულებით კორექტირების და შესაბამისად, დამატებითი საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის შესახებ მართებულია და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;8(12):97;134;130;201;202