გადაწყვეტილება №19221/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19221/2/2023
19.05.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 19.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---ს“ 27.03.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19221/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 13.04.2022 წლის №9305 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 25.10.2022 წლის №006-469 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 7.03.2023 წლის №4394 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 343 909 ლარი.
მათ შორის:
ბუნებრ. რესურს. სარგებლ. მოსაკრ. - 574
გადასახადი - 186 326
მოგების გადასახადი - 733
საშემოსავლო გადასახადი - 185 593
ჯარიმა - 93 733
საურავი - 63 276
პროცედურული გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.07.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება, გარდა აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 23 აპრილის №12700 და 29 მაისის №17259 ბრძანებებით მოცული საკითხებისა. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
1. მომჩივანმა (შპს ,,ა-მ'') შპს „ბ-ს“ (ს/ნ ---) საგადასახადო ანგარიშფაქტურით მიაწოდა 752 613 ლარის ღირებულების ღვინო-მასალა, რაც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის ასახა დებიტორული დავალიანების ნაშთად.
შპს „ბ-სთან“ დაკავშირების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მომჩივნის მიმართ მისი კრედიტორული დავალიანების ნაშთი შეადგენს ნულს.
შპს „ა-ს“, შპს „ბ“ და შპს „გ-ს“ შორის 2020 წლის 26 ნოემბერს გაფორმებული თავდებობის სამმხრივი ხელშეკრულებით, შპს „ა-მ“ აიღო პასუხისმგებლობა შპს „ბ-ს“ მიერ შპს „გ-ს“ მიმართ 2019 წელს აღებული ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებაზე. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში შპს „ბ-სთვის“ მიწოდებულია ზემოთ ნახსენები ღვინო მასალა 2021 წლის მაისში. შპს „გ-ს“ დამფუძნებელია ფ.პ. ---. აღნიშნული პიროვნება ამასთანავე წარმოადგენს შპს „ა-ს“ მიერ დაქირავებულ პირს (ფიქსირდება ხელფასის გაცემა). შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციით არ იკვეთება ემსახურებოდა თუ არა საწარმოს ინტერესებს შპს „გ-ს“ ვალდებულების გადაფარვა.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, აღნიშნული ოპერაცია განხილულ იქნა დაქირავებულ პირზე (---) გაცემულ უპროცენტო სესხად. უპროცენტო სესხზე გაანგარიშებული საპროცენტო შემოსავალი განხილულ იქნა სარგებლად. შემოწმებით, საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, 101-ე და 154-ე მუხლების თანახმად, კომპანიას დაერიცხა შესაბამისი გადასახადები და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად, დაეკისრა ჯარიმა.
2. შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ წარდგენილი საბუღალტრო პროგრამის მიხედვით, 2018 წელს საწყისი კაპიტალი შეადგენს 770 175 ლარს, ხოლო შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს - 27 792 ლარს. შესაბამისად შესამოწმებელ პერიოდში კაპიტალი შემცირდა 742 383 ლარით. შემმოწმებლებისთვის ასევე წარდგენილია 2015 წელს ინფორმაცია კაპიტალში ნაღდი ფულით განხორციელებული შეტანის/გატანის შესახებ, კრების ოქმები და სალაროს შემოსავლის ორდერები. 2015 წელს კაპიტალში შენატანმა სალდირებულად შეადგინა - 768 941 ლარი.
საწყისი კაპიტალის ნაშთის არსებობაში დარწმუნების მიზნით, გადამხდელისგან მოთხოვნილ იქნა დამატებითი ინფორმაცია, რაზედაც გადამხდელმა განმარტა, რომ მის მიერ წარდგენილია კაპიტალში განხორციელებულ შენატანზე პარტნიორთა კრების ოქმი (შემოსავლის ორდერი). გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარდგენილი სრულყოფილი ინფორმაცია 2015-2017 წლებში განხორციელებულ ოპერაციებზე (კაპიტალის გაზრდის მიზნობრიობა). შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით, საწარმო 2015-2016 წლებში იყო მომგებიანი.
შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციით, საწარმოს მიერ აქტივების ზრდა არ დადასტურდა. ზემოთ აღნიშნული კაპიტალის ნაშთის ხარჯზე 742 383 ლარი გატანილია 2019 წელს. საგადასახადო ორგანო ვერ დარწმუნდა საბუღალტრო პროგრამაში ასახული კაპიტალის ნაშთის რეალურობაში და საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, საბუღალტრო პროგრამაში ასახული საწესდებო კაპიტალის საწყისი ნაშთის ხარჯზე 2019 წელს სალაროდან განხორციელებული ფულადი სახსრების გატანა განხილულ იქნა დაქირავებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან, მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2021 წლის №42311 ბრძანება და №006-1111 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 13.04.2022 წლის №9305 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ: 1. პირველ სადავო საკითხზე გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეესწავლა სადავო საკითხი, ყოველმხრივ გამოეკვლია და დაედგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის შეესწავლა ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლის მართლზომიერება და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
2. მე-2 სადავო საკითხზე გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, საწესდებო კაპიტალის საწყისი ნაშთის შემცირების ხარჯზე 2019 წელს სალაროდან გატანილი ფულადი სახსრების საწარმოს დაქირავებულ პირზე ხელფასად განხილვის საკითხის დამატებით შესწავლა, საქმის ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივ გამოკვლევა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 13.04.2022 წლის №9305 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 6 ოქტომბრის დასკვნის საფუძველზე, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 207 241 ლარით, მათ შორის: გადასახადი 139 232 ლარით, ჯარიმა 68 009 ლარით, რაზეც მომჩივანს წარედგინა 25.10.2022 წლის №006-469 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 7.03.2023 წლის №4394 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით და მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 13.04.2022 წლის №9305 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
საბუღალტრო პროგრამაში ასახული საწესდებო კაპიტალის საწყისი ნაშთის ხარჯზე სალაროდან გატანილი ფულადი სახსრების საწარმოს დაქირავებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვისას საგადასახადო შემოწმებით უგულებელყოფილი იქნა დამფუძნებლის მიერ შეტანილი თანხების ოდენობა, მაშინ როცა დამფუძნებლის მიერ გაწეული ხარჯები ცალსახად დასტურდება და არ ტოვებს ორაზროვნების შესაძლებლობას. შპს „---ის“ მიერ შემცირებული კაპიტალი 742 383 ლარის ოდენობით განხილულ იქნა დაქირავებულ პირზე გაცემულ ხელფასად, „აიგროსა“ და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. საწარმოში 2010-2014 წლების პერიოდზეც განხორციელდა საგადასახადო შემოწმება. შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ კომპანიას უფიქსირდებოდა სასესხო ვალდებულება ---ის რესპუბლიკის რეზიდენტი კომპანიის „----“-ს მიმართ. შემმოწმებლებს განუმარტა, რომ სესხის ძირითადი თანხის ნახევარი 1 500 000 აშშ დოლარის ოდენობით გადაეკისრა კომპანიის დამფუძნებელს და შედეგად გაიზარდა კომპანიის კაპიტალი. ეს ინფორმაცია არ აღმოჩნდა სარწმუნო აუდიტის დეპარტამენტისათვის. მეტიც, ჩაითვალა, რომ მაღალი იყო ალბათობა აღარ მომხდარიყო სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის გადახდა „---“-ს მიმართ. ამიტომ საგადასახადო შემოწმების აქტში (იხილეთ მე-8 გვერდი) აღინიშნა, რომ თუკი არ მოხდებოდა აღნიშნული დავალიანების დაფარვა, მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო ეს თანხა ასახულიყო 2018 წლის ერთობლივ შემოსავალში. ცხადია ასე არ მოხდა. „---“-მ წარმოადგინა სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში და სასამართლოს გადაწყვეტილებით სასესხო ვალდებულება 1 762 596 აშშ დოლარის ოდენობით დაიფარა კომპანიის დამფუძნებლის მიერ (გთხოვთ იხილოთ სასამართლოს გადაწყვეტილება). ეს ოპერაცია არ არის ასახული შემოწმების პროცესში აუდიტის დეპარტამენტისათვის მიწოდებულ ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამაში, მაგრამ ფაქტია, რომ კომპანიას წარმოეშვა დამფუძნებლის მიმართ ვალდებულება, რადგან დამფუძნებელმა დაფარა საწარმოს ვალი. თუკი ჩავთვლით, რომ ამ ოპერაციით არ გაზრდილა კომპანიის კაპიტალი ესეც არ ცვლის შედეგს და კომპანია ვალდებულია 1 762 596 აშშ დოლარის ფარგლებში მოახდინოს დამფუძნებლის მიმართ წარმოქმნილი ვალდებულების დაფარვა. აქედან გამომდინარე, შემოწმების შედეგად კაპიტალის შემცირების შედეგად გატანილი თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა არამართლზომიერია და შემოწმების შედეგები საჭიროებს კორექტირებას.
ამასთან, მნიშნელოვანია ის გარემოებაც, რომ საბუღალტრო პროგრამაში საწარმოს 1.01.2018-ის მდგომარეობით უფიქსირდება კაპიტალში შენატანი 770 175 ლარი, რომელიც შესამოწმებელ პერიოდში შემცირდა დამფუძნებლის მიერ 742 383 ლარით. აღნიშნულის დასადასტურებლად შემოწმების პროცესში წარდგენილ იქნა კრების ოქმები, მაგრამ შემმოწმებლები აქტში აღნიშნავენ, რომ 2015-2016 წლებში კომპანია იყო მომგებიანი და არ ჰქონდა კაპიტალის შევსების ვალდებულება. რეალურად კომპანიას 2015- 2016 წლები სამწუხაროდ არ დაუსრულებია ფინანსური მოგებით და ასეც, რომ ყოფილიყო წლის მოგებით დასრულება არ ნიშნავს, რომ კომპანია არ საჭიროებდა ფულად სახსრებს. 2015 წლამდე პერიოდი შემოწმებულია საგადასახადო ორგანოს მიერ და 2015 წლამდე არსებული ზარალი დადასტურებულია. იქედან გამომდინარე, რომ მოგების გადასახადის დეკლარაციების მიხედვით საწარმოს არ უწევდა გადასახადის გადახდა, არც დეკლარაციებში და არც საგადასახადო შემოწმების აქტში არ ფიქსირდება ზარალის ის ოდენობა, რაც დაკავშირებული იყო კომპანიაში განხორციელებულ ინვესტიციასთან. შემოწმების პროცესში წარდგენილია კომპანიის საცდელი ბალანსი 2018 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით. ამასთან კრების ოქმები და შემოსავლის ორდერები, რომლითაც დასტურდება განვლილ პერიოდში კომპანიის კაპიტალის შევსება. თუკი შემმოწმებლები თვლიან, რომ წარდგენილ საცდელ ბალანსში არასწორადაა განსაზღვრული შევსებული კაპიტალის ოდენობა, მაშინ ასევე უნდა მიეთითოს კიდევ რა მონაცემი კორექტირდება, რათა არ დაირღვეს ბუღალტრული ტოლობა. თუკი შემმოწმებლები თვლიან, რომ საწესდებო კაპიტალში მითითებული თანხა რეალურად წარმოადგენს გაუნაწილებელ მოგებას, ეს ხომ უნდა დასტურდებოდეს მათი მხრიდან შესაბამისი გაანგარიშებით.
დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის და მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, ხოლო სარგებლის ღირებულებად ითვლება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოსავლების სამსახურის 13.04.2022 წლის №9305 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 6 ოქტომბრის დასკვნიდან ირკვევა, რომ:
1. თავდებობის სამმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში შპს „---ზე“ ღვინო მასალის მიწოდების ოპერაციის განხილვა საწარმოს დაქირავებულ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის ნაწილში გადასახადის გადამხდელმა წარადგინა დამატებითი დოკუმენტაცია, კერძოდ, შპს „---სა“ და შპს „---ს“ შორის გაფორმებული ურთიერთშედარების აქტი, რომლის თანახმად, 2021 წლის 30 ივნისის მდგომარეობით შპს „---ს“ მიმართ შპს „---ის“ სასესხო მოთხოვნა შეადგენს 752 613 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხა დაექვემდებარა შემცირებას.
2. საბუღალტრო პროგრამაში ასახული საწესდებო კაპიტალის საწყისი ნაშთის ხარჯზე სალაროდან გატანილი ფულადი სახსრების საწარმოს დაქირავებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვის ნაწილში გადასახადის გადამხდელის მიერ ვერ იქნა წარდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები კორექტირებას არ დაექვემდებარა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 207 241 ლარით, მათ შორის: გადასახადი 139 232 ლარით, ჯარიმა 68 009 ლარით.
საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირ განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კომპანია შემოწმებულია 2015 წელს, სადაც მე-8 გვერდზე წერია, რომ სესხი იყო ნამდვილად და თუ არ მოხდებოდა ამ სესხის შპს ---ის მხრიდან დაფარვა, მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო ეს თანხა იქნებოდა 2018 წლის ერთობლივი შემოსავალი. სასამართლოს გადაწყვეტილებით უცხოური კომპანიისათვის სასესხო დავალიანების დაფარვა დაევალა შპს ---ს, აღნიშნული დავალიანება დაფარა კომპანიის დამფუძნებელმა, რის გამოც საწარმოს ვალდებულება გაუჩნდა დამფუძნებლის წინაშე. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ ძველ აქტში ჩანაწერი გაკეთებულია შენიშვნის სახით და აღნიშნულს საგადასახადო ვალდებულება არ გამოუწვევია. მომჩივნის არგუმენტი, რომ უცხოური საწარმოს სასესხო ვალდებულება დაფარა კომპანიის დამფუძნებელმა ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან აღნიშნული დოკუმენტურად არ დასტურდება. მომჩივნის მიერ სადავო საქმეზე წარმოდგენილია 27.09.2018 წლის და 15.03.2019 წლის ფულადი სახსრების მიღება-ჩაბარების (გადაცემის) აქტები, სადაც შპს --ის დირექტორი --- ფულად სახსრებს გადასცემს, ხოლო შპს ----ის დირექტორი ---იღებს აღნიშნულ ფულად სახსრებს შესაბამისად, 582 500 აშშ დოლარი და 582 500 აშშ დოლარის ოდენობით, სულ საერთო გადახდილმა თანხამ 15.03.2019 წლის მდგომარეობით შეადგინა 1 165 000 აშშ დოლარი, რომელსაც შესაბამისად, ხელს აწერენ შპს ----ის და შპს ---ის დირექტორები (ზემოთ დასახელებული პირები).
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია შემოსავლების სამსახურის 13.04.2022 წლის №9305 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული.
სადავო საკითხები:
შემოსავლების სამსახურის 13.04.2022 წლის №9305 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2018 წლიდან 1.07.2021 წლამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება, შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2021 წლის №42311 ბრძანება და №006-1111 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 13.04.2022 წლის №9305 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შემოსავლების სამსახურის 13.04.2022 წლის №9305 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 6 ოქტომბრის დასკვნის საფუძველზე, შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 207 241 ლარით, მათ შორის: გადასახადი 139 232 ლარით, ჯარიმა 68 009 ლარით, რაზეც მომჩივანს წარედგინა 25.10.2022 წლის №006-469 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 7.03.2023 წლის №4394 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია შემოსავლების სამსახურის 13.04.2022 წლის №9305 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 (21); 73 (4, 9); 101; 154.