გადაწყვეტილება №24249/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№24249/2/2024
22 იანვარი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ „----------“)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,13.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“-ის 4.11.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24249/2/2024).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 28 დეკემბრის №33441 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 23 აპრილის №081-80 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 16 ოქტომბრის №22381 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 176 058,5 ლარი.
მათ შორის:
საშემოსავლო გადასახადი - 97 540
ჯარიმა - 48 678
საურავი - 29 840,5
ფაქტების აღწერა
საწარმოს საქმიანობის სახეა სარემონტო-სამშენებლო სამუშაოები.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის, 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ მარტამდე საანგარიშო პერიოდების, კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 19 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
საწარმოს შემოსავალი ძირითადად მიღებული აქვს ტენდერებიდან, საბანკო ჩარიცხვებით. 2020- 2023 წლებში მიღებული შემოსავალი დღგ-ის ჩათვლით შეადგენდა 1 670 977 ლარს, ხოლო გაცემული ხელფასი და დივიდენდი ჯამში 118 625 ლარს. შესამოწმებელ პერიოდზე გაანგარიშდა ნაღდი ფულის მოძრაობა, ბანკიდან გამოტანილ და სალაროთი გაწეულ ხარჯებს შორის დაფიქსირდა სხვაობა, რომელიც აღემატება საწარმოსთვის საჭირო გონივრულ ნაშთს. აღნიშნული სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 ივნისის №14310 ბრძანება და 22 ივნისის №081-109 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 31 ივლისის №18782 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 3.11.2023 წლის გადაწყვეტილებით საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ამავე სამსახურს.
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 14 დეკემბრის სხდომაზე განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული საჩივარი და 28.12.2023 წლის №33441 ბრძანებით დააკმაყოფილა ნაწილობრივ. კერძოდ, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 28 დეკემბრის №33441 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტმა 2024 წლის 29 მარტს გამოსცა დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის თანახმად შემცირდა დარიცხული თანხები სულ 28 971 ლარი, მათ შორის, გადასახადი 19 259 ლარი და ჯარიმა 9 712 ლარი. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2024 წლის 23 აპრილის №081-80 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
აღსრულების შედეგები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 30.05.2024 წლის №12637 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 13.09.2024 წლის №23326/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი, რომელიც 2024 წლის 16 ოქტომბრის №22381 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ განხორციელდა შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულება.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მიუხედავად იმისა რომ საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების პროცესში საჩივრის მიხედვით მის მიერ დაყენებული საკითხები შემმოწმებელთან ერთად გაიარა, მის მიერ გადაანგარიშების შედეგებზე შედგენილ დასკვნაში მტკიცებულებები და არგუმენტები, მხოლოდ ნაწილობრივ და არასრულყოფილად იქნა გათვალისწინებული კერძოდ კი:
1. არ არის გათვალისწინებული პანდემიის პერიოდში საშემოსავლო გადასახადში არსებული შეღავათები, კერძოდ ფიზიკურ პირებზე 1 500 ლარამდე დარიცხული ხელფასის შემთხვევაში გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადის შეღავათი თითოეულ ფიზიკურ პირზე 150 ლარის ოდენობით;
2. სრულყოფილად არ არის ასახული და გათვალისწინებული მაღალმთიან რაიონებში მცხოვრები და მომუშავე ფიზიკური პირებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათები (6 000 ლარამდე), ფაქტობრივად შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ აღნიშნული კატეგორიის ფიზიკურ პირებზე სულ გაცემულია 35 700 ლარი, გადაანგარიშებაში გათვალისწინებულია მხოლოდ 22 500 ლარი, დარჩენილი 13 200 ლარი ექვემდებარება დამატებით გათვალისწინებას;
3. ხელფასების გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიერ დაქირავებულ ფიზიკურ პირებზე გასაცემი ხელფასებზე ბანკიდან მიღებულ თანხებთან ერთად გამოყენებულია კომპანიის სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთი და შესაბამისად აღნიშნულისა შემმოწმებლის მიერ არ არის შემცირებული 37 258 ლარი სალაროს ნაშთის გამოთვლისას, კერძოდ, სალაროში არსებული ნაღდი ფული, რომელიც გამოყენებული იქნა ხელფასების გაცემაზე. შედეგად აღნიშნული თანხა ზედმეტად მოხვდა ანგარიშვალდებულ პირზე არსებული თანხების ნაშთში შემოწმების ბოლოსათვის და შესაბამისად არამართლზომიერად დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით;
4. შემმოწმებელმა არამართლზომიერად არ გაითვალისწინა ფიზიკური პირებისაგან შესყიდვის აქტებით შეძენილი საქონელი;
5. არ არის გათვალისწინებული შპს „N1"-ის წლის 4 მარტს ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი 6 600 ლარი;
6.არ არის გათვალისწინებული დამფუძნებლის მიერ 2018-2019 წლებში კომპანიის საბრუნავი საშუალებების შესავსებად განხორციელებული დროებითი შენატანები 11 670 ლარის ოდენობით, რომლებიც დამფუძნებლის მიერ აღნიშნულ პერიოდებში შეტანილია უშუალოდ კომპანიის საბანკო ანგარიშებზე და მათ შესახებ საბანკო ამონაწერები წარდგენილია შემოწმებისთვის.
საჩივრით მის მიერ დაყენებულ აღნიშნულ მოთხოვნებზე შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 3 ოქტომბრის სხდომაზე კომპანიის წარმომადგენლის მიმართ დასმულ დამატებით კითხვებზე გაცემული ამომწურავი პასუხების მიუხედავად, შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებით კვლავაც ცალმხრივად აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის (უშუალოდ შემოწმების განმხორციელებელი პირის ლაშა ცეცხლაძის) მოსაზრებებისა და არგუმენტების გაზიარებით მოხდა გადაწყვეტილებების მიღება.
არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის ბრძანებას შემდეგ გარემოებათა გამო:
1. გადაანგარიშებაში სრულყოფილად არ არის გათვალისწინებული ,,კოვიდ- 19“ პანდემიის პერიოდში ფიზიკურ პირებზე 1500 ლარამდე დარიცხული ხელფასის შემთხვევაში გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადის შეღავათი თითოეულ ფიზიკურ პირზე 150 ლარის ოდენობით. აღნიშნული კუთხით მომჩივნის გათვლების შესაბამისად საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაში კვლავაც გამორჩენილი და გამოტოვებული დამატებით შესამცირებელია აღნიშნული შეღავათები ჯამში 2 064 ლარის ოდენობით, რაზეც შემმოწმებელი გამუდმებით არ ეთანხმება, მაგრამ მის კონკრეტულ დასაბუთებას ვერ ახდენს და მუდმივად გაიძახის ,,მე ასე გამომდის!“;
2. საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაში ასევე სრულყოფილად არ არის ასახული და გათვალისწინებული მაღალმთიან რაიონებში მცხოვრები და მომუშავე ფიზიკური პირებისათვის საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათები (6000 ლარამდე შემოსავლებზე), ფაქტობრივად შესამოწმებელ პერიოდში საზოგადოების მიერ აღნიშნული კატეგორიის ფიზიკურ პირებზე სულ გაცემულია 35 700 ლარი, გადაანგარიშებაში კი გათვალისწინებულია მხოლოდ 22 500 ლარი, გამორჩენილ 13 200 ლარზე გათვალისწინებული აღნიშნული შეღავათი ასევე ექვემდებარება დამატებით გათვალისწინებას და შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 16 ოქტომბრის №22381 ბრძანებაში დაფიქსირებული შემმოწმებლის პოზიცია: ,,... 2020 და 2021 წლებში საწარმოს არ შეუსრულებია სამუშაოები მაღალმთიან დასახლებაში“, არასწორია რამდენადაც აღნიშნულ პერიოდში კომპანიის მიერ მაღალმთიან რეგიონებში კერძოდ:"------"-ის რაიონის, დაბა "------"-ში მუზეუმის შენობაზე შეიცვალა სახურავი ხელშეკრულება №195 04.10.2019 - 31.12.2019 წელი, რომლის შესაბამისადაც შესრულებულ სამუშაოებზე ხელფასები გაიცა 2020 წელში.
3. ხელფასებზე გაცემაზე პასუხისმგებელი პირის ("------") მიერ დაქირავებულ ფიზიკურ პირებზე გასაცემი ხელფასები ბანკიდან მიღებულ თანხებთან ერთად გამოყენებულია საზოგადოების სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთიდან, აღნიშნულის კვალობაზე გადაანგარიშების განხორციელების პირის მიერ სალაროში არსებული ნაღდი ფული რომელიც გამოყენებული იქნა ხელფასების გაცემაზე. შემმოწმებლის მიერ არ არის გათვალისწინებული და აღნიშნული თანხით (37 258 ლარით) საზოგადოების სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის მოძრაობაში (შემცირებაში), შედეგად აღნიშნული თანხა (37 258 ლარი) ზედმეტად მოხვდა ანგარიშვალდებულ პირზე არსებული თანხების ნაშთში შემოწმების ბოლოსათვის და იგი არაკანონზომიერად ჩაითვალა დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად და შესაბამისად არამართლზომიერად დაიბეგრა იგი საშემოსავლო გადასახადით.
შემმოწმებლის ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების შეფასება და კვალიფიკაცია, რომ: ,, ... წარმოდგენილია ისეთი ზედნადებები, რომელზეც არ იყო გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა, ასევე ანგარიშ-ფაქტურები, რომლებშიც მითითებულია საქონელი, თუმცა რეალურად წარმოადგენს გარკვეული მასალის მიწოდებას და მასთან დაკავშირებულ მომსახურებას (მონტაჟი), რომელზეც არ არის გამოწერილი სასაქონლო ზედნადები...“,მიაჩნია უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად, შესაბამისად ის წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ შემმოწმებლის ეჭვსა და ვარაუდს რომ, თითქოსდა მის მიერ წარდგენილ დოკუმენტებში მითითებული საქონელი „რეალურად წარმოადგენს გარკვეული მასალის მიწოდებას და მასთან დაკავშირებულ მომსახურებას (მონტაჟი)-ს და სინამდვილეში ისინი საზოგადოებას საქონლის სახით აქვს შეძენილი და სხვადასხვა ობიექტზე არის გამოყენებული და მათი მონტაჟი განხორციელებულია საზოგადოების მიერ დაქირავებული იმ პირების მიერ რომლებიც მთლიანობაში ერთიანად ასრულებენ სხვა სამუშაოებსაც, სხვა შემთხვევებში კი მომწოდებლის მიერ მათი მოწოდებისა და მონტაჟის შემთხვევაში მათი ღირებულება მთლიანობაში მნიშვნელოვნად იზრდება, ამასთან საგადასახადო თვალსაზრისით როგორც მომსახურება (მონტაჟი) საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ხდება, რაც მთლიანობაში გამოიწვევდა მის მნიშვნელოვნად გაძვირებას და შესაბამისად წარმოგვიქმნიდა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ვალდებულებასაც.
საკითხავია ვინ აუკრძალა მწარმოებლისგან შეიძინოს მასალები, ნედლეული და მისი მონტაჟი კი სამეურნეო წესით საკუთარი მუშახელით თავადვე განახორციელოს?!
ყოველივე ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ, ანალოგიურ თემებზე სასამართლოების არაერთი გადაწყვეტილება არსებობს, სადაც სასამართლო ხაზგასმით მიუთითებს, რომ:
მხოლოდ ეჭვი კანონმდებლობის დარღვევაზე არ შეიძლება გახდეს გადასახადის გადამხდელისთვის საგადასახადო ტვირთის დამძიმების საფუძველი. ეჭვი უნდა იყოს გონივრული და შესაბამისი ფაქტობრივ - სამართლებრივი საფუძვლით გამოყენებული“.
5. ასევე შემმოწმებლის მიერ არ იქნა გათვალისწინებული შპს. „N1“-ზე (ს/ნ -------) 2020 წლის 4 მარტს ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდილი 6600 ლარი. (შესაბამისი მასალები წარდგენილია შემმოწმებელზე), ეს მაშინ როცა, მომწოდებელ (შპს ,,--------“-სთან (ს/ნ "--------") სატელეფონო კომუნიკაციით დაადგინეს შემმოწმებელს შესაბამისი კომუნიკაცია ჰქონდა მომწოდებელთან და მან დაუდასტურა აღნიშნული თანხის 6600 ლარის ჩვენგან ნაღდი ანგარიშსწორების წესით მიღება.
6. შემმოწმებლის მიერ ასევე არ იქნა გათვალისწინებული და გაზიარებული 2018-2019 წლებში დამფუძნებლის მიერ საზოგადოების საბრუნავი საშუალებების შესავსებად განხორციელებული დროებითი შენატანები 11 670 ლარი, რომლებიც დამფუძნებლის მიერ ზემოაღნიშნულ პერიოდებში შეტანილია უშუალოდ საზოგადოების საბანკო ანგარიშებზე და მათ შესახებ საბანკო ამონაწერები შემმოწმებელზე წარდგენილია. მიაჩნია და თვლის რომ, ყოველივე ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს და არგუმენტებს სათანადო შეფასებები არ მიეცა შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოს მიერ და შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოს მიერ არამართლზომიერი და არაკანონზომიერი გადაწყვეტილება იქნა მიღებული გადაანგარიშების განმახორციელებელი პირის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და საბჭოს მიერ არაკანონზომიერად და არამართლზომიერად მოხდა იმ გარემოებებისა და არგუმენტების გაზიარება რაც წარდგენილი იყო საჩივრის მიხედვით და შესაბამისი განმარტებები იქნა გაკეთებული მათი წარმომადგენლის მიერ შემოსავლების სამსახურის დავების საბჭოს 2024 წლის 3 ოქტომბრის სხდომაზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
გადასახადის გადამხდელმა ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში, წარმოადგინა მტკიცებულებები, დამატებითი დოკუმენტაცია/ინფორმაცია და გაანგარიშებები. წარმოდგენილია როგორც ფიზიკური პირისგან შესყიდვის აქტები, ასევე დამატებით გაანგარიშებები, რომელიც არ იყო წარმოდგენილი შემოწმების მიმდინარეობისას. გადამხდელთან ერთად საკითხის დამატებით შესწავლისას, წარმოდგენილია ისეთი ზედნადებები, რომელზეც არ იყო გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ასევე ანგარიშ-ფაქტურები, რომლებშიც მითითებულია საქონელი, თუმცა რეალურად წარმოადგენს გარკვეული მასალის მიწოდებას და მასთან დაკავშირებულ მომსახურებას (მონტაჟი), რომელზეც არ არის გამოწერილი სასაქონლო ზედნადები. ასევე, საკითხის გადამხდელთან ერთად შესწავლისას, გათვალისწინებულია გადამხდელის მიერ დეკლარირებული ხელფასების ნაწილის სალაროდან გაცემულად ჩათვლა. შედეგად დაკორექტირდა შემოწმებით დარიცხული თანხები.
მომჩივნის არგუმენტებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებაში აღნიშნულია შემდეგი:
- პირველ და მე-2 არგუმენტთან დაკავშირებით, პანდემიის პერიოდში საშემოსავლო გადასახადში არსებული შეღავათები გათვალისწინებულია. ხოლო, მაღალმთიან რაიონებში მცხოვრები და მომუშავე ფიზიკური პირებისათვის გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათების ნაწილში, 2020 და 2021 წლებში საწარმოს არ შეუსრულებია სამუშაოები მაღალმთიან დასახლებაში, ხოლო ის ფაქტი, რომ დაქირავებული პირი არის მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები, არ არის საკმარისი პირობა საშემოსავლო გადასახადისგან გასათავისუფლებლად. აღნიშნულის მიზეზია ის გარემოება, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირის მიერ მაღალმთიან დასახლებაში საქმიანობით კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული 6 000 ლარამდე დასაბეგრი შემოსავალი.
- მე-3 არგუმენტთან დაკავშირებით საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, შემოწმების მიმდინარეობისას, შპს ,,---------“-ის ნაღდი ფულის ნაშთის დადგენის შედეგად აღმოჩნდა, რომ გადამხდელის განცხადებით, ნაღდი ფულის შესანახი სალარო არ გააჩნია. შესაბამისად სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი ვერ იქნებოდა.
- მე-4 არგუმენტთან დაკავშირებით, შეძენილი ბორდიურები გათვალისწინებულია ნაღდ ფულის გაანგარიშებაში, რომელიც შემოწმების პროცესში გადაგზავნილია გადამხდელთან არაერთხელ. ხოლო რაც შეეხება ფიზიკური პირებისგან შეძენილ მეტალო-პლასტმასის მასალებს, გადამხდელის მიერ მოთხოვნილი რაოდენობის გათვალისწინების შემთხვევაში, მოხდება მისი გადახარჯვა, რაც გამოიწვევს
დამატებით რეალიზაციას და დამატებით დარიცხვას. შესაბამისად წარმოდგენილი არგუმენტები არამართლზომიერია.
- მე-5 არგუმენტთან დაკავშირებით გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, შემოწმების მიმდინარეობისას წარმოდგენილ დებიტორ-კრედიტორების შესახებ ინფორმაციაში კი არ არის წარმოდგენილი შპს „N1-ის“ მიმართ არსებული დავალიანება, რომელიც გადამხდელის განმარტებით დაიფარა შესამოწმებელ პერიოდში (პროდუქცია მიღებულია შესამოწმებელ პერიოდამდე) და ექვემდებარება ნაღდი ფულის გაანგარიშებაში გათვალისწინებას. აღნიშნულის დადასტურება არ მომხდარა არც შპს „N1-ის“ მიერ, შესაბამისად მისი გათვალისწინება შემოწმების პროცესში არ განხორციელდა.
- მე-6 არგუმენტთან დაკავშირებით გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას, ხოლო ჩატარებული ანალიზის საფუძველზე არ დადგინდა დამფუძნებლის შენატანის საჭიროება. შესაბამისად მისი გათვალისწინება შემოწმების პროცესში არ განხორციელდა.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ ისევე როგორც საგადასახადო შემოწმებისას, ასევე საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შემმოწმებელმა არამართლზომიერად არ გაითვალისწინა ფიზიკური პირებისაგან შესყიდვის აქტებით შეძენილი საქონელი ("------"-სგან - შეძენილი მეტალო პლასტმასები - 2543 ლარის და "------"-სგან შეძენილი ბორდიურები - 1500 ლარის), სულ 4 043 ლარის, ეს მაშინ როცა შესაბამისი მასალები დამატებით წარდგენილია შემმოწმებელზე 9 (ცხრა) დანართის სახით.
საქმეში არსებული გარემოებების, აუდიტის დეპარტამენტის, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის მოსმენის და წარმოდგენილი ინფორმაციის შეფასების საფუძველზე, საბჭოს მიაჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გაითვალისწინოს ხსენებული შესყიდვის აქტები ("---------"-სგან - შეძენილი მეტალო პლასტმასები - 2543 ლარის და "------"-სგან შეძენილი ბორდიურები - 1500 ლარის) და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 16 ოქტომბრის №22381 ბრძანება;
3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი არ ეთანხმება მიღებულ გადაწყვეტილებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს შემოსავალი ძირითადად მიღებული აქვს ტენდერებიდან, საბანკო ჩარიცხვებით. 2020- 2023 წლებში მიღებული შემოსავალი დღგ-ის ჩათვლით შეადგენდა 1 670 977 ლარს, ხოლო გაცემული ხელფასი და დივიდენდი ჯამში 118 625 ლარს. შესამოწმებელ პერიოდზე გაანგარიშდა ნაღდი ფულის მოძრაობა, ბანკიდან გამოტანილ და სალაროთი გაწეულ ხარჯებს შორის დაფიქსირდა სხვაობა, რომელიც აღემატება საწარმოსთვის საჭირო გონივრულ ნაშთს. აღნიშნული სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და შეეფარდა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭოს მიაჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გაითვალისწინოს შესყიდვის აქტები და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
304(21),82(2).