ბრძანება N 531
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 531
18.01.2023
შპს --------- (ს/ნ -------------)
(მის.: -------------------)
2022 წლის 13 დეკემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 16 იანვრის სხდომაზე (ოქმი №3) განიხილა შპს --------- (ს/ნ -------------) №77252/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 11 ნოემბრის №047-37 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით ითხოვს დაკისრებული ჯარიმა/საურავისგან გათავისუფლებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 3 მაისის №11143 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „------------”-ის (ს/ნ ------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 24 აპრილიდან 2022 წლის 28 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 4 ნოემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 11 ნოემბრის №28415 ბრძანება და ამავე თარიღის №047-37 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 12 673 ლარი, მათ შორის გადასახადი 7 410 ლარი, ჯარიმა 4 172 ლარი, საურავი 1 091 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
• საგამოძიებო სამსახურის იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის სამმართველოს წარმოებაშია სისხლის სამმართლის საქმე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით. 2022 წლის 4 ნოემბრის აქტის შედგენის თარიღის მდგომარეობით გამოძიება დასრულებული არ არის, ამავე დროს საწარმომ სრულყოფილად არ წარმოადგინა ინფორმაცია/დოკუმენტაცია შემოწმების პროცესში (შემოწმებით შეეფარდა ინფორმაციის წარმოუდგენლობისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 279-ე მუხლის შესაბამისად სანქცია 400 ლარი). შპს --------- (ს/ნ -------------) ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების შესრულება, როგორც კერძო დაკვეთით, ასევე სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ტენდერის გზით. შემოწმება დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაცია/დოკუმენტაციას, საწარმოს მიერ მოწოდებულ არასრულ დოკუმენტაციას, ბანკის ამონაწერებს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდიდან http://procurement.gov.ge/ ამოღებულ დოკუმენტებს. როგორც საბანკო ამონაწერებით ირკვევა, საწარმოს დირექტორს გადარიცხული აქვს შემოწმების პერიოდში სხვადასხვა პირებზე მომსახურების/საქონლის შეძენის თანხებით, თუმცა შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები არ გააჩნია. გადარიცხული თანხები, შემოწმებით ჩაითვალა დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, რაც წარმოადგენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით განსაზღვრულ დასაბეგრ ობიექტს. შემოწმებით განისაზღვრა მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა, საწარმოს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისათვის.
• შპს --------- (ს/ნ -------------) შემოწმებისას შემმოწმებელი ძირითადად დაეყრდნო შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ ინფორმაცია/დოკუმენტაციას, საწარმოს მიერ მოწოდებულ დოკუმენტაციას, ბანკის ამონაწერებს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდიდან http://procurement.gov.ge/ ამოღებულ დოკუმენტებს. ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია/ინფორმაცია შედარდა საწარმოს შემოწმების პერიოდში დღგ-ის დეკლარირებულ მონაცემებთან და გამოვლინდა სხვაობები, კერძოდ: 1) 2020 წლის აგვისტოს და დეკემბრის თვის სხვაობაა 5 165 ლარი დღგ-ის გარეშე, რომელიც არ იყო ასახული დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში; 2) 2020 წლის სექტემბერის თვის დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციაში, საწარმოს ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები გამოკლებული არ ქონდა საბოლოოდ გამოწერილ ქარელის მუნიციპალიტეტთან შესრულებული სამუშაოს შედეგების ბოლოს დღგ-ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურას, ავანსის განაშთვით დღგ-ის შემცირებული ბრუნვაა 6 262 ლარი დღგ-ის გარეშე; 3) 2021 წლის სექტემბერში საწარმოს გაწეული აქვს ავტოსატრანსპორტო მომსახურება 2200 ლარის დღგ-ის ჩათვლით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის, საწარმოს ბუღალტრულად შემოსავალში ასახული აქვს 2200 ლარი, თუმცა დღგ-ის მიზნებისთვის დღგ-ით დასაბეგ ბრუნვებში დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციაში ასახული არ აქვს. 2021 წლიდან მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის და 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შემოწმების პერიოდში გაიზარდა 767 ლარით დღგ-ის გარეშე. საწარმოს დაერიცხა დამატებული ღირებულების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
• შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, შპს --------- (ს/ნ -------------) დღგ-ის ჩასათვლელ თანხებში ჩათვლილი არ ქონდა საწვავის შეძენაზე გადახდილი დღგ 121.77 ლარი. შემოწმებით დღგ-ის ჩათვლებიდან ამოღებულ იქნა
415.83 ლარის დღგ-ის თანხა, რადგან წარმოადგენდა წინა პერიოდში მიღებული ავანსის ჩათვლილ თანხას, რომელიც იწვევდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხის გაორმაგებას. 2021 წლიდან მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის, 175-ე მუხლის, 2021 წლამდე მოქმედი რედაქციის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, შემოწმების მიერ დაკორექტირდა საწარმოს მიერ ჩათვლილი დღგ-ის თანხები.
• შპს --------- (ს/ნ -------------)-ის დირექტორს, ----------------, როგორც საბანკო ამონაწერებით ირკვევა, გადარიცხული აქვს შემოწმების პერიოდში სასურსათო მარკეტებში, ფარმაცევტულ აფთიაქებში პირადი მოხმარებისათვის პროდუქტების და მედიკამენტების შესაძენად საწარმოს კუთვნილი თანხები. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილით და საწარმოს მიერ მოწოდებული 2022 წლის 11 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულებით შპს "-------------"-ს შესყიდული აქვს ავტომობილი (MAN თვითმცლელი 41.373) 15 000 დოლარის ექვივალენტი ლარში 3.09 ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით 46 350 ლარად. საწარმოს შეძენილი ავტომობილის ღირებულებად საბუღალტრო პროგრამა ორისში გატარებული აქვს 70 680 ლარი. საბუღალტრო ჩანაწერებსა და პირველად დოკუმენტებს შორის სხვაობაა 24 330 ლარი. აგრეთვე, ბუღალტრული გატარებით ავტომობილის შესასყიდი თანხა ანგარიშვალდებული პირის, ---------- მიერ გატანილ იქნა საწარმოს სალაროდან. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საწარმოს კუთვნილი თანხები, რომელიც გახარჯულ იქნა ანგარიშვალდებული პირის მიერ არაეკონომიკური საქმიანობისთვის, შემოწმებით ჩაითვალა ხელფასის სახით საწარმოს დირექტორზე გაცემულად. საგადასახადო შემოწმების ფარგლებში დადგინდა, რომ პირს, რომელსაც ევალებოდა გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება, რიგ საანგარიშო პერიოდებში არ აქვს წარდგენილი ან/და არასრულყოფილად აქვს წარდგენილი (მათ შორის, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების ფარგლებში) შესაბამისი საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ ინფორმაცია, რის შედეგადაც პირს განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები საშემოსავლო გადასახადში და ასევე ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლების შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად,საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, −იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2.საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, −იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, −იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, −იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის თანახმად, პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა, – იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე- 7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არა ჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს --------- (ს/ნ -------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.