გადაწყვეტილება №24090/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 26.12.2024
№ დოკუმენტი 24090/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№24090/2/2024

26 დეკემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 5.12.2024 და 19.12.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 9.10.2024 და 18.12.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივრებზე (რეგისტრაციის №24090/2/2024; №24471/2/2024).

 

დავის საგანი:

საბჭოს 9.11.2023 წლის №21088/2/2023 (რეგ. 1.12.2023წ. 03/94857) გადაწყვეტილების აღუსრულებლობა.

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა გზებისა და ავტობანების მშენებლობა, საბითუმო ვაჭრობა საქონლის ფართო ასორტიმენტით კონკრეტული სპეციალიზაციის გარეშე.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.03.2020 წლიდან 1.09.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება, რომლის შედეგები აისახა 30.06.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ:

გადასახადის გადამხდელს 16.01.2019 წელს გაფორმებული აქვს მიწის ნასყიდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, კომპანიას ფიზიკური პირისგან ---------- (პ/ნ ----------) 392 000 აშშ დოლარად შესყიდული აქვს მიწის ნაკვეთი (ს/კ ----------). წინა პერიოდში ჩატარებული საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება საჯარო რეესტრში არ არის რეგისტრირებული და თანხის გადახდა ხდება ეტაპობრივად. კერძოდ, 16.01.2019 წელს გადახდილია 158 200 აშშ დოლარის შესაბამისი თანხა ლარში, 16.01.2020 წელს 165 800 აშშ დოლარის შესაბამისი თანხა ლარში და 16.01.2021 წელს 68 000 აშშ დოლარის შესაბამისი თანხა ლარში (აღნიშნული თარიღები მითითებულია 16.01.2019 წლის ხელშეკრულებაზე დაყრდნობით). ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შემდგომ, მიწის ნაკვეთი უნდა გადასულიყო კომპანიის საკუთრებაში.

ამჟამინდელი შემოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროს აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ იყო ფიზიკური პირის ---------- საკუთრებაში და ასევე, დღემდე არ გადასულა კომპანიის საკუთრებაში. მიწის ნაკვეთი გადაყიდულია რამდენჯერმე სხვადასხვა პირებზე. შემოწმების პროცესში გამოიკვეთა, რომ ფ/პ ---------- გამოსყიდვის უფლებით გაყიდული აქვს მიწის ნაკვეთი ფ/პ ----------, რის შემდეგაც 15.11.2021 წელს უკან გამოსყიდვაზე უარი განაცხადა ფ/პ ----------. ასევე, ხელშეკრულების გაფორმებიდან დღემდე პერიოდში არანაირი ღონისძიება არ განხორციელებულა კომპანიის მიერ აღნიშნული თანხის დასაბრუნებლად.

აქედან გამომდინარე, 2021 წლის ნოემბრიდან (გამოსყიდვაზე უარის თქმის დრო) კომპანიასა და ფიზიკურ პირს შორის დადებულ ხელშეკრულებაში მითითებული თანხა, რომელიც უკან არ დაბრუნებულა, ჩაითვალა ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. სესხად დაკვალიფიცირებული თანხიდან წლიური საბაზრო პროცენტის (17.99%) მიხედვით დაანგარიშდა საპროცენტო სარგებელი, რომელიც ასევე დაიბეგრა მოგების გადასახადით, როგორც უსასყიდლოდ გაწეული მომსახურება.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 12.07.2023 წლის №16915 ბრძანება და ამავე თარიღის №006-355 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული აქტები 2023 წლის 10, 25, 29 აგვისტოს, 12 და 27 სექტემბერს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 16.10.2023 წლის №25647 ბრძანებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 9.11.2023 წლის №21088/2/2023 (რეგ. 1.12.2023წ. 03/94857) გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 16.10.2023 წლის №25647 ბრძანება, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს გადაწყვეტილების შესაბამისად და უზრუნველყოს შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე, დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

მომჩივანი მომართავს საბჭოს 9.11.2023 წლის №21088/2/2023 (რეგ. 1.12.2023წ. 03/94857) გადაწყვეტილების აღუსრულებლობაზე.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტისათვის პირდაპირ არის დავალებული დარიცხული თანხების ნაწილობრივ შემცირება, ყოველგვარი დამატებითი შესწავლის გარეშე, დღემდე აუდიტის დეპარტამენტს არა აქვს აღსრულებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება, რითაც ყოველდღიურად მნიშვნელოვან მატერიალურ ზიანს აყენებს საწარმოს. ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მომჩივანს უფლება აქვს, მიმართოს დავის განმხილველ ორგანოს და მიაწოდოს მას ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხების შესახებ.

მომჩივანი განმარტავს, რომ გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტისათვის პირდაპირ არის დავალებული დარიცხული თანხების ნაწილობრივ შემცირება, ყოველგვარი დამატებითი შესწავლის გარეშე, დღემდე აუდიტის დეპარტამენტს არა აქვს აღსრულებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება, რითაც ყოველდღიურად მნიშვნელოვან მატერიალურ ზიანს აყენებს საწარმოს. ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება.

საბჭოს 9.11.2023 წლის №21088/2/2023 (რეგ. 1.12.2023წ. 03/94857) გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებულია შემდეგი:

„26.10.2023 წელს საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენლის განმარტებით, 2019 წელს გაფორმებული ხელშეკრულება წინა საგადასახადო შემოწმების დროს ჩათვლილია რეალურად. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შემდგომ, მიწის ნაკვეთი უნდა გადასულიყო კომპანიის საკუთრებაში. ბუნებრივია მაშინაც შემმოწმებლის მიერ დაისვა კითხვა რამდენად რეალური იყო აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულება და რატომ სურდა საწარმოს შეეძინა აღნიშნული მიწის ნაკვეთი, ვინაიდან ხელშეკრულების დადების მომენტში ფ/პ ---------- არ იყო მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, რაზედაც წარდგენილია შპს „----------“ მიერ 23.12.2020 წელს შედგენილი შეფასების დასკვნა, სადავო მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად მიწის ნაკვეთის ს/კ ---------- საბაზრო ღირებულება 23.12.2020 წლის მდგომარებით შეადგენდა 2 165 000 ლარს, რაც გაცილებით მეტია ვიდრე 392 000 აშშ დოლარი (მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ფასი ხელშეკრულებით). შესაბამისად პირველ რიგში მიწის ნაკვეთის ფასი იყო მისაღები/მიმზიდველი კომპანიისათვის, რომელიც როგორც აღინიშნე საბაზრო ფასთან მიმართებაში გაცილებით ნაკლები იყო, ასევე კომპანიისათვის ცნობილი იყო, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი უნდა გამოესყიდა ფ/პ ---------- ---------- (იმ პერიოდში მიწის ნაკვეთის მესაკუთრე) და აღნიშნულის დასტურად შემმოწმებელს წარედგინა ---------- ნოტარიული ფორმით შედგენილი თანხმობა, სადაც ეს უკანასკნელი თანხმობას აცხადებს 10.01.2021 წლამდე 220 000 აშშ დოლარის გადახდის შემთხვევაში ფ/პ ---------- საკუთრების უფლებით დაუბრუნოს მიწის ნაკვეთი.

მომჩივანს მიაჩნია, რომ ის გარემოება, რომ სადავო მიწის ნაკვეთი არ ყოფილა წინა მესაკუთრის ფ/პ ---------- მიერ გამოსყიდული არ შეიძლება გახდეს მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულების სესხად დაკვალიფიცირების საფუძველი, ვინაიდან:

1) არსებობს მხარეთა მიერ ხელმოწერილი ნასყიდობის ხელშეკრულება;

2) დასტურდება აღნიშნული მიწის ნაკვეთის შეძენის ეკონომიკური ინტერესი/ფასი;

3) დასტურდება აღნიშნული მიწის ნაკვეთის გამყიდველი მხარის სამართლებრივი უფლება მიწის ნაკვეთის გამოსყიდვაზე და იმ პერიოდში მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ნოტარიული თანხმობით აცხადებს 10.01.2021 წლამდე 220 000 აშშ დოლარის გადახდის შემთხვევაში გადასცეს მიწის ნაკვეთი ფ/პ ---------- საკუთრების უფლებით;

4) დოკუმენტურად დასტურდება კომპანიის მიერ ფ/პ ---------- სასარგებლოდ შესაბამის პერიოდებში მიწის ნაკვეთის საფასურის გადახდა;

5) არსებობს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ, რითაც დასტურდება, რომ მიწის ნასყიდობის ღირებულება სრულად არის დაკისრებული ---------- შპს „----------“ სასარგებლოდ. დავალიანების დაკისრების საფუძველს წარმოადგენს ნასყიდობის ხელშეკრულება და ხელწერილი ვალის არსებობის აღიარების შესახებ.

მომჩივნის არგუმენტზე მოპასუხე ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით, ფაქტობრივი გარემოებები მდგომარეობდა შემდეგში ფიზიკური პირი ---------- (გამყიდველი) ფლობდა მიწას, რომელმაც აღნიშნული მიწა გამოსყიდვის უფლებით გაყიდა ---------- ((იპოთეკარი), რომელიც მოცემულ პერიოდში გარდაცვლილია). აღნიშნულის შემდგომ ---------- ამავე მიწის ნაკვეთს ყიდის შპს ---------- (16.01.2019 წლის მიწის ნასყიდობის ხელშეკრულება). აუდიტის დეპარტამენტის 5.03.2020 წლის №6526 ბრძანებით დაინიშნა საგადასახადო შემოწმება, რომლის დროსაც ვინაიდან ---------- შესამოწმებელ პერიოდში ჰქონდა გამოსყიდვის უფლება და ხელშეკრულებით განსაზღვრული გადახდის (ნაღდი ანგარიშსწორებით) ორი ეტაპი შესრულებული იყო, ოპერაცია შეფასდა ავანსის გადახდად. მიმდინარე საგადასახადო შემოწმებისას შეცვლილია გარემოებები, კერძოდ, ---------- 15.11.2021 წელს უარი განაცხადა აღნიშნული მიწის ნაკვეთის უკან გამოსყიდვაზე გარკვეული კომპენსაციის სანაცვლოდ ---------- მემკვიდრეების სასარგებლოდ (---------- გარდაცვლილია 18.04.2021 წელს). იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ მიმდინარე შემოწმებისას გამოიკვეთა, რომ საქონლის მიწოდება არ მომხდარა (რაც თავიდანვე (წინა შემოწმებისას) არ იკვეთებოდა, რადგან ---------- ჰქონდა გამოსყიდვის უფლება) აღნიშნული ფაქტობრივი მდგომარეობა, განსახილველი საგადასახადო შემოწმებისას საფუძველი გახდა კვალიფიკაციის შეცვლის. აქედან გამომდინარე, 2021 წლის ნოემბრიდან (გამოსყიდვაზე უარის თქმის დრო) კომპანიასა და ფიზიკურ პირს შორის დადებულ ხელშეკრულებაში მითითებული თანხა, რომელიც უკან არ დაბრუნებულა, ჩაითვალა ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად და დაიბეგრა მოგების გადასახადით.

ამდენად, დადგენილია და სადავო არ არის, რომ:

1) 3.10.2018 წელს ---------- და ---------- შორის გაფორმებულია გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის (ს/კ ----------) ნასყიდობის ხელშეკრულება; რომლითაც ხელშეკრულების საგნის თავდაპირველი ფასი განისაზღვრა 122 000 აშშ დოლარი (318 737.2 ლარი) და გამოსყიდვის პირობა 3.10.2019 წლამდე, რომელიც შეცვლილია გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე შეთანხმებით და ხელშეკრულების საგნის ფასი განისაზღვრა 220 000 აშშ დოლარი, ხოლო გამოსყიდვის პირობა დადგინდა 10.01.2021 წლამდე;

2) 16.01.2019 წელს ---------- და შპს „----------“ შორის გაფორმებულია ნასყიდობის ხელშეკრულება მიწის ნაკვეთის (ს/კ ----------) 392 000 აშშ დოლარად შეძენასთან დაკავშირებით და თანხის გადახდა ხელშეკრულების თანახმად ხდება ეტაპობრივად. კერძოდ, 16.01.2019 წელს 158 200 აშშ დოლარის შესაბამისი თანხა ლარში, 16.01.2020 წელს 165 800 აშშ დოლარის შესაბამისი თანხა ლარში და 16.01.2021 წელს 68 000 აშშ დოლარის შესაბამისი თანხა ლარში;

3) აუდიტის დეპარტამენტის 5.03.2020 წლის №6525 ბრძანებით დაინიშნა შპს „----------“ საქმიანობის 1.01.2017 წლიდან 1.03.2020 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება და 28.12.2020 წელს შემოწმების შედეგებზე შედგენილ საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებულია შემდეგი:

„გადამხდელის მიერ წარდგენილია 16.01.2019 წელს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, ხელშეკრულების თანახმად შპს „----------“ შესყიდული აქვს ფ/პ ---------- მიწის ნაკვეთი, (ს/კ ----------) 392 000 აშშ დოლარად. დღეის მდგომარეობით აღნიშნული ხელშეკრულება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული არ არის, ხელშეკრულების თანახმად, ნასყიდობის ღირებულების გადახდა ხდება ეტაპობრივად, 16.01.2019 წელს 158 200 აშშ დოლარის შესაბამისი თანხა ლარში, 16.01.2020 წელს 165 800 აშშ დოლარის შესაბამისი თანხა ლარში და 16.01.2021 წელს 68 000 აშშ დოლარის შესაბამისი თანხა ლარში. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, გადამხდელს გადახდილი აქვს 898 316 ლარი. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შემდგომ მიწის ნაკვეთი გადავა შპს „----------“ საკუთრებაში“.

4) საქმეში წარმოდგენილია ხელწერილები:

ა) შპს „----------“ დირექტორმა 16.01.2019 წელს ---------- გადასცა 158 200 აშშ დოლარი (421 508 ლარი);

ბ) შპს „----------“ დირექტორმა 16.01.2020 წელს ---------- გადასცა 165 800 აშშ დოლარი (478 532 ლარი);

გ) შპს „----------“ დირექტორმა 8.01.2021 წელს ---------- გადასცა 68 000 აშშ დოლარი (224 407 ლარი);

დ) ---------- ადასტურებს, რომ 24.08.2023 წლის მდგომარეობით გააჩნია დავალიანება შპს „----------“ მიმართ 1 124 447 ლარის ოდენობით, რომელიც უნდა გადაეხადა არაუგვიანეს 5.06.2023 წლისა. აღნიშნული დავალიანება წარმოიშვა მასსა და შპს „----------“ შორის გაფორმებული 16.01.2019 წლის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რომლითაც შპს „----------“ მისგან უნდა შეეძინა უძრავი ქონება ს/კ ----------.

ე) 15.11.2021 წელს ---------- უარს აცხადებს ზემოაღნიშნულ უძრავ ნივთზე გამოსყიდვის უფლების რეალიზაციაზე გარკვეული საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ.

საქმეში წარმოდგენილია:

1) შპს „----------“ მიერ 23.12.2020 წელს შედგენილი შეფასების დასკვნა, სადავო მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად მიწის ნაკვეთის ს/კ ---------- საბაზრო ღირებულება 23.12.2020 წლის მდგომარებით შეადგენდა 2 165 000 ლარს.

2) აღსრულების ეროვნული ბიუროს 26.09.2023 წლის №---------- ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ, რომლითაც ---------- დაეკისრა დავალიანების გადახდა, 1 124 647 ლარის ოდენობით, შპს „----------“ მიმართ.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება საბანკო დაწესებულების, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.

ამასთანავე, ფიზიკურ პირზე გაცემული სესხი მოგების გადასახადით იბეგრება თანხის გაცემის საანგარიშო პერიოდში.

საგადასახადო შემოწმების მიხედვით, შპს „----------“ მიერ თანხის გადახდა განხორციელდა სამ ეტაპად - 16.01.2019 წელს 158 200 აშშ დოლარი (შესაბამისი თანხა ლარში), 16.01.2020 წელს 165 800 აშშ დოლარი (შესაბამისი თანხა ლარში) და 16.01.2021 წელს 68 000 აშშ დოლარის (შესაბამისი თანხა ლარში). საგულისხმოა, რომ 68 000 აშშ დოლარის (შესაბამისი თანხა ლარში) გადახდა ექცევა საგადასახადო შემოწმებით მოცულ პერიოდში.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო აღნიშნავს, რომ 16.01.2019 წელს 158 200 აშშ დოლარის (შესაბამისი თანხა ლარში) და 16.01.2020 წელს 165 800 აშშ დოლარის (შესაბამისი თანხა ლარში) გადახდების შესამოწმებელ პერიოდში გაცემულ სესხად განხილვა არამართლზომიერია.

ვინაიდან, ბოლო გადახდა (68 000 აშშ დოლარის (შესაბამისი თანხა ლარში)) ექცევა საგადასახადო შემოწმებით მოცულ პერიოდში, საბჭო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში დაბეგვრას უნდა დაექვემდებაროს და საგადასახადო ვალდებულებები, როგორც გაცემულ სესხზე უნდა განისაზღვროს მხოლოდ აღნიშნულ ბოლო გადახდაზე (68 000 აშშ დოლარზე (შესაბამისი თანხა ლარში))“.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს 9.11.2023 წლის №21088/2/2023 (რეგ. 1.12.2023წ. 03/94857) გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს გადაწყვეტილების შესაბამისად და უზრუნველყოს შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით მიმდინარეობს საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულება და საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე შედგენილია დასკვნის პროექტი.

აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს საბჭოს 9.11.2023 წლის №21088/2/2023 (რეგ. 1.12.2023წ. 03/94857) გადაწყვეტილების აღსრულება.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საბჭოს 9.11.2023 წლის №21088/2/2023 (რეგ. 1.12.2023წ. 03/94857) გადაწყვეტილების აღსრულება;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება აღსრულების შედეგებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საგადასახადო შემოწმების მიხედვით, კომპანიის მიერ თანხის გადახდა განხორციელდა სამ ეტაპად - 16.01.2019 წელს 158 200 აშშ დოლარი (შესაბამისი თანხა ლარში), 16.01.2020 წელს 165 800 აშშ დოლარი (შესაბამისი თანხა ლარში) და 16.01.2021 წელს 68 000 აშშ დოლარის (შესაბამისი თანხა ლარში). საგულისხმოა, რომ 68 000 აშშ დოლარის (შესაბამისი თანხა ლარში) გადახდა ექცევა საგადასახადო შემოწმებით მოცულ პერიოდში.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო აღნიშნავს, რომ 16.01.2019 წელს 158 200 აშშ დოლარის (შესაბამისი თანხა ლარში) და 16.01.2020 წელს 165 800 აშშ დოლარის (შესაბამისი თანხა ლარში) გადახდების შესამოწმებელ პერიოდში გაცემულ სესხად განხილვა არამართლზომიერია.

ვინაიდან, ბოლო გადახდა (68 000 აშშ დოლარის (შესაბამისი თანხა ლარში)) ექცევა საგადასახადო შემოწმებით მოცულ პერიოდში, საბჭო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში დაბეგვრას უნდა დაექვემდებაროს და საგადასახადო ვალდებულებები, როგორც გაცემულ სესხზე უნდა განისაზღვროს მხოლოდ აღნიშნულ ბოლო გადახდაზე (68 000 აშშ დოლარზე (შესაბამისი თანხა ლარში))“.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს 9.11.2023 წლის №21088/2/2023 (რეგ. 1.12.2023წ. 03/94857) გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს გადაწყვეტილების შესაბამისად და უზრუნველყოს შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით მიმდინარეობს საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულება და საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე შედგენილია დასკვნის პროექტი.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს საბჭოს 9.11.2023 წლის №21088/2/2023 (რეგ. 1.12.2023წ. 03/94857) გადაწყვეტილების აღსრულება.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21).