ბრძანება N 20742
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 20742
22 აგვისტო 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---“-ის (ს/ნ ---)
(მის.: ---)
2023 წლის 3 აგვისტოს საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს „---“-ის (ს/ნ ---) №82828/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ზედმეტად გადახდილი თანხის გაუქმებას. აღნიშნული საჩივარი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 11 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №84).
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნავს, რომ 2018 წლიდან 2023 წლამდე არ ფუნქციონირებდა, თუმცა შესაბამის პერიოდში საწარმო ფლობდა ქონებას. წარმოდგენილი აქვს შესაბამისი პერიოდის დეკლარაციები და გადახდილი აქვს შესაბამისი გადასახადები, რაც ასახულია გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე. გადამხდელი აღნიშნავს, რომ წარდგენილი დეკლარაციების საფუძველზე, საწარმოს პირადი აღრიცხვის ბარათზე 2021 და 2022 წლის პირველ აპრილს გატარებული უნდა იყოს ქონების გადასახადის დარიცხვის ოპერაციები. გადამხდელი აცხადებს, რომ საწარმოს პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული ზედმეტად გადახდილი თანხები საწარმოს საკუთრებაა და საკუთრების უფლება კონსტიტუციით არის გარანტირებული. ზედმეტობის ჩამოწერას საგადასახადო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, ამიტომ დაუშვებელია საწარმოს პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული ზედმეტობის პროგრამულად ავტომატურ რეჟიმში ჩამოწერა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი არ ეთანხმება პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ზედმეტად გადახდილი თანხის გაუქმებას და ითხოვს მის აღდგენას.
ფაქტების აღწერა:
მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ შპს ---“-ს (ს/ნ ---) პირადი აღრიცხვის ბარათზე 09.01.2023 წელს ავტომატურ რეჟიმში განხორციელდა 2022 წლის 31 დეკემბრისთვის რიცხული ზედმეტად გადახდილი თანხის ჩამოწერა (გაუქმება) 8724 ლარის ოდენობით 01.01.2023 წლის სავადო თარიღით (საფუძველი - სამსახურებრივი ბარათი №53654-21-15 09.06.2020 წ.) „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანების მე-4 მუხლის მე-20 და 22-ე ნაწილების თანახმად. გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, გადამხდელს 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ერიცხება ზედმეტად გადახდილი 8724 ლარი, რაც წარმოშობილია დღგ-ს 2015 წლის თებერვლის დეკლარაციით შემცირებული თანხით.
შპს „---“-ის პირადი აღრიცხვის ბარათზე 01.01.2020 წლიდან 01.01.2023 წლამდე პერიოდში არ ფიქსირდება გატარებული ოპერაცია. 15.06.2023 წლიდან წარმოდგენილია დეკლარაციები:
- 15.06.2023 წელს დღგ-ის 2023 წლის მაისის ნულოვანი დეკლარაცია;
- 11.07.2023 წელს დღგ-ის 2023 წლის ივნისის დეკლარაცია, რომლის საფუძველზე დარიცხულია 9595 ლარი;
- 15.06.2023 წელს მოგების გადასახადის 2023 წლის მაისის ნულოვანი დეკლარაცია;
- 11.07.2023 წელს მოგების გადასახადის 2023 წლის ივნისის ნულოვანი დეკლარაცია;
- 15.06.2023 წელს გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების 2023 წლის მაისის ნულოვანი დეკლარაცია;
- 11.07.2023 წელს გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების 2023 წლის ივნისის ნულოვანი დეკლარაცია;
- 16.06.2023 წელს დადგენილი ვადის დარღვევით წარმოდგენილია ქონების გადასახადის დეკლარაციები: 2020 წლის დეკლარაციის საფუძველზე დარიცხულია 309 ლარი, 2021 წლის დეკლარაციის საფუძველზე დარიცხულია 247 ლარი, ხოლო 2022 წლის დეკლარაციის საფუძველზე დარიცხულია 198 ლარი.
ქონების გადასახადის დეკლარაციებით თანხები დარიცხულია შესაბამისი სავადო თარიღებით, რამაც გამოიწვია 01.01.2023 წლის სავადო თარიღზე დავალიანების წარმოშობა 803 ლარის ოდენობით. დეკლარაციების დაგვიანებისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლით დარიცხულია ჯარიმები ჯამში 75.4 ლარი. 16.06.2023 წელს გადახდილია 1020 ლარი, ხოლო 26.06.2023 წელს გადახდილია 9667.50 ლარი. შპს „---“-ს (ს/ნ ---) 2023 წლის 11 აგვისტოს მდგომარეობით ერიცხება ზედმეტობა 0.17 ლარი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
ზედმეტად გადახდილ თანხასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-8 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოსათვის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადაა 3 წელი, რომელიც აითვლება ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხის დაბრუნების უფლების წარმოშობის კალენდარული წლის დასრულებიდან.
შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანების „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ მე-4 მუხლის მე-20 პუნქტის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს უუქმდება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ყოველი წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რიცხული ზედმეტად გადახდილი თანხა, რომელზეც მომდევნო წლის პირველი იანვრის მდგომარეობით გასულია საგადასახადო ორგანოსათვის გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის ვადა, თუ მას გაუქმების ოპერაციის გატარების თარიღამდე ბოლო 3 წლის განმავლობაში არ უფიქსირდება გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე (მათ შორის, დროებითი აღრიცხვის ბარათზე) გატარებული ოპერაცია. ამ მიზნით, მხედველობაში არ მიიღება ოპერაცია, რომლის საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილი საგადასახადო დეკლარაციით/გაანგარიშებით ჩასათვლელი თანხა დარიცხული თანხის ტოლია).
საქმეში არსებულ მასალებსა და ზემოაღნიშნულ სამართლებრივ ნორმებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „---“-ს (ს/ნ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადამხდელი არ ეთანხმება პირადი აღრიცხვის ბარათზე არსებული ზედმეტად გადახდილი თანხის გაუქმებას და ითხოვს მის აღდგენას.
ფაქტობრივი გარემოებები
მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ მომჩივნის პირადი აღრიცხვის ბარათზე 09.01.2023 წელს ავტომატურ რეჟიმში განხორციელდა 2022 წლის 31 დეკემბრისთვის რიცხული ზედმეტად გადახდილი თანხის ჩამოწერა (გაუქმება) 8724 ლარის ოდენობით 01.01.2023 წლის სავადო თარიღით (საფუძველი - სამსახურებრივი ბარათი №53654-21-15 09.06.2020 წ.) „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანების მე-4 მუხლის მე-20 და 22-ე ნაწილების თანახმად. გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, გადამხდელს 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ერიცხება ზედმეტად გადახდილი 8724 ლარი, რაც წარმოშობილია დღგ-ს 2015 წლის თებერვლის დეკლარაციით შემცირებული თანხით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლები.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 4 (8).