ბრძანება N 15079
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 15079
28 ივნისი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
------- (პ/ნ -------)
(მის: -------, -------)
2023 წლის 9 ივნისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 23 ივნისის სხდომაზე (ოქმი №68) განიხილა ------- (პ/ნ -------) №99019/21-11 საჩივარი, რომელიც ეხება 2023 წლის 13 აპრილის №------- საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით დარიცხული იმპორტის გადასახდელს.
მომჩივნის არგუმენტაცია:
საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ ---------- შემოიტანა პირადი მოხმარების ნივთები, რაზეც დაერიცხა იმპორტის გადასახდელი. ჯანმრთელობის, სოციალურ და ოჯახურ მდგომარეობაზე მითითებით ითხოვს საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით დარიცხული თანხის ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2023 წლის 13 აპრილს საბაჟო გამშვები პუნქტი „-------“ კონტროლის ზონაში, ---------- რესპუბლიკის მხრიდან, მგზავრებისთვის განკუთვნილ დარბაზში შემოვიდა -------, რომელსაც თან ჰქონდა დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი, კერძოდ: თეთრეული - 11 კგ, პირსახოცი - 9,8 კგ, საწოლის გადასაფარებელი - 7 ცალი.
ვინაიდან, ------- 2023 წლის 25 მარტს, საზღვრის კვეთისას ისარგებლა საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით, მასზე 30 კალენდარული დღის განმავლობაში მეორედ, კერძოდ: 2023 წლის 13 აპრილს (19 დღე), კვლავ ვერ გავრცელდებოდა ზემოაღნიშნული შეღავათი. ასევე, 7 ცალი საწოლის გადასაფარებელი რაოდენობრივი და თვისებრივი მახასიათებლების გათვალისწინებით, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ მიჩნეულ იქნა ეკონომიკური საქმიანობისთვის განკუთვნილად და საქონელი დაექვემდებარა გაფორმებას. გამომდინარე აქედან, 2023 წლის 13 აპრილს დარეგისტრირდა №------- საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4, რომლის მიხედვითაც დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 477,452 ლარი, ხოლო ------- დაერიცხა დღგ – 85.94 ლარის ოდენობით.
------- არ წარმოუდგენია შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინვოისი) შესაბამისად, საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა მოხდა საქართველოს საბაჟო კოდექსის 43-ე მუხლის შესაბამისად.
------- პირველად (2022 წლის 13 აპრილიდან 2023 წლის 13 აპრილამდე პერიოდში 60 გასვლა – შესვლა) არ გადაადგილდებოდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, იმპორტის გადასახადისგან გათავისუფლებულია ფიზიკური პირის მიერ 30 კალენდარულ დღეში ერთხელ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფებით (საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდით გათვალისწინებული საქონლის გარდა) გათვალისწინებული 500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი არ არის.
ამავე საკანონმდებლო აქტის 309-ე მუხლის 132-ე ნაწილით დადგენილია, რომ დღგ-ისგან გათავისუფლებულია საქონლის იმპორტი ამ კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ და „ო“ ქვეპუნქტების მოთხოვნების შესაბამისად, იმავე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან საქონლის იმპორტისა.
ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ საგადასახადო შეღავათად ითვლება სხვა გადასახადის გადამხდელებთან შედარებით ცალკეული კატეგორიის გადასახადის გადამხდელებისათვის მინიჭებული უპირატესობა, კერძოდ, შესაძლებლობა, გადაიხადონ გადასახადი ნაკლები ოდენობით ან გათავისუფლდნენ გადასახადის გადახდისაგან
ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანამხმად, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს, ისარგებლოს საგადასახადო შეღავათი შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის წარმოშობის მომენტიდან მისი მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში.
ამავე მუხლით დადგენილია, რომ აკრძალულია ინდივიდუალური ხასიათის საგადასახადო შეღავათის დაწესება და ცალკეული პირის გათავისუფლება გადასახადისაგან.
დადგენილია, რომ მომჩივანმა 2023 წლის 25 მარტს, საზღვრის კვეთისას ისარგებლა საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით. ამასთან, მის მიერ 2023 წლის 13 აპრილს შემოტანილი საქონელი რაოდენობრივი და თვისებრივი მახასიათებლების გათვალისწინებით, მიჩნეულ იქნა ეკონომიკური საქმიანობისთვის განკუთვნილად. ამდენად, საქონელზე ვერ გავრცელდებოდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადაგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ 2023 წლის 13 აპრილის №------- საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4-ით იმპორტის გადასახდელის დარიცხვა შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ------- (პ/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
საჩივრის ავტორი ითხოვს საბაჟო დეკლარაცია - ფორმა 4-ით დარიცხული თანხის ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, მგზავრს თან ჰქონდა დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონელი.
ვინაიდან, მომჩივანმა საზღვრის კვეთისას ისარგებლა საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათით, მასზე 30 კალენდარული დღის განმავლობაში მეორედ, ზემოაღნიშნული შეღავათი ვერ გავრცელდებოდა. ასევე, საქონელი, რაოდენობრივი და თვისებრივი მახასიათებლების გათვალისწინებით, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ მიჩნეულ იქნა ეკონომიკური საქმიანობისთვის განკუთვნილად და საქონელი დაექვემდებარა გაფორმებას. აქედან გამომდინარე, დარეგისტრირდა საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და დადაგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საბაჟო დეკლარაცია – ფორმა 4-ით იმპორტის გადასახდელის დარიცხვა შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 199 (დ.ბ); 60(2)
საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 43;