გადაწყვეტილება №88619/1/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 88619/1/2024
16 მაისი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---------“ (ს/ნ )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 25.04.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---------- 25.03.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №88619/1/2024).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 18.12.2023 წლის №84061/1/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 6.03.2024 წლის №006-71 საგადასახადო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 3 125 348,59 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 1 597 435
მიწაზე (არასასოფლო) ქონების გადასახადი - 3 288
მოგების გადასახადი - 115 657
საშემოსავლო გადასახადი - 1 478 490
ჯარიმა - 966 144
საურავი - 561 769,59
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 16.11.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.03.2022 წლამდე პერიოდი.
კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება ---------- ექსპორტი --------- და ---------. გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელი პერიოდის მიხედვით უფიქსირდება მზარდი დებიტორული დავალიანება. უცხოურ კომპანიებთან უფიქსირდება სულ 11 247 742 ლარის დებიტორული დავალიანების ნაშთი. --------- კომპანიებზე რეალიზებული პროდუქციის ღირებულება ნაწილობრივ გადახდილია ნაღდი ანგარიშსწორებით და კომპანიის კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხვით. ხოლო, --------- კომპანიებისაგან თანხების ჩარიცხვა საზოგადოებას არ უფიქსირდება. პერიოდულად ხდება ანგარიშსწორება ნაღდი ანგარიშსწორებით. შესაბამისად, ისინი წარმოადგენენ კომპანიის დებიტორებს, რასაც გადასახადის გადამხდელი ადასტურებს წერილობითი განმარტებით. მოთხოვნილი ურთიერთშედარების აქტის საფუძველზე ვერ დგინდება აღნიშნული დებიტორული დავალიანების რეალურობა, ვინაიდან შედარების აქტის ხელის მომწერი პირების უფლებამოსილება დებიტორი ორგანიზაციის წარმომადგენლობაზე არ დასტურდება, შესაბამისად შემოწმებით აღნიშნული ფულადი საშუალებები ჩაითვალა შესაბამისი წლის და შემოწმების ბოლოს მიღებულად და განხილულია ანგარიშვალდებულ პირზე (დირექტორზე) ხელფასის სახით განაცემად.
საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, აღნიშნული განაცემი დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. კომპანიას დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 29.11.2022 წლის №006-525 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 8.02.2023 წლის №2296 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 6.04.2023 წლის №18969/2/2023 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 8.02.2023 წლის №2296 ბრძანება. მომჩივანს მიეცა წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შემოწმების შედეგად მიღებულად ჩათვლილი დებიტორული დავალიანების კომპანიისთვის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, დამატებით შეისწავლოს მომჩივნის მიერ მიღებულად ჩათვლილი დებიტორული დავალიანების მომჩივნისთვის შემდგომ პერიოდში გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 6.04.2023 წლის №18969/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 21.08.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადაწყვეტილების საფუძველზე შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დამატებითი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით აქტით დარიცხული თანხები არ დაკორექტირდა (შემცირდა). კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებულად ჩათვლილი დებიტორული დავალიანების მომჩივნისთვის შემდგომ პერიოდში გადახდის ნაწილში, ახსნა-განმარტების და დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გადამხდელმა ვერ დაადასტურა, რომ აღნიშნული დებიტორული დავალიანებები ან მისი ნაწილი შემდგომ პერიოდში იქნა გადახდილი, ვინაიდან მის მიერ წარმოდგენილი ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის პარალელურად აღნიშნულ დებიტორებს პერიოდულად აწვდის დამატებით საქონელს, ხოლო დებიტორული დავალიანება უცვლელი რჩება, შესაბამისად, გადაანგარიშების ეტაპზე შემოწმებით განსაზღვრული დარიცხვის კორექტირება არ განხორციელებულა.
აუდიტის დეპარტამენტის 21.08.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 12.09.2023 წლის
№006-458 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 18.12.2023 წლის №84061/1/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს მომჩივნის მიერ დამატებით წარდგენილი, მიღებულად ჩათვლილი დებიტორული დავალიანების მომჩივნისთვის შემდგომ პერიოდში გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები. სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 18.12.2023 წლის №84061/1/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 6.03.2024 წლის დასკვნის მიხედვით, შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია. შედეგად აქტით დარიცხული თანხები დაკორექტირდა (შემცირდა). კერძოდ, გადამხდელის მიერ მიღებულად ჩათვლილი დებიტორული დავალიანების მომჩივანისათვის შემდგომ პერიოდში გადახდის ნაწილში, ახსნა-განმარტების და დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გამოვლინდა დამატებითი გარემოება და ინფორმაცია რაც შემოწმებისთვის არ იყო ცნობილი, გადამხდელმა დაადასტურა, რომ აღნიშნული დებიტორული დავალიანებების ნაწილი შემოწმების შემდგომ პერიოდში იქნა გადახდილი, ვინაიდან წარმოდგენილია ჩარიცხვის დამადასტურებელი ინფორმაცია საბანკო ამონაწერის სახით და სალაროს შემოსავლის ორდერები, რომელშიც --------- კომპანიების წარმომადგენლების მიერ ხელზე გადახდილი თანხებია დაფიქსირებული შემოწმების მომდევნო პერიოდებში, გადაანგარიშების ეტაპზე გათვალისწინებული იქნა წარმოდგენილი დოკუმენტები. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შემოწმებით განსაზღვრული დარიცხვა დაკორექტირდა (შემცირდა).
აუდიტის დეპარტამენტის 6.03.2024 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 6.03.2024 წლის №006-71 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
კომპანიის მუშაობის სპეციფიკა მოითხოვს ნაღდი ფულით ანგარიშსწორების აუცილებლობას შემდეგი ძირითადი მიზეზების გამო:
კომპანიის კუთვნილი ქარხანა მუშაობს 24 საათიანი გრაფიკით, რაც იმას ნიშნავს, რომ პროდუქციის გადამზიდავები შეკვეთებს ხშირად იღებენ და ასრულებენ ღამის (ბანკისათვის არა სამუშაო) საათებში, ხოლო მათთან ანგარიშსწორების ფორმა არის მხოლოდ ნაღდი. ამავე საათებში ხდება სხვადსხვა მნიშვნელოვანი ხარჯების გაწევა, მაგალითად: ძვირადღირებული მძიმე ტექნიკის დაქირავება, რიგ შემთხვევებში მათივე რემონტი და შესაბამისი სათადარიგო ნაწილების შეძენა, საჭიროებისამებრ დამატებითი მუშახელის დაქირავება. პროდუქციის მიწოდება --------- რესპუბლიკის რეზიდენტი კომპანიებისათვის (მათი წარმომადგენლებისათვის) აგრეთვე ხორციელდება ნაღდი ანგარიშსწორებით (მოგეხსენებათ ხსენებული ქვეყნის რეზიდენტი კომპანიების სირთულეები საბანკო პროდუქტებთან მიმართებაში), ისიც აგრეთვე 24 საათიან რეჟიმში. ქარხანა განთავსებულია რეგიონში, სოფლად (ქ. --------- ახლოს), შესაბამისად ბანკომატები არ არის მოსახერხებელ მანძილზე დაქირავებით მომუშავეებისათვის (120-150 პერსონა, ნაწილი მიმდებარე სოფლებიდან), რომელთა დიდი ნაწილი შრომის ანაზღაურების მოითხოვს აგრეთვე ნაღდი ანგარიშსწორებით. არცთუ ნაკლებ ხარისხოვანი ფაქტორია ბანკიდან ნაღდი ფულის გამოტანის ტარიფები.
ხსენებული ფაქტორების გათვალისწინებით კომპანიას გააჩნია ნაღდი ფულის შენახვისათვის და შესაბამისად ნაღდი ანგარიშსწორებისათვის სალარო, რაც გამოიხატება სპეციალურად მოწყობილი ოთახით, რომელიც აღჭურვილია რკინის კარით, შიგნით კი განთავსებულია სეიფი. ოთახი და მიმდებარე ტერიტორია არის ვიდეო კამერების დაკვირვების ქვეშ. კომპანიას დაქირავებული ჰყავს დაცვის 9 თანამშრომელი, მათვე ევალებათ კამერების მონიტორინგი.
ნაღდი ფულის განმკარგველია კომპანიაში დასაქმებული 3 პირი: დირექტორი, ტექნიკური მენეჯერი და რიგითი თანამშრომელი.
შემოწმების აქტის მიხედვით, შემმოწმებლებმა იხელმძღვანელეს შემოსავლების სამსახურის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „სალაროს უძრავი ნაშთის დაბეგვრის შესახებ“ №3 დანართის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც:
სააღრიცხვო დოკუმენტაციით ან/და სხვა მტკიცებულებებით საწარმოს გარკვეული დროის განმავლობაში სალაროში უფიქსირდება თანხის უძრავი ნაშთი. ამასთან, შემოწმებისას, სხვადასხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დამაჯერებლად არ იქნა მიჩნეული აღნიშნული ნაშთის რეალურად არსებობის ფაქტი.
ხსენებული ბრძანების აღნიშნული დანართი №3 ძალადაკარგულია შემოწმების პერიოდში შემოსავლების სამსახურის უფროსის 30.12.2021 წლის №42109 ბრძანებით და ამავე ბრძანებით დამტკიცებულია №9 დანართი, რომლის მიხედვითაც:
მუხლი 9. არაგონივრული ნაშთის კვალიფიკაცია გონივრულ ნაშთად ეკონომიკური საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, თუ გადასახადის გადამხდელს უფიქსირდება არაგონივრული ნაშთი და სხვადასხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, დამაჯერებლად იქნა მიჩნეული სალაროში შესაბამისი თანხის/თანხის ნაწილის განთავსება-შენახვის საჭიროება, აღნიშნული თანხა/თანხის ნაწილი ჩაითვლება გონივრულ ნაშთად, შესაბამისად, ამ თანხის/თანხის ნაწილის მიმართ დამატებით საგადასახადო ვალდებულებები არ განისაზღვრება.
ყოველივე ზემოხსენებული გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ შემმოწმებლების მიერ სალაროს გონივრული ნაშთის განსაზღვრისას, ხსენებული გარემოებები (საწარმოს ეკონომიკური საქმიანობის სპეციფიკა, პანდემიური პერიოდის თავისებურებანი) არ იყო გათვალისწინებული და მოყვანილი აღწერილობა დამაჯერებლობის ხარისხს მნიშვნელოვნად ამაღლებს.
მსგავსი საწარმოს ეკონომიკური საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე არ შეიძლება მისი და მაგალითად დიდ ქალაქში მომუშავე ორდინალური კომპანიის (ოფისში) სალაროს გონივრული ნაშთის განსაზღვირსას იგივე პრინციპების გამოყენება.
გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ შესამოწმებელი პერიოდი ემთხვევა ქვეყანაში იმ პერიოდისათვის არსებულ სპეციფიკურ სიტუაციას, „პანდემიურ პერიოდს“ და ამ დროს ეკონომიკური შესაძლებლობები ზოგადად შეზღუდული იყო, რაც აგრეთვე გამოიხატებოდა საბანკო დაწესებულებების გაუმართავ მუშაობაში, მათში კომპანიის წარმომადგენლების ვიზიტების შეფერხებაში. სალაროს ნაშთის ზრდის დინამიკა ძირითადად ემთხვევა ამ პერიოდს, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია მისი გონივრული ნაშთის გაანგარიშების პრინციპის შერჩევაში, ამასთან საწარმოს მიეცა მხოლოდ 2 საშვი, რაც კიდევ უფრო აფერხებდა ეკონომიკურ პროცესებს.
შემმოწმებლებს არ წარმოუდგენიათ სალაროს ნაშთთან დაკავშირებული გაანგარიშების ცხრილი, რომლის მიხედვითაც ნათელი გახდებოდა თუ რა პერიოდზე, რა ნაშთზე და რა პრინციპით განხორციელდა დასაბეგრი ობიექტის განსაზღვრა, რომლის მიხედვითაც შემდგომში გამოითვალეს შესაბამისი გადასახადები.
აქტის შედეგების გადაანგარიშების პროცესში (დამატებით წარდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინებით) შემმოწმებლების მიერ შესწავლილია აგრეთვე ამ საკითხთან დაკავშირებული ახალი გარემოებები და დავის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მოპოვებულია ხსენებული არგუმენტების გამამყარებელი მტკიცებულებები, როგორებიცაა: მომწოდებლებთან ნაღდი ანგარიშსწორების დოკუმენტაცია, სახელფასო უწყისები, რომლებიც მაგალითის სახით ერთვის საჩივარს, რაც შემოწმების შედეგების გადაანგარიშების შემთხვევაში წარდგენილი იქნება აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგნელებისათვის.
გადაანგარიშებისას, როდესაც აუდიტორები დაეთანხმნენ დებიტორული დავალიანების რეალობის აღიარებას, იმ ნაწილში, რაშიც გადახდის დოკუმენტაცია შეისწავლეს შემდგომ პერიოდში, გამოიკვეთა და უფრო ნათელი გახდა ის საკითხიც, რომ აქტის მიხედვით სალაროს ნაშთის არაგონივრულად დაკვალიფიცირება, კომპანიის საქმიანობს სპეციფიკიდან გმომდინარე არ არის მიზანშეწონილი. ხსენებული დებიტორული დავალიანებების მართვის და მომწოდებლებთან ანგარიშსწორების საშუალება ხშირად არის ნაღდი ფულით ანგარიშსწორება, რაც თავისთავად მოითხოვს სალაროში გავრცელებულ პრაქტიკასთან შედარებით მეტი ნაღდი ფულის არსებობის აუცილებლობას, რაშიც არაერთხელ დარწმუნდნენ შემმოწმებლები გადაანგარიშების პროცესში.
კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის ძირითადი მყიდველები არიან --------- რესპუბლიკისა და --------- რესპუბლიკის რეზიდენტი კომპანიები. მათ უმეტესობასთან კომპანიას აქვს გრძელვადიანი საქმიანი ურთიერთობა და ამ პერიოდში ჩამოყალიბდა გარკვეული საქმიანი მიდგომები, ურთიერთ ნდობის ფაქტორი გაძლიერდა, რაც აისახა მათ მიერ რიგ შემთხვევებში პროდუქციის შესაძენად ავანსის გადახდებში, კომპანიის მხრიდან კი მიწოდებული პროდუქციის საფასურის შედარებით მოგვიანებით გადახდის შეღავათის მიცემაში. ეს უკანასკნელი კი, განსაკუთრებით --------- რეზიდენტ კომპანიებთან, საქმის წარმოების შეუცვლელი ფაქტორია, მათ მიერ ანგარიშსწორება ძირითადად წარმოებს ნაღდი ფორმით. დებიტორული და კრედიტორული დავალიანება საქმიანი ურთიერთობის გრძელ დისტანციაზე მსგავსი ტიპის ეკონომიკური საქმიანობის თანმხლები ფაქტორია. კომპანიის მრავალწლიანი ეკონომიკური აქტივობის მანძილზე, არარეზიდენტ დებიტორებთან ურთიერთობის აღწერილი პრაქტიკაა დამკვიდრებული, რაც ამ დარგში მის წარმატებულ მოდელს წარმოადგენს და შემოწმების გარკვეულ პერიოდზე მათთან ურთიერთობის ფორმის გადაკვალიფიცირება უსაფუძვლოა.
ხსენებული დებიტორული დავალიანების რეალობის მტკიცებულების მოსაპოვებლად, რაც კომპანიისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია, გადაიდგა სხვადასხვა ქმედითი ნაბიჯი, შეგროვდა სათანადო ინფორმაცია. ვინაიდან არსებული რეალური დებიტორული დავალიანების შემდგომი დაფარვისას ხსენებული თანხა (მისი განაწილება) მეორედ დაბეგვრის ობიექტი გახდება. არსებული დებიტორული დავალიანება შესამოწმებელ პერიოდშიც იყო ხან კლებადი, ხან ზრდადი მოცულობაში, ბოლო დროს კი, ძირითადად კლებადი. დავალიანება გამოწვეულია სხვადასხვა ობიექტური ფაქტორებით (ქვეყნის ემბარგო, პანდემია და სხვა). შესაბამისად წარმოიშვა კრედიტორული დავალიანება, რის დასაფარად კომპანიამ მიმართა ბანკს და სესხის მეშვეობით დაფარა იგი, ეს გახლავთ დროებითი ღონისძიება, თავისთავად ეს ფაქტი დამატებით მძიმე ტვირთად დააწვა საწარმოს (ბანკისათვის გადასახდელი პროცენტი), რაც არარეალური დებიტორული დავალიანების პირობებში ნაკლებად ლოგიკურია.
1.03.2022 წლის მდგომარეობით არსებული არარეზიდენტი კონტრაგენტების ნაწილთან, რომელთაც გააჩნდათ დებიტორული დავალიანებები, გარკვეული პერიოდით შეჩერებული იყო ეკონომიკური ურთიერთობები სხვადასხვა მიზეზის გამო (მაგ. სახელმწიფო ემბარგო), თუმცა კომპანიების წარმომადგენლებთან დღემდე არსებობს ურთიერთობა, რაც აისახება მათ მიერ ეტაპობრივად თანხის შემოტანით, ძირითადად სალაროში შემოსავლის ორდერებით, ნაღდი ანგარიშსწორებებიც განპირობებულია სანქციებიდან გამომდინარე, რითაც მცირდება საგადასახადო შემოწმების დასრულების პერიოდისათვის არსებული დებიტორული დავალიანება. რაც შეეხება აუდიტის შეფასებას იმ ნაწილში, რომ თითქოს აღნიშნული კომპანიებს „პარალელურად აღნიშნულ დებიტორებს პერიოდულად აწვდის დამატებით საქონელს, ხოლო დებიტორული დავალიანება უცვლელი რჩება“, მიუღებელია, რადგან ზემო აღნიშნული კომპანიებიდან 1.03.2022 წლიდან 10.10.2023 წლამდე მიწოდება და შესაბამისად თანხის გადახდები ხორციელდება მხოლოდ და მხოლოდ - „---------“-სთან და მასთან თუ რამე ნაშთი იქნება, ვალი თუ ავანსი, ეს არის სამუშაო ნაშთები (ამ პერიოდისათვის მასთან წინა პერიოდის ვალი დაფარულია და გრძელდება ჩვეული ეკონომიკური ურთიერთობა), რომელიც დღემდე მიმდინარეობს, რაც დასტურდება საბაჟო დეკლარაციებით, საბანკო ტრანზაქციებით, შემოსავლის ორდერებით ან/და სამმხრივი გაქვითვებით. ხსენებული მომენტი შეისწავლა აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა და გაითვალისწინეს პოზიცია, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ეს პროცესი არ არის გაჩერებული და გრძელ დისტანციაზე ჰპოვებს ასახვას.
ხსენებულის ამსახველი დოკუმენტაციის რეესტრი წარმოდგენილი იყო წინა დავის განხილვაზე, რაც საბოლოოდ სრულად გაითვალისწინა აუდიტის დეპარტამენტმა გადაანგარიშებისას და მოხდა შესაბამისი თანხების კორექტირება, მაგრამ ეს წარმოადგენს მთელი დებიტორული დავალიანების მხოლოდ ნაწილს.
აუდიტის დეპარტამენტში წარდგენილ დებიტორთა რეესტრში ნაწილი დებიტორების მხრიდან დავალიანება განულებულია, ნაწილი კი შემცირებული, ფაქტიურად უძრავი ნაშთი არცერთ დებიტორთან არ ფიქსირდება. დღემდე გრძელდება სრულად გასანულებლად საჭირო ღონისძიებებზე მოლაპარაკება, ვინაიდან ზოგიერთი მათგანის მიერ ვერ ხერხდება თანხის საბანკო ანგარიშებზე ტრანზაქციების განხორციელება და ასევე, ნაღდი ანგარიშსწორებაც სირთულეს წარმოადგენს, ამისათვის გადასახადის გადამხდელი თანახმაა მათგან მიიღოს წარმოებისთვის გამოსაყენებელი საჭირო მასალა/ნედლეული და ამით მოახდინოს ურთიერთ გაქვითვით შემცირება/განულება არსებული ვალდებულებების, რის პრაქტიკაც დანერგილია და მიმდინარე წელს უკვე აქტიურად გამოიყენება.
„---------“-მა შეამცირა დავალიანება, მაგრამ ახალი შეკვეთა აღარ გაუკეთებია, მიუხედავად შეჩერებული ურთიერთობისა მან დავალიანება ნაწილობრივ დაფარა, რაც წარუდგინეთ აუდიტორებს და მათაც გაითვალისწინეს, ეს პროცესი გრძელდება დღემდე.
„---------“-მ შეამცირა ვალდებულება და დარჩენილი დავალიანების გასანულებლად მიმდინარეობს მოლაპარაკება. ვინაიდან ვერ ახერხებენ თანხის საბანკო ტრანზაქციებს და ვერც ნაღდ ანგარიშსწორებას, დავალიანების განულება უნდა მოხდეს წარმოებისთვის გამოსაყენებელი საჭირო მასალა/ნედლეულის მოწოდებით წარმოშობილი ვალდებულების ურთიერთ გაქვითვით, რომ მოახდინონ დღემდე არსებული დებიტორული დავალიანების შემცირება/განულება, ამ პროცესს დიდი ხანი დაჭირდა, ვინაიდან წარმოება 2023 წლის თებერვლიდან პარალიზებული იყო, 16 თებერვალს დიდთოვლობის გამო --------- მაღალი ძაბვის სადენების მოულოდნელმა დაწყვეტამ, რამაც 24 საათიანი წყვეტა გამოიწვია, მოახდინა ავარიული სიტუაცია ღუმელზე, რის შედეგადაც მოხდა ელექტროდის ღუმელში ჩატეხვა, რამაც ღუმელის დემონტაჟის აუცილებლობა გამოიწვია, 2023 წლის მარტიდან 2023 წლის ივლისის ჩათვლით მიმდინარეობდა აღდგენითი სამუშაოები და არ მიმდინარეობდა პროდუქციის წარმოება. დღეს საწარმოო ღუმელი აღდგენილია და მიმდინარეობს პროდუქციის წარმოება. ამავე პერიოდში ყოფილმა დებიტორმა დაფარა წინა პერიოდის დავალიანება, კომპანიას მოაწოდა შემდგომი გადახდის პირობით პროდუქციის საწარმოებლად აუცილებელი მასალა „---------“ და ამავე დროს ჩარიცხა პროდუქციის მომდევნო პარტიის ავანსი. მსგავსი ურთიერთობები ამყარებს არგუმენტებს და კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ბუღალტერიაში არსებული დებიტორული დავალიანება არის რეალური და დროის ხანგრძლივ პერიოდში ხდება მისი დაფარვა.
ხსენებული ოპერაციები ასახულია კომპანიის ბუღალტერიაში.
სიტუაციის ანალიზით ჩანს, რომ ბუღალტერიაში ასახული დებიტორული დავალიანება, რომელიც შემოწმების აქტის მიხედვით დაკვალიფიცირდა როგორც განაცემი და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით, რეალურად მართლა წარმოადგენს დებიტორულ დავალიანებას, რასაც ამტკიცებს ყოველ ჯერზე წარმოდგენილი ორიგინალი დოკუმენტები, რასაც იზიარებს კიდეც აუდიტის დეპარტამენტი. აუდიტორების მიერ მოხდა გარკვეული ნაწილის დებიტორად აღიარება, ვინაიდან მისი წარმოშობის შემდგომ პერიოდში მოხდა მათი მხრიდან ანგარიშსწორება. ამ მიდგომით კი უნდა გაგრძელდეს ყოველ პერიოდზე ახალი გადახედვა (საჩივრის ფორმატით), რაც შეიძლება გაგრძელდეს წლების განმავლობაში, ისიც თუკი ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საჩივრის საფუძველზე მოხდება აუდიტის დეპარტამენტისათვის საკითხის შემდეგ პერიოდზე შესწავლის დავალება.
ეს პროცესი აზარალებს კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობას, მოითხოვს მრავალ სხვადასხვა რესურსს. არსებული დებიტორული დავალიანების აღიარება უნდა მოხდეს სრულად, ვინაიდან ყოველი მომდევნო ანგარიშსწორება დებიტორებთან, რომელიც უკვე დაბეგრილი აქვს აუდიტის დეპარტამენტს (საშემოსავლო გადასახადით) ხდება ორმაგად დაბეგვრის ობიექტი.
ამისათვის აუდიტის დეპარტამენტისთვის წარდგენილი იქნება მათ მიერ ბოლო გადაანგარიშების შემდეგ მიღებული დოკუმენტაცია (მსგავსი, რაც მათ გაითვალისწინეს) რათა მეტი დამაჯერებლობა შევძინოთ მოთხოვნას.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად:
1. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
2. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს საშუალება, შემმოწმებლებს წარუდგინოს ახლად მოპოვებული, დოკუმენტაცია და მტკიცებულებები, რაც წარმოდგენილ არგუმენტებს მეტად გაამყარებს და ხსენებული საკითხები, თავიდან შესწავლის მიზნით, დაუბრუნდეს აუდიტის დეპარტამენტს გადასაანგარიშებლად.
კომპანია გამოთქვამს სრულ მზადყოფნას გადაანგარიშების პროცესში აუდიტორებისათვის შესაბამისი სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდების, თანამშრომლობის და ხსენებული პროცესის ხელის შეწყობის თაობაზე.
კომპანიას არ ჰქონია მიზნად გადასახადების დამალვა და წარმოადგენს კეთილსინდისიერ გადასახადის გადამხდელს მრავალი წლის განმავლობაში.
მის ქმედებებში არ შეინიშნება კრიმინალის ელემენტები და ბოროტი განზრახვა, რაც ნაკარნახევია მისი აქტიური და წარმატებული ეკონომიკური საქმიანობით.
აღნიშნული დარიცხვა, რომელიც გამოწვეულია ადამიანური ფაქტორით, შეცდომით/არცოდნით, უნდა ჩაითვალოს საპატიოდ, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით და უნდა მოეხსნას დამატებით დარიცხული ჯარიმები და საურავები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:
ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;
ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება --------- ექსპორტი --------- და ---------. შესამოწმებელ პერიოდებში უცხოურ კომპანიებთან უფიქსირდება სულ 11 247 742 ლარის დებიტორული დავალიანების ნაშთები. --------- კომპანიებისაგან თანხების ჩარიცხვა საზოგადოებას არ უფიქსირდება. პერიოდულად ხდება ანგარიშსწორება ნაღდი ანგარიშსწორებით. მოთხოვნილი ურთიერთშედარების აქტის საფუძველზე ვერ დგინდება აღნიშნული დებიტორული დავალიანების რეალურობა, ვინაიდან შედარების აქტის ხელის მომწერი პირების უფლებამოსილება დებიტორი ორგანიზაციის წარმომადგენლობაზე არ დასტურდება.
საბჭოს 6.04.2023 წლის №18969/2/2023 გადაწყვეტილებით მიუთითებს საქმის გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან საქონლის ექსპორტის შედეგად წარმოშობილი დებიტორული დავალიანების რეალობა არ დადასტურდა, აღნიშნული თანხის მიღებულად ჩათვლა და ხელფასის სახით განაცემად განხილვა განხორციელდა საქმეში არსებული გარემოებების შესაბამისად და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. საბჭო ასევე ყურადღებას ამახვილებს საკითხის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენლის მიერ საბჭოს სხდომაზე მითითებულ არგუმენტზე, რომ სადავო დებიტორული დავალიანება დღეის მდგომარეობით შემცირებულია, თანხის ნაწილი კომპანიას მიღებული აქვს და გამოყენებულია კომპანიის სამეურნეო პროცესში. მომჩივნის წარმომადგენლის განმარტებით აღნიშნული დასტურდება საქმეზე წარმოდგენილი დოკუმენტაციით.
საბჭო 6.04.2023 წლის №18969/2/2023 გადაწყვეტილებით მომჩივანს მიეცა წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს შემოწმების შედეგად მიღებულად ჩათვლილი დებიტორული დავალიანების კომპანიისთვის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, დამატებით შეისწავლოს მომჩივნის მიერ მიღებულად ჩათვლილი დებიტორული დავალიანების მომჩივნისთვის შემდგომ პერიოდში გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები. სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აუდიტის დეპარტამენტის 21.08.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებულად ჩათვლილი დებიტორული დავალიანების მომჩივნისთვის შემდგომ პერიოდში გადახდის ნაწილში, ახსნა-განმარტების და დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გადამხდელმა ვერ დაადასტურა, რომ აღნიშნული დებიტორული დავალიანებები ან მისი ნაწილი შემდგომ პერიოდში იქნა გადახდილი, ვინაიდან მის მიერ წარმოდგენილი ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის პარალელურად აღნიშნულ დებიტორებს პერიოდულად აწვდის დამატებით საქონელს, ხოლო დებიტორული დავალიანება უცვლელი რჩება, შესაბამისად, გადაანგარიშების ეტაპზე შემოწმებით განსაზღვრული დარიცხვის კორექტირება არ განხორციელებულა.
საბჭოს 8.12.2023 წლის სხდომაზე საჩივრის განხილვისას, მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შესაძლებელი იქნებოდა საკითხის აუდიტორთან ერთად დამატებით შესწავლა და მტკიცებულებების წარდგენა, რომ დადგინდეს ჩარიცხული თანხები და განულებული/შემცირებული დებიტორული დავალიანებები. თანხები მიღებულია, არსებობს სალაროს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები. დებიტორების მიერ გადახდილი თანხები მონაწილეობს აგრეთვე დეკლარირებული ხელფასების გადახდაში, რომელიც არის შესაბამისად დაბეგრილი. შესაძლოა აღნიშნული ინფორმაცია/დოკუმენტაცია ვერ იქნა წარდგენილი აუდიტორისთვის, რისი წარდგენაც შესაძლებელია გაშიფრულად. დებიტორული დავალიანების დამადასტურებელი მტკიცებულებები არის ახალი მოპოვებული, შორი დისტანციის გამო ვერ ხერხდება კომუნიკაცია და ბოლო შეხვედრის შემდეგ მოპოვებულია ახალი დოკუმენტები. დარჩენილი თანხის ხელფასად განხილვის ნაწილში დაბეგვრის მიზნებისთვის თანხა არ უნდა იქნას განხილული ხელფასად და უნდა შეეცვალოს კვალიფიკაცია.
ამავე სხდომაზე, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლმა მიუთითა, რომ გადასახადის გადამხდელმა გარკვეულ საკითხებზე გააკეთა განმარტება, თუმცა არასაკმარისი იყო აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები. იმ შემთხვევაში, თუ იქნება წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები შესაძლებელი იქნება საკითხის დამატებით შესწავლა.
საბჭომ 8.12.2023 წლის სხდომაზე მიზანშეწონილად მიიჩნია გადასახადის გადამხდელს მისცემოდა აუდიტორთან კომუნიკაციის და ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენის შესაძლებლობა, ხოლო საჩივარზე გადაწყვეტილება მიღებული იქნებოდა აღნიშნულის გათვალისწინებით.
საბჭოს 18.12.2023 წლის №84061/1/2023 გადაწყვეტილებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს მომჩივნის მიერ დამატებით წარდგენილი, მიღებულად ჩათვლილი დებიტორული დავალიანების მომჩივნისთვის შემდგომ პერიოდში გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები. სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის 6.03.2024 წლის დასკვნის მიხედვით, შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია. შედეგად აქტით დარიცხული თანხები დაკორექტირდა (შემცირდა). კერძოდ, გადამხდელის მიერ მიღებულად ჩათვლილი დებიტორული დავალიანების მომჩივანისათვის შემდგომ პერიოდში გადახდის ნაწილში, ახსნა-განმარტების და დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გამოვლინდა დამატებითი გარემოება და ინფორმაცია რაც შემოწმებისთვის არ იყო ცნობილი, გადამხდელმა დაადასტურა, რომ აღნიშნული დებიტორული დავალიანებების ნაწილი შემოწმების შემდგომ პერიოდში იქნა გადახდილი, ვინაიდან წარმოდგენილია ჩარიცხვის დამადასტურებელი ინფორმაცია საბანკო ამონაწერის სახით და სალაროს შემოსავლის ორდერები, რომელშიც --------- კომპანიების წარმომადგენლების მიერ ხელზე გადახდილი თანხებია დაფიქსირებული შემოწმების მომდევნო პერიოდებში, გადაანგარიშების ეტაპზე გათვალისწინებული იქნა წარმოდგენილი დოკუმენტები. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შემოწმებით განსაზღვრული დარიცხვა დაკორექტირდა (შემცირდა).
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შესწავლილი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შედეგად შემცირებას დაექვემდებარა გადასახადის და სანქციის თანხები.
აღნიშნულიდან გამომდინარე საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 6.03.2024 წლის დასკვნა გამოცემულია საბჭოს 18.12.2023 წლის №84061/1/2023 გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
მომჩივანი ითხოვს სანქციებისაგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. საბჭო მიუთითებს, რომ ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) საბჭოს 18.12.2023 წლის №84061/1/2023 გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 18.12.2023 წლის №84061/1/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების შედეგად დადგენილია, რომ კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება ექსპორტი. შესამოწმებელ პერიოდებში უცხოურ კომპანიებთან უფიქსირდება სულ 11 247 742 ლარის დებიტორული დავალიანების ნაშთები. უცხოურ ქვეყანაში კომპანიებისაგან თანხების ჩარიცხვა საზოგადოებას არ უფიქსირდება. პერიოდულად ხდება ანგარიშსწორება ნაღდი ანგარიშსწორებით. მოთხოვნილი ურთიერთშედარების აქტის საფუძველზე ვერ დგინდება აღნიშნული დებიტორული დავალიანების რეალურობა. აღნიშნული თანხის მიღებულად ჩათვლა და ხელფასის სახით განაცემად განხილვა განხორციელდა საქმეში არსებული გარემოებების შესაბამისად და მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. სადავო დებიტორული დავალიანება დღეის მდგომარეობით შემცირებულია, თანხის ნაწილი კომპანიას მიღებული აქვს და გამოყენებულია კომპანიის სამეურნეო პროცესში.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;
73(9);101(1);154(1);