გადაწყვეტილება №22878/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 22878/2/2024
05 სექტემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 19.07.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „------------“-ის 15.04.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22878/2/2024).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 28 დეკემბრის №33602 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 16.02.2024 წლის №028-2 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 26.03.2024 წლის №6558 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 5 409 405 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 2 568 005 ლარი
საშემოსავლო გადასახადი - 1 517 481
მოგების გადასახადი - 61 295
დღგ - 989 229
ჯარიმა - 1 283 281
საურავი - 1 558 119
ფაქტების აღწერა
საწარმოს საქმიანობაა საქონლის (ტექსტილი, ავეჯი, სარეცხი საშუალებები და სხვა) როგორც იმპორტი, ასევე ადგილობრივი შეძენა და რეალიზაცია. ასევე ტექსტილის წარმოება და რეალიზაცია.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 13.04.2018 წლის №15-04-11/204 წერილის და 12.04.2018 წლის დადგენილების საფუძველზე, ჩატარდა საწარმოს საქმიანობის 1.01.2016 წლიდან 1.10.2018 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 4.09.2019 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
1. საწარმოს 2016 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციის მიხედვით დეკლარირებული ერთობლივი შემოსავალი შეადგენს 2 431 839 ლარს (შემოსავალი საქონლის რეალიზაციისგან 2 308 869 ლარი და არასაოპერაციო შემოსავალი კურსთა შორის სხვაობიდან 122 970 ლარი).
შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სისტემაში არსებული და საარქივო სამმართველოდან მიწოდებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიხედვით საწარმოს რამდენჯერმე უფიქსირდება საკონტროლო-სალარო აპარატების წესების დარღვევა და ზედნადების გარეშე საქონლის ტრანსპორტირება. შესამოწმებელ პერიოდში საწარმო არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ფორმითა და წესით, რამაც შეუძლებელი გახადა დაბეგვრის ობიექტის დადგენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის და საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ:
შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულ საქონელი (3 000-ზე მეტი დასახელების) დაყოფილი იქნა ჯგუფებად/კატეგორიებად (373 ჯგუფი) და თითოეულ ჯგუფზე/კატეგორიაზე გავრცელდა გადამხდელის მიერ დოკუმენტებში დაფიქსირებული ფასნამატი, ხოლო რომლის იდენტიფიცირებაც ვერ მოხერხდა, კონკრეტული ჯგუფის/კატეგორიის საშუალო შეწონილი ფასნამატი, შესაბამისად, გაანგარიშდა 2016 წლის ერთობლივი შემოსავალი, რომელმაც შეადგინა 2 673 151 ლარი. არასაოპერაციო შემოსავლის ნაწილში სხვაობა არ გამოვლენილა (2016 წლის არასაოპერაციო შემოსავალი შეადგენს 122 970 ლარს).
გამოვლენილი სხვაობით გაიზარდა 2016 წლის ერთობლივი შემოსავალი, რაც დაიბეგრა მოგების გადასახადით. არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილი სხვაობა, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის მიხედვით დაიბეგრა დღგ-ით.
2017 წლის პირველი იანვრიდან 2018 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი შემოსავალის ის ნაწილი რომელიც საწარმოს არ ჰქონდა აღრიცხული ბუღალტრულ შემოსავლად არ იქნა განხილული განაწილებულ მოგებად (2017-2018 წლებში საანგარიშო პერიოდში ე.წ. „ესტონური მოდელის“ პრინციპებიდან გამომდინარე), განხილულ იქნა დირექტორის მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან.
ყველა ზემოხსენებულ ეპიზოდზე, საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისათვის, მომჩივანს დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
2. საწარმოს მიერ წარდგენილ საბუღალტრო ჩანაწერებზე დაყრდნობით დგინდება, რომ საწარმოს 2016 წლის დასაწყისში უფიქსირდება დირექტორის მიმართ სასესხო ვალდებულება 456 815 ლარის ოდენობით, აღნიშნული ვალდებულება შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის შემცირებულია და შეადგენს 100 000 ლარს.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, ასევე წინა საგადასახადო შემოწმების მასალებზე დაყრდნობით ჩაითვალა, რომ აღნიშნული ვალდებულება საწარმოს დირექტორის მიმართ არ გააჩნდა, შესაბამისად ვალდებულების შემცირება (თანხის გატანა სალაროდან) 356 815 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე) ჩაითვალა დირექტორის ----------- (პ/ნ -----------) მიერ ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლით გადახდის წყაროსთან. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 6.09.2019 წლის N31004 ბრძანება და №028-18 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 18.12.2019 წლის №44462 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2020 წლის 30 სექტემბრის №48310/1/2019 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
კომპანიამ სარჩელით მიმართა -------- საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 6.09.2019 წლის N31004 ბრძანების და №028-18 საგადასახადო მოთხოვნის, შემოსავლების სამსახურის 18.12.2019 წლის №44462 ბრძანების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 30 სექტემბრის №48310/1/2019 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
----------- საქალაქო სასამართლოს 28.09.2021 წლის (საქმე №3/ბ-567-21წ) გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა ----------- სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლოს 24.01.2022 წლის (საქმე №3/560-21) გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ----------- საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება და ბათილად იქნა ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 6 სექტემბრის №31004 ბრძანება და ამავე თარიღის №028-18 საგადასახადო მოთხოვნა, შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 18 დეკემბრის №44462 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 30 სექტემბრის №48310/1/2019 გადაწყვეტილება და შემოსავლების სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოეცა ახალი აქტი საწარმოს მიმართ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრასთან დაკავშირებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 13.10.2022 წლის განჩინებით უცვლელი დარჩა ---------- სააპელაციო სასამართლოს 24.01.2022 წლის (საქმე №3/560-21) განჩინება.
-------- სააპელაციო სასამართლოს 24.01.2022 წლის (საქმე №3/560-21) გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2023 წლის 24 მარტის დასკვნის საფუძველზე, გადამხდელს შეუმცირდა ჯარიმა - 15 798 ლარი.
აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 4.04.2023 წლის №7226 ბრძანება და №028-3 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 12.07.2023 წლის №16897 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
დავების განხილვის საბჭოს 3.11.2023 №20443/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 28 დეკემბრის №33602 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
1. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);
ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, წარდგენილი მტკიცებულებების (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შესამოწმებელ პერიოდში შემცირებული სასესხო ვალდებულების თანხის ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირება;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 28 დეკემბრის №33602 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 9 თებერვლის დასკვნის შედეგად მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები შემცირდა სულ 133 806 ლარით, მათ შორის, გადასახადი - 89 204 ლარი, ჯარიმა - 44 602 ლარი. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 16.02.2024 წლის №028-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 26.03.2024 წლის №6558 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით და 304-ე მუხლის 21 ნაწილით.
შემოსავლების სამსახურმა მიუთითა, რომ შემოწმების მიერ გადაანგარიშების ეტაპზე, განხორციელდა შემცირებული სასესხო ვალდებულებების თანხის დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად განხილვის საფუძველზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), ხოლო არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან მიმართებით, გადაანგარიშების ეტაპზე შემოწმებისთვის წარდგენილ იქნა მიმდინარე კონტროლის (ინვენტარიზაციის) ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ შემოწმების დროს არსებობდა დოკუმენტური ფასნამატის გამოყენების სათანადო ინფორმაცია, შემოსავალი გაანგარიშებული იქნა დოკუმენტური ფასნამატის გათვალისწინებით, შესაბამისად არ არსებობდა მიმდინარე კონტროლის ფასნამატის გამოყენების საფუძველი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღნიშნულ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხა არ შემცირდა.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი, რომელშიც გადამხდელთან შემოწმების მომენტში ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის დროს გამოვლენილი საქონლის გამოცხადებული სარეალიზაციო ფასები შეპირისპირებულ იქნა აღნიშნული საქონლის შეძენის დოკუმენტებში მითითებულ ფასებთან და გამოყვანილი იყო შესაბამისი საშუალო შეწონილი ფასნამატი 48.5%-ის ოდენობით, თუმცა შემმოწმებლების მიერ აღნიშნული არ იქნა გათვალისწინებული, ძალაში დარჩა მათ მიერ შემოწმების დროს განსაზღვრული დოკუმენტური ფასნამატით გამოყვანილი შედეგები, რომლის დროსაც საშუალო შეწონილი ფასნამატი გაანგარიშებულ იქნა 100%–ის ფარგლებში, ხოლო 82 ჯგუფის საქონელზე გამოყვანილი იყო 100%–ზე მეტი ფასნამატი ზოგიერთი ჯგუფის საქონელზე, გამოყვანილი იქნა საერთოდ არარეალური ფასნამატი: მაგალითად, ერთადგილიანი სავარძელი - 484%, ურნა - 506%, ტაშტი - 641%, პლასტმასის კალათა - 753%, იხ. ამონარიდი ფასნამატის გაანგარიშების ცხრილიდან.
მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ დოკუმენტური ფასნამატის მეთოდით ფასნამატის გაანგარიშების დროს დაშვებულია გარკვეული უზუსტობა, რამეთუ აღნიშნული რენტაბელობით საწარმო ვერ იმუშავებდა. ითხოვს დავალებულ იქნას აუდიტის დეპარტამენტისთვის ფასნამატი გაანგარიშდეს მიმდინარე კონტროლის ფასნამატის მეთოდით, როგორც მის მიერ წარდგენილ ცხრილშია მოცემული და განხორციელდეს დარიცხული თანხების შემცირება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 28 დეკემბრის №33602 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
1. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);
ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, წარდგენილი მტკიცებულებების (მათ შორის, საჩივარზე თანდართული) შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შესამოწმებელ პერიოდში შემცირებული სასესხო ვალდებულების თანხის ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შემცირება;
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 28 დეკემბრის №33602 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 9 თებერვლის დასკვნის მიხედვით:
1. გადაანგარიშების ეტაპზე, გადამხდელმა წარმოადგინა მიმდინარე კონტროლის (ინვენტარიზაციის) ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი, ამასთან, შემოწმების დროს ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად განხორციელდა მხოლოდ სმფ-ების ფაქტობრივი ნაშთის დადგენა. შემოწმების შედეგად გადასახადის გადამხდელის შემოსავლები გაანგარიშებული იქნა დოკუმენტური ფასნამატის გამოყენებით (შემოწმების დროს გაანგარიშებულ დოკუმენტურ ფასნამატთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ) არ წარმოუდგენია. გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია ჩატარებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების მიხედვით გაანგარიშებული ფასნამატი (საკითხი გავლილია გადამხდელის წარმომადგენელთან, დამატებით წარმოდგენილია მხოლოდ წერილობითი განმარტება, სადაც გადამხდელი კვლავ ითხოვს მიმდინარე კონტროლის ფასნამატის გამოყენებას). ვინაიდან, შემოწმების დროს არსებობდა დოკუმენტური ფასნამატის გამოყენების სათანადო ინფორმაცია, შემოსავალი გაანგარიშებული იქნა დოკუმენტური ფასნამატით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღნიშნულ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხა კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.
2. შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, დაკორექტირდა შემოწმების შედეგად შემცირებული სასესხო ვალდებულებების თანხის დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად განხილული თანხა, რის შემდგომაც შემცირდა აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები. დასკვნის შედეგად საგადასახადო ვალდებულებები შემცირდა სულ 133 806 ლარით, მათ შორის: გადასახადი - 89 204 ლარი, ჯარიმა - 44 602 ლარი.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მომჩივანი ზოგადად საუბრობს და არ წარმოადგენს სათანადო არგუმენტებს/დოკუმენტურად დადასტურებულ მტკიცებულებებს, თუ რა ნაწილში არ აღსრულდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 28 დეკემბრის №33602 ბრძანება და აუდიტის დეპარტამენტის მიერ არ განხორციელდა შესაბამისი გადაანგარიშება. ითხოვს დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ფასნამატი გაანგარიშდეს მიმდინარე კონტროლის ფასნამატის მეთოდით, კერძოდ, სმფ-ების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სმფ-ების ფასნამატის გაანგარიშების ცხრილის მიხედვით, რაც არ დავალებია აუდიტის დეპარტამენტს და შესაბამისად, საბჭო ვერ იმსჯელებს ამ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 28 დეკემბრის №33602 ბრძანების აღსრულების მართლზომიერების საკითხი - რამდენად სწორად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 28 დეკემბრის №33602 ბრძანება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 28 დეკემბრის №33602 ბრძანების აღსრულების შედეგები
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილია ჩატარებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების მიხედვით გაანგარიშებული ფასნამატი (საკითხი გავლილია გადამხდელის წარმომადგენელთან, დამატებით წარმოდგენილია მხოლოდ წერილობითი განმარტება, სადაც გადამხდელი კვლავ ითხოვს მიმდინარე კონტროლის ფასნამატის გამოყენებას). ვინაიდან, შემოწმების დროს არსებობდა დოკუმენტური ფასნამატის გამოყენების სათანადო ინფორმაცია, შემოსავალი გაანგარიშებული იქნა დოკუმენტური ფასნამატით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღნიშნულ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხა კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა.
შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, დაკორექტირდა შემოწმების შედეგად შემცირებული სასესხო ვალდებულებების თანხის დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად განხილული თანხა, რის შემდგომაც შემცირდა აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები.
გადაწყვეტილება
, საბჭოს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 28 დეკემბრის №33602 ბრძანება აღსრულებულია ამავე გადაწყვეტილების შესაბამისად და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 304(21)