გადაწყვეტილება №21390/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 19.04.2024
№ დოკუმენტი 21390/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21390/2/2023

19 აპრილი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ი/მ „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ „----------“ 22.11.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21390/2/2023).

 

დავის საგანი:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 6.04.2023 წლის №19007/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 8.11.2023 წლის №127-34 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 138 837 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 67 609

დღგ - 49 086

საშემოსავლო გადასახადი - 17 049

ქონების გადასახადი - 1 474

ჯარიმა - 33 801

საურავი - 37 427

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სამშენებლო მასალებით ვაჭრობა ქალაქ ----------.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.01.2022 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 31.03.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შემოწმების პროცესში საგადასახადო ორგანომ შეისწავლა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული და გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. დეკლარირებულმა ფასნამატმა შეადგინა 20% წლების მიხედვით.

შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი შესამოწმებელ პერიოდში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას. კერძოდ, ვერ დადგინდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მოძრაობა დასახელებების მიხედვით და ასევე, სასაქონლომატერიალური ფასეულობების რაოდენობრივი ბრუნვები. სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ჩამოწერილია მხოლოდ თანხობრივად. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული და გამოწერილი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებების დაკავშირებით დადგინდა საქონლის დოკუმენტური ფასნამატი კატეგორიების მიხედვით, რომლებიც გავრცელდა საცალოდ რეალიზებული საქონლის თვითღირებულებაზე. შესაბამისად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ასევე, გაიზარდა ერთობლივი შემოსავალი 2019 და 2020 წლების საანგარიშო პერიოდებში. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ, საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 8.04.2022 წლის №127-8 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 14.09.2022 წლის №23837 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭომ მიიჩნია რა, რომ დასადგენია დოკუმენტური რეალიზაციის წილი მთლიან რეალიზაციაში და აღნიშნული წილის შესაბამისად ინვენტარიზაციისა და ფიქსაციის შედეგად გამოვლენილი ფასნამატის 2019 და 2020 წლებზე გავრცელების მართლზომიერება, ხოლო 2021 წელზე გავრცელდეს ინვენტარიზაციისა და ფიქსაციის შედეგებად გამოვლენილი ფასნამატი, 7.10.2022 წლის №17775/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საკითხის შესწავლა ამ გადაწყვეტილების შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 7.10.2022 წლის №17775/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, შემოწმებით დარიცხული თანხები კორექტირებას (შემცირებას) არ დაექვემდებარა. აღნიშნულზე შედგა აუდიტის დეპარტამენტის 2.02.2023 წლის დასკვნა, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 20.02.2023 წლის №127-5 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 6.04.2023 წლის №19007/2/2023 გადაწყვეტილებით მომჩივანს მიეცა წინადადება, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტური მტკიცებულებები, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, სადავო საკითხის შესწავლა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

საბჭოს 6.04.2023 წლის №19007/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 ოქტომბრის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 26 199 ლარით, დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 8.11.2023 წლის №127-34 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

აუდიტის დეპარტამენტმა არასწორად და არასრულად აღასრულა საბჭოს გადაწყვეტილება მომჩივნის არგუმენტაციისა და წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა-შეფასების ნაწილში. კერძოდ:

1) გადაანგარიშების დასკვნის თანახმად, შემოწმების მიერ „გამოყენებულ იქნა ინვენტარიზაციის ფასნამატი (24%)“. სინამდვილეში, შემოწმებამ გამოიყენა ფიქსაციის მასალებით დადგენილი ფასნამატი - 24% (საჩივრის დანართი 8) და არ გამოიყენა ინვენტარიზაციის მასალებით დადგენილი ფასნამატი 22% (საჩივრის დანართი 9). ფიქსაციის ფასნამატისათვის უპირატესობის მინიჭება კი დაუსაბუთებელია, ვინაიდან ფიქსაციის ფასნამატი გაანგარიშებულია 21 დასახელებისა და 525 ლარის სარეალიზაციო ღირებულების საქონლის მიხედვით, ხოლო ინვენტარიზაციის ფასნამატი გაანგარიშებულია 3 528 დასახელებისა და 455 000 ლარამდე ღირებულების საქონლის მიხედვით (საჩივრის დანართები 8 და 9);

2) გადაანგარიშების დასკვნის თანახმად, შემოწმების მიერ „ინვენტარიზაციის ფასნამატი“ გამოყენებულ იქნა ინვენტარიზაციის მომიჯნავე 2021 წელზე. შესაბამისად, შემოწმებამ 2021 წლამდე პერიოდზე ძალაში დატოვა დოკუმენტური ფასნამატი 26%. მოცემულ ფასნამატს კი ინვენტარიზაციით დადგენილ ფასნამატთან შედარებით უპირატესობა არ უნდა მინიჭებოდა, ვინაიდან დოკუმენტური ფასნამატი გაანგარიშებულ იქნა 669 დასახელების, 103 312 ლარის სარეალიზაციო ღირებულების საქონლის მიხედვით. ამასთან, შემოწმების მიერ დოკუმენტური ფასნამატი გაანგარიშებულია მხოლოდ დოკუმენტური რეალიზაციების (563 000 ლარი) მეხუთედზე ნაკლების მიხედვით და 2019-2020 წლების პერიოდზე გავრცელებულია ისეთი დოკუმენტური ფასნამატი, რომელიც გაანგარიშებულია 2019-2022 წლებზე გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების საფუძველზე. ინვენტარიზაციის ფასნამატი კი გაანგარიშებულია მთელი ასორტიმენტის (3 528 დასახელება) და მთელი მოცულობის (455 000 ლარი) საქონლის ღირებულების მიხედვით (საჩივრის დანართები 9 და 10). ამის გარდა, შემოწმებამ არ გაითვალისწინა, რომ სახეზეა: ა) უპირატესად საცალო ვაჭრობის განმახორციელებელი ობიექტი, ბ) მთელი სასაქონლო ასორტიმენტის მომცველი ინვენტარიზაციის მასალები და გ) ინვენტარიზაციის პროცედურის ჩატარებიდან საანგარიშო პერიოდებამდე დაშორება მხოლოდ 2 წელია.

მომჩივანი ითხოვს აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს დარიცხული თანხების კორექტირება ინვენტარიზაციის მასალების მიხედვით დადგენილი ფასნამატის საფუძველზე.

 

დავების განხილვის

საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დავების განხილვის საბჭომ, 7.10.2022 წლის №17775/2/2022 გადაწყვეტილებით მიიჩნია, რომ დასადგენია დოკუმენტური რეალიზაციის წილი მთლიან რეალიზაციაში და აღნიშნული წილის შესაბამისად ინვენტარიზაციისა და ფიქსაციის შედეგად გამოვლენილი ფასნამატის 2019 და 2020 წლებზე გავრცელების მართლზომიერება, ხოლო 2021 წელზე გავრცელდეს ინვენტარიზაციისა და ფიქსაციის შედეგად გამოვლენილი ფასნამატი. შესაბამისად, საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა საკითხის შესწავლა ამ გადაწყვეტილების შესაბამისად და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

ხსენებული გადაწყვეტილების აღსრულების საფუძველზე, შემოწმებით დარიცხული თანხები არ შემცირდა, რაც კვლავ გასაჩივრდა დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 6.04.2023 წლის სხდომაზე, საჩივრის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, გადაანგარიშების ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ იქნა წარდგენილი საქონლის მოძრაობის ცხრილი, რომელიც თან დაერთო 5.03.2023 წლის №19007/2/2023 საჩივარს, რაზეც მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ საბჭოს 7.10.2022 წლის №17775/2/2022 გადაწყვეტილებით მას დავალებული არ ჰქონია რაიმე მტკიცებულებების წარდგენა.

ამდენად, საბჭოს 6.04.2023 წლის №19007/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მომჩივანს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტური მტკიცებულებები. ხოლო, თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, სადავო საკითხის შესწავლა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

საბჭოს 6.04.2023 წლის №19007/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 ოქტომბრის დასკვნის საფუძველზე, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა. აღნიშნული დასკვნიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებების შესწავლის შედეგად დაკორექტირდა შესამოწმებელი პერიოდის სასაქონლო-მატერიალური მარაგების საწყისი და საბოლოო ნაშთები შემოწმების მიერ დამატებით დადგენილი დასაბეგრი ბრუნვების თვითღირებულებებით. აგრეთვე, დაკორექტირდა და 2021 წლის საანგარიშო (ინვენტარიზაციის ჩატარების მომიჯნავე წელს) პერიოდზე გამოყენებული იქნა ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი (24%).

მომჩივანს მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა არასწორად და არასრულად აღასრულა საბჭოს გადაწყვეტილება და აღნიშნავს, რომ გადაანგარიშების დასკვნის თანახმად, შემოწმების მიერ „გამოყენებულ იქნა ინვენტარიზაციის ფასნამატი (24%)“. სინამდვილეში, გამოიყენა ფიქსაციის მასალებით დადგენილი ფასნამატი 24% და არ გამოიყენა ინვენტარიზაციის მასალებით დადგენილი ფასნამატი 22%. ფიქსაციის ფასნამატისათვის უპირატესობის მინიჭება დაუსაბუთებლად მიაჩნია. შემოწმების მიერ „ინვენტარიზაციის ფასნამატი“ გამოყენებულ იქნა ინვენტარიზაციის მომიჯნავე 2021 წელზე. შესაბამისად, შემოწმებამ 2021 წლამდე პერიოდზე ძალაში დატოვა დოკუმენტური ფასნამატი 26%. მოცემულ ფასნამატს კი ინვენტარიზაციით დადგენილ ფასნამატთან შედარებით უპირატესობა არ უნდა მინიჭებოდა, 2019-2020 წლების პერიოდზე გავრცელებულია ისეთი დოკუმენტური ფასნამატი, რომელიც გაანგარიშებულია 2019-2022 წლებზე გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების საფუძველზე. ინვენტარიზაციის ფასნამატი კი გაანგარიშებულია მთელი ასორტიმენტის (3 528 დასახელება) და მთელი მოცულობის (455 000 ლარი) საქონლის ღირებულების მიხედვით. ითხოვს დარიცხული თანხების კორექტირებას ინვენტარიზაციის მასალების მიხედვით დადგენილი ფასნამატის საფუძველზე.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, დავალებული ქონდა ინვენტარიზაციის ჩატარების მომიჯნავე წელს, ინვენტარიზაციის და ფიქსაციის შედეგად დადგენილი ფასნამატის გავრცელება, ინვენტარიზაციით ფასნამატი არ არის დადგენილი, დადგენილია სარეალიზაციო ფასები, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელის მიერ იქნა დაფიქსირებული თვითღირებულებები. ამდენად, ინვენტარიზაციის ჩატარების პერიოდში დადგენილი ფასების და ფიქსაციით დადგენილი ფასნამატების გამოყენებით გაანგარიშებული ფასნამატი (24%) იქნა გამოყენებული, რომელიც მომჩივნის მიერაა წარმოდგენილი, გავლილი და შეთანხმებული მასთან, ხოლო სხვა ცხრილი/მტკიცებულება/დოკუმენტი, რაც 24%-ზე ნაკლებ ფასნამატის გამოყენება დადასტურდებოდა არ იქნა წარმოდგენილი მომჩივნის მიერ. რაც შეეხება დოკუმენტურ ფასნამატს, ქონდა წინადადება მომჩივნისგან, მაგრამ დადგენილ ფასნამატზე ნაკლები არ გამოდიოდა. ამდენად, მიაჩნია, რომ აღასრულა, რაც დავალებული ქონდა რეალურად.

საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ აღსრულება განხორციელებულია საბჭოს 6.04.2023 წლის №19007/2/2023 გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის საფუძველზე და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 6.04.2023 წლის №19007/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საბჭოს 6.04.2023 წლის №19007/2/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მომჩივანს მიეცა წინადადება, აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა მისი არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტური მტკიცებულებები. ხოლო, თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, სადავო საკითხის შესწავლა და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). საბჭოს 6.04.2023 წლის №19007/2/2023 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 26 ოქტომბრის დასკვნის საფუძველზე, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა. აღნიშნული დასკვნიდან ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებების შესწავლის შედეგად დაკორექტირდა შესამოწმებელი პერიოდის სასაქონლო-მატერიალური მარაგების საწყისი და საბოლოო ნაშთები შემოწმების მიერ დამატებით დადგენილი დასაბეგრი ბრუნვების თვითღირებულებებით. აგრეთვე, დაკორექტირდა და 2021 წლის საანგარიშო (ინვენტარიზაციის ჩატარების მომიჯნავე წელს) პერიოდზე გამოყენებული იქნა ინვენტარიზაციით დადგენილი ფასნამატი (24%).

უდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, დავალებული ქონდა ინვენტარიზაციის ჩატარების მომიჯნავე წელს, ინვენტარიზაციის და ფიქსაციის შედეგად დადგენილი ფასნამატის გავრცელება, ინვენტარიზაციით ფასნამატი არ არის დადგენილი, დადგენილია სარეალიზაციო ფასები, გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელის მიერ იქნა დაფიქსირებული თვითღირებულებები. ამდენად, ინვენტარიზაციის ჩატარების პერიოდში დადგენილი ფასების და ფიქსაციით დადგენილი ფასნამატების გამოყენებით გაანგარიშებული ფასნამატი (24%) იქნა გამოყენებული, რომელიც მომჩივნის მიერაა წარმოდგენილი, გავლილი და შეთანხმებული მასთან, ხოლო სხვა ცხრილი/მტკიცებულება/დოკუმენტი, რაც 24%-ზე ნაკლებ ფასნამატის გამოყენება დადასტურდებოდა არ იქნა წარმოდგენილი მომჩივნის მიერ. რაც შეეხება დოკუმენტურ ფასნამატს, ქონდა წინადადება მომჩივნისგან, მაგრამ დადგენილ ფასნამატზე ნაკლები არ გამოდიოდა. ამდენად, მიაჩნია, რომ აღასრულა, რაც დავალებული ქონდა რეალურად.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, აღსრულება განხორციელებულია საბჭოს 6.04.2023 წლის №19007/2/2023 გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის საფუძველზე და არ არსებობს მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 304(21).