ბრძანება N 3498
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 3498
20 თებერვალი 2024
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „------ის“ (ს/ნ -----------)
(მის.: --------------------------)
2024 წლის 17 იანვრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის პირველი თებერვლის სხდომაზე (ოქმი №9) განიხილა შპს „------ის“ (ს/ნ -----------) 2024 წლის 17 იანვრის №86820/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 22 დეკემბრის №055-10 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
1. გადამხდელი არ ეთანხმება დამატებული ღირებულების გადასახადში განსაზღვრულ ვალდებულებებს. აღნიშნავს, რომ კომპანიას მართლაც არ აქვს სრულყოფილად დეკლარირებული მის მიერ გაწეული მომსახურებები, თუმცა შემმოწმებლის მიერ არ არის სწორად გაანგარიშებული გაწეული მომსახურებების თანხა.
2. გადამხდელი არ ეთანხმება შეძენილი მომსახურებისთვის გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.
3. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ გაანგარიშებული სალაროს ნაშთის ოდენობას და აღნიშნული ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 სექტემბრის №22451 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „------ის“ (ს/ნ -----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 აგვისტომდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 11 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 22 დეკემბრის №32560 ბრძანება და ამავე თარიღის №055-10 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 168 306 ლარი, მათ შორის, გადასახადი 102 022 ლარი, ჯარიმა 50 506 ლარი და საურავი 15 778 ლარი.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
1. შპს „--ის“ საქმიანობას წარმოადგენს სხვადასახვა ტიპის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულება, როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სექტორში. საწარმოს მიერ წარმოდგენილი პირველადი დოკუმენტების (ბუღალტრული აღრიცხვა, ბანკის ამონაწერები) დამუშავების შედეგად დგინდება, რომ საწამოს უფიქსირდება როგორც ბანკში ჩარიცხული თანხები შესრულებულ სამუშაოებზე (საავანსო ჩარიცხვებიც), ასევე სახელმწიფო შესყიდვების საიტის დამუშავებით დგინდება გაწეული სამუშაოების მიღება-ჩაბარებებით შესრულებები. გადამხდელის მიერ გარკვეულ თვეებში აღნიშნული შემოსავლები არ არის დეკლარირებული. შემოწმებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნული შემოსავლები დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვარს. შედეგად, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი პირველადი დოკუმენტების (ბუღალტრული აღრიცხვა, ბანკის ამონაწერები) დამუშავების შედეგად დგინდება, რომ საწამოს უფიქსიდება ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხები (მათ შორის, მომსახურებების შეძენა). საწარმოს მიერ აღნიშნულ პირებზე არ არის დაკავებული საშემოსავლო გადასახადი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი შესაბამის პერიოდებში, ასევე ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. 3. 2023 წლის 13 სექტემბერს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ იქნა სალაროს ინვენტარიზაცია და დადგინდა სალაროს ფაქტიური ნაშთი 5 700 ლარის ოდენობით. გადამხდელის მიერ წარმოდგენილი პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის დამუშავებით დგინდება, რომ საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს უფიქსირდება 141 058 ლარი. აღსანიშნავია, რომ საწარმოს დირექტორს შესამოწმებელ პერიოდში არ უფიქსირდება ხელფასის ან დივიდენდის მიღება. ასევე ნაღდი ანგარიშწორებით ანაზღაურებული ხარჯები სალაროს 40%-ს წარმოადგენს, რაც მთლიანი ხარჯების 15%-ია. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, შემოწმებით აღნიშნული სალაროს ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. პირს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე,ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ამავე კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ საწამოს უფიქსიდება როგორც ბანკში ჩარიცხული თანხები შესრულებულ სამუშაოებზე (საავანსო ჩარიცხვებიც), ასევე სახელმწიფო შესყიდვების საიტის დამუშავებით დგინდება გაწეული სამუშაოების მიღება-ჩაბარებებით შესრულებები. ვინაიდან, გადამხდელის მიერ გარკვეულ თვეებში აღნიშნული შემოსავლები არ არის დეკლარირებული, შემოწმების შედეგად აღნიშნული შემოსავალი დაიბეგრა დღგ-ით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საჩივარში მითითებულ არგუმენტაციაზე, რომ შემოწმების მიერ გაწეულ მომსახურებაში ჩათვლილია კომპანიის საბუღალტრო პროგრამა ორისში გატარებული თანხა 51762,77 ლარი, ოპერაციის პერიოდი 2022 წლის ივნისი, მყიდველი შპს „---ი“. აღნიშნავს, რომ ასეთ გატარებას საერთოდ არ აქვს საფუძველი და შესაბამისად, არც შემმოწმებელს არ უნდა შეეტანა იგი მიღებული შემოსავლის გაანგარიშებაში, მითუმეტეს მაშინ, როცა აღნიშნული კომპანიიდან არც თანხის ჩარიცხვა ჩანს და ორ კომპანიას შორის არავითარი ოპერაცია რომ არ განხორციელებულა, ადასტურებს ურთიერთშედარების აქტი (თანდართულია საჩივარზე).
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ,აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:
ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო/მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:
ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;
ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ გადამხდელის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი პირველადი დოკუმენტების (ბუღალტრული აღრიცხვა, ბანკის ამონაწერები) მიხედვით, საწამოს უფიქსიდება ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხები (მათ შორის, მომსახურებების შეძენა), რომელზეც საწარმოს მიერ არ არის დაკავებული საშემოსავლო გადასახადი. შემოწმებით, აღნიშნულ განაცემებზე პირს განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულება საშემოსავლო გადასახადში.
ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საჩივარში მითითებულ არგუმენტაციაზე, რომ კომპანიას მართლაც არ აქვს გარკვეული განაცემები დაბეგრილი, თუმცა თანხები, რომლებიც ინდივიდუალურ მეწარმეებზეა (მათ შორის, მცირე მეწარმეზე) გაცემული გაწეული მომსახურებისათვის, კომპანიას არ უნდა დაებეგრა და მიღებულ შემოსავალზე დეკლარირება თავად მეწარმეს აქვს გაკეთებული, ასეთს წარმოადგენს ი/მ ------ძე ს/ნ ------, რომელთანაც კომპანიას თანხა ჩარიცხული აქვს გაწეული მომსახურების საფუძველზე და მას მცირე ბიზნესის დეკლარაცია წარდგენილი აქვს.
აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი აღნიშნული პირების მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, რის გამოც საჩივარში მითითებულ პირზე განაცემი საგადასახადო შემოწმების საფუძველზე დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადამხდელის მიერ წარმოდგენილ საჩივარში მითითებულ არგუმენტაციაზე, რომ შესამოწმებელ პერიოდის ბოლოსათვის (01.08.2023 წელი) კომპანიას მართლაც უფიქსირდება ფულის ნაშთი 140 077,8 ლარის ოდენობით (მათ შორის, ფულის ნაშთი ბანკში 30 069,19 ლარი), თუმცა 2023 წლის 13 სექტემბრამდე კომპანიას განხორციელებული აქვს სხვადასხვა განაცემები და ამის შემდეგ, ფულის ნაშთი 13.09.2023 წლისათვის ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამაში დარჩა ბანკი - 2 638,32 ლარი, სალარო - 63 911,38 ლარი. აღნიშნავს, რომ ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამაში დაფიქსირებული სალაროს ნაშთი - 63 911,38 ლარი უნდა შედარებულიყო ფაქტიურ ნაშთს 5 700 ლარს და სხვაობის თანხა 58 211,48 ლარი უნდა ჩაითვალოს დირექტორის მიერ მიღებულ თანხად.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------ის“ (ს/ნ -----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება
1.დამატებული ღირებულების გადასახადში განსაზღვრულ ვალდებულებებს.
2. შეძენილი მომსახურებისთვის გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.
3. შემოწმების მიერ გაანგარიშებული სალაროს ნაშთის ოდენობას და აღნიშნული ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძველზე განსაზღვრულ ვალდებულებებს.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №22451 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება.შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 აგვისტომდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი,გამოიცა №32560 ბრძანება და №055-10 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა 168 306 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით
1.საწარმოს მიერ წარმოდგენილი პირველადი დოკუმენტების (ბუღალტრული აღრიცხვა, ბანკის ამონაწერები) დამუშავების შედეგად დგინდება, რომ საწამოს უფიქსირდება როგორც ბანკში ჩარიცხული თანხები შესრულებულ სამუშაოებზე (საავანსო ჩარიცხვებიც), ასევე სახელმწიფო შესყიდვების საიტის დამუშავებით დგინდება გაწეული სამუშაოების მიღება-ჩაბარებებით შესრულებები. გადამხდელის მიერ გარკვეულ თვეებში აღნიშნული შემოსავლები არ არის დეკლარირებული. შემოწმებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნული შემოსავლები დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვარს. შედეგად, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. საწამოს უფიქსიდება ფიზიკურ პირებზე გადახდილი თანხები (მათ შორის, მომსახურებების შეძენა). საწარმოს მიერ აღნიშნულ პირებზე არ არის დაკავებული საშემოსავლო გადასახადი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი შესაბამის პერიოდებში, ასევე ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. ამასთან, საწარმოს დირექტორს შესამოწმებელ პერიოდში არ უფიქსირდება ხელფასის ან დივიდენდის მიღება. ასევე ნაღდი ანგარიშწორებით ანაზღაურებული ხარჯები სალაროს 40%-ს წარმოადგენს, რაც მთლიანი ხარჯების 15%-ია. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, შემოწმებით აღნიშნული სალაროს ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. პირს ასევე დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
გადაწყვეტილება
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:101(1); 154(1 „ა“ და „დ“) ; 159(1 „ა“ და „ბ“); 163(1); 164(1);