ბრძანება N 12377

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 05.06.2023
№ დოკუმენტი 12377
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 12377

05.06.2023

შპს „---ის“ (ს/ნ ---)

(მის.: ---) 2023 წლის 25 იანვრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 11 მაისის სხდომაზე (ოქმი №52) განიხილა შპს „---ს“ (ს/ნ ---) 2023 წლის 25 იანვრის №78515/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის №021-141 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადამხდელი არ ეთანხმება კაპიტალის შემცირების საფუძვლით სალაროდან გატანილი თანხების ხელფასად დაკვალიფიცირებას და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას. განმარტავს, რომ კომპანიის დაფინანსების-ინვესტიციის მოზიდვის წყარო იყო კაპიტალში დამფუძნებლის შენატანი, რომელიც შეჰქონდა პერიოდულად საჭიროების მიხედვით და საწარმოს მიერ მიღებული შემოსავლებიდან ასევე ეტაპობრივად უკანვე გაჰქონდა. მიუთითებს, რომ შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის არსებული დამფუძნებლის შენატანი თანხა კაპიტალში არ იქნა გათვალისწინებული, შემმოწმებლებს მიაწოდეს ბანკის ამონაწერები (ხანდაზმული პერიოდის) საწარმოს დაარსების დღიდან შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისისთვის, თუმცა მათ არასწორი დასკვნები გააკეთეს.

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 8 ივლისის №17858 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---ს“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 27 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 28 დეკემბრის №33402 ბრძანება და ამავე თარიღის №021-141 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 184 486 ლარი, მათ შორის, გადასახადი 86 408 ლარი, ჯარიმა 43 204 ლარი და საურავი 54 874 ლარი.

სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

შპს ,,---” გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 06.09.2017 წელს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად 17.12.2021 წელს. გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა წიგნებით. საწარმო წიგნების რეალიზაციას ახორციელებს სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით და შესაბამისი შეკვეთების მომხმარებლისთვის მიწოდება ხორციელდება კურიერების მეშვეობით. შესამოწმებელ პერიოდში, გადასახადის გადამხდელს სალაროს ანგარიშიდან (1110) საწარმოს დამფუძნებელსა და ამასთანავე დირექტორზე გაცემული აქვს თანხები შინაარსით კაპიტალის შემცირება. შემოწმებით, შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, საბუღალტრო მონაცემები, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები და საბანკო ამონაწერები. აღნიშნული ინფორმაციის დამუშავებისა და ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის შედეგად, დადგინდა რომ აღნიშნული თანხების სალაროდან გატანა არ შეესაბამება მის შინაარს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, შემოწმებით, სალაროდან გაცემული თანხები დაკვალიფიცირდა დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების თანახმად დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. აღნიშნულის შედეგად, საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელს სალაროს ანგარიშიდან საწარმოს დამფუძნებელს და ამასთანავე დირექტორზე გაცემული აქვს თანხები შინაარსით კაპიტალის შემცირება. შემოწმებით შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, საბუღალტრო მონაცემები, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები და საბანკო ამონაწერები. აღნიშნული ინფორმაციის დამუშავებისა და ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული თანხების სალაროდან გატანა არ შეესაბამება მის შინაარს. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას, მართლზომიერად მიაჩნია აღნიშნულ ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლა, დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა და საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებები/დოკუმენტაცია, რაც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადამხდელი არ ეთანხმება კაპიტალის შემცირების საფუძვლით სალაროდან გატანილი თანხების ხელფასად დაკვალიფიცირებას და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის შედეგად, დადგინდა რომ აღნიშნული თანხების სალაროდან გატანა არ შეესაბამება მის შინაარს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, შემოწმებით, სალაროდან გაცემული თანხები დაკვალიფიცირდა დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების თანახმად დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

 

გადაწყვეტილება

წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (9, 4); 154; 101; 43 (4).