გადაწყვეტილება №80624/1/2023
📄 სრული ტექსტი
№ 80624/1/2023
19.05.202
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: : საბაჟო დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 19.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----------“-ის 27.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №80624/1/2023).
დავის საგანი
საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1.საბაჟო დეპარტამენტის 2022 წლის 21 დეკემბრის №EL195049 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 მარტის №5862 ბრძანება.
ფაქტების აღწერა
საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის გადასახდელის ოდენობის შემცირებისთვის, 2022 წლის 21 დეკემბრის №EL195049 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით, მომჩივანს დაეკისრა პასუხისმგებლობა საქართველოს საბაჟო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საბაჟო სამართალდარღვევისათვის და სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის გადასახდელის თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
აღნიშნული საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 24.03.2023 წლის №5862 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მომჩივანი საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის მე-11 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა სადავო საბაჟო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ჯარიმის იმ ნაწილისგან, რა ნაწილზეც რეტროსპექტიულად გაცემული საქონლის პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატის საფუძველზეც №----------- 07/12/2022 საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის იმპორტი გათავისუფლდა იმპორტის გადასახადისგან, დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 24.03.2023 წლის №5862 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში.
საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე. საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა. საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.
შემოსავლების სამსახურის 4.05.2023 წლის №-------- წერილის მიხედვით დგინდება, რომ მომჩივანი შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 მარტის №5862 ბრძანებას გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო ამავე დღეს. საჩივრის წარდგენის ბოლო ვადა იყო 2023 წლის 13 აპრილი. საჩივარი, დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილია ელექტრონულად 2023 წლის 27 აპრილს გასაჩივრების 20 დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ.
მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე არგუმენტაცია/დოკუმენტი, საჩივრის წარდგენის კანონმდებლობით დადგენილი ვადის საპატიო მიზეზით გაშვებასთან დაკავშირებით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან გასულია შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 24 მარტის №5862 ბრძანების გასაჩივრების კანონმდებლობით დადგენილი ვადა და ამასთან, არ იკვეთება სადავო აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭოს მიაჩნია, რომ სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.