ბრძანება N 1706

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 02.02.2023
№ დოკუმენტი 1706
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 1706

02.02.2023

ი/მ ---------- ს (ს/ნ ---------- )

(მის.: ---------- )

2022 წლის 28 დეკემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა განიხილა ი/მ ---------- ს (ს/ნ ---------- ) №77683/1/2022 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 30 ნოემბრის №072-5 საგადასახადო მოთხოვნას (2022 წლის 30 ნოემბრის №001730 ბრძანებას). აღნიშნული საკითხი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 20 იანვრის სხდომაზე (ოქმი №5).

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ ვინაიდან მინიჭებული აქვს დღგ-ის არაკვალიფიციური გადამხდელის სტატუსი და არ მიეცა დღგ-ის ჩათვლის საშუალება, არ ჰქონდა დეკლარირებული 2022 წლის სექტემბრის საქონლის რეალიზაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ სექტემბრის თვის ოპერაციები სრულად დაადეკლარირა და გასწორებულია დაშვებული სამართალდარღვევა, მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხების მოხსნას.

ფაქტობრივი გარემოებები:

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 17 ნოემბრის №35949 ბრძანების „პროცედურული სახელმძღვანელო დასაბეგრი საგადასახადო დოკუმენტების მართვის შესახებ“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით ხდება ისეთი დოკუმენტ(ებ)ის გამოვლენა, რომელზეც დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელს მოცემულ საანგარიშო პერიოდში არ წარმოუდგენია დეკლარაცია ან/და წარმოადგინა დეკლარაცია შემცირებული დასაბეგრი თანხით.

აღნიშნული პროცედურული სახელმძღვანელოს მიხედვით, პროგრამულ მოდულში „დაუბეგრავი დოკუმენტები“ 2022 წლის პირველ ნოემბერს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს შესასწავლად დაეწერა ი/მ ------ ს (ს/ნ -------) 2022 წლის სექტემბრის თვის საანგარიშო პერიოდის დოკუმენტები, რომელთაგან ცხრა სასაქონლო ზედნადები (N-----, N-----, N-----, N-----, N-----, N-----, N-----, N-----,N-----,) იდენტიფიცირებული იყო როგორც „დაუბეგრავი“.

შესწავლის პერიოდში მოხდა 2022 წლის სექტემბრის საანგარიშო პერიოდის დოკუმენტების და ამავე პერიოდის დღგ-ის დეკლარაციის შესწავლა. შედეგად გამოვლინდა სხვაობა 6251.15 ლარის დღგ-ის თანხა.

2022 წლის 4 ნოემბერს გადასახადის გადამხდელთან განხორციელდა კომუნიკაცია, განემარტა დასაბეგრი სხვაობის შესახებ, მოთხოვნილ იქნა დეკლარაციის დაზუსტება და ზემოაღნიშნული სასაქონლო ზედნადებების 2022 წლის სექტემბრის პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში დაბეგვრა. არაერთი კომუნიკაციის მიუხედავად გადამხდელმა არ დააზუსტა დეკლარაცია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე 2022 წლის 30 ნოემბერს №001730 ბრძანების მიხედვით, ი/მ ------ ს (ს/ნ -------) მიმართ განხორციელდა 6251.15 ლარის დარიცხვა და გამოიცა №072-5 საგადასახადო მოთხოვნა.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ასევე ირკვევა, რომ №001730 ბრძანებას გადასახადის გადამხდელი ელექტრონულად გაეცნო 2022 წლის 12 დეკემბერს, ხოლო 2022 წლის სექტემბრის თვის დღგ-ის დეკლარაცია დააზუსტა 2022 წლის 28 დეკემბერს.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა;

გ) საქონლის იმპორტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „გ“ და „ე“ პუნქტების თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია:

ა) შეასრულოს საგადასახადო ვალდებულებები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.

გ) საგადასახადო ორგანოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს საგადასახადო დეკლარაციები, გაანგარიშებები და სააღრიცხვო დოკუმენტები;

ე) შეასრულოს საგადასახადო ორგანოს და მისი უფლებამოსილი პირის კანონიერი მოთხოვნები საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრასთან დაკავშირებით, აგრეთვე ხელი არ შეუშალოს ამ უფლებამოსილ პირს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 69-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ პირი წარდგენილ საგადასახადო დეკლარაციაში აღმოაჩენს შეცდომას, რომელიც იწვევს საგადასახადო ვალდებულების ცვლილებას, იგი ვალდებულია საგადასახადო დეკლარაციაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილება ან/და დამატება.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ მიმდინარე კონტროლის პროცედურის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირების მიერ შესწავლილ იქნა 2022 წლის სექტემბრის თვის საანგარიშო პერიოდზე გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტები და ამავე პერიოდის დღგ-ის დეკლარაცია. შედეგად გამოვლინდა, რომ მომჩივანს შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაცია წარმოდგენილი ჰქონდა დასაბეგრი ბრუნვის მითითების გარეშე, ხოლო აღნიშნულ პერიოდში დღგ-ის თანხა შეადგენდა 6251.15 ლარს. მიმდინარე კონტროლის პროცედურის განმახორცილებელი უფლებამოსილი პირების მხრიდან მიუხედავად გადასახადის გადამხდელთან კომუნიკაციისა, მომჩივნის მიერ არ მომხდარა ზემოაღნიშნული თანხის შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1.ი/მ ------ ს (ს/ნ ------- ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქუჩა №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ ვინაიდან მინიჭებული აქვს დღგ-ის არაკვალიფიციური გადამხდელის სტატუსი და არ მიეცა დღგ-ის ჩათვლის საშუალება, არ ჰქონდა დეკლარირებული 2022 წლის სექტემბრის საქონლის რეალიზაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ სექტემბრის თვის ოპერაციები სრულად დაადეკლარირა და გასწორებულია დაშვებული სამართალდარღვევა, მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხების მოხსნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მიმდინარე კონტროლის პროცედურის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირების მიერ შესწავლილ იქნა 2022 წლის სექტემბრის თვის საანგარიშო პერიოდზე გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტები და ამავე პერიოდის დღგ-ის დეკლარაცია. შედეგად გამოვლინდა, რომ მომჩივანს შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაცია წარმოდგენილი ჰქონდა დასაბეგრი ბრუნვის მითითების გარეშე, ხოლო აღნიშნულ პერიოდში დღგ-ის თანხა შეადგენდა 6251.15 ლარს. მიმდინარე კონტროლის პროცედურის განმახორცილებელი უფლებამოსილი პირების მხრიდან მიუხედავად გადასახადის გადამხდელთან კომუნიკაციისა, მომჩივნის მიერ არ მომხდარა ზემოაღნიშნული თანხის შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციაში ასახვა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 61(3); 69 (1); 158(1); 159 (1).

“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია: 54(2).