გადაწყვეტილება №102687/1/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.06.2026
№ დოკუმენტი 102687/1/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№102687/1/2026

26 ივნისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს "-------" (ს/ნ "-------")

მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,18.06.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "-------"-ს 4.06.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №102687/1/2026).

 

დავის საგანი:

დაკისრებული საურავის მოხსნა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

შემოსავლების სამსახურის 3.06.2026 წლის №12088 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა:

საურავი - 13 814.81 ლარი. (20.05.2026 წლის მდგომარეობით შედარების აქტის მიხედვით).

 

ფაქტების აღწერა

მომჩივანმა 2026 წლის 20 მაისს წარადგინა 2026 წლის მარტის თვის დღგ-ის დეკლარაცია, რომლის მიხედვით დღგ-ის თანხამ შეადგინა 790 574 ლარი, ხოლო საგადასახადო დავალიანებაზე დარიცხულმა საურავმა - 13 814.81 ლარი.

მომჩივანმა დარიცხული საურავის გაუქმების მოთხოვნით მიმართა შემოსავლების სამსახურს, რომლის 3.06.2026 წლის №12088 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის, 43-ე, 53-ე, 269-ე, 270-ე, 272-ე მუხლების და ფაქტობრივ გარემოებების გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე 2026 წლის მარტის თვის დღგ-ის დეკლარაციის ასახვის შედეგად დარიცხული საურავი მართლზომიერია და არ ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

დღგ-ის დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენა არ ყოფილა გამიზნული ქმედება და ადგილი არ ჰქონია საგადასახადო ვალდებულების თავის არიდებას. დეკლარაციის წარდგენის საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო კონსულტაციისთვის მიმართეს შემოსავლების სამსახურს და მათი განმარტების საფუძველზე განახორციელეს მოქმედება. კომპანია მოქმედებდა კეთილსინდისიერად და შესაბამისი ინფორმაციის საფუძველზე. დეკლარაციის დაგვიანება გამოწვეული იყო ტექნიკური და საორგანიზაციო გარემოებებით და არა კანონდარღვევის განზრახვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს დაკისრებული საურავის მოხსნას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი, მე-2, 21 და მე-4 ნაწილების თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის. საურავი ერიცხება გადასახადის თანხას, რომელიც არის სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ შეუსრულებელ საგადასახადო ვალდებულებებსა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ჯამს შორის. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან. საურავის დარიცხვა წყდება მისი დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის დღიდან 3 წლის გასვლის თარიღიდან. საურავი შეადგენს გადაუხდელი გადასახადის თანხის 0,05 პროცენტს ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. გადასახადის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში გადასახადის გადახდის დღე ვადაგადაცილებულ დღედ ითვლება.

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

დადგენილია, რომ მომჩივანს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის დაერიცხა საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლით გათვალისწინებული საურავი.

მომჩივნის განმარტებით დღგ-ის დეკლარაციის დაგვიანება გამოწვეული იყო ტექნიკური და საორგანიზაციო გარემოებებით და არა კანონდარღვევის განზრახვით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს დაკისრებული საურავის მოხსნას.

საბჭო განმარტავს, რომ საურავი არის სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისთვის, რომელიც შინაარსით წარმოადგენს ბიუჯეტში გადასახადის დაგვიანებით გადახდის შედეგად წარმოშობილი ფინანსური დანაკლისის ანაზღაურებას, რაც მას განასხვავებს ფულადი ჯარიმის შინაარსისგან. ამასთან განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს დაკისრებული საურავისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს დაკისრებული საურავის მოხსნას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანმა 2026 წლის 20 მაისს წარადგინა 2026 წლის მარტის თვის დღგ-ის დეკლარაცია, რომლის მიხედვით დღგ-ის თანხამ შეადგინა 790 574 ლარი, ხოლო საგადასახადო დავალიანებაზე დარიცხულმა საურავმა - 13 814.81 ლარი. მომჩივანმა დარიცხული საურავის გაუქმების მოთხოვნით მიმართა შემოსავლების სამსახურს, რომლის ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭო განმარტავს,რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს დაკისრებული საურავისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

269(7),272.