გადაწყვეტილება №20539/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 28.11.2023
№ დოკუმენტი 20539/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20539/2/2023

28 ნოემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ------- (ს/ნ ------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------ს 9.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20539/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 19.03.2021 წლის №7737 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 6.04.2023 წლის №056-18 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 23.06.2023 წლის №14538 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 569 286,76 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 255 555

დღგ - 154 424

საშემოსავლო გადასახადი - 101 131

ჯარიმა - 129 904

საურავი - 283 827,76

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის კამერალური საგადასახადო შემოწმების 26.02.2021 წლის აქტით შემოწმებულია 1.01.2018 წლიდან 1.04.2020 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 3.11.2020 წლის №056-85 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 19.03.2021 წლის №7737 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ). განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 19.03.2021 წლის №7737 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 30.03.2023 წლის დასკვნის მიხედვით, შემოწმების შედეგების გადაანგარიშების პროცესში, შემოსავლების სამსახურის ბრძანების თანახმად, გადამხდელმა ექსელის ფაილის სახით წარმოადგინა დოკუმენტური რეალიზაციის საფუძველზე ფასნამატის გაანგარიშების ცხრილები. წარმოდგენილ ფასნამატის გაანგარიშებაში მოცემული საქონლის თვითღირებულება არ ედრება საარქივო სამმართველოდან გამოთხოვილი დოკუმენტაციის საფუძველზე დადგენილ საქონლის თვითღირებულებას. ამასთანავე, გადამხდელის მიერ ასახული თვითღირებულების სისწორის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტები არ იქნა წარმოდგენილი, თუმცა წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე შეიცვალა შემოწმების პროცესში დადგენილი, თითოეული დოკუმენტური რეალიზაციის შესაბამის შეძენებთან გაკეთებული დაკავშირებები, დაზუსტდა საქონლის სახეობებთან დაკავშირებები, შედეგად, შემცირდა შემოწმებით დადგენილი ფასნამატი და საცალო რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის ოდენობა.

წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დამატებით შესწავლილ იქნა 2019 წლის ტრანსპორტირების დამადასტურებელი ინვოისები, რომლის გათვალისწინებაც მოხდა 2019-2020 წლებში რეალიზებული მეორადი საბურავების თვითღირებულებაში. შესაბამისად, გაიზარდა 2019 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციით გასათვალისწინებელი ხარჯი.

ამასთანავე, ვინაიდან საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტის შესაბამისად შემოსავლები გადანაწილებული იყო დღგ-ის დეკლარაციებში ასახული დასაბეგრი ბრუნვის პროპორციულად და შემოწმებით განსაზღვრული იყო შესაბამისი წლიური სმფ-ების ნაშთები, გადაანგარიშებით ფასნამატის ცვლილებამ გამოიწვია სმფ-ების ნაშთების ოდენობების ცვლილებაც. გადაანგარიშებით გადამხდელს ჯამურად შეუმცირდა 147 407 ლარი.

აუდიტის დეპარტამენტის 30.03.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 6.04.2023 წლის №056-18 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 23.06.2023 წლის №14538 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ გადამხდელის მიერ წარმოდგენილ ფასნამატის გაანგარიშებაში ასახული საქონლის თვითღირებულება არ ედრება საარქივო სამმართველოდან გამოთხოვილი დოკუმენტაციის საფუძველზე დადგენილ საქონლის თვითღირებულებას. ამასთან, გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი სისწორის ამსახველი პირველადი დოკუმენტები, თუმცა წარმოდგენილი ინფორმაციით შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა და დაკორექტირდა ფასნამატი. ამასთან, ხარჯებში გათვალისწინებულ იქნა 2019 წლის ტრანსპორტირების დამადასტურებელი ინვოისები. გადამხდელს ჯამურად შეუმცირდა 47 407 ლარი.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება არ შეიცავს არანაირ დასაბუთებას დარიცხვების სისწორესთან დაკავშირებით. დავის განმხილველმა ორგანომ საკმარისად მიიჩნია დასაბუთება, რომ საჩივარში მითითებული პრეტენზიები უსაფუძვლოა და რომ საქმის გარემოებები საკმარისად არის შესწავლილი.

მნიშვნელოვანია, რომ შემოსავლების სამსახურმა მხედველობაში არ მიიღო და შეფასების გარეშე დატოვა 17.07.2023 წელს წარდგენილი დამატებითი მტკიცებულება - -----ს რაიონული სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების წერილი, რომლის თანახმად, საბურავებთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოკვლევა, მაშინ როცა აღნიშნული საბურავები, რომელიც მოპარული იქნა მისი ბინიდან, წარმოადგენს გადასახადების დარიცხვის საფუძველს.

გაუგებარია შემოსავლების სამსახურის პოზიცია/უარი წარმოების მასალების გაცნობასთან დაკავშირებით, მაშინ როცა გადამხდელი აცხადებს, რომ სხვადასხვა პერიოდში მის საქმეს აწარმოებდნენ სხვადასხვა იურისტები, თვითონ არ ფლობს ქართულ ენას, უცნობია თავად მისი მხრიდან რა დოკუმენტაციაა წარდგენილი და ასევე, რა დოკუმენტაციაა გამოთხოვილი და შესწავლილი შემოსავლების სამსახურის მიერ. აღნიშნული მასალების გაცნობა საშუალებას მისცემდა გადამხდელს წარმოედგინა დაზუსტებული ინფორმაციები და დოკუმენტაცია, ვინაიდან საქმე ეხება პანდემიის პერიოდის სააღრიცხვო დოკუმენტაციას, როცა კომუნიკაცია როგორც საგადასახადო ორგანოებთან, ისე გადამხდელის ბუღალტერთან იყო გართულებული და შესაძლოა მართლაც ინფორმაციები იყოს არასრულად წარმოდგენილი. ამის დაზუსტების საშუალება კი გადამხდელს მხოლოდ წარმოების მასალების გაცნობის საფუძველზე ექნება და რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 99-ე მუხლით აღიარებული გადამხდელის უფლებაა. ასევე, გადამხდელს საშუალება არ ეძლევა გაეცნოს ინვენტარიზაციის ოქმს, რომლის მონაცემები მისთვის უცნობია და რომელიც მას ინვენტარიზაციის დასრულების შემდგომ არ გადასცემია.

აუდიტის დეპარტამენტის 30.12.2019 წლის №47200 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა მეწარმის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება ბიუჯეტთან ანგარიშსწორების დადგენის მიზნით, ხოლო შემოწმების ვადად განისაზღვრა 3.01.2020 წლიდან 3.03.2020 წლამდე პერიოდი. აღნიშნული ბრძანებით განსაზღვრული ვადა არაერთხელ გაიზარდა და საბოლოო კამერალური საგადასახადო შემოწმების დასრულების ვადად განისაზღვრა 28.05.2021 წელი.

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 7.02.2020 წლის №21-12/14162 წერილის თანახმად, გადასახადის გადამხდელს დაევალა 2 სამუშაო დღის ვადაში ინვენტარიზაციის ჩატარებისთვის შესაბამისი ინფორმაციის წარდგენა, ხოლო 24.02.2020 წლის №CB1077143 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაეკისრა ჯარიმა - 400 ლარი, ინფორმაციის წარუდგენლობისთვის, რაც გადახდილ იქნა, მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციის მოთხოვნის პერიოდისთვის გადამხდელი საქართველოში არ იმყოფებოდა.

2.03.2020 წელს საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლების მიერ მოხდა საქონლის დათვალიერება, რომელიც განთავსებული იყო გადამხდელის დედის საცხოვრებელ მისამართზე. დათვალეს საქონელი და რომელ ოთახებშიც ინახებოდა, ის ოთახები დალუქეს და დღემდე რჩება დალუქულ მდგომარეობაში. ასევე საგულისხმოა, რომ გადამხდელს და მის დას მოაწერინეს ხელი დოკუმენტზე, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ ფლობდნენ ქართულ ენას და მათთვის უცნობი იყო შედგენილი დოკუმენტის შინაარსი.

30.09.2020 წელს შედგა შუალედური საგადასახადო შემოწმების აქტი, ხოლო 3.11.2020 წელს №056-85 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის თანახმად, გადამხდელს დაეკისრა გადასახადები (დღგ და საშემოსავლო გადასახადი) 351 964,75 ლარი და ჯარიმა-საურავები, ჯამურად 683 722,18 ლარის ოდენობით. შემოწმების აქტი ძირითადად ეყრდნობოდა იმ პოზიციებს, რომ გადამხდელის მიერ არ მომხდარა ინფორმაციის და დოკუმენტაციის წარმოდგენა, ხოლო საგადასახადო ორგანოს მიერ მოპოვებული და გადამხდელის მიერ დეკლარირებული და აღრიცხული მონაცემები არ იყოს შესაბამისობაში, ასევე ერთ-ერთი საფუძველი იყო, რომ 2.03.2020 წელს ფაქტობრივად აღრიცხულმა სასაქონლო-მატერიალურმა ფასეულობებმა შეადგინა ნული ლარი.

წარმოდგენილი შუალედური აქტი და საგადასახადო მოთხოვნა ეყრდნობოდა არასწორ ფაქტობრივ წინაპირობებს, ვინაიდან ერთის მხრივ ინფორმაციის წარუდგენლობა გამოწვეული იყო ობიექტური გარემოებებით (გადამხდელის არყოფნით საქართველოში), ხოლო მეორეს მხრივ სრულიად მიუღებელი იყო შემოწმების აქტში მითითება, რომ აღრიცხულმა სასაქონლო-მატერიალურმა ფასეულობებმა შეადგინა ნული, იმ პირობებში, როდესაც საქონელი აღრიცხულია საგადასახადო ორგანოს მიერ და დღემდე დალუქულ მდგომარეობაში რჩება გადამხდელის დედის სახლში. ადგილზე არ იყო მხოლოდ გადამხდელის სახელზე რიცხული ერთი ტიპის საქონელი - საბურავები, რომელიც მოპარული იქნა მისი შენახვის ადგილიდან (გადამხდელის დედის ბინიდან), რის გამოც გადამხდელმა მიმართა ------ს პოლიციას და წარმოადგინა ცნობა აღნიშნულ ფაქტზე მოკვლევის მიმდინარეობის შესახებ.

21.01.2021 წელს წარდგენილი იქნა საჩივარი შემოსავლების სამსახურში, სადავო იყო არაპირდაპირი მეთოდით გადასახადების გაანგარიშება და უნდა მომხდარიყო დამატებით წარდგენილი დოკუმენტაციის და ინვენტარიზაციის შედეგების გადამოწმების საფუძველზე დარიცხული თანხების ხელახლა გაანგარიშება. შემოსავლების სამსახურის 19.03.2021 წლის №7737 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საჩივარი და დაევალა აუდიტის დეპარტამენტს სადავო საკითხების ხელახლა შესწავლა.

ზემოხსენებული დავალების შესრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი 30.03.2023 წლით დათარიღებული დასკვნის საფუძველზე, ხელახლა გადაანგარიშდა გადასახადები, რის შედეგადაც თავდაპირველი საგადასახადო მოთხოვნით დაკისრებული გადასახადები შემცირდა ჯამურად 147 408 ლარით, მათ შორის გადასახადები 98 312 ლარი, ჯარიმა 49 096 ლარი. საქონელის ნაწილის - საბურავების ნაწილში კი დარიცხვა გაიზარდა აღნიშნული საქონლის რეალიზაციად მიჩნევის საფუძველზე.

მითითებული დასკვნა ეფუძნება არასწორ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ დასკვნაში მოცემული საგადასახადო ორგანოს განმარტების თანახმად:

- გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ფასნამატის გაანგარიშებაში მოცემული საქონლის თვითღირებულება არ ედრება საარქივო სამმართველოდან გამოთხოვილ დოკუმენტაციის საფუძველზე დადგენილ საქონლის თვითღირებულებას. ჩვენთვის უცნობია რა ინფორმაცია იქნა საგადასახადო ორგანოს გამოთხოვილი, რომელსაც შედარდა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი, შესაბამისად, ამ დოკუმენტაციის გაცნობა და ჩვენს მიერ ინფორმაციის დაზუსტება, გამოიწვევს დარიცხული თანხის მოხსნას;

- მითითება, რომ გადამხდელის მიერ ასახული თვითღირებულების სისწორის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტები არ იქნა წარმოდგენილი. როგორც ზემოთ აღვინიშნეთ, კამერალური შემოწმების დაწყების საწყის ეტაპზე ინფორმაციის წარმოუდგენლობა მოხდა გადამხდელის საქართველოში არყოფნის მიზეზით, თუმცა შემდგომ როგორც შუალედურ საგადასახადო შემოწმების აქტში, ასევე საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილებებში არაერთგზის იყო მითითებული, რომ თავად საგადასახადო ორგანომ გამოითხოვა ყველა საბაჟო დეკლარაცია, რომელიც იძლევა საქონლის თვითღირებულების განსაზღვრის საშუალებას. ამ ნაწილშიც უცნობია, რომელი დოკუმენტებით იხელმძღვანელა საგადასახადო ორგანომ;

- სრულიად უსაფუძვლოა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე დარიცხვის გაზრდა საბურავების რეალიზებულად მიჩნევის საფუძვლით, მაშინ როცა საბურავები მოპარულ იქნა, აღნიშნულ ფაქტზე მიმართულია ------ს პოლიციისთვის და დღემდე მიმდინარეობს აღნიშნულ ფაქტზე მოკვლევა, რის შესახებაც დამატებით იქნება წარმოდგენილი ინფორმაცია.

საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო შედეგების შემოწმება/გაანგარიშება მოხდა არაპირდაპირი მეთოდით. საწყის ეტაპზე, მართლაც არ მომხდარა დოკუმენტაციის მიწოდება, რაც განპირობებული იყო ქვეყანაში გადამხდელის არყოფნით. მოგვიანებით წარდგენილი იქნა ინფორმაცია/დოკუმენტაცია. ამავე დროს საგადასახადო ორგანოს მითითების თანახმად, მის მიერ იყო გამოთხოვილი ინფორმაცია გადამხდელის შესახებ. საგადასახადო ორგანოს გაანგარიშების არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების უფლება აქვს მხოლოდ კონკრეტული საფუძვლების არსებობისას, რაც გათვალისწინებულია საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის მე-5 ნაწილით და ეს ჩამონათვალი ამომწურავია. აღნიშნული მუხლის დანაწესი ნიშნავს იმას, რომ საგადასახადო ორგანო არაპირდაპირი გაანგარიშების მეთოდს ვერ გამოიყენებს ყველა შემთხვევაში, ხოლო გამოყენების შემთხვევაში მისი მტკიცების საგანს წარმოადგენს, თუ ზემოხსენებული მუხლით გათვალისწინებული კონკრეტულად რომელი საფუძვლით მოხდა ამ მეთოდის გამოყენება. განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს არ აუსახავს არც დასკვნაში და არც გადაწყვეტილებებში, კონკრეტულად რომელი დოკუმენტაციის შესწავლა მოხდა და რატომ იყო ამ დოკუმენტაციით შეუძლებელი დაბეგვრის ობიექტის დადგენა ან/და კონკრეტულად რომელ დოკუმენტებს შორის იქნა შეუსაბამობა აღმოჩენილი და რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს შეუსაბამობა იმისათვის, რომ საგადასახადო ორგანოს შექმნოდა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების საფუძველი. სამწუხაროდ ეს ინფორმაცია გადამხდელისთვის უცნობია.

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავალს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავალი. აღნიშნული ნორმის გვერდით ავლით, სადავო საგადასახადო მოთხოვნით გაზრდილია 2019 წლის წლიური საშემოსავლო გადასახადში გათვალისწინებული ხარჯი, იმ საფუძვლით, რომ მოხდა 2019- 2020 წწ რეალიზებული მეორადი საბურავების თვითღირებულების გათვალისწინება, მიუხედავად იმისა, რომ გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული მეორადი საბურავები იქნა არა რეალიზებულია, არამედ მოპარული და აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია სისხლის სამართლის გამოძიება გადამხდელის განცხადების საფუძველზე. შესაბამისად, ეს ფაქტი უნდა გაეთვალისწინებინა საგადასახადო ორგანოს და აღნიშნული საქონელი არ უნდა განხილულიყო რეალიზაციად და შესაბამისად, გადამხდელს უნდა მოეხსნას აღნიშნულ ნაწილში დარიცხული გადასახადები და ჯარიმა-საურავები.

„საგადასახადო ორგანოების მოთხოვნით სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 11.04.2007 წლის №337 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-5 მუხლის პუნქტით გათვალისწინებული გადამხდელის უფლებები, დაესწროს ინვენტარიზაციას, გაეცნოს დოკუმენტაციაში ასახულ მონაცემებს, შეადაროს მის მონაცემებს, წარმოადგინოს მისი გაანგარიშება და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დოკუმენტაცია და მხოლოდ აღნიშნულის შემდგომ მოაწეროს ხელი დოკუმენტს. განსახილველ შემთხვევაში არსებითად დაირღვა გადამხდელის ინტერესები, რომელსაც არ მიეცა შესაძლებლობა გაცნობოდა საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლების მიერ შედგენილ საინვენტარიზაციო დოკუმენტაციას და წარმოედგინა ან დაეზუსტებინა მასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ბუნებრივია გადამხდელს გააზრებული აქვს მისი პასუხისმგებლობა სათანადო ბუღალტრული აღრიცხვის, საგადასახადო ორგანოსთვის შესაბამისი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარდგენის ვალდებულება, რაც სრულყოფილად ვერ განხორციელდა გარკვეულწილად გადამხდელის ქვეყანაში არყოფნით და ასევე შექმნილ მძიმე პანდემიური პირობებით, რომელმაც შეაფერხა არაერთი პროცესი, რასაც დაემატა კომუნიკაციის პრობლემა გადამხდელის ბუღალტერთან და თავად გადამხდელის და მისი ოჯახის წევრების ენობრივი ბარიერი, რომლებიც ვერ ახერხებდნენ საგადასახადო ორგანოს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის სათანადოდ და დროულად გაცნობას და შესაბამის რეაგირებას. ასევე, სხვადასხვა პერიოდში დავის მიმდინარეობაში გადამხდელს ჩართული ჰყავდა სხვადასხვა იურისტები, რის გამოც დღეისათვის გადამხდელს არ აქვს მისი საქმის შესახებ ერთიანი სურათი, ინფორმაცია და დოკუმენტები, მისთვის უცნობია რა ეტაპზე, რა ინფორმაციის გაცვლა მოხდა საგადასახადო ორგანოსთან და ა.შ. ასევე, პრობლემას ვხედავთ კანონის მოთხოვნების გვერდის ავლით ინვენტარიზაციის ჩატარებაში და მეორეს მხრივ, მოპარული საქონლის რეალიზებულად მიჩნევაში. შესაბამისად, დღეისათვის არსებითი ინტერესია ადმინისტრაციული წარმოების მასალების სრულად გაცნობის, ინფორმაციის ცნობად მიღებისა და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე, განმეორებით, საგადასახადო ორგანოსთან გადამხდელის თანამშრომლობის პირობებში მოხდეს საქმის ხელახალი შესწავლა და საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული გადასახადების და ჯარიმა-საურავების მოხსნა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბათილად უნდა იქნას ცნობილი აუდიტის დეპარტამენტის 6.04.2023 წლის №7592 ბრძანება (ნაწილობრივ), რაც ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა საჩივარი, 6.04.2023 წლის №056-18 საგადასახადო მოთხოვნა (სრულად), შემოსავლების სამსახურის 23.06.2023 წლის №14528 ბრძანება და დაუბრუნდეს საქმე განსახილველად შემოსავლების სამსახურში. ასევე, უნდა მიცეს გადამხდელს საშუალება გაეცნოს წარმოების მასალებს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახურის 19.03.2021 წლის №7737 ბრძანებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ). განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა წარდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის 30.03.2023 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელმა ექსელის ფაილის სახით წარადგინა დოკუმენტური რეალიზაციის საფუძველზე ფასნამატის გაანგარიშების ცხრილები. წარმოდგენილ ფასნამატის გაანგარიშებაში მოცემული საქონლის თვითღირებულება არ ედრება საარქივო სამმართველოდან გამოთხოვილი დოკუმენტაციის საფუძველზე დადგენილ საქონლის თვითღირებულებას. ამასთანავე, გადამხდელის მიერ ასახული თვითღირებულების სისწორის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტები არ იქნა წარმოდგენილი, თუმცა წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე შეიცვალა შემოწმების პროცესში დადგენილი, თითოეული დოკუმენტური რეალიზაციის შესაბამის შეძენებთან გაკეთებული დაკავშირებები, დაზუსტდა საქონლის სახეობებთან დაკავშირებები, შედეგად, შემცირდა შემოწმებით დადგენილი ფასნამატი და საცალო რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის ოდენობა. წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დამატებით შესწავლილ იქნა 2019 წლის ტრანსპორტირების დამადასტურებელი ინვოისები, რომლის გათვალისწინებაც მოხდა 2019-2020 წლებში რეალიზებული მეორადი საბურავების თვითღირებულებაში. შესაბამისად, გაიზარდა 2019 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციით გასათვალისწინებელი ხარჯი. ფასნამატის ცვლილებამ გამოიწვია სმფ-ების ნაშთების ოდენობების ცვლილებაც.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა (დასკვნა) ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 23.06.2023 წლის №14538 ბრძანება;

3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 19.03.2021 წლის №7737 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის 19.03.2021 წლის №7737 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 30.03.2023 წლის დასკვნის მიხედვით, შემოწმების შედეგების გადაანგარიშების პროცესში, შემოსავლების სამსახურის ბრძანების თანახმად, გადამხდელმა ექსელის ფაილის სახით წარმოადგინა დოკუმენტური რეალიზაციის საფუძველზე ფასნამატის გაანგარიშების ცხრილები. წარმოდგენილ ფასნამატის გაანგარიშებაში მოცემული საქონლის თვითღირებულება არ ედრება საარქივო სამმართველოდან გამოთხოვილი დოკუმენტაციის საფუძველზე დადგენილ საქონლის თვითღირებულებას. ამასთანავე, გადამხდელის მიერ ასახული თვითღირებულების სისწორის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტები არ იქნა წარმოდგენილი, თუმცა წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე შეიცვალა შემოწმების პროცესში დადგენილი, თითოეული დოკუმენტური რეალიზაციის შესაბამის შეძენებთან გაკეთებული დაკავშირებები, დაზუსტდა საქონლის სახეობებთან დაკავშირებები, შედეგად, შემცირდა შემოწმებით დადგენილი ფასნამატი და საცალო რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლის ოდენობა. წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დამატებით შესწავლილ იქნა 2019 წლის ტრანსპორტირების დამადასტურებელი ინვოისები, რომლის გათვალისწინებაც მოხდა 2019-2020 წლებში რეალიზებული მეორადი საბურავების თვითღირებულებაში. შესაბამისად, გაიზარდა 2019 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაციით გასათვალისწინებელი ხარჯი. ამასთანავე, ვინაიდან საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტის შესაბამისად შემოსავლები გადანაწილებული იყო დღგ-ის დეკლარაციებში ასახული დასაბეგრი ბრუნვის პროპორციულად და შემოწმებით განსაზღვრული იყო შესაბამისი წლიური სმფ-ების ნაშთები, გადაანგარიშებით ფასნამატის ცვლილებამ გამოიწვია სმფ-ების ნაშთების ოდენობების ცვლილებაც. გადაანგარიშებით გადამხდელს ჯამურად შეუმცირდა 147 407 ლარი.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5"ა").

2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი: 161(1"ა").