გადაწყვეტილება №90710/1/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№90710/1/2024
13 ნოემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---“ (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 10.10.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----ის 16.07.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №90710/1/2024).
დავის საგანი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 21.03.2024 წლის №ცგადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
აუდიტის დეპარტამენტის 19.06.2024 წლის №081-141 საგადასახდო მოთხოვნა.
დარიცხული თანხა: 345 984,68 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 206 624
დღგ - 125 127
საშემოსავლო გადასახადი - 81 497
ჯარიმა - 103 312
საურავი - 36 048,68
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
კომპანია რეგისტრირებულია 23.09.2016 წელს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად დარეგისტრირდა 10.10.2016 წელს. საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საცალო ვაჭრობა შერეული ტიპის პროდუქციით, უპირატესად თამბაქოს ნაწარმით, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელით, ტკბილეულით, ბურღულეულით, საკვები პროდუქტებით, ჰიგიენური საშუალებებით, საყოფაცხოვრებო ქიმიით, სოფლის მეურნეობის პროდუქციით და სხვა. ასევე, უფიქსირდება მარკეტინგული მომსახურების გაწევა. გადასახადის გადამხდელი საქმიანობას ახორციელებს ქ. ----ში იჯარით აღებულ ფართში. აუდიტის დეპარტამენტის 29.09.2023 წლის გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2020 წლიდან 1.09.2023 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების, გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტების, საბანკო ამონაწერების, შესყიდვის აქტებისა და სხვა დოკუმენტაციის დამუშავებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით. კერძოდ, შეუძლებელია თითოეული ოპერაციის დაწყებისა და დასრულების მიმდინარეობაზე კონტროლი, არ იშიფრება საქონლის მოძრაობა. საქონლის შეძენა ხდება როგორც სასაქონლო ზედნადებებითა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, ასევე შესყიდვის აქტებით. შესამოწმებელ პერიოდში ჩატარდა მიმდინარე კონტროლის ღონისძიებები, კერძოდ, საკონტროლო შესყიდვები და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია (ფაქტობრივი ნაშთის დადგენა).
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის გამოყენებული იქნა არაპირდაპირი მეთოდი. შემოწმების პროცესში შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები (სასაქონლო ზედნადებების, ანგარიშ-ფაქტურებისა და შესყიდვის აქტების მიხედვით) დაყოფილ იქნა 25 კატეგორიად, სმფ-ების საწყისი-საბოლოო ნაშთების (განსაზღვრულია შეძენილი საქონლის სახეობების პროპორციულად) გათვალისწინებით, დათვლილ იქნა თითოეული კატეგორიის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება. ვინაიდან ჩატარებული იყო საკონტროლო შეძენები და ინვენტარიზაცია, თითოეული კატეგორიის რპთ-ზე გავრცელდა ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატი - დაახლოებით ჯამურად 23% (ინვენტარიზაციის მასალებიც დაყოფილი იყო შესაბამის ჯგუფებად და განისაზღვრა თითოეული ჯგუფის ფასნამატი).
შემოწმების მიერ საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის მიხედვით მოხდა დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვის დათვლა, რომელმაც შეადგინა 1 196 497 ლარი, ხოლო საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მიხედვით დათვლილ იქნა ჩათვლის უფლებით განთავისუფლებული ბრუნვა - 697 393 ლარი. შეუდარდა გადამხდელის მიერ დეკლარირებულ ბრუნვებს და სხვაობით გაიზარდა დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა - 695 376 ლარით, ხოლო დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით განთავისუფლებული ბრუნვა - 149 141 ლარით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ 125 127 ლარი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად - 62 564 ლარი.
შემოწმების პროცესში შესწავლილი იქნა ფულადი სახსრების მოძრაობა. არაპირდაპირი მეთოდით დათვლილი შემოსავალი შემცირდა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯებით (საბანკო ამონაწერები, სალაროს შემოსავლის ორდერები, კრედიტორების სალარო აპარატის ჩეკები, გადახდილი ხელფასები, საიჯარო თანხები). სხვაობაში ასევე გათვალისწინებულ იქნა ბანკსა და სალაროში არსებული ფულადი სახსრების ნაშთები, დებიტორული მოთხოვნები და ბიუჯეტიდან უკან დაბრუნებული 89 421 ლარი და ბიუჯეტში გადახდილი 1 320 ლარი. შედეგად დადგინდა გამოყენებადი თანხა 325 991 ლარის ოდენობით. გამოვლენილი სხვაობა 407 489 ლარი (325 991/0,8) ჩაითვალა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე, ---ზე (პ/ნ ---) გაცემულ ხელფასად, საანგარიშო პერიოდის ბოლოს. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 5.10.2023 წლის №081-218 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 21.12.2023 წლის №32408 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 21.03.2024 წლის №21967/2/2024 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 21.12.2023 წლის №32408 ბრძანება. მომჩივანს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საბჭოს 21.03.2024 წლის №21967/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 5.06.2024 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია იმგვარი მტკიცებულებები, რაც შეცვლიდა საგადასახდო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი. შესაბამისად, არ მოხდა აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშება. აუდიტის დეპარტამენტის 5.06.2024 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 19.06.2024 წლის №081-141 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
მომჩივნის არგუმენტაცია
შპს --- წარმოადგენს ქალაქ ---მში უბნის მცირე ზომის მაღაზიას, რომლის ეკონომიკურ საქმიანობას წარმოადგენს სასურსათო პროდუქტებით ვაჭრობა. აღნიშული მაღაზიის ძირითად შემოსავლის წყაროს წარმოადგენს ბოსტნეულითა და ხილით ვაჭრობა. შემოწმების შედეგად გამოვლინდა ფასნამატის პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, ასევე მოხდა რიგი პროდუქციის კლასიფიკაციების მიხედვით დაჯგუფება და ამის შემდგომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოხდა ფასნამატის პროცენტის განსაზღვრა. დეტალურად არის განხილული და შესწავლილი სმფების ნაშთების ინვენტარიზაციის ჩატარების შემდგომ აღრიცხული მონაცემების სისწორე, აღწერილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შეწყვილება შესყიდვის დამადასტურებელ დოკუმენტებთან და გამოიკვეთა შემდეგი გარემოებები: სმფ-ების ნაშთების აღრიცხვის ფორმაში ერთი და იგივე საქონელი მეორდება რამოდენიმეჯერ და მათი საბაზრო გასაყიდი ფასები არსებითად განსხვავდება ერთმანეთისაგან, ასევე პროდუქცია აღწერილია განსხვავებულ განზომილებაში და შეპირისპირებულია განსხვავებული განზომილებით შესყიდვის დოკუმენტით მოცემული თვითღირებულება, რამაც გამოიწვია ფასნამატის ხელოვნურად გაზრდა. მაგალითისათვის - სმფ-ების ნაშთების გაანგარიშების ფორმაში სამუშაო ცხრილი №16 და №47 პოზიცია ფანტა ტროპიკი თვითღირებულება არის შეცდომით და ამ პოზიციაში მიღებულია 94%-იანი ფასნამატი, რაც საერთო გაანგარიშებაში უკვე არსებით ცდომილებას იწვევს. №317 და №268 პოზიცია ქათმის ბიბილო მეორდება 2-ჯერ აღწერაში და თვითღირებულება ნაცვლად 8,9 ლარისა აღებულია 0,85 ლარი და ფასნამატის პროცენტი შეადგენს 1 094%-ს, რაც სრულიად არარეალურია. მსგავსი სახის შეუსაბამობები მრავლადაა მოცემული სმფ-ების ნაშთების ინვენტარიზაციის შედეგების გაანგარიშების ფორმაში, რაც საბოლოო ჯამში არსებით ცდომილებას იწვევს ფასნამატის გაანგარიშების გამოთვლის დროს. ასევე ფასნამატის გაანგარიშების დროს არ ყოფილა განხილული დროში მოცემული შეუსაბამობები, მაგალითისათვის 2023 წლის გასაყიდ ფასებთან შეპირისპირებულია 2020 წლის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტის შესაბამისად შესყიდული პროდუქციის საშუალო შეწონილი თვითღირებულება 2020, 2022 წლის და 2023 წლის სავალუტო ცვლილების შედეგად არსებითად გაზრდილია პროდუქციის გასაყიდი ფასები, ასევე როგორც თვითღირებულება, არსებულ გასაყიდ ფასებთან გასული პერიოდის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტის შედარებით გამოთვლილი თვითღირებულების ფასის გამოყენებით გამოთვლილი საშუალო შეწონილი ფასნამატის პროცენტი არსებით სხვაობას იძლევა რეალურ და დათვლილ ფასნამატის პროცენტთან.
ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებები, არგუმენტები და დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარმოდგენილი ჰქონდა 3.11.2023 წლის საჩივარში, მაგრამ შემოსავლების სამსახურის მიერ არ იქნა გაზიარებული მომჩივნის პოზიცია.
დავის დაუსწრებლად განხილვამ ასევე გამოიწვია ის, რომ დავის მიმდინარეობის დროს არ მიეცა საშუალება უფრო დეტალური სურათი დაენახებინა შემოსავლების სამსახურისთვის. საჩივრის დასწრებულ რეჟიმში განხილვის დროს აუცილებლად იქნებოდა მომჩივნის პოზიციები გაზიარებული რადგან გადამხდელის მიმართ გამოყენებულია არსებითი უზუსტობებით გაანგარიშებული ფასნამატის პროცენტი, რამაც გამოიწვია კომპანიის ისეთი ჯარიმის ოდენობებით დარიცხვა, რომ ფიზიკურად შეუძლებელია ამ ზომის და ბრუნვის კომპანიამ აღნიშნული გადასახადები გადაიხადოს, რეალურად კომპანიას არ მიუღია ის მოგება რომელიც ამ არსებული ფასნამატის პროცენტის გაანგარიშებით დგება, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგების დამადასტურებელი დოკუმენტი არსებით უზუსტობებს და შეუსაბამობებს შეიცავს, რაც ძალიან კარგად ჩანს გამოგზავნილ გაანგარიშების ფორმაშიც და საჭიროებს კორექტირებებს, რაც შემდგომ იმოქმედებს ფასნამატის პროცენტზე, წარმოდგენილი დოკუმენტაციის და შემოსავლების სამსახურის მიერ ინვენტარიზაციის შედეგების განხილვის, გადაანგარიშების და ინვენტარიზაციის აქტის კორექტირების შემდგომ შედეგები არ შეცვლილა. ინვენტარიზაციის დეტალური შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ სრულად ინვენტარიზაციის აქტი შეიცავს მრავალ უზუსტობას, ინვენტარიზაციის აქტში არის მრავალი საქონელი აღწერილი, რომელიც არის იდენტური და აქვს დაფიქსირებული სხვადასხვა სარეალიზაციო ფასი, ინვენტარიზაციის დროს არ არის სწორად დაფიქსირებული სმფ-ების განზომილებები, ასევე ბუღალტერი და დირექტორი, რომლებიც იყვნენ ჩართული ინვენტარიზაციის დროს, ვერ ახდენდნენ ინფორმაციის სწორად მიწოდებას. უზუსტობების სიმრავლის გამო ინვენტარიზაციის აქტი სამართლიანად არ ასახავს კომპანიაში არსებულ მდგომარეობას. მთელი რიგი უზუსტობების გამო ინვენტარიზაციის აქტი უნდა იქნეს ცნობილი ბათილად და ხელახლა უნდა ჩატარდეს საწარმოში სმფების ინვენტარიზაცია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
შემოწმების შედეგად შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემების, გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტების, საბანკო ამონაწერების, შესყიდვის აქტებისა და სხვა დოკუმენტაციის დამუშავებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელი არ ახორციელებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით, კერძოდ, შეუძლებელია თითოეული ოპერაციის დაწყებისა და დასრულების მიმდინარეობაზე კონტროლი, არ იშიფრება საქონლის მოძრაობა.
საქონლის შეძენა ხდება როგორც სასაქონლო ზედნადებებითა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით, ასევე შესყიდვის აქტებით. შესამოწმებელ პერიოდში ჩატარდა მიმდინარე კონტროლის ღონისძიებები, კერძოდ, საკონტროლო შესყიდვები და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია (ფაქტობრივი ნაშთის დადგენა). თითოეული კატეგორიის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა ინვენტარიზაციის შედეგად დადგენილი ფასნამატი - დაახლოებით ჯამურად 23% (ინვენტარიზაციის მასალებიც დაყოფილი იყო შესაბამის ჯგუფებად და განისაზღვრა თითოეული ჯგუფის ფასნამატი). საბჭოს 21.03.2024 წლის №21967/2/2024 გადაწყვეტილებით მომჩივანს მიეცა წინადადება ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები.
აუდიტის დეპარტამენტს დაევალა შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აუდიტის დეპარტამენტის 5.06.2024 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია იმგვარი მტკიცებულებები, რაც შეცვლიდა საგადასახდო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი. შესაბამისად, არ მოხდა აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშება.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში არ უთითებს ინფორმაცია/დოკუმენტაციაზე, რაც წარადგინა საბჭოს 21.03.2024 წლის №21967/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე და არ იქნა გათვალისწინებული აუდიტის დეპარტამენტის მიერ 5.06.2024 წლის დასკვნის შედგენისას. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით, მომჩივანი დავის წინა ეტაპზე მიუთითებდა გაანგარიშების ცხრილებში ტექნიკურ უზუსტობაზე და ინვენტარიზაციის ჩამონათვალში ერთიდაიგივე საქონელის არსებობაზე. აღნიშნული შესწავლილი იქნა კომპანიის აუდიტორთან ერთად, თუმცა ტექნიკური უზუსტობის გასწორებაც არ გამოიწვევდა საგადასახადო ვალდებულებების შემცირებას. სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია. ვინაიდან საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას მომჩივნის მიერ არ იქნა წარდგენილი დამატებით ინფორმაცია/დოკუმენტაცია, საბჭო აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 5.06.2024 წლის დასკვნა გამოცემულია საბჭოს 21.03.2024 წლის №21967/2/2024 გადაწყვეტილების შესაბამისად და მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 21.03.2024 წლის №21967/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
საბჭოს 21.03.2024 წლის №21967/2/2024 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 5.06.2024 წლის დასკვნის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია იმგვარი მტკიცებულებები, რაც შეცვლიდა საგადასახდო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი. შესაბამისად, არ მოხდა აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშება. აუდიტის დეპარტამენტის 5.06.2024 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 19.06.2024 წლის №081-141 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საბჭო აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 5.06.2024 წლის დასკვნა გამოცემულია საბჭოს 21.03.2024 წლის №21967/2/2024 გადაწყვეტილების შესაბამისად და მიიჩნევს, რომ არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (5,9); 101; 154.