გადაწყვეტილება №23565/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№23565/2/2024
20 ნოემბერი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „---ს“ (ს/ნ ----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---- ის 25.07.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23565/2/2024).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 14.05.2024 წლის №11151 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 5.06.2024 წლის №012-5 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 4.07.2024 წლის №15868 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
154 734,63 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 89 534
ჯარიმა - 44 761
საურავი - 20 439,63
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 29.03.2023 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია 1.01.2021 წლიდან 1.11.2023 წლამდე პერიოდი. საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 11.04.2023 წლის №012-3 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 14.05.2024 წლის №11151 ბრძანებით, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ფასნამატის კოეფიციენტის განსაზღვრისას იხელმძღვანელოს მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიერ ვარდის რეალიზაციის ფასნამატის შესახებ აუდიტის დეპარტამენტში არსებული ინფორმაციით და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 14.05.2024 წლის №11151 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 21.05.2024 წლის დასკვნის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, ფასნამატის კოეფიციენტის განსაზღვრისას, გამოყენებულ იქნა აუდიტის დეპარტამენტში არსებული ინფორმაცია, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიის ფასნამატი, რომელმაც შეადგინა 12%. გაანგარიშების შედეგად განხორციელდა გადასახადის გადამხდელის ბიუჯეტის მიმართ ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის 21.05.2024 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 5.06.2024 წლის №012-5 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 4.07.2024 წლის №15868 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე და 304-ე მუხლებზე. დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ, გამოყენებულ იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი (ყვავილებით მოვაჭრე) გადასახადის გადამხდელების ფასნამატის შესახებ აუდიტის დეპარტამენტში არსებული მონაცემები და ფასნამატმა შეადგინა 25,5%. გადასახადის გადამხდელი საგადასახადო დავის პირველ ეტაპზე მიუთითებდა, რომ შემოწმების მიერ გამოყენებულ იქნა ზოგადად ყვავილების რეალიზაციის განმახორციელებელი იურიდიული პირების ფასნამატი (25,5%), რაც არამართლზომიერია, ვინაიდან კომპანიას აქვს მხოლოდ ვარდების იმპორტი და რეალიზაცია, ფასნამატი კი 12-15%-ს შორის მერყეობს.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის 14.05.2024 წლის №11151 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ფასნამატის კოეფიციენტის განსაზღვრისას ეხელმძღვანელოს მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიერ ვარდის რეალიზაციის ფასნამატის შესახებ აუდიტის დეპარტამენტში არსებული ინფორმაციით და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება), ხოლო დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე, შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ვარდის რეალიზაციაზე ფასნამატის განსაზღვრისას გამოყენებულ იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირის ფასნამატის შესახებ აუდიტის დეპარტამენტში არსებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ფასნამატმა შეადგინა 12%, შედეგად, განხორციელდა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
ამასთან, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი გარემოება, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის საქმიანობაა ვარდებით საბითუმო ვაჭრობა, რომლის შეძენას ახორციელებს იმპორტით, ხოლო რეალიზაციას ადგილობრივ ბაზარზე (მხოლოდ საბითუმოდ). ბრძანებით შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 1.11.2023 წლამდე, შემმოწმებელმა რპთ-ის განსაზღვრისთვის, სრულად შეიყვანა 2023 წლის ოქტომბრის თვეში არსებული საქონლის ნაშთი, 3 15.10.2023 წლის შემდეგ შემოტანილი ყველა საქონელი დაბეგრილ იქნა და საგადასახადო ორგანოში წარდგენილი იქნა დღგ-ის დეკლარაცია 2023 წლის ნოემბრის თვეში, გაუგებარია თუ რატომ მოხდა აღნიშნული საქონლის ორჯერ დაბეგვრა, ითხოვს მომჩივნის მიერ დაბეგრილი საქონლის ნაშთი, დაკლებულ იქნას მთლიანი საქონლის რპთ-ის და ისე იქნას დაანგარიშებული რეალიზაცია. როგორც საგადასახადო შემოწმების აქტშია მითითებული, ასევე გადამხდელის მიერ წარმოდგენილია ინფორმაცია ფოტომასალის სახით დაზიანებული ვარდების შესახებ, ამასთანავე შემოწმების აქტში მითითებულია და მომჩივნის მიერ წარდგენილია დებიტორული დავალიანების შესახებ ინფორმაცია, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით შემოწმებისა და დარიცხვის პერიოდში საგადასახადო ორგანოს მიერ არ მომხდარა აღნიშნული საკითხის შესწავლა და გათვალისწინება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. რაც შეეხება საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად არაპირდაპირ მეთოდის გამოყენებას, ამ მეთოდის გამოყენების დროს შემოსავლების სამსახურის მიერ უნდა იყოს დასაბუთებული ფასნამატის გამოყენების როგორც აუცილებლობა ასევე მისი ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმი და არამხოლოდ იმ მიზნით, რომ გადასახადის გადამხდელს რაც შეიძლება მეტი თანხა დარიცხვოდა.
საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გააკონტროლონ გადასახადების გამოანგარიშების სისწორე და სისრულე და მათი დროულად გადახდა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმებები ამ კოდექსით დადგენილი წესით და ამ შემოწმებათა ჩატარებისას გააცნონ გადასახადის გადამხდელს თავისი უფლებები და ვალდებულებები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
შემოსავლების სამსახურის 14.05.2024 წლის №11151 ბრძანებით, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, ფასნამატის კოეფიციენტის განსაზღვრისას იხელმძღვანელოს მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიერ ვარდის რეალიზაციის ფასნამატის შესახებ აუდიტის დეპარტამენტში არსებული ინფორმაციით. აუდიტის დეპარტამენტის 21.05.2024 წლის დასკვნის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, ფასნამატის კოეფიციენტის განსაზღვრისას, გამოყენებულ იქნა აუდიტის დეპარტამენტში არსებული ინფორმაცია, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიის ფასნამატი, რომელმაც შეადგინა 12%. გაანგარიშების შედეგად განხორციელდა გადასახადის გადამხდელის ბიუჯეტის მიმართ ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას გათვალისწინებული იქნა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების მიერ ვარდის რეალიზაციის ფასნამატის შესახებ აუდიტის დეპარტამენტში არსებული ინფორმაცია და შედეგად შემცირებას დაექვემდებარა გადასახადის და სანქციის თანხები. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 21.05.2024 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 14.05.2024 წლის №11151 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი. 2023 წლის ოქტომბრის თვეში არსებული საქონლის ნაშთის დაბეგვრის, დაზიანებული ვარდების შესახებ ინფორმაციის და დებიტორული დავალიანების გათვალისწინების საკითხებთან დაკავშირებით, საბჭო მიუთითებს, რომ ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხებზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 14.05.2024 წლის №11151 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
შემოსავლების სამსახურის 14.05.2024 წლის №11151 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 14.05.2024 წლის №11151 ბრძანების აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 21.05.2024 წლის დასკვნის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, ფასნამატის კოეფიციენტის განსაზღვრისას, გამოყენებულ იქნა აუდიტის დეპარტამენტში არსებული ინფორმაცია, მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიის ფასნამატი, რომელმაც შეადგინა 12%. გაანგარიშების შედეგად განხორციელდა გადასახადის გადამხდელის ბიუჯეტის მიმართ ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). აუდიტის დეპარტამენტის 21.05.2024 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 5.06.2024 წლის №012-5 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 4.07.2024 წლის №15868 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდა. საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 21.05.2024 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 14.05.2024 წლის №11151 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (5).