გადაწყვეტილება №21330/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21330/2/2023
03 იანვარი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------ი“ (ს/ნ -----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------ის“ 16.11.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21330/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 2.06.2022 წლის №13713 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 6 აპრილის №048-1 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 27 ოქტომბრის №26485 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
121 807 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 26 690
დღგ - (-80 225)
საშემოსავლო გადასახადი - 106 915
ჯარიმა - 26 691
საურავი - 68 426
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 23 ივლისის №24332 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 21 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 24 დეკემბრის №40677 ბრძანება და №048-23 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 176 137 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2022 წლის 21 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2.06.2022 წლის №13713 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი:
- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს გადასახადის თანხის გაანგარიშებისას დაშვებული ტექნიკური უზუსტობები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს დაშვებული ტექნიკური უზუსტობის გასწორება;
- მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშებისას იხელმძღვანელოს მომჩივნის მიერ დეკლარირებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთების მონაცემებით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების სათანადო კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2.06.2022 წლის №13713 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2023 წლის დასკვნა, 6.04.2023 წლის №7590 ბრძანება და №048-1 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 52 641 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 121 807 ლარი.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 3 მაისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 26 ივნისის №14582 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 12.07.2023 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
საბჭოს 22.09.2023 წლის №20247/2/2023 გადაწყვეტილებით გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 26 ივნისის №14582 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით) დაუბრუნდა ამავე სამსახურს.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და 2023 წლის 27 ოქტომბრის №26485 ბრძანებით არ დააკმაყოფილა იგი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 306-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ საჩივრის განხილვა შემოსავლების სამსახურში ჩანიშნული იყო 2023 წლის 5 ოქტომბერს 13:40 სთ-ზე გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარუდგენია საჩივრის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდზე (1.01.2018-1.07.2021) წარდგენილია ბუღალტრული სააღრიცხვო პროგრამა სუპერფინი. პროგრამაში 2018 წლის საწყის ნაშთად გადამხდელს დაფიქსირებული აქვს 366 486 ლარი, ხოლო 2018 წლის მარტის თვის დეკლარაციაში, 2017 წლის საბოლოო ნაშთად დაფიქსირებულია 691 876 ლარის ღირებულების სმფ. შემოწმების შედეგად, 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არსებული სმფ-ის ღირებულებად მიჩნეულ იქნა გადამხდელის მიერ დეკლარაციაში დაფიქსირებული თანხა - 691 876 ლარი. (საწარმომ 2017 წლის საანგარიშო პერიოდის განმავლობაში დააფიქსირა დაახლოებით 400 000 ლარის ღირებულების ზარალი და განმარტა, რომ ჩამოწერა გაფუჭებული პროდუქცია. აღნიშნულთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურში არ არის წარდგენილი განცხადება, შესაბამისად, არ არის მოთხოვილი პროდუქციის ჩამოწერის აქტის შედგენა). შედეგად, სხვაობა გადამხდელის მიერ პროგრამაში დაფიქსირებულ სმფ-ის ნაშთსა და დეკლარირებულ მონაცემს შორის ჩაითვალა 2018 წელს რეალიზებულად. რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა გადამხდელის მიერ დეკლარირებული საშუალო ფასნამატი - 15%. შემოწმების შედეგად დამატებით მიღებულ შემოსავალში გათვალისწინებული იქნა დასაბეგრი და განთავისუფლებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტმა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 2 ივნისის №13713 ბრძანების შესაბამისად განახორციელა სადავო საკითხის შესწავლა და შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება. ამასთან, გადამხდელს წარდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.
საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე და აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილ ინფორმაციაზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე, 53-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ წინა საჩივარში არგუმენტირებულად განმარტა, რომ არაშესამოწმებელ პერიოდში აღმოჩენილი საქონლის დანაკლისი არ შეიძლება განხილულ იქნას შესამოწმებელ პერიოდში რეალიზაციად, მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლების სამსახურმა აუდიტის დეპარტამენტს დაავალა ფაქტის დამატებით შესწავლა და შედეგების გადაანგარიშება, აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან აღნიშნულს ადგილი არ ჰქონია, მეტიც, არ შემდგარა არანაირი კომუნიკაცია გადასახადის გადამხდელთან, რათა დამატებით შეესწავლა ფაქტები და გარემოებები.
საქონლის დანაკლისს ადგილი ჰქონდა შესამოწმებელ პერიოდამდე და მაინც, თუ აუდიტის დეპარტამენტი და შემოსავლების სამსახური დაჟინებით მოითხოვენ ეს ოპერაცია განხილულ იქნას 2018 წელს განხორციელებულ ოპერაციად, სახეზეა საქონლის დანაკლისი.
მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-8, 983 , მე-9, 97-ე მუხლებზე და აღნიშნავს, რომ უსაფუძვლოა ორგანიზაციის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა და თუ საერთოდ დაბეგვრა უნდა განხორციელდეს, აღნიშნული უნდა შეეხოს დღგ-ის და მოგების გადასახადებს და არა საშემოსავლო გადასახადს, რადგან არ დასტურდება სმფ-ების გასვლისას კომპენსაციის მიღების ფაქტი. ასევე, მიუთითებს, რომ სიტუაციურ სახელმძღვანელოში (№1728) ანალოგიური სიტუაციაა განხილული და შეესაბამება მომჩივნის წინამდებარე მოთხოვნას.
შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნებული სიტუაციური სახელმძღვანელოები ემსახურება გადასახადის გადამხდელებისთვის უტყუარი ინფორმაციის მიწოდებას და მათი გამოყენება შესაძლებელია ყველა გადამხდელისთვის თანაბრად. მომჩივანი ითხოვს, საგადასახადო კოდექსის მოთხოვნების და სიტუაციური სახელმძღვანელოს (1728) გათვალისწინებით, მოხდეს დარიცხული გადასახადების ცვლილება/შემცირება.
შემოწმების დანიშვნის დღიდან, რეგულარულად თანამშრომლობდნენ აუდიტორთან, აწვდიდნენ მოთხოვნილ ინფორმაციას და განმარტებებს. შემმოწმებელი აქტში მიუთითებს, რომ წარდგენილია საბუღალტრო პროგრამა. ამ პროგრამაში ზედმიწევნითაა ასახული შესამოწმებელ პერიოდში განხორციელებული სამეურნეო ოპერაციები და არავითარი ეჭვის საფუძველი არ გამხდარა პროგრამაში ასახული ინფორმაცია, შემმოწმებელს არ გამოუვლენია არსებითი სხვაობები პროგრამაში ასახულ ინფორმაციასა და შემოწმების შედეგებს შორის, შესამოწმებელ პერიოდში არ ყოფილა შემცირებული ან არაზუსტი ინფორმაცია, არ გამხდარა სადავო სმფ-ების შეძენისა და რეალიზაციის შემდგომ ჩამოწერის ოპერაციები.
ასევე, შემოწმების პერიოდში შემმოწმებელმა ჩაატარა კანონის შესაბამისად მიმდინარე კონტროლის პროცედურა - საკონტროლო შესყიდვა, რომლის შედეგადაც არ გამოვლენილა გაცხადებულ/დეკლარირებულ მონაცემებთან/ინფორმაციასთან არსებითი სხვაობა, რომლის შესახებაც შეადგინა შესაბამისი ოქმი №----. კომპანია არის კეთილსინდისიერი გადამხდელი, რადგან დღიდან ორგანიზაციის არსებობისა ცდილობენ არ დაარღვიონ კანონი, ხოლო 2017 წელს დაშვებული შეცდომა გამოწვეულია მხოლოდ გამოუცდელობითა და არცოდნით, ასევე ორგანიზაციის ფუნქციონირების პერიოდში არ ფიქსირდება რაიმე სამართალდარღვევა საქმის/სამეურნეო ოპერაციების არაკეთილსინდისიერად წარმოების გამო. მომჩივანი ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციებისგან.
გადასახადის გადამხდელი ითხოვს: ორგანიზაციის დოკუმენტებში დაფიქსირებულ სიდიდეებს შორის არსებული სხვაობა განხილულ იქნას როგორც საქონლის დანაკლისი და არა რეალიზაცია და დაიბეგროს შესაბამისად; 2017 წელს მომხდარი ფაქტი არ იქნას განხილული როგორც 2018 წელს დამდგარი რეალობა და გაუქმდეს დარიცხვა; როგორც კეთილსინდისიერი გადამხდელი გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციებისგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: შემოსავლების სამსახურის 2.06.2022 წლის №13713 ბრძანებით:
- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს გადასახადის თანხის გაანგარიშებისას დაშვებული ტექნიკური უზუსტობები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს დაშვებული ტექნიკური უზუსტობის გასწორება;
- მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშებისას იხელმძღვანელოს მომჩივნის მიერ დეკლარირებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთების მონაცემებით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების სათანადო კორექტირება (შემცირება).
აუდიტის დეპარტამენტის დასკვნით დგინდება:
- შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, გადაანგარიშების პროცესში ხელახლა გაანალიზდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული ჯამური შედეგების სისწორე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დაკორექტირდა (შემცირდა) გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები;
- შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად, გადაანგარიშების ეტაპზე კვლავ გაანალიზდა გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებული პოზიცია. შედეგად დადგინდა, რომ მომჩივნის მიერ შემოწმების პროცესში წარდგენილ სააღრიცხვო პროგრამა სუპერფინში 2018 წლის საწყის ნაშთად გადასახადის გადამხდელს დაფიქსირებული აქვს 366 486 ლარი, ხოლო 2018 წლის მარტის თვის დეკლარაციაში 2017 წლის საბოლოო ნაშთად დაფიქსირებულია 691 876 ლარის ღირებულების სმფ. შემოწმების შედეგად, 2018 წლის 1 იანვრის მდგომარეობით არსებული სმფ-ის ღირებულებად მიჩნეულ იქნა მომჩივნის მიერ დეკლარაციაში დაფიქსირებული თანხა - 691 876 ლარი. საწარმომ 2017 წლის საანგარიშო პერიოდის განმავლობაში დააფიქსირა დაახლოებით 426 910 ლარის ღირებულების ზარალი და განმარტა, რომ ჩამოწერა გაფუჭებული პროდუქცია (შემოსავლების სამსახურში არ არის წარდგენილი შესაბამისი განცხადება და არ არის მოთხოვნილი პროდუქციის ჩამოწერის აქტის შედგენა). შედეგად, სხვაობა გადასახადის გადამხდელის მიერ პროგრამაში დაფიქსირებულ სმფ-ის ნაშთსა და დეკლარირებულ მონაცემებს შორის ჩაითვალა 2018 წელს რეალიზებულად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან შემოწმების პროცესში გადასახადის გაანგარიშებისას გამოყენებულ იქნა მომჩივნის დეკლარირებული მონაცემები, გადაანგარიშების დასკვნით დარიცხული გადასახადები ამ ნაწილში არ დაექვემდებარა კორექტირებას.
აღსანიშნავია, რომ დავების განხილვის საბჭომ 22.09.2023 წელს იმსჯელა შემოსავლების სამსახურის 2.06.2022 წლის №13713 ბრძანების აღსრულების შედეგების თაობაზე, ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი და დაუბრუნა შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ საწარმოს საჩივრის განხილვა შემოსავლების სამსახურში ჩანიშნული იყო 2023 წლის 5 ოქტომბერს 13:40 სთ-ზე გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარუდგენია საჩივრის განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.
ამასთან, გადასახადის გადამხდელი ითხოვს სანქციებისგან გათავისუფლებას საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე. თუმცა, საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 2.06.2022 წლის №13713 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
შემოსავლების სამსახურის 2.06.2022 წლის №13713 ბრძანების აღსრულების შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №24332 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 21 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №40677 ბრძანება და №048-23 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 176 137 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც №13713 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი.
შემოსავლების სამსახურის №13713 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა, №7590 ბრძანება და №048-1 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 52 641 ლარით და მისმა საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 121 807 ლარი.
კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც №14582 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.საბჭოს №20247/2/2023 გადაწყვეტილებით გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის №14582 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ამავე სამსახურს.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და №26485 ბრძანებით არ დააკმაყოფილა იგი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 269(7);