გადაწყვეტილება №20168/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.09.2023
№ დოკუმენტი 20168/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20168/2/2023

20 სექტემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 4.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20168/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 3.04.2023 წლის №7095 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 11.04.2023 წლის №007-84 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 16.06.2023 წლის №13626 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 409 861,53 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 769 192

დღგ - 453 534

მიწაზე (არასასოფლო) ქონების გადასახადი - 960

მოგების გადასახადი - 297 831

საშემოსავლო გადასახადი - 16 702

ქონების გადასახადი - 165

ჯარიმა - 394 072

საურავი - 246 597,53

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 1.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.03.2022 წლამდე პერიოდი. შემოწმების აქტის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 1.12.2022 წლის №007-329 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 3.04.2023 წლის №7095 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ფულადი ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხი შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული არგუმენტაციის გათვალისწინებით და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 3.04.2023 წლის №7095 ბრძანების აღსრულების შედეგად გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 5.04.2023 წლის დასკვნის მიხედვით, საბანკო ანგარიშის ამონაწერში შენატანებს დანიშნულებაში მითითებულია დამფუძნებლის შენატანი, თუმცა გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილ პროგრამაში ჩანს, რომ ეს თანხები არის სალაროს ნაშთის შემცირებით საბანკო ანგარიშზე გადატანილი თანხები. შემოწმების მიერ მხედველობაში იქნა მიღებული გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი წერილობითი ახსნა-განმარტება ფულადი ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის ნაცვლად განხილული იქნეს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად. შედეგად, შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე შემცირებულ იქნა სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული თანხები. დანარჩენ ნაწილში დარიცხული თანხა დარჩა უცვლელი.

აუდიტის დეპარტამენტის 5.04.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა ამავე დეპარტამენტის 11.04.2023 წლის №007-84 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 16.06.2023 წლის №13626 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ გარემოებაზე, რომლითაც ირკვევა, რომ ბანკში შეტანილი გარკვეული თანხები რეალურად წარმოადგენს სალაროდან გატანილი თანხების საბანკო ანგარიშზე განთავსებას, რაც დასტურდება გადამხდელის მიერ წარდგენილი პროგრამით. ასევე, გადამხდელის წერილობითი ახსნა-განმარტების საფუძველზე ფულადი ნაშთი, რომელიც განხილულ იყო საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად, გადაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად, რის საფუძველზეც განხორციელდა განსაზღვრული ვალდებულებების კორექტირება.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, შემმოწმებელმა გაიანგარიშა და საშემოსავლო გადასახადით დაბეგრა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის არსებული ფულადი ნაშთი 1 664 691 ლარის ოდენობით. აღნიშნული, 24.12.2022 წელს გასაჩივრებული იქნა შემოსავლების სამსახურში და მოთხოვნილი იყო პერიოდის ბოლოსთვის ფულადი ნაშთის გაანგარიშებისას მონაწილეობა მიეღო დამფუძნებლის მინდობილი პირების მიერ ბანკში შეტანილ თანხებს, რაც წარმოადგენდა დამფუძნებლის შენატანს და საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხა განსაზღვრულიყო 874 225 ლარით.

საზოგადოებაში შემოწმებით დადგენილი ფულის ნაშთი 1 664 691 ლარი ვერ იარსებებდა მათივე მონაცემებზე დაყრდნობით. კერძოდ, თუ შევადარებთ შესამოწმებელი პერიოდის შემოსავლებსა და ხარჯებს, ნათლად ჩანს, რომ დაბეგრილ თანხასა და კომპანიის მოგებას შორის დიდი სხვაობაა.

შემოწმებით დადგენილი ფართების რეალიზაცია შეადგენს 3 796 536 ლარს (ბარტერის გარეშე), ხოლო გაცემულმა ხელფასის ხარჯმა შეადგინა 320 348 ლარი. შემმოწმებლისთვის მიწოდებული საბუღალტრო მონაცემებითა და საგადასახადო სისტემაში არსებული მონაცემებით დგინდება, რომ შეძენილმა და მშენებლობაზე გახარჯულმა საქონლის ღირებულებამ შეადგინა 2 444 000 ლარი. აღნიშნული თანხების შესაბამისად გაანგარიშებული საზოგადოების მოგება შეადგენს 1 032 188 ლარს, რასაც ასევე უნდა გამოაკლდეს დამფუძნებელზე მიწოდებული ბინების ღირებულება 400 318 ლარის ოდენობით, ვინაიდან აღნიშნული ოპერაციიდან კომპანიაში ფულადი სახსრები არ შემოსულა. საბოლოოდ, ამ მეთოდით გაანგარიშებული ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს კომპანიაში რჩება 631 870 ლარი.

ზემოთ აღნიშნული მტკიცებულებების გათვალისწინებით უნდა მოხდეს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის დადგენილი ფულის ნაშთის გადაანგარიშება და ხელფასის სახით დაბეგრილი თანხების დამფუძნებელზე გაცემულ სესხად ჩათვლა.

იმ შემთხვევაში თუ არ დაკმაყოფილდება აღნიშნული მოთხოვნა, ვინაიდან კომპანიას არასდროს ჰქონია განზრახვა გადასახდელი გადასახადების შემცირებისა და გადახდისაგან თავის არიდების, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად სრულად უნდა მოეხსნას ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით დარიცხული ჯარიმა-საურავის თანხები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:

ა) მხედველობაში არ მიიღოს სამეურნეო ოპერაციები, რომლებსაც არა აქვს არსებითი ეკონომიკური გავლენა;

ბ) სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

შემოსავლების სამსახურის 3.04.2023 წლის №7095 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ფულადი ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხი შეისწავლოს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული არგუმენტაციის გათვალისწინებით და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის 5.04.2023 წლის დასკვნის მიხედვით, საბანკო ანგარიშის ამონაწერში შენატანების დანიშნულებაში მითითებულია დამფუძნებლის შენატანი, თუმცა გადასახადის გადამხდელის წარმოდგენილ პროგრამაში ჩანს, რომ ეს თანხები არის სალაროს ნაშთის შემცირებით საბანკო ანგარიშზე გადატანილი თანხები. შემოწმების მიერ მხედველობაში იქნა მიღებული გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი წერილობითი ახსნა-განმარტება ფულადი ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის ნაცვლად განხილული იქნეს დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად. შედეგად, შემოწმების მიერ შემცირებულ იქნა დარიცხული თანხები. დანარჩენ ნაწილში დარიცხული თანხა დარჩა უცვლელი.

აუდიტის დეპარტამენტის 14.07.2023 წლის №----------14 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, შემოწმებამ, საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულ ბინებზე განსაზღვრა საზოგადოების მიერ დამატებით მიღებული/მისაღები შემოსავალის ოდენობა. შედეგად, გამოვლინდა სხვაობა შემოწმების მიერ დადგენილ შემოსავალსა და დეკლარირებულ შემოსავალს შორის. აღნიშნული სხვაობის თანხა შემცირებულ იქნა, საზოგადოებაში შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებული, დამფუძნებლის მიერ შეტანილი სესხის თანხის ნაშთით, ხოლო დანარჩენი თანხა ჩაითვალა საზოგადოების პასუხისმგებელ პირზე (დირექტორზე „----------“ პ/ნ ----------) გაცემულ ხელფასის სახით განაცემად (შემდგომ დავების პროცესში გადაკვალიფიცირდა სესხად). შესაბამისად, შემოწმების შედეგად დარიცხულ იქნა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275- ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებისას შესწავლილი და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში გათვალისწინებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შედეგად დაკორექტირდა მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 5.04.2023 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 3.04.2023 წლის №7095 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის დადგენილი ფულის ნაშთის გადაანგარიშებას და ხელფასის სახით დაბეგრილი თანხების დამფუძნებელზე გაცემულ სესხად ჩათვლას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის 14.07.2023 წლის წერილით წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით, შემოწმებამ, საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებულ ბინებზე განსაზღვრა საზოგადოების მიერ დამატებით მიღებული/მისაღები შემოსავალის ოდენობა. შედეგად, გამოვლინდა სხვაობა შემოწმების მიერ დადგენილ შემოსავალსა და დეკლარირებულ შემოსავალს შორის. აღნიშნული სხვაობის თანხა შემცირებულ იქნა, საზოგადოებაში შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს არსებული, დამფუძნებლის მიერ შეტანილი სესხის თანხის ნაშთით, ხოლო დანარჩენი თანხა ჩაითვალა საზოგადოების პასუხისმგებელ პირზე (დირექტორზე კახაბერ გოგოლაძეზე პ/ნ 01027015409) გაცემულ ხელფასის სახით განაცემად (შემდგომ დავების პროცესში გადაკვალიფიცირდა სესხად). შესაბამისად, შემოწმების შედეგად დარიცხულ იქნა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის მიხედვით

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის 5.04.2023 წლის დასკვნა გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 3.04.2023 წლის №7095 ბრძანების შესაბამისად და არ არსებობს სადავო აქტების გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 275;