ბრძანება N 2289
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 2289
08.02.2023
ი/მ " ------" (ს/ნ ------- )
(მის:---------- )
2023 წლის 11 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 20 იანვრის სხდომაზე (ოქმი N5) განიხილა ი/მ "-------" (ს/ნ --------- ) N77958/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2022 წლის 13 დეკემბრის NCB1425064 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ 2022 წლის 13 დეკემბერს სანქციის სახით შეეფარდა გაფრთხილება 33 ლარის საბაზრო ღირებულების საქონლის (,,პური ბატონი“) სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისთვის. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სადავო ოქმს და აცხადებს, რომ დაჯარიმების დღეს თავად მართავდა ავტომანქანას სახელმწიფო ნომრით "-------" , რომელზეც გამოწერილი იყო 7 ზედნადები. ხოლო სადავო ოქმში მითითებულ ავტომობილს სახელმწიფო ნომრით "-------", რომელიც გაჩერებულ იქნა საგადასახადო ოფიცრების მიერ, მართავდა "-------" (პ/ნ -------). აღნიშნული სამართალდარღვევა გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ N-------- სასაქონლო ზედნადებში მის მიერ არასწორად იქნა მითითებული ავტომანქანის ნომერი. კერძოდ, ნაცვლად "------ " მიუთითა "-------" . გადასახადის გადამხდელი იმ გარემოებებზე მითითებით, რომ სასაქონლო ზედნადები დააკორექტირა 2022 წლის 13 დეკემბერს 11:05 საათზე (ოქმის ჩაბარების შემდეგ) ითხოვს სანქციის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
როგორც სადავო ოქმის შინაარსიდან და ოქმის შემდგენი ოფიცრების მოხსენებითი ბარათიდან ირკვევა, 2022 წლის 13 დეკემბერს, 07:27 სთ-ზე, მის.:-------- ზე გადამოწმებულ იქნა ავტოსატრანსპორტო საშუალება სახ. ნომრით: "------ " , რომელსაც მართავდა მძღოლი "-------" (პ/ნ: --------- ), რომლის ძარაზე განთავსებული იყო ი/მ " -------- " (ს/ნ --------- ) სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი პურ-პროდუქტები შესაბამისი N------- სასაქონლო ზედნადებით. სამართალდარღვევის საქმის წარმოების პროცესში ტრანსპორტირების განმახორციელებელ პირთან ერთად პროდუქციის დათვლის შედეგად დადგინდა, რომ ავტომანქანის ძარაზე არსებული ზემოაღნიშნული პროდუქციის (შესაბამისი ზედნადებით) გარდა გამოვლენილ იქნა დამატებით 33 ლარის ღირებულების 30 ცალი პური ბატონი, რომლის ტრანსპორტირება ხორციელდებოდა სასაქონლო ზედნადების გარეშე, რაც პროდუქციის დათვლის შედეგად არსებული ზედმეტობა დაადასტურა პროდუქციის ტრანსპორტირების განმახორციელებელმა პირმა - "-------" (პ/ნ --------- ). აღნიშნულიდან გამომდინარე მომჩივნის მიმართ შედგენილ იქნა NCB1425064 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და გადასახადის გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმის 500 ლარის ნაცვლად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად სანქციის სახით განესაზღვრა ,,გაფრთხილება“.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა აღნიშნული საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების, სასაქონლო მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის, საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის შესაბამისად:
1. საქონლის დოკუმენტების გარეშე ტრანსპორტირებად/შეძენად განიხილება სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა.
2. დოკუმენტების გარეშე საქონლის ტრანსპორტირების/შეძენის ფაქტის გამოვლენის მიზნით, პირის და სატრანსპორტო საშუალების გაჩერებას, სატრანსპორტო საშუალების ვიზუალურ დათვალიერებას, საქონლის დათვლას თანმხლებ საბუთებთან შესაბამისობის დასადგენად, სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის თანმხლები საბუთების, ასევე პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმებას და საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული პროცედურების დასაფიქსირებლად ტექნიკური საშუალებების გამოყენებას ახორციელებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი. ამასთან, შესაბამისი პირისა და სატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაუმორჩილებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ თანამშრომელს უფლება აქვს, გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, იწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 281-ე მუხლით, 286-ე მუხლის პირველი და მე-11 ნაწილებითა და 291-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევებისათვის (გარდა განმეორებით ჩადენილი ქმედებებისა) ფულადი ჯარიმის ნაცვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გაფრთხლება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ "-------" (ს/ნ -------- ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში