გადაწყვეტილება №25679/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25679/2/2025
17 სექტემბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ ------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.09.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ------- 18.08.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25679/2/2025).
დავის საგანი:
1. დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 23 მაისის №082-4 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 16 ივლისის №16047 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 57 813.07 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 35 733.58
ჯარიმა - 11 196.75
საურავი - 10 882.74
პროცედურული გარემოებები
მომჩივნის საქმიანობაა მზა საკვებით მომსახურება (სასადილო). მეწარმე გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2007 წლის 7 აგვისტოს, მცირე ბიზნესის სტატუსი მიღებული აქვს 2019 წლის 1 ივლისს, ხოლო დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2023 წლის 17 ნოემბერს.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 21 მარტის №5278 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდის საკონტროლო-სალარო აპარატითა და პოსტ-ტერმინალით განხორცილებული ანგარიშსწორებისას მიღებული თანხებისა და მიღებული ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების დღგ-ის დეკლარაციაში ასახვის სისწორის დადგენის მიზნით.
შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 7 მაისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 23 მაისის №10550 ბრძანება და №082-4 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 57 813.07 ლარი.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 25 ივნისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2025 წლის 16 ივლისის №16047 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი, თუმცა დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილ სადავო საკითხებში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 16 ივლისის №16047 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება
ფაქტების აღწერა
შესამოწმებელ პერიოდში მეწარმის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები პოსტერმინალითა და საკონტროლო-სალარო აპარატით ჯამურად შეადგენს 454 893 ლარს. შემოწმების შედეგად დადგენილსა და დეკლარირებულ ბრუნვას შორის გამოვლინდა სხვაობა, რომლის შედეგად დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა შემოსავალმა 100 000 ლარს გადააჭარბა 2023 წლის 19 აპრილს. ზემოაღნიშნულისა და საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, 61-ე, 158-ე, 165-ე, 159- ე, 163-ე, 164-ე მუხლებზე, ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტორის გაანგარიშებით, შესამოწმებელ პერიოდში მეწარმის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები პოს-ტერმინალით და სალარო აპარატით ჯამურად სარევიზიო პერიოდში შეადგენს 454 893 ლარს, რაც არ შეესაბამება რეალობას.
შემოწმების შედეგსა და დეკლარირებულ ბრუნვას შორის გამოვლენილი სხვაობა გამოწვეულია იმით, რომ შემმოწმებლის მიერ ერთობლივი შემოსავლის გაანგარიშებისას მხედველობაში არ ყოფილა მიღებული ტერმინალზე მომხმარებლის ბარათიდან არასწორად ჩამოჭრილი და გადასახადის გადამხდელის მიერ კლიენტებზე (მომსახურების მიმღებ პირებზე) ნაღდი ანგარიშით დაბრუნებული თანხები. ასევე, რიგ შემთხვევაში პირადი გადარიცხვა მიკუთვნებულია ერთობლივ შემოსავალზე. აღნიშნულის შედეგად არასწორად არის დაკორექტირებული დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა და მომჩივანზე არასწორად არის დამატებით დარიცხული გადასახადი და ჯარიმა.
ასევე, არასწორია და არ შეესაბამება სინამდვილეს, რომ ინდ. მეწარმის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა შემოსავალმა 100 000 ლარს გადააჭარბა 2023 წლის 19 აპრილს. აღნიშნული დადგა არა 2023 წლის 19 აპრილს, არამედ უფრო გვიან. შეეცდება დაამტკიცოს თავისი სიმართლე.
მომჩივანი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლზე და ითხოვს მოცემული ფაქტობრივი გარემოებების უკეთ შესწავლას და ზუსტ გაანგარიშებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 165-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დასაბეგრი პირი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ვალდებულია მის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების ჯამური თანხის 100 000 ლარისთვის გადაჭარბების დღიდან, არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით, მიმართოს საგადასახადო ორგანოს.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დასაბეგრ პირს დღგ-ის გამოანგარიშების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციების ჯამურმა თანხამ 100 000 ლარს გადააჭარბა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურება გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 1.09.2025 წლის №77640-21-14 წერილი, სადაც მითითებულია, რომ შესამოწმებელ პერიოდში მეწარმის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები პოს-ტერმინალით და სალარო აპარატით ჯამურად შეადგენს 454 893 ლარს. შემოწმების შედეგსა და დეკლარირებულ ბრუნვას შორის გამოვლინდა სხვაობა. შესაბამისად, დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა შემოსავალმა 100 000 ლარს გადააჭარბა 2023 წლის 19 აპრილს. აღსანიშნავია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მიღებულ შემოსავალში გათვალისწინებულია სალარო აპარატით და საბანკო პოს-ტერმინალით მიღებული შემოსავლები, რომელსაც გამოკლებული აქვს უკან დაბრუნებული თანხები. მიღებულ დასაბეგრ ბრუნვაში არ მონაწილეობს პირადი გადარიცხვები და ხელფასის სახით მიღებული ანაზღაურება.
ამასთან, მომჩივანს საგადასახადო დავის არცერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია ისეთი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 23 მაისის №082-4 საგადასახადო მოთხოვნის შესაბამისად, მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 57 813.07 ლარი. მათ შორის, გადასახადი - 35 733.58 ლარი, ჯარიმა - 11 196.75 ლარი და საურავი - 10 882.74 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 43-ე, 269-ე, 270-ე, 275-ე, 282-ე მუხლებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები. ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, შემოწმების შედეგად შეფარდებული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, აღნიშნულ ნაწილში, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მეწარმის მიერ სარესტორნო მომსახურება ფაქტობრივად დაწყებულია 2023 წელს. შესაბამისად, შემოწმების აქტში აღნიშნული გარემოებები გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით. მომჩივანი ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციებისგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი, მე-2, 21 , 22 ნაწილების თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით. 2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
შემოწმების შედეგად, მომჩივანს დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა 9 313 ლარის ოდენობით. ასევე, საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე, მეწარმე დაჯარიმდა 1 884 ლარით. ამასთან, გადასახადის გადამხდელს საურავის სახით შეეფარდა 10 882 ლარი.
მომჩივანმა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ არასწორად/შეცდომით ჰქონდა ამობეჭდილი ჩეკები. ამასთან, ბუღალტერი იყო არაკვალიფიციური. შესაბამისად, შემოწმების აქტში აღნიშნული გარემოებები გამოწვეულია შეცდომით/არცოდნით. მომჩივანი ითხოვს, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციებისგან.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით და მომჩივანი, როგორც კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, უნდა გათავისუფლდეს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმისგან. ამასთან, საბჭომ მიზანშეუწონლად მიიჩნია საგადასახადო კოდექსის 275-ე და 272-ე მუხლების საფუძველზე შეფარდებული სანქციებისგან მომჩივნის გათავისუფლება.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმისგან;
3. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ გადაწყვეტილების შესაბამისად განახორციელოს გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; 5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება.
ფაქტობრივი გარემოებები
შესამოწმებელ პერიოდში მეწარმის ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები პოსტერმინალითა და საკონტროლო-სალარო აპარატით ჯამურად შეადგენს 454 893 ლარს. შემოწმების შედეგად დადგენილსა და დეკლარირებულ ბრუნვას შორის გამოვლინდა სხვაობა, რომლის შედეგად დაკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შემოწმებით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებულმა შემოსავალმა 100 000 ლარს გადააჭარბა 2023 წლის 19 აპრილს. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
ამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით და მომჩივანი, როგორც კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი, უნდა გათავისუფლდეს საგადასახადო კოდექსით 282-ე მუხლის საფუძველზე დაკისრებული ჯარიმისგან. ამასთან, საბჭომ მიზანშეუწონლად მიიჩნია საგადასახადო კოდექსის 275-ე და 272-ე მუხლების საფუძველზე შეფარდებული სანქციებისგან მომჩივნის გათავისუფლება.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159; 269(7)