გადაწყვეტილება №20675/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.10.2023
№ დოკუმენტი 20675/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20675/2/2023

13 ოქტომბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს-ს ყოფილი დირექტორი (ს/ნ "------" )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,28.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "-----"-ს ყოფილი დირექტორი "--------" -ის 26.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20675/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 9.01.2023 წლის №30 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 20.02.2023 წლის №074-3 საგადასახადო მოთხოვნა;

2. აუდიტის დეპარტამენტის 20.02.2023 წლის №2982 ბრძანება;

3. შემოსავლების სამსახურის 28.06.2023 წლის №15018 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 970 074 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 539 564

დღგ - 221 110

საშემოსავლო გადასახადი - 318 454

ჯარიმა - 274 169

საურავი - 156341

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

აუდიტის დეპარტამენტის 6.07.2021 წლის №21967, 29.07.2021 წლის №25059 და 5.11.2021 წლის №34825 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 25.11.2020-1.08.2021 წლების საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 13.12.2021 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

- გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდებოდა ხე-ტყის მასალისა და წყლის გამაცხელებლების შეძენა. იმპორტის რეჟიმით შემოტანილი ჰქონდა დახერხილი წიწვოვანი ხეტყის მასალა და აკრილის ლაქი. აღნიშნული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაწილი საწარმოს დოკუმენტურად ჰქონდა რეალიზებული შესამოწმებელ პერიოდში. შემოწმების პროცესში გადამხდელმა არ წარადგინა ბუღალტრულ აღრიცხვასთან დაკავშირებული, ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შესაბამისად, უცნობი იყო პერიოდის ბოლოს სმფ-ების საბოლოო ნაშთი. გადამხდელს არ გააჩნდა საწყობი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ჩაითვალა, რომ საწარმოს სმფ-ები არ გააჩნდა. შეძენილ და დოკუმენტურად რეალიზებულ სმფ-ებს შორის სხვაობა შესაბამისი ფასნამატის გათვალისწინებით აისახა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. შედეგად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

- საზოგადოებას შემოწმების პროცესში არ აქვს წარდგენილი ბუღალტრულ აღრიცხვასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. დირექტორის ზეპირსიტყვიერი ახსნა-განმარტებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს 01.08.2021 წლის მდგომარეობით საზოგადოებას დებიტორული და კრედიტორული დავალიანება არ გააჩნდა. ფულადი სახსრების ნაშთი სალაროში შეადგენდა ნულს. შესაბამის საანგარიშო პერიოდებში საწარმოს რეალიზებული საქონლის მიხედვით საკომპენსაციო თანხა სრულად აქვს მიღებული. აღნიშნული რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების გამოკლებით განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად

- კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში საგადასახადო ორგანოში წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით, ჩასათვლელი დღგ-ის თანხა დაფიქსირებული აქვს სულ 98 663 ლარი. გადასახადის გადამხდელს 2021 წლის აპრილის, მაისის და ივნისის საანგარიშო პერიოდებში მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (შეძენილი აქვს ხე-ტყის მასალა), ასევე უფიქსირდება საბაჟოზე იმპორტის რეჟიმით ხე-ტყის მასალის შემოტანა. აღნიშნულ ოპერაციებზე კომპანიას არ აქვს მიღებული დღგ-ის ჩათვლა. სსკ-ის 174-ე მუხლის შესაბამისად კომპანიას დაუკორექტირდა (გაეზარდა) ჩასათვლელი დღგ-ის თანხები 15 418 ლარით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 22.12.2021 წლის №39766 ბრძანება და 23.12.2021 წლის №074- 42 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შპს „----- -ის “ (ს/ნ "------" ) ყოფილი დირექტორის "------"-ის (პ/ნ "-------") მიერ შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 9.01.2023 წლის №30 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს ხე-ტყის მასალის დახერხვასთან დაკავშირებული ხარჯის ოდენობა განსაზღვრა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე5 ნაწილის მიხედვით და აღნიშნულის გათვალისწინებით, საწარმოს დირექტორზე ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას);

- მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტების მიზნით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შეესწავლა სადავო საკითხი და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განეხორციელებინა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 9.01.2023 წლის №30 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 26.01.2023 წლის დასკვნის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა სულ 23 358 ლარი, მათ შორის გადასახადი 15 572 ლარი, ხოლო ჯარიმა 7 786 ლარი. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 20.02.2023 წლის №074-3 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა

აღნიშნული მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 28.06.2023 წლის №15018 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 304-ე მუხლის 21 ნაწილით და განმარტავს, რომ სადავო საკითხებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან გადამხდელს სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც არ გაუხდია სადავოდ 27.05.2022 წლის საჩივრით, შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის შესასრულებლად. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არ ეთანხმება აღსრულების შედეგებს და ითხოვს გამოსაქვით ხარჯებში ტრანსპორტირების ხარჯის გათვალისწინებას. მიუთითებს, რომ ამჟამად მისი მხრიდან მიმდინარეობს გადამზიდავებთან შედარება. მომჩივანი არ ეთანხმება მოგების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. აცხადებს, რომ ამჟამად მიმდინარეობს ბუღალტერიის აღდგენა შესამოწმებელ პერიოდში დებიტორების დადგენის მიზნით, რაც შეამცირებს მოგების გადასახადში განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

ითხოვს საგადასახადო ვალდებულებების სწორად განსაზღვრის მიზნით, ხელახალი სრული კამერალური საგადასახადო შემოწმების ჩატარებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახურის 9.01.2023 წლის №30 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 26.01.2023 წლის დასკვნა, რომლიდანაც ირკვევა, რომ მომჩივანს სხვადასხვა პირებისგან მიღებული აქვს მორების დახერხვის მომსახურება, რაზეც არ არსებობს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი. შემოწმებამ დახერხვის მომსახურების ღირებულებად გამოიყენა მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი აუდირებული გადამხდელების ღირებულება (30 ლარი 1 მ 3 დახერხვა). აღნიშნულის გათვალისწინებით შემცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირებული თანხა, ასევე მიღებული ანგარიშფაქტურების საფუძველზე, გადაანგარიშების შედეგად გაიზარდა დღგ-ის ჩასათვლელი თანხების ოდენობა.

შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს გადაანგარიშების შედეგად, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხა შეუმცირდა სულ 23 358 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 15 572 ლარი, ხოლო ჯარიმა 7 786 ლარი.

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში ითხოვს ტრანსპორტირების ხარჯების გათვალისწინებას. რაზეც აუდიტის დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს შემოწმებისათვის არ მიუწოდებია პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, შესაბამისად ტრანსპორტირების ხარჯები არ იქნა გათვალისწინებული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელმა აუდიტის დეპარტამენტს არ მიაწოდა პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების შემცირება, შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის 9.01.2023 წლის №30 ბრძანება აღსრულებულია კანონშესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი არ ეთანხმება აღსრულების შედეგებს და ითხოვს გამოსაქვით ხარჯებში ტრანსპორტირების ხარჯის გათვალისწინებას.

ითხოვს საგადასახადო ვალდებულებების სწორად განსაზღვრის მიზნით, ხელახალი სრული კამერალური საგადასახადო შემოწმების ჩატარებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდებოდა ხე-ტყის მასალისა და წყლის გამაცხელებლების შეძენა. იმპორტის რეჟიმით შემოტანილი ჰქონდა პროდუქცია. აღნიშნული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაწილი საწარმოს დოკუმენტურად ჰქონდა რეალიზებული შესამოწმებელ პერიოდში. შემოწმების პროცესში გადამხდელმა არ წარადგინა ბუღალტრულ აღრიცხვასთან დაკავშირებული, ინფორმაცია/დოკუმენტაცია, შესაბამისად, უცნობი იყო პერიოდის ბოლოს სმფ-ების საბოლოო ნაშთი. გადამხდელს არ გააჩნდა საწყობი.ჩაითვალა, რომ საწარმოს სმფ-ები არ გააჩნდა. შეძენილ და დოკუმენტურად რეალიზებულ სმფ-ებს შორის სხვაობა შესაბამისი ფასნამატის გათვალისწინებით აისახა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში. შედეგად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.

საწარმოს რეალიზებული საქონლის მიხედვით საკომპენსაციო თანხა სრულად აქვს მიღებული. აღნიშნული რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯების გამოკლებით განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

კომპანიას შესამოწმებელ პერიოდში საგადასახადო ორგანოში წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციების მიხედვით, ჩასათვლელი დღგ-ის თანხა დაფიქსირებული აქვს სულ 98 663 ლარი. გადასახადის გადამხდელს 2021 წლის აპრილის, მაისის და ივნისის საანგარიშო პერიოდებში მიღებული აქვს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები,ასევე უფიქსირდება საბაჟოზე იმპორტის რეჟიმით ხე-ტყის მასალის შემოტანა. აღნიშნულ ოპერაციებზე კომპანიას არ აქვს მიღებული დღგ-ის ჩათვლა. სსკ-ის 174-ე მუხლის შესაბამისად კომპანიას დაუკორექტირდა ჩასათვლელი დღგ-ის თანხები .

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელმა აუდიტის დეპარტამენტს არ მიაწოდა პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაცია, ამასთან, აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების შემცირება, შესაბამისად, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შემოსავლების სამსახურის ბრძანება აღსრულებულია კანონშესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

174,275.