ბრძანება N 23741

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 28.10.2025
№ დოკუმენტი 23741
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 23741

28 ოქტომბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“-ის (ს/ნ ----------------)

(მის.: ---------------------------------)

2025 წლის 31 ივლისის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 9 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №85) განიხილა შპს „-------“-ის (ს/ნ ----------------) №-------/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 9 ივლისის №006-250 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით სესხის ნაწილის დირექტორის მიერ მიღებული ხელფასად კვალიფიკაციას. განმარტავს, რომ შემოწმების დროს წარდგენილი აქვთ სესხის ხელშეკრულებები, ასევე მეორე კომპანიის ბუღალტერია, რომლის მიხედვითაც დგინდება სესხის სრულად ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება.

2025 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, შპს „-----“-ს სალაროში არსებული ფულის ნაშთი შეადგენდა 88 247 ლარს, რომელიც სრულად იქნა გახარჯული 2025 წლის 3 ივლისს, რაც დასტურდება იმპორტის დეკლარაციებით. შესაბამისად გაუგებარია, შპს „------“-ში არსებულ ფულის ნაშთზე, რომელიც სრულად არის გამოყენებული და გახარჯული ეკონომიკურ საქმიანობაში, რატომ არიცხავენ შპს „-----“-ში საშემოსავლო გადასახადს. შემოწმებამ არ გაითვალისწინა მათი არგუმენტი და 2025 წლის 30 ივნისის მდგომარეობით შპს „-----“-ს სალაროში არსებული ფულის ნაშთი, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სრულად გაიხარჯა საქონლოს შესაძენად 3 დღეში, დაბეგრა საშემოსავლო გადასახადით შპს „-----“-ში, რადგან მიიჩნია, რომ აღნიშნული იყო არამიზნობრივად გაცემული სესხი და შპს „------“- ს აღნიშნული თანხა არ სჭირდებოდა. აღნიშნული თანხა შპს „-----“-ს გამოყენებული აქვს საქონლის შესაძენად, კერძოდ, 3 ივლისს გაცემულია თანხები სალაროდან საქონლის შესაძენად, ხოლო საქონლის შეძენა ფიქსირდება 2025 წლის 4 და 8 ივლისის იმპორტის დეკლარაციებით.

2. გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს სანქციისაგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 15 მაისის №9707 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“-ის (ს/ნ ----------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2024 წლის პირველი ივლისიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 30 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა 2025 წლის 9 ივლისს გამოსცა №15563 ბრძანება და №006-250 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 37 252 ლარი, მათ შორის, გადასახადი 23 282 ლარი, ჯარიმა 11 641 ლარი და საურავი 2 329 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

შპს „-----“ (ს/ნ----------) გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2024 წლის პირველ ივლისს და ამავევ პერიოდში დარეგისტრირდა დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად. საქმიანობის სფეროს წარმოადგენს მარცვლეულის იმპორტი და მისი საბითუმო რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე, ამასთან რეალიზაცია ხდება მხოლოდ შესაბამისი პირველადი საგადასახადო დოკუმენტის მეშვეობით. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს უფიქსირდება სულ 6 930 780 კილოგრამი მარცველულის იმპორტი, რომელიც სრულად არის რეალზიებული ამავე პერიოდში. გადამხდელის მიერ დეკლარირებულმა ფასნამატმა შეადგინა ხორბლის ნაწილში 11.75%, ხოლო სიმინდის ნაწილში 7.64%. გადამხედელს წარმოდგენილი აქვს ნულოვანი მოგებისა და საშემოსავლო გადასახადის დეკალრაციები, შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელის მხრიდან წარმოდგენილი საბუღალტრო პროგრამა "ორისი"- ის მიხედვით დგინდება, რომ 2024 და 2025 წლებში საწარმოს მიღებული მოგებიდან 309 000 ლარის სესხად გაცემა ხდება ურთიერთდამოკიდებულ საწარმოზე (შპს „------“ ს/ნ ------) რომლის დამფუძნებელსაც ისევე, როგორც შპს „-------“-ის (ს/ნ ----------------) დამფუძნებელს წარმოადგენს პ/ფ --------ძე (პ/ნ --------). ყველა სესხის გაცემა ხდება ნაღდი ანგარიშსწორებით, შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელის მხრიდან ვერ იქნა წარმოდგენილი აღნიშნული სესხის ნაწილზე მიზნობრიობასთან დაკავაშირებული არგუმენტაციები. იმ ნაწილზე რომლის გაცემის მიზნობრიობაც ვერ დადასტურდა შემოწმების მიმდინარეობისას დაკვალიფიცირდა, როგორც მისი გაცემის მომენტში დირექტორის მიერ მიღებული ხელფასი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრი შემოსავალი იბეგრება 20 პროცენტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

შემოწმებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, გადასახადის გადამხდელის მხრიდან წარმოდგენილი საბუღალტრო პროგრამა "ორისი"- ის მიხედვით დადგინდა, რომ 2024 და 2025 წლებში საწარმოს მიღებული მოგებიდან 309 000 ლარის სესხად გაცემა განხორციელდა ურთიერთდამოკიდებულ საწარმოზე (შპს „-----“ ს/ნ -------), რომლის დამფუძნებელსაც ისევე, როგორც შპს „------“-ის (ს/ნ -------) დამფუძნებელს წარმოადგენს პ/ფ---------ძე (პ/ნ --------). შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელის მხრიდან ვერ იქნა წარმოდგენილი აღნიშნული სესხის ნაწილზე მიზნობრიობასთან დაკავაშირებული არგუმენტაციები. შემოწმების მიერ სესხის ის ნაწილი, რომლის გაცემის მიზნობრიობაც ვერ დადასტურდა, დაკვალიფიცირდა, როგორც მისი გაცემის მომენტში დირექტორის მიერ მიღებული ხელფასი და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადამხდელის არგუმენტაციაზე, სადაც აღნიშნავს, რომ 2025 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, სესხის მიმღები კომპანიის (შპს „-----“) მიერ სალაროში არსებული ფულის ნაშთი 88 247 ლარი, სრულად იქნა გახარჯული 2025 წლის 3 ივლისს, რაც დასტურდება იმპორტის დეკლარაციებით. თანხა შპს „-------“-ს გამოყენებული აქვს საქონლის შესაძენად, კერძოდ, 3 ივლისს გაცემულია თანხები სალაროდან საქონლის შესაძენად, ხოლო საქონლის შეძენა ფიქსირდება 2025 წლის 4 და 8 ივლისის იმპორტის დეკლარაციებით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, თუ დადასტურდება სესხის მიმღები კომპანიის მიერ სესხის მიღების/საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში გახარჯვის ფაქტი, სესხის ნაწილის დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირების საფუძვლით დარიცხული თანხები დაექვემდებაროს შემცირებას.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

21 .საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

22 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“-ის (ს/ნ ----------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, თუ დადასტურდება სესხის მიმღები კომპანიის მიერ სესხის მიღების/საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში გახარჯვის ფაქტი, სესხის ნაწილის დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირების საფუძვლით დარიცხული თანხები დაექვემდებაროს შემცირებას;

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით სესხის ნაწილის დირექტორის მიერ მიღებული ხელფასად კვალიფიკაციას.საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ითხოვს სანქციისაგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის №9707 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2024 წლის პირველი ივლისიდან 2025 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა №15563 ბრძანება და №006-250 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 37 252 ლარი, მათ შორის, გადასახადი 23 282 ლარი, ჯარიმა 11 641 ლარი და საურავი 2 329 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით ირკვევა, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს უფიქსირდება სულ 6 930 780 კილოგრამი მარცველულის იმპორტი, რომელიც სრულად არის რეალზიებული ამავე პერიოდში. გადამხდელის მიერ დეკლარირებულმა ფასნამატმა შეადგინა ხორბლის ნაწილში 11.75%, ხოლო სიმინდის ნაწილში 7.64%. გადამხედელს წარმოდგენილი აქვს ნულოვანი მოგებისა და საშემოსავლო გადასახადის დეკალრაციები, შემოწმების მიმდინარეობისას გადასახადის გადამხდელის მხრიდან წარმოდგენილი საბუღალტრო პროგრამა "ორისი"- ის მიხედვით დგინდება, რომ 2024 და 2025 წლებში საწარმოს მიღებული მოგებიდან 309 000 ლარის სესხად გაცემა ხდება ურთიერთდამოკიდებულ საწარმოზე რომლის დამფუძნებელსაც ისევე, როგორც მომჩივანის დამფუძნებელს წარმოადგენს . ყველა სესხის გაცემა ხდება ნაღდი ანგარიშსწორებით, შემოწმების მიმდინარეობისას გადამხდელის მხრიდან ვერ იქნა წარმოდგენილი აღნიშნული სესხის ნაწილზე მიზნობრიობასთან დაკავაშირებული არგუმენტაციები. იმ ნაწილზე რომლის გაცემის მიზნობრიობაც ვერ დადასტურდა შემოწმების მიმდინარეობისას დაკვალიფიცირდა, როგორც მისი გაცემის მომენტში დირექტორის მიერ მიღებული ხელფასი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, თუ დადასტურდება სესხის მიმღები კომპანიის მიერ სესხის მიღების/საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობაში გახარჯვის ფაქტი, სესხის ნაწილის დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაკვალიფიცირების საფუძვლით დარიცხული თანხები დაექვემდებაროს შემცირებას.

ხოლო,საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9 „ბ“); 101(1); 154(1 „ა“.2 „ა“ და „ბ“); 269(7);