გადაწყვეტილება №21139/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 25.01.2024
№ დოკუმენტი 21139/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21139/2/2023

25 იანვარი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,17.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „--------“-ს 23.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21139/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 30.06.2020 წლის №17712 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 31.05.2022 წლის №021-51 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 5.10.2023 წლის №24556 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 612 767 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 326 922

დღგ - 214 150

მოგების გადასახადი - 85 691

საშემოსავლო გადასახადი -23 284

ქონების გადასახადი - 3 797

ჯარიმა - 8 829

საურავი - 277 016

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა მზესუმზირის, ბურბუშელის, სუხარების და სხვა მსგავსი პროდუქციის წარმოება.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2016 წლიდან 1.06.2019 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა, 2019 წლის 20 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

- გადასახადის გადამხდელს ძირითადი ნედლეულის (მზესუმზირის) ნაწილი შემოტანილი აქვს იმპორტით, ხოლო, ნაწილი შეძენილი აქვს ადგილობრივ ბაზარზე. შემოწმებით, შესწავლილ იქნა გადასახადის გადამხდელის ადგილობრივი მომწოდებლების შესახებ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზებში არსებული მონაცემები, ასევე, მომწოდებლებისგან მიღებულ იქნა ახსნაგანმარტებები და დოკუმენტაცია, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი მზესუმზირის ნაწილი არის ადგილობრივი წარმოების, სოფლის მეურნეობის პროდუქცია სამრეწველო გადამუშავებამდე (კოდის შეცვლამდე). გადასახადის გადამხდელს აღნიშნულ პროდუქციაზე მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა.

საგადასახადო ორგანომ, საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ თუკი საქონლის გამყიდველი გათავისუფლებული იყო დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით, შემძენის მიერ დღგ-ის ჩათვლა არამართლზომიერია, რადგან მყიდველი ვერ მიიღებს ჩათვლას იმ საქონელზე, რომელიც დღგ-ით არ იბეგრება. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმებით, გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული დღგ-ის ჩათვლა დაექვემდებარა შემცირებას;

- გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული პროგრამისა და ხელშეკრულებების ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ გადასახადის გადამხდელს გადახდის წყაროსთან არ აქვს დაკავებული გადასახადის გადამხდელის მოწმობის არმქონე ფიზიკური პირისთვის გადახდილი საიჯარო მომსახურების ღირებულება.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, შემოწმებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა განისაზღვრა საიჯარო ქირის სახელშეკრულებო ღირებულების მოცულობით. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 22.11.2019 წლის №40636 ბრძანება და 25.11.2019 წლის №021-149 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 30.06.2020 წლის №17712 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ:

- პირველ სადავო საკითხზე:

ა) აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით შეძენილ მზესუმზირაზე მიღებული დღგ-ის ჩათვლების გაუქმების მართლზომიერების საკითხის დამატებით ყოველმხრივ შესწავლა/გამოკვლევა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

ბ) გადასახადის გადამხდელი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, გათავისუფლდა შეძენილ მზესუმზირაზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის საფუძველზე, დღგ-ის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის, საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად დაკისრებული ჯარიმისგან;

- მე-2 სადავო საკითხზე საჩივარი დაკმაყოფილდა. აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე დარიცხული თანხების შემცირება;

- მე-3 სადავო საკითხზე:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები;

ბ) მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტმა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

გ) გადასახადის გადამხდელი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდა ამავე კოდექსის 309-ე მუხლის 92-ე და 93-ე ნაწილების შესაბამისად, ჩასათვლელი მოგების გადასახადის არასწორად განსაზღვრის საფუძვლით, მოგების გადასახადის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის, საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმისგან;

- მე-4 სადავო საკითხზე, გადასახადის გადამხდელი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, გათავისუფლდა სალაროს ანგარიშზე არსებული უძრავი ნაშთის, სალაროს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საფუძვლით, მოგების გადასახადის დეკლარაციებში გადასახადის შემცირებისთვის, საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმისგან;

- მე-5 სადავო საკითხზე, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, დებიტორული მოთხოვნის უსასყიდლო აქტივის მიწოდებად განხილვის საკითხის შესწავლა შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული „საგადასახადო შემოწმებისას გასატარებელი ღონისძიებების სახელმძღვანელოს“ №2657 სიტუაციური სახელმძღვანელოს გათვალისწინებით და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

- მე-8, მე-9 და მე-10 სადავო საკითხებთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები;

ბ) მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტმა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

- მე-11 სადავო საკითხზე, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე აღურიცხავად მიჩნეულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებთან (ყუთები) დაკავშირებით, საქონლის შეძენის პირველადი საგადასახადო დოკუმენტების დამატებით შესწავლა და საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ორივე პირობის ერთდროულად არსებობის დაუდასტურებლობის შემთხვევაში, დაკისრებული ჯარიმის კორექტირების (შემცირების) უზრუნველყოფა;

- მე-12 სადავო საკითხზე, საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის საფუძველზე შეფარდებული ჯარიმების - 3 600 ლარის ნაცვლად, გადასახადის გადამხდელს შეეფარდა ჯარიმა 100 ლარის ოდენობით; - დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა

შემოსავლების სამსახურის 30.06.2020 წლის №17712 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 16 მაისის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 303 724 ლარით, დასკვნის საფუძველზე გამოიცა 2022 წლის 31 მაისის №021-51 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 18.10.2022 წლის №26419 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა:

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს „C“ სიდიდის გაანგარიშებისა და ჩასათვლელი მოგების გადასახადის განსაზღვრის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

- მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, ინვენტარიზაციით გამოვლენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობების (ყუთების) ფაქტობრივი ნაშთით 2016 წლის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბოლოო ნაშთის გაზრდის საფუძვლით დარიცხული თანხები დაუქვემდებაროს შემცირებას;

- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 18.10.2022 წლის №26419 ბრძანება, არ დაკმაყოფილებულ სადავო საკითხების ნაწილში, გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 23.12.2022 წლის №18133/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით შეძენილ მზესუმზირაზე დღგ-ის ჩათვლების გაუქმების ნაწილში, საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

შემოსავლების სამსახურის 5.10.2023 წლის №24556 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის შინაარსზე, აღნიშნავს, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა დამატებით შეესწავლა/გამოეკვლია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით შეძენილ მზესუმზირაზე მიღებული დღგ-ის ჩათვლების გაუქმების მართლზომიერების საკითხი. აუდიტის დეპარტამენტს ასევე დაევალა, შეძენილ მზესუმზირაზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის საფუძველზე დღგ-ის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის დაკისრებული ჯარიმის შემცირება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად. საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების ეტაპზე სადავო საკითხი დამატებით იქნა შესწავლილი საგადასახადო შემოწმების მიერ, კერძოდ, საგამოძიებო სამსახურიდან და ადგილობრივი მომწოდებლებისგან გამოთხოვილ იქნა დოკუმენტაცია, რომელთა შესწავლის შედეგად იმ შემთხვევებში, სადაც საქონლის ადგილობრივი წარმოშობა არ დადასტურდა, შემოწმების აქტით გაუქმებული ჩათვლილი დღგ-ის თანხა დაექვემდებარა აღდგენას. ამასთან, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა ამ ნაწილში დარიცხული ჯარიმა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებაში ყურადღება გამახვილებულია მომწოდებელ მხარესთან დარიცხული დღგის შემცირების საკითხზე, რასთან დაკავშირებითაც, აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ დღეის მდგომარეობით შპს „--------“-თან მიმართებით დარიცხვა დარჩენილია მხოლოდ მომწოდებელ ი/მ "------"-სგან (ს/ნ "-----") მიღებულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებზე. მეწარმესთან ჩატარებულია საგადასახადო შემოწმება და გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა ქართული მზესუმზირის (მათ შორის, შპს „--------“-ზე მიწოდებული) რეალიზაციის საფუძველზე დარიცხული დღგ. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით მომწოდებელ ი/მ"-----"- ზე ქართული მზესუმზირის მიწოდებაზე დღგ-ის დარიცხვა არ ფიქსირდება.

შემოსავლების სამსახურმა სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო შემოწმების აქტის გადაანგარიშების შესაბამისი დასკვნის და შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნის მიხედვითაც აშკარაა, რომ ბოლომდე არ არის შემცირებული შემოწმების აქტით დარიცხული გადასახადებისა და სანქციის თანხების ის ნაწილი, რომელიც უნდა შესწავლილიყო და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში შემცირებულიყო ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოს 23.12.2022 წლის №18133/2/2022 გადაწყვეტილების შესაბამისად. შემოსავლების სამსახური ყოველგვარი მტკიცებულებებისა და კანონიერი საფუძვლის გარეშე არ ახდენს უკანონოდ დარიცხული თანხების შემცირებას. არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 5 ოქტომბრის №24556 ბრძანებით მიღებულ გადაწყვეტილებას, მასში მოყვანილი არგუმენტაციისა და ფაქტების სისწორეს და წარმოადგენს არგუმენტებს, შემოსავლების სამსახურის დარიცხვების არამართებულობასა და თანხების არასრულად შემცირებასთან დაკავშირებით. მიაჩნია, რომ დასკვნაში მოცემული თანხები დათვლილია არასწორად და არ არის გათვალისწინებული დარიცხულ თანხებთან დაკავშირებული არსებითი გარემოებები.

შპს „--------“არის მარცვლოვანი პროდუქტების ერთ-ერთ მსხვილ მწარმოებელი და აღნიშნული დარგის ერთ-ერთი ლიდერი კომპანია საქართველოში და გააჩნია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი წარმოება. კომპანიის წარმოება განთავსებულია დასავლეთ საქათველოში, სადაც დასაქმებულია 80-მდე თანამშრომელი.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის აუდიტორებს დაევალათ აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშება, თუმცა შემმოწმებელების მიერ თანხების შემცირება არ მომხდარა. უფრო სწორად, თანხების შემცირება მოხდა გაცილებით უფრო ნაკლები თანხით, ვიდრე უნდა მომხდარიყო.

შემოწმების აქტის გადაანგარიშების პროცესი გაგრძელდა ზუსტად 2 წლის განმავლობაში, რამაც კომპანიას მიაყენა როგორც მატერიალური, ასევე სხვა სახის ზიანი გამოდინარე იქედან, რომ ყველა დაგეგმილი პროექტი რაც უნდა განეხორციელებინა ვერ განახორციელა.

საგადასახადო დავის წარმოების წინა ეტაპებზე წარდგენილი იქნა მთელი რიგი არგუმენტები რისი მიხედვითაც ამტკიცებდა, რომ კომპანიის მიერ შეძენილი მზესუმზირის საქართველოში წარმოებულად მიჩნევის საკითხი არ იყო სათანადოდ შესწავლილი, რის გამოც საგადასახადო შემოწმების შედეგად ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის გარეშე დაერიცხა დღგ-ის თანხები. ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოს 23.12.2022 წლის №18133/2/2022 გადაწყვეტილებაში პირდაპირ არის მინიშნება აღნიშნული შეუსაბამობებისა და იმ მნიშვნელოვანი მომენტების შესახებ რაც არ იქნა შესწავლილი შემოსავლების სამსახურის მიერ. აღნიშნულის გამო, ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების საბჭომ ზემოთ აღნიშნულ ნაწილში გააუქმა შემოსავლების სამსახურის მანამდე გამოცემული ბრძანება და საკითხი ხელახლა შესასწავლად დააბრუნა შემოსავლების სამსახურში.

აღნიშნულის მიუხედავად, შემოსავლების სამსახური აგრძელებს მათი თხოვნისა და ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების საბჭოს გადაწყვეტილების სრულ იგნორირებას და ყოველგვარი კანონიერი საფუძვლის არსებობის გარეშე უარს აცხადებს დარიცხული თანხების შემცირებაზე.

შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 5 ოქტომბრის №24556 ბრძანებაში არ არის პასუხი გაცემული იმ კითხვებსა თუ არგუმენტებზე, რაც კომპანიას გააჩნია დავის საგანთან და რაზე პასუხსაც საგადასახადო დავის წარმოების პირველივე დღიდან ითხოვს.

ზემოთ ხსენებული ბრძანება ეხება კომპანიის მიერ შეძენილი მზესუმზირის საქართველოში წარმოებულ პროდუქტად მიჩნევა/არ მიჩნევას და აღნიშნული საკითხიდან გამომდინარე, კომპანიის მიერ დღგ-ის ჩათვლის მართლზომიერად მიჩნევა/არ მიჩნევის საკითხს. შემოსავლების სამსახურის ზემოთ ხსენებულ ბრძანებაში აღნიშნულია, რომ შემოსავლების სამსახურმა სრულად მოახდინა ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოს 23.12.2022 წლის №18133/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულება და სრულფასოვნად მოახდინა ზემოთ ხსენებული დავის საგნის შესწავლა. როგორც შემოსავლების სამსახურის №24556 ბრძანებაშია აღნიშნული, აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა საკითხის დამატებით შესწავლა, კერძოდ, გამოთხოვილ იქნა ადგილობრივი მომწოდებლების გამოკითხვის ოქმები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან, ასევე, ადგილობრივი მომწოდებლებისგან მიღებულ იქნა ადგილობრივი წარმოების მზესუმზირის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომლითაც დასტურდება, რომ ერთ-ერთი მომწოდებლის მიერ შპს „--------“-სთვის მიწოდებული საქონლის ის ნაწილი, რომელზეც გაუქმდა დღგის ჩათვლები იყო ქართული წარმოების სოფლის მეურნეობის პროდუქცია და შეძენილი იყო ადგილობრივ ბაზარზე გლეხებისგან.

გამომდინარე იქედან, რომ კომპანიის მიერ შეძენილი მზესუმზირის საქართველოში წარმოებულად მიჩნევა/არ მიჩნევის საკითხს და მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ მტკიცებულებას საგადასახადო დავის წარმართვისა და კომპანიის სიმართლის დამტკიცებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა გააჩნია. ასევე გამომდინარე იქედან, რომ ადმინისტრაციული კანონმდებლობისა და 2011 წლის 14 დეკემბრის საქართველოს მთავრობის №473 დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ნებისმიერ პირს უფლება აქვს გამოითხოვოს მის შესახებ დაცული ინფორმაცია ან/და დოკუმენტაცია დავის განმხილველი (ადმინისტრაციული) ორგანოდან, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ საგადახადო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივრის განხილვისას ხელმძღვანელობს სამართლიანობის, ობიექტურობის, მხარეთა თანასწორობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებით, კომპანია დიდი ხანია ითხოვს საქონლის ადგილობრივი მომწოდებლების გამოკითხვის ოქმების მიწოდებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან, ასევე, ნებისმიერი მტკიცებულებების წარდგენას შემოსავლების სამსახურის მხრიდან, რაც ამ მომენტისთვის დაცულია შემოსავლების სამსახურში და კომპანიისთვის მიწოდებული მზესუმრიზის საქართველოში წარმოებას ამტკიცებს, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული პირდაპირი ვალდებულებისა, შემოსავლების სამსახური არ აწვდის არანაირ მტკიცებულებებს, რომელიც დაამტკიცებდა შეძენილი საქონლის საქართველოში წარმოებას, რაც საშუალებას მოსცემდა დარწმუნებულიყო შემოსავლების სამსახურის პოზიციისა და მათი არგუმენტაციის სისწორეში, ასევე მოსცემდა შესაძლებლობას წარმოედგინა შესაბამისი კონტრარგუმენტები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ასეთის არსებობის შემთხვევაში, რაც საბოლოო ჯამში უფრო გამჭვირვალესა და სამართლიანს გახდიდა საგადასახადო დავის წარმოების პროცესს. თუმცა, შემოსავლების სამსახური საერთოდ არ რეაგირებს მათ განცხადებებსა და მოთხოვნებზე და არ აწვდის არანაირ დოკუმენტაციასა და მტკიცებულებებს საქონლის საქართველოში წარმოებულად მიჩნევასთან მიმართებაში.

გარდა ამისა, შემოსავლების სამსახურის №24556 ბრძანებაში არასწორად არის აღნიშნული იმის შესახებ, რომ კომპანიის მომწოდებელ ფიზიკურ პირს სრულად შეუმცირდა დარიცხული თანხები დღგ-ის ნაწილში, მაშინ როდესაც აშკარაა, რომ აღნიშნულ პირს დღემდე ერიცხება საგადასახადო დავალიანება კომპანიაზე მოწოდებულ საქონელზე დარიცხული დღგ-ის ნაწილში, რაც მეორეს მხრივ ადასტურებს იმას, რომ ამ უკანასკნელ შემთხვევაში აღნიშნული დღგ-ის ჩათვლა კომპანიის მხარეს არ უნდა გაუქმებულიყო.

გარდა ამისა საჩივარში, რაც საფუძვლად დაედო ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 23.12.2022 წლის №18133/2/2022 გადაწყვეტილებას, ჩამოთვლილია 7 არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ არის შესწავლილი შემოსავლების სამსახურის მიერ კომპანიაზე მიწოდებული საქონლის საქართველოში წარმოებულად მიჩნევის საკითხი, თუმცა მიუხედავად ამისა №24556 ბრძანებაში არ ერთი სიტყვა არ არის ხსენებული კომპანიის არგუმენტაციის გასანეიტრალებლად, თუ შემოსავლების სამსახურის კონტრარგუმენტების მოყვანასთან დაკავშირებით, რის გამოც მიაჩნია, რომ ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოს 23.12.2022 წლის №18133/2/2022 გადაწყვეტილება არ იქნა აღსრულებული შემოსავლების სამსახურის მიერ დღგ-ის ჩათვლების გაუქმების არამართებულობის ნაწილში.

შემოწმების აქტით, კომპანიის მიერ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე შესყიდულ მზესუმზირაზე, გაუქმებული იქნა დღგ-ის ჩათვლა იმ მოტივით, რომ კომპანიაზე მიწოდებული საქონელი არ წარმოადგენს იმპორტირებულ საქონელს და წარმოებულია საქართველოში, რის გამოც შემმოწმებლების მტკიცებით, მიწოდების ეტაპზე ის არ უნდა დაბეგრილიყო დღგ-ით. თუმცა, საგადასახადო შემოწმების აქტში არ იკითხება, რა პროცედურებისა და მსჯელობის შედეგად მივიდნენ საგადასახადო შემმოწმებლები ამ დასკვნამდე.

კომპანიას მზესუმზირის დიდი ნაწილი შესყიდული აქვს ერთი ფიზიკური პირისგან და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე ჩათვლილი აქვს დღგ, თუმცა მათ მიერ დაზუსტებული ინფორმაციით შეიძლება ითქვას, რომ არსებობს მეორე ფიზიკური პირი, რომელიც ასევე წარმოადგენს მზესუმზირის იმპორტიორს, რის შემდგომაც იმპორტირებული საქონლის ნაწილს ყიდის პირველ ფიზიკურ პირზე (კომპანიის მიმწოდებელზე). გარდა ამისა, კომპანიის ინფორმაციით აღნიშნულ ფიზიკურ პირებს აქვთ სხვადასხვა ტიპის პრობლემები მზესუმზირის სხვა ფიზიკური პირებისგან (რომელი შესყიდვების ნაწილი ამ სხვა პირების მიერ ასევე შესაძლოა იმპორტირებული იყოს) დოკუმენტალურად შესყიდვის ნაწილში, რის გამოც შესყიდვების დოკუმენტების არ არსებობის გამო, არასწორი და არარეალური წარმოდგენა იქმნება კომპანიის მომწოდებელი ფიზიკური პირის მიერ მოწოდებული საქონლის წარმომავლობასთან დაკავშირებით. საქმე იმაშია, რომ საგადასახადო შემმოწმებლებმა საერთოდ არ გაითვალისწინეს ზემოაღნიშნული გარემოებები და დაასკვნეს, რომ კომპანიის მიერ შესყიდული მზესუმზირის დიდი ნაწილი ქართული წარმომავლობისა იყო.

შემმოწმებლების არასწორ და მცდარ წარმოდგენებზე მიანიშნეს შემდეგი გარემოებები:

1.აღნიშნული ფიზიკური პირების მიმართ ამ დროისათვის არ არის ჩატარებული არანაირი საგამოძიებო მოქმედებები, არ მომხდარა მათი პასუხისგებაში მიცემა, მეორეს მხრივ კი კომპანიას, ამ პირების განცხადების საფუძველზე, გაუუქმდა ჩასათვლელი დღგ. უფრო მეტიც, ამ მომენტისთვის ის დღგ-ის თანხები რისი ჩათვლებიც გაუუქმდა და დაერიცხა დღგ, არ არის შემცირებული მომწოდებელი ფიზიკური პირების მხარეს და დღემდე დაბეგრილია გადასახადით, რაც სრულიად გაუგებარია.

მომწოდებელი ფიზიკური პირების მიმართ არ არის ჩატარებული არანაირი საგამოძიებო მოქმედება კომპანიაზე მოწოდებული მზესუმზირის წარმომავლობასთან დაკავშირებით, რომელიც მართლაც დაადგენდა აღნიშნული მზესუმზირა მართლაც საქართველოში წარმოებულია თუ არა. ამასთან მიაჩნია, რომ კომპანიის მომწოდებელი ფიზიკური პირების იმპორტებისა და ადგილობრივი შესყიდვების შესწავლა უნდა მომხდარიყო როგორც 2016 წლის შემდგომი, ასევე 2016 წლამდე (2016 წლის 1 იანვრისთვის არსებული იმპორტირებული საქონლის გადმომავალი ნაშთის სისწორის დადგენის მიზნით) პერიოდებშიც, არსებული იმპორტებისა და შესყიდვების გაანალიზების შემდგომ, რაც შემმოწმებლების მიერ საერთოდ არ მომხდარა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე აშკარაა, რომ შემმოწმებლების მხრიდან მზესუმზირის ქართული წარმომავლობის დადგენა მოხდა ვარაუდის დონეზე საკითხის საფუძვლიანი შესწავლის გარეშე;

2. კომპანიის ვარაუდით, შემმოწმებლებმა არ გაითვალისწინეს კომპანიის მომწოდებელზე მეორე ფიზიკური პირის მიერ მიწოდებული მზესუმზირის ოდენობა და აღნიშნული საქონელი მიიჩნიეს საქართველოში წარმოებულად, ვინაიდან მისი გადაწერა მოხდა ადგილობრივი სასაქონლო ზედნადებით. საქმე იმაშია, რომ მეორე ფიზიკური პირის მიერ საქონლის მიწოდებამდე აღნიშნულ პირს გააჩნდა ამ საქონლის იმპორტები, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტებით. მეორე ფიზიკური პირის მიერ კომპანიის მომწოდებელი ფიზიკური პირისთვის მიწოდებული საქონლის იგნორირებითა და აღნიშული საქონლის ქართული წარმოების საქონლად განხილვით იქმნება დამახინჯებული და არასწორი წარმოდგენა საქონლის წარმომავლობასთან დაკავშირებით;

3. საქონლის ქართული წარმოების საქონლად განხილვა მოხდა არა ადგილობრივი შესყიდვის დოკუმენტაციის მოძიებით, ან სხვა დოკუმენტალური დასაბუთებით, რომ საქონელი ნამდვილად ქართული წარმოებისაა, არამედ იმ მარტივი მსჯელობიდან გამომდინარე, რომ თუ საქონელი იმპორტირებული არ არის, ესეიგი ადგილობრივია. მიაჩნია, რომ ასეთი მიდგომა საკითხისადმი დამღუპველია ვინაიდან, ქვეყანაში ბოლო პერიოდში დაფიქსირებული ფაქტებიდან გამომდინარე, სავსებით არ არის გამორიცხული, რომ აღნიშნული საქონელი სულაც კონტრაბანდული გზით იყოს შემოტანილი, რისი ნორმალურ პროფესიონალურ დონეზე შესწავლა საერთოდ არ მომხდარა. კომპანიის გათვლებით, მომწოდებელ ფიზიკურ პირს, მის მიერ განხორციელებული იმპორტების მოცულობებიდან და მის მიერ მეორე ფიზიკური პირისგან შესყიდული (რომელიც ასევე იმპორტიორია) საქონლის ოდენობიდან გამომდინარე, საერთოდ არ „უმინუსდება“ საქონელი, თუმცა ესმის, რომ აღნიშნული დათვლის სხვადასხვა პრინციპი შეიძლება არსებობდეს და თუ გარკვეულ თვეებში ასეთ გამინუსებას აქვს ადგილი, ეს უკანასკნელი სულაც არ ნიშნავს, რომ საქონელი აუცილებლად საქართველოში წარმოებულია და დღგ-ით უნდა დაიბეგროს. სანამ საგადასახადო შემოწმებით ან თუნდაც საგამოძიებო მოქმედებებით არ დადასტურდება, რომ ამ საქონლის შესყიდვა მისი საქართველოში მწარმოებელი ფიზიკური პირისგან მოხდა, მანამდე შემოსავლების სამსახურის მხრიდან პოზიცია საქონლის ადგილობრივ წარმოებად მიჩნევასთან დაკავშირებით ფიქრობს რომ არასწორია. აქვე აღნიშნავს, რომ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გაკეთებული იქნა მიმართვა, იმის შესახებ შესაძლებელი იყო თუ არა მზესუმზირის ნიმუშების საფუძველზე შესაბამისი სინჯების აღებით მისი წარმოების ქვეყნის განსაზღვრა, რასთან დაკავშირებითაც მიიღეს უარყოფითი პასუხი. აქედან გამომდინარე, ჭეშმარიტების დადგენისა და საკითხის სრულფასოვნად შესწავლა მომწოდებლების მხრიდან მხოლოდ შემოსავლების სამსახურის მიერ ჩატარებული სრულფასოვანი შემოწმებითა და კომპანიის მომწოდებლების მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით შეიძლება დადგინდეს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ შემოსავლების სამსახურმა და საგამოძიებო სამსახურმა ჩაატაროს სრულფასოვანი მოკვლევა საქონლის წარმომავლობასთან დაკავშირებით და ბრმად არ დაეყრდნონ მომწოდებლების ახსნა-განმარტებებს, ვინაიდან მათი მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონდეს საკუთარი თავის ნაკლებად დაჯარიმებისა და კრიზისული სიტუაციიდან დაძვრენის მიზნით არაადეკვატური და სიმართლისგან შორს მყოფი განმარტებების მიცემას;

4.გარდა ამისა, კომპანიის გათვლებითა და ინფორმაციით მომწოდებლებს შესაძლოა მართლაც ჰქონდეთ გარკვეული ოდენობის საქონლის ადგილობრივი შესყიდვები, ანუ იმ საქონლის გარკვეული ოდენობით შესყიდვები, რომელიც მართლაც წარმოებულია საქართველოში, ოღონდ შესყიდვის ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე. აღნიშნულმა შესაძლოა გამოიწვიოს ის, რომ ასეთი უსაბუთო საქონლის შესყიდვის პირობებში საქონლის სხვა პირებზე რეალიზაციისას პირველ რიგში „გაიხარჯოს იმპორტირებული მზესუმზირა, რაც გამოიწვევს კომპანიის მომწოდებლებთან იმპორტირებული მზესუმზირის ნაშთის შემცირებას, რამაც თავის მხრივ გარკვეული თვეებში შესაძლოა გამოიწვიოს ე.წ. გამინუსებაც, თუმცა ეს ყოველივე სავსებით არ ნიშნავს იმას, რომ „გამინუსებული“ საქონელი აუცილებლად საქართველოში წარმოებულია და არ იბეგრება დღგ-ით. აუცილებელია შემმოწმებლებმა გაითვალისწინონ ეს გარემოებაც, რათა მათ არ შეექმნათ არასწორი და მცდარი წარმოდგენები კომპანიაზე მოწოდებული საქონლის ქართული წარმომავლობის შესახებ;

5. გარდა აღნიშნულისა, კიდევ არსებობს სხვა მნიშვნელოვანი გარემოება და მომენტი, რომელიც ადასტურებს, რომ კომპანიაზე მოწოდებული საქონელი მართლაც იმპორტირებული იქნა და არა ქვეყნის შიგნით იქნა წარმოებული, მ.შ. ჩვენი ნედლეულის ბაზარზე არსებული რეალური მდგომარეობა, რაც შესაძლოა აღნიშულ დარგში ჩახედულმა ნებისმიერმა პროფესიონალმა შეიძლება დაგვიდასტუროს. კერძოდ საუბარია იმ სტატისტიკაზე, რაც შესაძლოა ოფიციალურადაც არსებობს მაგრამ ამ სტატისტიკის არსებობას არაოფიციალურადაც დაადასტურებს ნებისმიერი საქმეში ჩახედული ექსპერტი, იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში მოხმარებული ამ ტიპის საქონლის ძალიან მაღალი პროცენტი იმპორტირებულია და არა ადგილობრივი წარმოების. ამ და სხვა მრავალი გარემოებებიდან გამომდინარე აშკარაა, რომ იმ ოდენობის შესყიდვაზე დღგ-ის ჩათვლის გაუქმება არასწორი და არარეალურია. მიაჩნია, რომ საკითხის შესწავლა უნდა მოხდეს ამომწურავად, სახელმწიფო სტრუქტურების ყველა შესაძლოა რესურსის გამოყენებით და არა ისე ზერელედ და ზედაპირულად, როგორც ეს მათ შემთხვევაში განხორციელდა;

6.გარდა ზემოაღნიშნულისა, შემოწმების აქტის არამართებულობაზე მიანიშნებს ის გარემოება, რომ კომპანიის მომწოდებლის სიტყვასა და ახსნა-განმარტებას, ვისაც საერთოდ არ აქვს ბუღალტრული აღრიცხვა და საერთოდ არ აქვს გადახდილი გადასახადები, გაცილებით უფრო მეტი ფასი აქვს, ვიდრე კომპანიის არგუმენტაციას, ვინაიდან მომწოდებლის ახსნა-განმარტება არ არის გამყარებული არანაირი მტკიცებულებებით. შემოსავლების სამსახურმა მოახდინა კომპანიის მომწოდებელი ი/მ-ის დაჯარიმება რამდენიმე ასეულობით ათასი ლარით. ადვილი წარმოსადგენია, რომ მომწოდებელმა გამომდინარე იქედან, რომ უნდა მომხდარიყო მისი შემოწმება და მისი დაჯარიმება, შეგნებულად მოიგონა მითი იმის შესახებ თითქოსდა მზესუმზირა იყო ადგილობრივი, რათა აღნიშნულის გამო მოხდარიყო მისთვის დარიცხული გადასახადების შემცირება თუნდაც ამ თანხებით და ნაწილობრივ მაინც დაკომპენსირებულიყო (შემსუბუქებულიყო) მისთვის დარიცხული გადასახადის, ჯარიმისა და საურავის თანხები, რაც რეალურად განხორციელდა კიდეც;

7.არ არის გათვალისწინებული ის, რომ კომპანიის მომწოდებლის მიერ იმპორტირებული საქონელი „მინუსდება“ არა საერთო ჯამით, არამედ ცალკეული თვეების განმავლობაში. თუ ავიღებთ იმპორტირებული საქონლის რაოდენობის საერთო ჯამს, ის გაცილებით ნაკლებია კომპანიაზე მოწოდებულ საქონლის საერთო რაოდენობაზე. ამ უკანასკნელისა და ზემოთ ხსენებულის გათვალისწინებით აშკარა ხდება, რომ იმ „მტკიცებულებებს“ რაც შემოსავლების სამსახურს გააჩნია ეკარგება ყოველგვარი დამაჯერებლობა და ძალა გამომდინარე იქედან, რომ ასეთი მოუწესრიგებელი, აღრიცხვის არ მქონე გადასახადის გადამხდელის მხრიდან მოპოვებული მტკიცებულებები, როგორიც კომპანიის მომწოდებელია, არ შეიძლება იყოს რაიმე ფორმით კომპანიისათვის თანხების დარიცხვის საფუძველი.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვერ მოხდება შესყიდული მზესუმზირის თუნდაც მცირე ნაწილის (ჩვენი დათვლებით ძირითადი ნაწილის უცხოური წარმომავლობა უსათუოდ დასტურდება) ზუსტი წარმომავლობის დადგენა მიაჩნია, რომ ჩათვლილი თანხების გაუქმება არ უნდა მოხდეს არცერთ შემთხვევაში, ვინაიდან მტკიცების ტვირთის შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს, როგორც მინიმუმ თანაბრად აქვთ გადანაწილებული, თუ არ ვისაუბრებთ იმაზე, რომ მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე იმ საკითხების მართებულობის მტკიცება, რაც შემოსავლების სამსახურის მიერ იქნა ინიცირებული, ბოლომდე დამტკიცებული უნდა იქნეს შემოსავლების სამსახურის მიერვე და ამ სამსახურის მიერ დარიცხვები არ უნდა ხდებოდეს ვარაუდებისა და ჰიპოთეტური დაშვებების დონეზე.

შემოსავლების სამსახურის მიერ თანხების გადაანგარიშების შედეგად არ იქნა ბოლომდე გათვალისწინებული ზემოთ ხსენებული მომენტები, რის გამოც უცხოეთიდან იმპორტირებული მზესუმზირა შემმოწმებლების მიერ მიჩნეული იქნა საქართველოში წარმოებულად და ბოლომდე იქნა შემცირებული დარიცხული თანხა (არ იქნა გაზრდილი ჩათვლა). დასკვნის არამართებულობაზე კიდევ ერთხელ მიანიშნებს ის გარემოება, რომ კომპანიის მომწოდებლის საგადასახადო შემოწებისას კომპანიაზე მოწოდებული საქონელი დარჩა დღგ-ით დაბეგრილი და თანხა არ შემცირებულა, მაშინ როდესაც კომპანიისათვის მოხდა იმავე საქონელზე დღგ-ის ჩათვლის გაუქმება. გაუთვალისწინებელი დარჩა ის, რომ ბუღალტრული აღრიცხვის არ მქონე მომწოდებელის მხარეს არ იქნა გათვალისწინებული მის მიერ უსაბუთოდ საქართველოში შესყიდული მზესუმზირის შესაძლებლობა, რაც საბოლოო ჯამში გავლენას მოხდენდა კომპანიაზე მოწოდებული მზესუმზირის იმპორტირებულ მზესუმზირად აღიარებაზე, ვინაიდან კომპანიის მომწოდებლის მიერ იმპორტირებული მზესუმზირა საერთო ჯამში მეტია კომპანიაზე მოწოდებული მზესუმზირის საერთო რაოდენობაზე (გამინუსება ხდება მხოლოდ ცალკეული თვეების მიხედვით) .

აქედან გამომდინარე, ითხოვს, დარიცხული გადასახადისა და სანქციის თანხების გადაანგარიშებას (შემცირებას).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ შემოწმებით დარიცხული თანხები გასაჩივრდა გადასახადის გადამხდელის მიერ და შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 30 ივნისის №17712 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მათ შორის სადავო საკითხის, კერძოდ, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით შეძენილ მზესუმზირაზე დღგ-ის ჩათვლების გაუქმების ნაწილში, ხოლო შემოსავლების სამსახურის ხსენებული ბრძანების აღსრულების საფუძველზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 16 მაისის დასკვნით ირკვევა, რომ:

- აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით შეძენილ მზესუმზირაზე მიღებული დღგ-ის ჩათვლების გაუქმების მართლზომიერების საკითხის დამატებით შესწავლა, რისთვისაც გამოთხოვილი იქნა ადგილობრივი მომწოდებლების გამოკითხვის ოქმები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან, ასევე, ადგილობრივი მომწოდებლებისგან მიღებული იქნა ადგილობრივი წარმოების მზესუმზირის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომლითაც დადასტურდა, რომ ერთ-ერთი მომწოდებლის (ი/მ"-----"-ის ) მიერ შპს „--------“-სთვის მიწოდებული საქონლის ის ნაწილი, რომელზეც გაუქმდა დღგის ჩათვლები იყო ქართული წარმოების სოფლის მეურნეობის პროდუქცია და შეძენილი იყო ადგილობრივ ბაზარზე გლეხებისგან. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხები არ დაკორექტირდა, ხოლო მეორე მომწოდებელთან ("------" ) მიმართებაში, ვინაიდან არ დადასტურდა საქონლის ადგილობრივი წარმოშობა, შემოწმებით გაუქმებული ჩათვლილი დღგ-ის თანხა დაექვემდებარა აღდგენას;

- შეძენილ მზესუმზირაზე მიღებული დღგ-ის ჩათვლის საფუძველზე დღგ-ის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის დაკისრებული ჯარიმა შემცირდა საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

ასევე დადგენილია, რომ ზემოაღნიშნულ გადაანგარიშების შედეგებს არ დაეთანხმა გადასახადის გადამხდელი, კვლავ საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს, რომელმაც 18.10.2022 წლის №26419 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, თუმცა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით შეძენილ მზესუმზირაზე დღგ-ის ჩათვლების გაუქმების ნაწილში, საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა დავების განხილვის საბჭოში, რომლის 23.12.2022 წლის №18133/2/2022 გადაწყვეტილებით, ხსენებული სადავო საკითხის ნაწილში, საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს, რომელმაც სადავო 5.10.2023 წლის №24556 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილა.

შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებაში დაფიქსირებული, აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარდგენილი ინფორმაციით ასევე ირკვევა, რომ შპს „--------“-სთან მიმართებით დარიცხვა დარჩენილია მხოლოდ მომწოდებელ ი/მ "-----" -სგან მიღებულ საგადასახადო ანგარიშფაქტურებზე, ჩატარებულია საგადასახადო შემოწმება, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა ქართული მზესუმზირის (მათ შორის, შპს „--------“-ზე მიწოდებული) რეალიზაციის საფუძველზე დარიცხული დღგ და რომ მომწოდებელ ი/მ "-----" ქართული მზესუმზირის მიწოდებაზე დღგ-ის დარიცხვა არ ფიქსირდება.

მომჩივანი არ ეთანხმება სადავო საკითხის ნაწილში აქტით დარიცხული თანხების ნაწილობრივ შემცირებას, მიიჩნევს, რომ არ არის შესწავლილი სადავო საკითხი და დარიცხული თანხები შემცირებული დავების საბჭოს 23.12.2022 წლის №18133/2/2022 გადაწყვეტილების შესაბამისად, არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებას, წარმოადგენს არგუმენტებს დარიცხვების არამართებულობასა და თანხების არასრულად შემცირებასთან დაკავშირებით, მიიჩნევს, რომ არ არის გათვალისწინებული საკითხთან დაკავშირებული არსებითი გარემოებები, რომელზედაც მიუთითებს საჩივარში. ამასთან აღნიშნავს, რომ ის თანხები რისი ჩათვლებიც გაუუქმდა კომპანიას და დაერიცხა დღგ არ არის შემცირებული მომწოდებელ ფიზიკურ პირთან, ხოლო ადგილობრივი მომწოდებლების გამოკითხვის ოქმების მიწოდება დიდი ხანია მოთხოვნილია საგამოძიებო სამსახურიდან და შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტიდან, მაგრამ არანაირი დოკუმენტაცია და მტკიცებულება საქონლის საქართველოში წარმოებულად მიჩნევასთან მიმართებაში მიწოდებული არ არის.

საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა საჩივარში დაფიქსირებულ არგუმენტებზე დამატებით აღნიშნა, რომ მზესუმზირა შეძენილი აქვს ხელშეკრულების საფუძველზე ფიზიკური პირისგან, რომელსაც გამოწერილი აქვს არაერთი სასაქონლო ზედნადები, მომწოდებელი პირი დღგ-ს იხდიდა, ხოლო კომპანიამ ჩაითვალა დღგ, არ გასჩენია ეჭვი რომ კომპანიისთვის მიწოდებული მზესუმზირა არის საქართველოში წარმოებული. შემოწმებით დაფიქსირდა, რომ "------"-ს ქონდა შეძენები და რომ კომპანიაზე მიწოდებული მზესუმზირა არის ქართული წარმოების, ამდენად მოხდა მიღებული დღგ-ის ჩათვლების გაუქმება რასაც არ ეთანხმება. მომწოდებელ ფიზიკურ პირს მის მიერ განხორციელებული იმპორტების მოცულობიდან და მეორე ფიზიკური პირისგან შესყიდული საქონლის ოდენობიდან გამომდინარე, არ „უმინუსდება“ საქონელი, ანუ მომწოდებლის მიერ იმპორტირებული საქონელი „მინუსდება“ არა საერთო ჯამით, არამედ ცალკეული თვეების განმავლობაში. შემმოწმებლის მიერ არ არის დასაბუთებული, Rs-ზე ატვირთული, რომელი სასაქონლო ზედნადებით არის შეძენილი ის ქართული წარმოების მზესუმზირა, რომლის საფუძველზეც გაუუქმდა ჩათვლა. შემოწმების მხრიდან ვარაუდის დონეზე არ უნდა ხდებოდეს დარიცხვის განხორციელება, თუ შემმოწმებელი ამბობს, რომ უნდა გაუქმდეს ჩათვლა, უნდა მიუთითოს კონკრეტულად რა დოკუმენტის საფუძველზე დაერიცხა, რატომ ეთქვა უარი ჩათვლის მიღებაზე უნდა იქნეს დასაბუთებული. დასკვნაში აღნიშნულია, რომ საგამოძიებო სამსახურიდან იქნა გამოთხოვილი დოკუმენტაცია და დასტურდება, რომ მოწოდებული საქონელი ქართული წარმომავლობისააო, ოფიციალურად, წერილობით მიმართეს აუდიტის დეპარტამენტს, მაგრამ უპასუხეს მიმართეთ საგამოძიებო სამსახურსო, ასევე მიმართული აქვს საგამოძიებო სამსახურისათვის, მაგრამ არ მიეწოდათ დოკუმენტაცია. დიდი მნიშვნელობა აქვს რა წერია გამოკითხვის ოქმში და კონკრეტულად რა წერია კომპანიაზე, ანუ რას ამბობს უშუალოდ კომპანიაზე მომწოდებელი, რაზედაც შემდგომ შეძლებდა წარმოედგინა კონტრარგუმენტები.

აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ საგამოძიებო სამსახურიდან გამოითხოვეს კომპანიის მომწოდებლების გამოკითხვის ოქმები, რომლითაც "-------" ადასტურებს, რომ შპს „--------“-ს მიაწოდა ქართული წარმოების მზესუმზირა, ამასთან მის მიერ წარმოდგენილი იქნა შესყიდვის აქტები. "------"-სთან (რომელსაც დეკლარირებული და დაბეგრილი ქონდა თანხები) ჩატარებულია შემხვედრი შემოწმება და დაბეგრილი თანხები შემოწმებით შემცირებულია.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ აუდიტის დეპარტამენტისათვის წარდგენილ ი/მ "-----"-ზე გამოკითხვის ოქმზე, რომლის მიხედვითაც იგი ადასტურებს, რომ მის მიერ 2016-2017 წლებში შპს „--------“-ზე დოკუმენტურად რეალიზებული იმპორტირებული და ადგილობრივ ბაზარზე სასაქონლო ზედნადებებით შეძენილი მზესუმზირის სხვაობა 453 440 კგ მზესუმზირა შეძენილი აქვს ადგილობრივი გლეხებისგან, ნაწილი შესყიდვის აქტით, ნაწილი შესყიდვის აქტების გარეშე. შპს „--------“-ზე რეალიზებული მზესუმზირა სრულად აქვს დაბეგრილი, როგორც იმპორტირებული, ისე ადგილობრივი გლეხებისგან შეძენილი და მისთვის ცნობილი არ იყო, რომ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქტი არ ექვემდებარებოდა დაბეგვრას.

ამგვარად. საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 30 ივნისის №17712 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის/გამოკვლევის საფუძველზე, ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი ითხოვს, დარიცხული გადასახადისა და სანქციის თანხების გადაანგარიშებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელის საქმიანობაა მზესუმზირის,ბურბუშელის,სუხარების და სხვა მსგავსი პროდუქციის წარმოება.შემოწმებით, შესწავლილ იქნა გადამხდელის ადგილობრივი მომწოდებლების შესახებ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზებში არსებული მონაცემები, ასევე, მომწოდებლებისგან მიღებულ იქნა ახსნა განმარტებები და დოკუმენტაცია, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი მზესუმზირის ნაწილი არის ადგილობრივი წარმოების, სოფლის მეურნეობის პროდუქცია სამრეწველო გადამუშავებამდე.გადამხდელს აღნიშნულ პროდუქციაზე მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლა.საგადასახადო ორგანომ, მიიჩნია, რომ თუკი საქონლის გამყიდველი გათავისუფლებული იყო დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით, შემძენის მიერ დღგ-ის ჩათვლა არამართლზომიერია, რადგან მყიდველი ვერ მიიღებს ჩათვლას იმ საქონელზე, რომელიც დღგ-ით არ იბეგრება. შემოწმებით, გადამხდელის მიერ მიღებული დღგ-ის ჩათვლა დაექვემდებარა შემცირებას;

- გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული პროგრამისა და ხელშეკრულებების ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ გადამხდელს გადახდის წყაროსთან არ აქვს დაკავებული გადასახადის გადამხდელის მოწმობის არმქონე ფიზიკური პირისთვის გადახდილი საიჯარო მომსახურების ღირებულება.შემოწმებით, საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა განისაზღვრა საიჯარო ქირის სახელშეკრულებო ღირებულების მოცულობით. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 30 ივნისის №17712 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის/გამოკვლევის საფუძველზე, ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

269(7).