გადაწყვეტილება №19449/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.07.2023
№ დოკუმენტი 19449/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№ 19449/2/2023

27 ივლისი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 9.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------------- 13.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19449/2/2023).

 

დავის საგანი:

ანგარიშვალდებული პირისგან ჩამოწერილი თანხების კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის №001-251 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 29.03.2023 წლის №6243 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 598 970 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 311 383

დღგ - 2 959

ქონების გადასახადი (არასასოფლო მიწა) - 424

მოგების გადასახადი - 180 226

საშემოსავლო გადასახადი - 127 729

ქონების გადასახადი - 45

ჯარიმა - 175 199

საურავი - 112 388

 

ფაქტების აღწერა

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 2019 წლის 9 აგვისტოდან 2022 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 5.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს უფიქსირდება ანგარიშვალდებულ პირზე საქვეანგარიშოდ თანხის გაცემა. გაცემული თანხებიდან 2019 წლის 20 სექტემბერსა და 2020 წლის 30 დეკემბერს ბუღალტრულად ჩამოწერილი იქნა შესაბამისად 417 891 ლარი და 62 109 ლარი, ჯამურად 480 000 ლარი. შემოწმებისას შესწავლილ იქნა აღნიშნული თანხების საწარმოდან გასვლის მიზნობრიობის საკითხი, თუმცა ეკონომიკურ საქმიანობასთან მათი კავშირი ვერ დგინდება. შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა რამდენიმე შედარების აქტი, შპს „-----------“ (ს/ნ -----------) და შპს „-----------“ (ს/კ -----------), რითაც ამტკიცებდა, რომ აღნიშნული თანხა მიღებულია ჯერ შპს „-----------“, ხოლო შემდეგ შპს „-----------“ მიერ. აღნიშნულ კომპანიებში ჩატარებულია საგადასახადო შემოწმება და შემოწმების მასალებში არ ფიქსირდება აღნიშნული თანხის მიღება. საგადასახადო შემოწმების მიერ საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე ანგარიშვალდებული პირისგან ჩამოწერილი თანხები 480 000 ლარის ოდენობით განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. ასევე გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 26.12.2022 წლის №32722 ბრძანება და №001-251 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 29.03.2023 წლის №6243 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით და მე-2 ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

საქვეანგარიშოდ გაცემული 600 000 ლარიდან 2022 წლის 29 ნოემბრის სანოტარო წესით დამოწმებული შედარების აქტით დასტურდება 450 000 ლარის შპს „-----------“ გაცემა ასფალტბეტონის ქარხნის შესაძენად. აღნიშნული ასევე ადასტურებს თანხის ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში გამოყენების ფაქტს, ხოლო თუ შპს „-----------“ საგადასახადო შემოწმების შედეგად ვერ დადგინდა ამ თანხის მიღება გადამხდელი მიიჩნევს, რომ ეს არ წარმოადგენს მის პასუხისმგებლობას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ დასაბეგრ თანხას წარმოადგენს 150 000 (600 000- 450 000) ლარი და არა 600 000 ლარი, რაც შესაბამისად იწვევს გადასახადის და სანქციების შემცირებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

სადავო საკითხზე აუდიტის დეპარტამენტის 16.05.2023 წლის №----------- წერილით წარმოდგენილი დასკვნის მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს უფიქსირდება ანგარიშვალდებულ პირ ----------- (ს/ნ-----------) საქვეანგარიშოდ თანხის გაცემა. გაცემული თანხებიდან 2019 წლის 20 სექტემბერსა და 2020 წლის 30 დეკემბერს ბუღალტრულად ჩამოწერილი იქნა შესაბამისად 417 891 ლარი და 62 109 ლარი ქვიშა-ხრეშის მომწოდებელ კომპანია შპს „-----------“-ზე (ს/ნ -----------) გადახდილი ავანსის საფუძვლით. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს შპს ----------- (ს/ნ -----------) მიღებული აქვს საქონელი (ქვიშა, ღორღი) 32 264 ლარის ოდენობით. აღნიშნულ კომპანიაზე ბანკიდან გადარიცხული თანხა ჯამურად შეადგეს 77 200 ლარს, ხოლო სალაროდან გასული (დირექტორზე საქვეანგარიშოდ გაცემული თანხიდან ჩამოწერილი) თანხა შეადგენს 480 000 ლარს. გარდა ამისა საწარმოს ბუღალტრული ჩანაწერებით ფიქსირდება შპს "-----------" კრედიტორული დავალიანების გადახურვა 87 233 ლარის ოდენობით. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს გადამხდელს შპს "-----------" უფიქსირდება გადახდილი ავანსის ნაშთი ჯამურად 612 169 ლარის ოდენობით, რაზეც შემოწმების მიმდინარეობისას წარმოდგენილი იქნა ურთიერთშედარების აქტი. აღსანიშნავია, რომ შპს „-----------“ აუდირებულია და შესაბამისი პერიოდის ბუღალტრულ ჩანაწერებში არ ფიქსირდება სალაროთი თანხის მიღება. შემოწმების პროცესში შპს „----------- გაგზავნილი იქნა წერილი საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე შპს „-----------“ ურთიერთობის ამსახველი ინფორმაცია/დოკუმენტაციის გამოთხოვის მიზნით. წერილის პასუხად შპს „-----------“- ის დირექტორის ----------- მიერ წარმოდგენილი იქნა განცხადება, რომლითაც დასტურდება, რომ ზემოთ ხსენებული ურთიერთშედარების აქტი შედგენიული იქნა შეცდომით, რადგან მასში ხსენებული თანხა შპს „-----------“ არ მიუღია და მის მიმართ დავალიანებაც არ გააჩნია. ამის შემდგომ გადამხდელის მიერ 2022 წლის 30 ნოემბერს წარმოდგენილ იქნა შპს „-----------“ (ს/კ -----------) შედგენილი შეთანხმების აქტი, რომლითაც შპს ----------- დირექტორი ----------- და შპს „-----------“ წარმომადგენელი ----------- (კომპანიის დირექტორს წარმოადგენს -----------) თანხმდებიან, რომ 2019 და 2020 წლებში საწარმომ თანხა 450 000 ლარის ოდენობით გადასცა შპს „-----------“ (ს/კ -----------) ----------- ქ. ------------ში მდებარე ასფალტო-ბეტონის ქარხნის შესაძენად. აღსანიშნავია, რომ შპს „-----------“ წარმოადგენს აუდირებულ კომპანიას და შესაბამისი პერიოდის ბუღალტრულ ჩანაწერებში არ ფიქსირდება სალაროში თანხის მიღება. ამასთანავე აღნიშნულ კომპანიას 2019 წლის ოქტომბრის თვის შემდგომ აქტივობა (საქონლის რეალიზაცია) არ უფიქსირდება, ხოლო რაც შეეხება აქტში ნახსენები ქარხნის შეძენას, აღნიშნული ქარხანა შპს „-----------“ მიერ შეძენილი იქნა შპს „-----------“ (ს/ნ -----------) 2019 წლის ოქტომბრის თვეში. შედეგად შემოწმებისას საგადასახადო ორგანომ ანგარიშვალდებული პირისგან ჩამოწერილი თანხები 480 000 ლარის ოდენობით განიხილა დირექტორზე ----------- (ს/ნ-----------) გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 154-ე მუხლის შესაბამისად დაბეგრა გადახდის წყაროსთან.

მომჩივანი ვერ წარმოადგენს დოკუმენტურად დადასტურებულ შესაბამის მტკიცებულებებს, რაც მის მიერ დასახელებული არგუმენტის გათვალისწინების და შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გასაზიარებელია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ოპერაციისათვის კვალიფიკაციის განსაზღვრის შესახებ, კერძოდ, ანგარიშვალდებული პირისგან ჩამოწერილი თანხების კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლის შესახებ, აღნიშნულიდან გამოდინარე საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

ანგარიშვალდებული პირისგან ჩამოწერილი თანხების კომპანიის დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს უფიქსირდება ანგარიშვალდებულ პირზე საქვეანგარიშოდ თანხის გაცემა. გაცემული თანხებიდან 2019 წლის 20 სექტემბერსა და 2020 წლის 30 დეკემბერს ბუღალტრულად ჩამოწერილი იქნა შესაბამისად 417 891 ლარი და 62 109 ლარი, ჯამურად 480 000 ლარი. შემოწმებისას შესწავლილ იქნა აღნიშნული თანხების საწარმოდან გასვლის მიზნობრიობის საკითხი, თუმცა ეკონომიკურ საქმიანობასთან მათი კავშირი ვერ დგინდება. ანგარიშვალდებული პირისგან ჩამოწერილი თანხები განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;73(9);101(1);154(1ა)