გადაწყვეტილება №26367/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№26367/2/2025
02 მარტი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“ )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,13.02.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 23.12.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №26367/2/2025).
დავის საგანი:
განკარგვადი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 28.10.2025 წლის №022-16 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 4.12.2025 წლის №26696 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 702 921,63 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 437 263,95
დღგ - (-240,8)
მოგების გადასახადი - 6 422,75
საშემოსავლო გადასახადი - 431 082
ჯარიმა - 221 512,2
საურავი - 44 145,48
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 24.10.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2022 წლიდან 23.05.2025 წლის ჩათვლით საანგარიშო პერიოდი. შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
გადასახადის გადამხდელს საგადასახადო ორგანოში წარდგენილი აქვს შესამოწმებელ პერიოდში გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციები. შემოწმების შედეგად, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი და სხვა მონაცემების ურთიერშეჯერების საფუძველზე შედგა ფულადი სახსრების მოძრაობის ერთიანი ანგარიში. მომჩივნის ინფორმაციით და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მასთან ჩატარებული სალაროს ინვენტარიზაციის შედეგად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს 0 ლარს. ფულადი სახსრების მოძრაობის შედეგად დარჩენილი ფულის ნაშთი 1 674 463 (აგროსილი 2 093 079) ლარის ოდენობით, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 28.10.2025 წლის №022-16 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 4.12.2025 წლის №26696 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154- ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ფაქტობრივ გარემოებებზე და მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა და სანქციის შეფარდება შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების ჯგუფის მიერ დარღვეულია საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი. საკითხი არ არის სათანადოდ სრულად შესწავლილი. საგადასახდო მოთხოვნის მიღების შემდეგ მოხდა კომპანიის ბუღალტრული საბუთების ელექტრონული დამუშავება საბუღალტრო პროგრამა ორისში. ბუღალტრული პირველადი საბუთების სრულად დამუშავების შედეგად, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მიერ კომპანიის სალაროს ინვენტარიზაციის ჩატარების დღეს, 23.05.2025 წელს სალაროს ფაქტიური ნაღდი ფულის ნაშთი კომპანიაში ნამდვილად შეადგენდა 0 ლარს, ნაცვლად შემმოწმებლების მიერ საგადასახადო შემოწმების აქტით დაფიქსირებული 1 674 463 ლარისა, რომელიც შემდგომ საგადასახადო შემოწმებამ ჩათვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საგადასახადო შემოწმების აქტით არ არის გათვალისწინებული შუამავალ კომპანიაზე გადახდილი თანხები, რომელიც ხელშეკრულების თანახმად ვალდებულია და უფლებამოსილია მოიზიდოს დამკვეთები, შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ (ხელშეკრულებები და შესაბამისი ინვოისები თან ერთვის. იხ. დანართი). შესამოწმებელ პერიოდში შუამავალ კომპანიას გაწეულ მომსახურეობაზე გამოწერილი აქვს ინვოისები საერთო თანხით 435 268 აშშ დოლარი, ხოლო ამავე პერიოდში ნაღდი ანგარიშსწორებით სულ გადახდილია 433 000 აშშ დოლარი. კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის მოწესრიგების მცდელობით მიღებული შედეგი განსხვავებულია საგადასახდო შემოწმების აქტით დაფიქსირებული მონაცემებისგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს. გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.
საბჭოს სხდომაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ფულადი სახსრების ნაშთის განსაზღვრისას შემოწმების მიერ გათვალისწინებულია ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი, ასევე, კაპიტალის შესახებ ინფორმაცია და საბანკო ანგარიშზე არსებული ნაშთები. აგრეთვე, შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელისთვის გაგზავნილ იქნა ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის ცხრილი და ეთხოვა განემარტა არის თუ არა კიდევ გასათვალისწინებელი მონაცემები/ინფორმაცია, ხოლო გადასასახდის გადამხდელის განმარტებით, მას არ გააჩნდა ისეთი ნაღდი ანგარიშსწორებით განხორციელებული გადახდა, რისი გათვალისწინებაც შესაძლებელი იქნებოდა. შემოწმების მიერ ხარჯებში დაახლოებით გათვალისწინებულ იქნა 14 000 000 ლარის ოდენობით ხარჯი (საბანკო ანგარიშზე არსებული საბოლოო ნაშთების გათვალისწინებით).
საბჭო ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი მიიჩნევს,რომ შემოწმების ჯგუფის მიერ დარღვეულია საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი და საკითხი არ არის სათანადოდ სრულად შესწავლილი.
ფაქტობრივი გარემოებები
გადამხდელს საგადასახადო ორგანოში წარდგენილი აქვს შესამოწმებელ პერიოდში გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადების დეკლარაციები. შემოწმების შედეგად, შედგა ფულადი სახსრების მოძრაობის ერთიანი ანგარიში. მომჩივნის ინფორმაციით და საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მასთან ჩატარებული სალაროს ინვენტარიზაციის შედეგად შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს 0 ლარს. ფულადი სახსრების მოძრაობის შედეგად დარჩენილი ფულის ნაშთი 1 674 463 ლარის ოდენობით, ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მიიჩნევს, რომ სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის გასაჩივრებული ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73(9),101,154.