ბრძანება N 26528

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 03.12.2025
№ დოკუმენტი 26528
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 26528

03 დეკემბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „ ----- “ (ს/ნ ----- ) (მის.: ----- )

2025 წლის 11 ნოემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 20 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი N 96) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ -----) 2025 წლის 11 ნოემბრის N 98760/1/2025 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 10 ნოემბრის ID: ----- შესაგებელთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ უარის თქმის თაობაზე შესაგებელს. მიუთითებს, რომ ზედმეტობა წარმოიშვა სექტემბრის თვეში გადამხდელის მიერ შეძენილი საქონლიდან მიღებული დღგ-ის თანხის ჩათვლის შედეგად. ითხოვს ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ „ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვა - ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის N 916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად, განხორციელდა შპს „-----“ (ს/ნ -----) 2025 წლის 29 ოქტომბრის მოთხოვნის (ID: -----) შესწავლა, რომლის მიხედვითაც გადამხდელი ითხოვს წარმოშობილი ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას. გადასახადის გადამხდელის განმარტებით ზედმეტობა წარმოშობილია სექტემბრის თვეში გადამხდელის მიერ შეძენილი საქონლიდან მიღებული დღგ-ის თანხის ჩათვლის შედეგად.

შპს „-----“ (ს/ნ -----) მოთხოვნის საპასუხოდ 2025 წლის 10 ნოემბერს შედგა შესაგებელი (ID: ----- ) „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვის და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის N 916 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის VI1 თავის შესაბამისად და გადასახადის გადამხდელს უარი ეთქვა ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაზე, ვინაიდან, მოთხოვნაზე არ არის დართული ამ თავით გათვალისწინებული დოკუმენტები.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახდო კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხა აღემატება დარიცხული გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას, საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე, ამ მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 1 თვისა უბრუნებს გადასახადის გადამხდელს ზედმეტად გადახდილ თანხას.

ამავე კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად:

1. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არის პირის მიერ საგადასახადო ორგანოსათვის წარდგენილი მოთხოვნა გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ, რომლის შესრულებაც სავალდებულოა საგადასახადო ორგანოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

2. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის წარდგენის საფუძველია გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) ზედმეტად გადახდილი თანხა.

3. გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა შესრულებულად ითვლება მოთხოვნილი თანხის გადახდის მომენტიდან.

4. თუ საგადასახადო ორგანო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უსაფუძვლოა, იგი ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან 20 დღის ვადაში გადასახადის გადამხდელს წარუდგინოს დასაბუთებული შესაგებელი.

5. პირს უფლება აქვს, საგადასახადო ორგანოს შესაგებელი გაასაჩივროს ამ კოდექსით დადგენილი წესით.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის N 916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა - ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ" ინსტრუქციის VI1 თავის 131 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების მიზნით გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია მიმართოს საგადასახადო ორგანოს და წარადგინოს „გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა“, რომელსაც უნდა დაერთოს ამ თავით გათვალისწინებული დოკუმენტები.

ამავე ინსტრუქციის 135 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, „მოთხოვნაზე“ უარის თქმის საფუძველია, თუ „მოთხოვნაზე“ არ არის დართული ამ თავით გათვალისწინებული დოკუმენტები.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელს მოთხოვნაზე არ აქვს დართული ზემოაღნიშნული ინსტრუქციით გათვალისწინებული დოკუმენტები. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის N 916 ბრძანებით დამტკიცებული „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა - ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის 135 მუხლით გათვალისწინებული, მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველი. შესაბამისად, მართლზომიერია წარდგენილ მოთხოვნაზე უარის თქმა.

ამასთან, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ 2025 წლის 20 ნოემბრის მდგომარეობით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს პირადი აღრიცხვის ბარათზე მოთხოვნილი ოდენობით ზედმეტობა არ უფიქსირდება.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო შესაგებელი აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-----“ ( ს/ნ ----- ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. N 16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N 64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი ითხოვს ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

გადასახადის გადამხდელი ითხოვს წარმოშობილი ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას. მისი განმარტებით ზედმეტობა წარმოშობილია სექტემბრის თვეში გადამხდელის მიერ შეძენილი საქონლიდან მიღებული დღგ-ის თანხის ჩათვლის შედეგად. წარმოდგენილ განცხადებაზე მომჩივანს ეთქვა ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაზე უარი, ვინაიდან, მოთხოვნაზე არ არის დართული ამ თავით გათვალისწინებული დოკუმენტები.

 

გადაწყვეტილება:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს პირადი აღრიცხვის ბარათზე მოთხოვნილი ოდენობით ზედმეტობა არ უფიქსირდება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო შესაგებელი აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება:

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: მუხლი 63; 65.