გადაწყვეტილება №85000/1/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№85000/1/2023
27 თებერვალი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ -------- (ს/ნ ------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ --------ს 13.11.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №85000/1/2023).
დავის საგანი:
1. დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 8.09.2023 წლის №002-204 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 24.10.2023 წლის №26115 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 76 259.77 ლარი.
მათ შორის:
დღგ - 46 226
ჯარიმა - 17 686
საურავი - 12 347.77
პროცედურული გარემოებები
მომჩივნის საქმიანობაა ავეჯის დამზადება ფიზიკური პირებისა და დაწესებულებებისათვის.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 ივნისის №13903 ბრძანების საფუძველზე, ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდებში, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის სისწორის დადგენის მიზნით.
შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 31 აგვისტოს საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 8.09.2023 წლის №21949 ბრძანება და ამავე თარიღის №002-204 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 24.10.2023 წლის №26115 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება
ფაქტების აღწერა
საგადასახადო შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ მომჩივანი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2014 წლის 28 ივლისიდან. შესამოწმებელ პერიოდში სასაქონლო ზედნადებებისა და საბანკო ჩარიცხვების გათვალისწინებით უფიქსირდება 100 490 ლარის საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 2021 წლამდე მოქმედი რედაქციის 157-ე მუხლის თანახმად, პირს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება დაუდგინდა 2020 წლის 27 ნოემბრიდან. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, საგადასახადო კოდექსის შესაბამის პერიოდში მოქმედ 157-ე, 160-ე და 161-ე მუხლებზე, 159-ე, 163-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის შესაბამისად, პირის თორმეტი უწყვეტი თვის განმავლობაში მიღებული შემოსავალი სასაქონლო ზედნადებებისა და საბანკო ჩარიცხვების გათვალისწინებით შეადგენს 100 490 ლარს. გადასახადის გადამხდელს, მიღებული შემოსავლების გათვალისწინებით, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება დაუდგა 2020 წლის 27 ნოემბერს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მეწარმეს დაერიცხა კუთვნილი დამატებული ღირებულების გადასახადი.
გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივრის დანართად წარდგენილ დოკუმენტებთან მიმართებით შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომლითაც ირკვევა, რომ წარდგენილი დოკუმენტების ნაწილი შემოწმების პროცესში იქნა გათვალისწინებული, კერძოდ, --------ს მიერ ჩარიცხული თანხა (2 700 ლარი) და ვ-------ს მიერ ჩარიცხული თანხა (992 ლარი). ხოლო რაც შეეხება -------ს მიერ ჩარიცხულ 30 000 ლარს, მხოლოდ --------ს მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტება არ იქნა განხილული საკმარის მტკიცებულებად, ვინაიდან სახეზე იყო მესამე პირიც (---------), რომლის პოზიცია შემოწმებისთვის უცნობი იყო. -------თვის ჩარიცხული თანხის, 6 700 ლარის, განხორციელების მომენტი კი არ წარმოადგენს შესამოწმებელ პერიოდს.
ამასთან, საჩივრის დანართად წარდგენილ დოკუმენტებთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ არ არის წარდგენილი იმგვარი მტკიცებულებები (სათანადოდ დამოწმებული), რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს.
ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა, მათ შორის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება შეესაბამება საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
განმარტავს, რომ -------მა თანხა (30 000 ლარი) გადაურიცხა --------ს, რომელმაც აღნიშნული თანხა მასალის შესაძენად ჩაურიცხა მომჩივანს.
მომჩივანს უნდა გაეწია მხოლოდ ავეჯის აწყობის მომსახურეობა, ხოლო თანხის სრულად ჩარიცხვა მოხდა მასალის შეძენის მიზნით. უთითებს, რომ საჭიროების შემთხვევაში წარმოადგენს ნოტარიულად დამოწმებულ განაცხადსაც.
მეორე შემთხვევაში შემოწმების პერიოდში ჩარიცხული იყო 15 000 ლარი ნაწილობრივი მომსახურეობის შედეგად, ნაწილი თანხა 2023 წლის 9 ივლისს 6 700 ლარი გადაურიცხა უკან.
ითხოვს გათვალისწინებული იქნეს აღნიშნული გარემოებები, რადგან უმნიშვნელო შეღავათიც მნიშვნელოვანია ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელებისათვის.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
საგადასახადო კოდექსის შესაბამის პერიოდში მოქმედი 157-ე მუხლის პირველი და მე-7 ნაწილების მიხედვით, პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა):
ა) ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა;
ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.
დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირის რეგისტრაციის გარეშე გამოვლენისას საგადასახადო ორგანო ატარებს ამ პირს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად. ამასთანავე, პირი დღგ-ის გადამხდელად ითვლება რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან.
საგადასახადო კოდექსის შესაბამის პერიოდში მოქმედი 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
საგადასახადო კოდექსის შესაბამის პერიოდში მოქმედი 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
მომჩივანი განმარტავს, რომ -------მა თანხა (30 000 ლარი) გადაურიცხა -------ს, რომელმაც აღნიშნული თანხა მასალის შესაძენად ჩაურიცხა მომჩივანს, რომელსაც უნდა გაეწია მხოლოდ ავეჯის აწყობის მომსახურეობა, ხოლო, თანხის სრულად ჩარიცხვა მოხდა მასალის შეძენის მიზნით. უთითებს, რომ საჭიროების შემთხვევაში წარმოადგენს ნოტარიულად დამოწმებულ განაცხადსაც.
მეორე შემთხვევაში, შემოწმების პერიოდში ჩარიცხული იყო 15 000 ლარი. ნაწილობრივ გაწეული მომსახურეობის შედეგად, თანხის ნაწილი 6 700 ლარი, 2023 წლის 9 ივლისს გადაურიცხა უკან.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას აღნიშნა, რომ ---------თვის ჩარიცხული თანხის, 6 700 ლარის, უკან გადარიცხვის განხორციელების მომენტი არ წარმოადგენს შესამოწმებელ პერიოდს. ამასთან, აღნიშნული წარმოადგენს ოპერაციის კორექტირების გარემოებას არა შესამოწმებელ, არამედ, თანხის უკან გადარიცხვის მომენტში.
დადგენილია, რომ მომჩივნის მიერ მიღებული შემოსავალი სასაქონლო ზედნადებებისა და საბანკო ჩარიცხვების გათვალისწინებით შეადგენს 100 490 ლარს. მიღებული შემოსავლების გათვალისწინებით, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება მომჩივანს დაუდგა 2020 წლის 27 ნოემბერს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, არ არსებობს სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 8.09.2023 წლის №002-204 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, მომჩივანს გადასახდელად განესაზღვრა: ჯარიმა - 17 686 ლარი და საურავი - 12 347.77 ლარი.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 272-ე მუხლის პირველი ნაწილით, 282-ე მუხლის პირველი ნაწილით და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
მომჩივნის არგუმენტაცია
ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გათავისუფლდეს სანქციებისაგან.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა იწვევს პირის დაჯარიმებას რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის პერიოდში განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების (გარდა გათავისუფლებული ოპერაციებისა) თანხის 5 პროცენტის ოდენობით.
საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
გადასახადის გადამხდელს სამეწარმეო საქმიანობაში აკისრია გულისხმიერების ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და სრულად. ნებისმიერი შეცდომა არ წარმოადგენს სანქციისაგან გათავისუფლების საფუძველს. მხარემ უნდა დაამტკიცოს, რომ შეცდომა გამოწვეულია არა მისი დაუდევრობის და უხეში გაუფრთხილებლობით არამედ საქმიანობისათვის დამახასიათებელი თანმდევი გულისხმიერების მიუხედავად.
საბჭოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები არ იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევა ჩადენილია მისი შეცდომით/არცოდნით. შესაბამისად, არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება;
2. დაკისრებული სანქციებისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
1. საგადასახადო შემოწმების აქტიდან ირკვევა, რომ მომჩივანი გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2014 წლის 28 ივლისიდან. შესამოწმებელ პერიოდში სასაქონლო ზედნადებებისა და საბანკო ჩარიცხვების გათვალისწინებით უფიქსირდება 100 490 ლარის საქონლის მიწოდება. საგადასახადო კოდექსის 2021 წლამდე მოქმედი რედაქციის 157-ე მუხლის თანახმად, პირს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება დაუდგინდა 2020 წლის 27 ნოემბრიდან. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მიხედვით.
2. აუდიტის დეპარტამენტის 8.09.2023 წლის №002-204 საგადასახადო მოთხოვნის მიხედვით, მომჩივანს გადასახდელად განესაზღვრა: ჯარიმა - 17 686 ლარი და საურავი - 12 347.77 ლარი.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის შესაბამისად, არ არსებობს სადავო საკითხზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაკისრებული სანქციებისგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილით მომჩივნის გათავისუფლების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 159(1"ა""ბ"), 163(1)(2), 164(1), 269(7).
2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი: 157(1)(7), 160"ა", 161(1"ა").