გადაწყვეტილება №21028/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.02.2024
№ დოკუმენტი 21028/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 21028/2/2023

20 თებერვალი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 18.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“-ის 10.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21028/2/2023).

 

დავის საგანი:

1. ანგარიშვალდებულ პირზე გაცემული თანხის უძრავი ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;

2. შემოწმებით გაანგარიშებული განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 19.07.2023 წლის №063-16 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 28.09.2023 წლის №23773 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 225 367 ლარი.

მათ შორის:

 

გადასახადი - 120 475

დღგ - 103

მოგების გადასახადი - 713

საშემოსავლო გადასახადი - 119 659

ჯარიმა - 60 236

საურავი - 44 656

 

პროცედურული გარემოებები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საგარეჯოს რაიონში, სოფ. ---------- ცხვრის მატყლის შეძენა და შემდგომ ექსპორტის სასაქონლო ოპერაციებში მოქცევა.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.12.2022 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 30 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 19.07.2023 წლის №17536 ბრძანება და №063-16 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 28.09.2023 წლის №23773 ბრძანებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. ანგარიშვალდებულ პირზე გაცემული თანხის უძრავი ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი სააღრიცხვო დოკუმენტაციის შესწავლით დადგინდა, რომ კომპანიას ანგარიშვალდებულ პირებზე, დამფუძნებელ/დირექტორსა და დაქირავებულ პირზე (დამფუძნებლის მეუღლე) სამეურნეო დანიშნულებით გაცემული აქვს თანხები, რომელიც მთელი შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში ფიქსირდება ანგარიშვალდებულ პირზე გაცემული თანხის უძრავ ნაშთად.

„ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების დანართი №4-ის საფუძველზე, შესამოწმებელ პერიოდში ანგარიშვალდებულ პირზე დაფიქსირებული გაცემული თანხის უძრავი ნაშთი ჩაითვალა დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და ამავე მუხლის მე-6 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის წარმოების პროცესში მომჩივნის მხრიდან არ წარდგენილა მისი არგუმენტაციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი და სადავო საკითხებთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

გაურკვევლად მიაჩნია რა თანხა იქნა შემმოწმებლის მიერ დასაშვებ ნაშთად ჩათვლილი. კომპანია სალაროში ნაღდ ფულს აჩერებდა მენეჯერული გადაწყვეტილების საფუძველზე და მიზანი არ ყოფილა გადასახადების დამალვა, ამდენად აღნიშნულ ნაწილში კომპანია უნდა გათავისუფლდეს დაკისრებული ჯარიმისგან.

ვინაიდან საგადასახადო შემოწმებით გამოვლინდა, რომ სალაროს ნაშთის არსებობის მიუხედავად, შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას არ გააჩნდა სესხი (ბანკიდან, სხვა რეზიდენტი და არარეზიდენტი იურიდიული პირებიდან), ასევე ანგარიშვალდებული პირების მიერ გაუხარჯავი თანხის დაბრუნება გონივრულ ვადაში ვერ მოხდა, ამდენად საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების და სალაროს ნაშთის სალაროს პასუხისმგებელ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად ჩათვლა არამართლზომიერია.

მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ანგარიშვალდებული პირის მიერ გატანილი თანხების ხელფასად განხილვის და სალაროს ანგარიშზე არსებული უძრავი ნაშთის კომპანიის პასუხისმგებელ პირზე გაცემულ სესხად დაკვალიფიცირების საფუძველზე მიღებული სარგებლის საკითხებთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები, შესწავლის შედეგების გათვალისწინებით დაადგინოს გატანილი თანხის ოდენობა, მიზნობრიობა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება).

გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს კომპანიიდან გატანილი თანხების ხელფასად განხილვის საკითხის შესაბამისობა შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული „საგადასახადო შემოწმებისას გასატარებელი ღონისძიებების სახელმძღვანელოს“ №0903 და №0905 სიტუაციურ სახელმძღვანელოებთან და შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული თანხების კორექტირება.

 

2. შემოწმებით გაანგარიშებული განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ფიზიკურ პირებთან გაფორმებული შესყიდვის აქტებით დადგინდა, რომ ცხვრის მატყლის ღირებულება შეადგენს 1 კგ-ზე 80-90 თეთრს. შემოწმების მიერ, აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, განხორციელდა საქონლის ჩამბარებელ პირებთან სატელეფონო კომუნიკაცია, რა დროსაც აღნიშნულმა პირებმა განმარტეს, რომ 1 კგ საქონლის ღირებულება ჩაბარების მომენტში შეადგენდა 40-50 თეთრს. აღნიშნულის გათვალისწინებით, შესყიდვის აქტების სისწორის დადგენის მიზნით, შემოწმებამ მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს. შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული პირებისგან მიღებულ იქნა წერილობითი განმარტებები, რომელთა მიხედვით, შპს „----------“-ის მიერ მათთვის ანაზღაურებული თანხა შეადგენდა ძირითად შემთხვევებში 30-50 თეთრს, ნაცვლად დაფიქსირებული 80-90 თეთრისა. შემოწმება დაეყრდნო შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული პირების მიერ საგამოძიებო სამსახურში წარდგენილ წერილობით განმარტებებს, შეძენილი მატყლის თვითღირებულება გაანგარიშდა შესყიდვის რეალური ღირებულების მიხედვით და განისაზღვრა 1 კგ-ზე 52 თეთრის ოდენობით. აღნიშნულის გათვალისწინებით, განისაზღვრა განკარგვადი თანხები, რომელიც ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

დაფიქსირებულია პირველი სადავო საკითხის ნაწილში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ანგარიშვალდებულ პირს კომპანიიდან გააქვს თანხები, რომლითაც ახორციელებს საქონლის ჩამბარებელ პირებთან ფულად ანგარიშსწორებას. საქონლის შესყიდვისას ფიზიკურ პირებთან გაფორმებულია შესყიდვის აქტები, რომლებითაც დგინდება, რომ მატყლის ღირებულება შეადგენს 80-90 თეთრს.

საკითხთან დაკავშირებით დამატებით წარმოადგენს ჩამბარებელი პირების ახსნა-განმარტებებს, რომლითაც დადასტურდება შესყიდვის აქტების რელევანტურობა. ამასთან, სატელეფონო კომუნიკაციით მიღებული ინფორმაცია არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სანდოდ, თუნდაც იდენტიფიცირების შეუძლებლობის ან ფსიქოლოგიური განცდების გამო, რასაც შეეძლო გავლენა მოეხდინა მიღებული პასუხის სისწორეზე. ამდენად, არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი გადასახადების დარიცხვის, ვინაიდან აღნიშნული ეფუძნება კანონშეუსაბამო ქმედებას.

სადავო აქტები საჭიროებდა საქმის გარემოებების სათანადოდ გამოკვლევას, ადმინისტრაციულ ორგანოს ქონდა შესაძლებლობა გაერკვია გარემოებები, შესაძლებელი იყო მხარეს მიეღო გადაწყვეტილება მიღებული ინფორმაციის შესწავლის შედეგად. გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება წარადგინოს პირველადი საგადასახადო დოკუმენტები, ხოლო საგადასახადო ორგანომ განახორციელოს გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა და საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ორივე პირობის ერთდროულად არსებობის დაუდასტურებლობის შემთხვევაში უზრუნველყოს დაკისრებული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).

გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება წარადგინოს დეტალური ინფორმაცია შესყიდვის აქტებთან, ყველა იმ პროცედურასთან დაკავშირებით, რაც სამეურნეო ოპერაციის ფაქტობრივ გარემოებას ასახავს. მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით დამატებით შესწავლილი იქნეს აღნიშნული საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში მოახდინოს დაკისრებული გადასახადები კორექტირება (შემცირება).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს. ხოლო მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გადახდის წყაროსთან აკავებს გადასახადს, ვალდებულია ბიუჯეტში გადარიცხოს გადასახადი პირისათვის თანხის გადახდისთანავე, ხოლო განაცემის არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში - შესაბამისი თვის ბოლო რიცხვში.

შემოწმებით დადგენილია, რომ:

ანგარიშვალდებულ პირზე სამეურნეო დანიშნულებით გაცემულია თანხები, რომელიც მთელი შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში ფიქსირდება უძრავ ნაშთად. ანგარიშვალდებულ პირზე დაფიქსირებული გაცემული თანხის უძრავი ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად;

გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი შესყიდვის აქტების მიხედვით, 1 კგ ცხვრის მატყლის ღირებულება შეადგენს 80-90 თეთრს. საქონლის ჩამბარებელ პირებთან განხორციელებული სატელეფონო კომუნიკაციის შედეგად, აღნიშნულმა პირებმა განმარტეს, რომ 1 კგ საქონლის ღირებულება ჩაბარების მომენტში შეადგენდა 40-50 თეთრს. შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული პირებისგან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოთხოვნილი წერილობითი განმარტებების მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ ანაზღაურებული თანხა შეადგენდა ძირითად შემთხვევებში 30-50 თეთრს, ნაცვლად შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული 80-90 თეთრისა. ამდენად, შეძენილი მატყლის თვითღირებულება გაანგარიშდა და განისაზღვრა 1 კგ-ზე 52 თეთრით და აღნიშნულიდან გამომდინარე, განისაზღვრა განკარგვადი თანხები, რომელიც ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ მომჩივანს შემოსავლების სამსახურში დავის წარმოების პროცესში არ წარუდგენია და არც ამჟამად არ წარმოადგენს რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულებებს, რომელიც მის არგუმენტებს გაამყარებდა, შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და შესაძლებელია შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველი გამხდარიყო.

საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონშესაბამისად. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. ანგარიშვალდებულ პირზე გაცემული თანხის უძრავი ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა;

2. შემოწმებით გაანგარიშებული განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

ანგარიშვალდებულ პირზე სამეურნეო დანიშნულებით გაცემულია თანხები, რომელიც მთელი შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში ფიქსირდება უძრავ ნაშთად. ანგარიშვალდებულ პირზე დაფიქსირებული გაცემული თანხის უძრავი ნაშთი ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი შესყიდვის აქტების მიხედვით, 1 კგ ცხვრის მატყლის ღირებულება შეადგენს 80-90 თეთრს. საქონლის ჩამბარებელ პირებთან განხორციელებული სატელეფონო კომუნიკაციის შედეგად, აღნიშნულმა პირებმა განმარტეს, რომ 1 კგ საქონლის ღირებულება ჩაბარების მომენტში შეადგენდა 40-50 თეთრს. შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული პირებისგან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოთხოვნილი წერილობითი განმარტებების მიხედვით, გადასახადის გადამხდელის მიერ ანაზღაურებული თანხა შეადგენდა ძირითად შემთხვევებში 30-50 თეთრს, ნაცვლად შესყიდვის აქტებში დაფიქსირებული 80-90 თეთრისა. ამდენად, შეძენილი მატყლის თვითღირებულება გაანგარიშდა და განისაზღვრა 1 კგ-ზე 52 თეთრით და აღნიშნულიდან გამომდინარე, განისაზღვრა განკარგვადი თანხები, რომელიც ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;73(9);101(1);154(1);