გადაწყვეტილება №83751/1/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 06.11.2023
№ დოკუმენტი 83751/1/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№83751/1/2023

06 ნოემბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ------ (ს/ნ -----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 26.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------ს 22.09.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №83751/1/2023).

 

დავის საგანი:

შპს „-----თვის“ (ს/ნ -----) მიწოდებული პროდუქციის ფარგლებში მიღებული შემოსავლის დაბეგვრა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 ივლისის №999-8 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 4 სექტემბრის №21587 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 26 661,53 ლარი.

მათ შორის:

საშემოსავლო გადასახადი - 15 411

ჯარიმა - 7 706

საურავი - 3 544,53

 

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2021 წლის საანგარიშო პერიოდში შპს „-----თვის“ (ს/ნ -----) მიწოდებული პროდუქციის ფარგლებში მიღებული შემოსავლის საგადასახადო ვალდებულებების სისწორის განსაზღვრის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 27 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოების გათვალისწინებით:

შპს „------ს“ მომჩივნისგან 2021 წლის იანვარში და თებერვალში შესყიდვის აქტებით შეძენილი აქვს 308 225 ლარის ვაშლი. გადამხდელს არ აქვს წარდგენილი 2021 წლის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია. მას მიღებული შემოსავალი უნდა დაებეგრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რაც არ განუხორციელებია. ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით, გადამხდელს ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯები არ უფიქსირდება.

შემოწმების შედეგად მომჩივნის ერთობლივი შემოსავალი განისაზღვრა 308 225 ლარით, რაზეც დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

შემოწმების აქტში მითითებულია, რომ გადამხდელთან სატელეფონო საუბრისას მიღებული ახსნა-განმარტებით დადგინდა, რომ მას პროდუქციის შეძენასთან დაკავშირებული ხარჯის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტები (შესყიდვის აქტები) არ გააჩნია. შემოწმებით, დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების განსაზღვრასთან დაკავშირებით, გამოყენებულ იქნა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 2 თებერვლის №1162 ბრძანებით დამტკიცებული „საგადასახადო შემოწმებისას გასატარებელი ღონისძიებების სიტუაციური სახელმძღვანელოს“ №0256 სიტუაციური სახელმძღვანელო. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით 2021 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯად, 25%-იანი რენტაბელობიდან გამომდინარე, გათვალისწინებულ იქნა რეალიზებული საქონლის 75%. მომჩივანს ერთობლივი შემოსავლებიდან გამოსაქვითი ხარჯი „შეძენილი საქონელი, მასალები და ნედლეული“ შეადგენს 231 168.75 ლარს.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა 2023 წლის 4 ივლისის №15811 ბრძანება და ამავე თარიღის №999-8 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 4.09.2023 წლის №21587 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

არასდროს არ ყოფილა არანაირი სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებელი ან/და გამყიდველი. მის მიმართ შედგენილი შესყიდვის აქტი, რომელიც არის აუდიტის დეპარტამენტის N13987 ბრძანების საფუძველი მისი ცოდნის და ნებართვის გარეშე შევსებულია შპს „------ს“ წარმომადგენლის კერძოდ -------ს (პ/ნ; -----) მიერ.

აცხადებს, რომ შპს „------ზე“ არის დაწყებული გამოძიება შესყიდვის აქტის გაყალბებაზე და მიმდინარეობს გამოძიება ------ს სამმართველოში. მისი პირადი მონაცემები მოპარულია ------ს მიერ. მას შედგენილი აქვს ყალბი შესყიდვის აქტი მისი პირადი მონაცემების გამოყენებით.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს გაუქმდეს აღნიშნული საშემოსავლო გადასახადი, ასევე ამასთან დაკავშირებული ჯარიმა და საურავი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.

საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

მომჩივნის განმარტებით არასდროს არ ყოფილა არანაირი სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებელი ან/და გამყიდველი. მის მიმართ შედგენილი შესყიდვის აქტი, რომელიც არის აუდიტის დეპარტამენტის N13987 ბრძანების საფუძველი მისი ცოდნის და ნებართვის გარეშე შევსებულია შპს „------ს“ წარმომადგენლის კერძოდ -----ს (პ/ნ; -----) მიერ. აცხადებს, რომ შპს „------ზე“ არის დაწყებული გამოძიება შესყიდვის აქტის გაყალბებაზე და მიმდინარეობს გამოძიება ------ს სამმართველოში. მისი პირადი მონაცემები მოპარულია ------ს მიერ. მას შედგენილი აქვს ყალბი შესყიდვის აქტი მისი პირადი მონაცემების გამოყენებით.

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა (დასკვნა) ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების 2023 წლის 4 სექტემბრის №21587 ბრძანება;

3. საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შპს -თვის მიწოდებული პროდუქციის ფარგლებში მიღებული შემოსავლის დაბეგვრა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შპს -ს მომჩივნისგან 2021 წლის იანვარში და თებერვალში შესყიდვის აქტებით შეძენილი აქვს 308 225 ლარის ვაშლი. გადამხდელს არ აქვს წარდგენილი 2021 წლის საანგარიშო პერიოდის საშემოსავლო გადასახადის წლიური დეკლარაცია. მას მიღებული შემოსავალი უნდა დაებეგრა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რაც არ განუხორციელებია. ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით, გადამხდელს ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯები არ უფიქსირდება. შემოწმების შედეგად მომჩივნის ერთობლივი შემოსავალი განისაზღვრა 308 225 ლარით, რაზეც დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.

შემოწმებით 2021 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციაში ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯად, 25%-იანი რენტაბელობიდან გამომდინარე, გათვალისწინებულ იქნა რეალიზებული საქონლის 75%. მომჩივანს ერთობლივი შემოსავლებიდან გამოსაქვითი ხარჯი „შეძენილი საქონელი, მასალები და ნედლეული“ შეადგენს 231 168.75 ლარს.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი მომჩივნის მონაწილეობით ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 61(3), 80(1), 100(3"ბ"), 102(1"ა"), 105(1), 72(1).