ბრძანება N 11792
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 11792
30.05.2023
ფ/პ ------------ -------------ის (პ/ნ ---------------------)
(იურიდიული მის: -----------------------------------)
2023 წლის 2 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 19 მაისის (ოქმი №55) სხდომაზე განიხილა ფ/პ --------- ------------ის (პ/ნ ---------------------) №80707/1/2023 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 23 მარტის №021- 297 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანებასა და 2023 წლის 11 აპრილის №2023/021-297/1 ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტს.
გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია:
გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ მის თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებებზე ყადაღის დადება წარმოადგენს არამართლზომიერ ქმედებას, ვინაიდან აღნიშნული ქონებების მესაკუთრე, ისე როგორც დავალიანების წყაროს - წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიით გათვალისწინებული ვალდებულებების სუბიექტი გახდა მამკვიდრებლის, 2021 წელს არქიმანდრიტი --- ------ის გარდაცვალების შემდეგ. გარდაცვლილი არქიმანდრიტის სამკვიდრო გაიხსნა სამ მემკვიდრეზე, თუმცა საკუთრების უფლების რეგისტრაცია ჯერჯერობით არ ფიქსირდება, რადგან ამ ეტაპზე მიმდინარეობს სასამართლო საქმისწარმოება ქ. -----ის საქალაქო სასამართლოში. ვინაიდან, როგორც ლიცენზიის, ასევე აღნიშნული ქონებით სარგებლობისა და განკარგვის უფლებამოსილებას მოკლებულია ფ/პ --------- ------------ის, მან ვერ განახორციელა ვერც საგადასახადო ვალდებულებების გასტუმრება და სწორედ ამიტომ, ყადაღის დადება ვერ იქნება გამართლებული --------- ------------ის რეგისტრირებულ ქონებაზე, ვიდრე არ დასრულდება სასამართლოს საქმის განხილვა. აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს, ქონებაზე ყადაღისა და ყადაღის აქტის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად,ფ/პ --------- ------------ეს (პ/ნ ---------------------) 2023 წლის 23 მარტის მდგომარეობით ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ბარათზე ერიცხებოდა აღიარებული დავალიანება: გადასახადი 4702.66 ლარი, საურავი 2014.56 ლარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე გამოცემული იქნა 2023 წლის 23 მარტის №№021-297 ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. ბრძანებას გადამხდელი გაეცნო 2023 წლის 12 აპრილს.
აღნიშნული ბრძანების საფუძველზე კი, 2023 წლის 11 აპრილს ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ №2023/021-297/1 აქტი.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, 2023 წლის 19 მაისის მდგომარეობით ფ/პ --------- ------------ეს (პ/ნ ---------------------) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ბარათზე ერიცხება აღიარებული დავალიანება: გადასახადი 4702.66 ლარი, საურავი 2148.59 ლარი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას საჩივრის დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, აღიარებულია საგადასახადო დავალიანება თუ:
ა) დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია;
ბ) პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა;
გ) მისი შემცირების მიზნით შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება;
დ) დარიცხვის მართლზომიერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;
ე) პირი წერილობითი/ელექტრონული განცხადებით უარს აცხადებს საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე.
ვ) პირს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოში წარდგენილი აქვს წერილობითი განცხადება საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:
ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;
ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა;
გ) ქონებაზე ყადაღის დადება;
დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია;
ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა;
ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. მე-6 ნაწილის შესაბამისად კი საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ქონებაზე ყადაღის დადება არის პირის ქონების აღწერა ამ ქონების განკარგვის (პირის მიერ ქონების ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, იპოთეკის, უზუფრუქტის, სერვიტუტის ან აღნაგობით დატვირთვის, თხოვების, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების, სხვისთვის დროებით ან მუდმივ მფლობელობაში გადაცემის) აკრძალვა. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ქონებაზე ყადაღის დადების აქტს ხელს აწერენ საგადასახადო ორგანოს/აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი, ქონების შემნახველი, გადასახადის გადამხდელი/ვალდებული პირი და სხვა პირები, რომლებიც ესწრებოდნენ ქონებაზე ყადაღის დადებას. თუ ამ პირებმა უარი განაცხადეს ხელმოწერაზე, აქტში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.
,,მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 42–ე მუხლის მე–6 ნაწილის შესაბამისად ქონებაზე ყადაღის (აღწერის) დადების დროს იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებიც გადასახადის გადამხდელთანაა, მას ეკუთვნის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის მე-9 ნაწილი ადგენს, რომ ქონებაზე დადებული ყადაღა უქმდება ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ხოლო ამავე კოდექსის 239-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გაუქმება ხდება:
ა) ამ კოდექსის 242-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს მიერ, საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით რეალიზაციის შემთხვევაში;
ბ) თუ გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს წერილობითი თანხმობით განახორციელა ქონების ან მისი ნაწილის რეალიზაცია და ამონაგები თანხა სრულად მიმართა საგადასახადო დავალიანების დასაფარავად;
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შემთხვევაში;
დ) „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შემთხვევაში;
დ1) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
ე) თუ ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებით არ წარმოიშობა საგადასახადო დავალიანება;
ზ) ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ ფ/პ --------- ------------ეს (პ/ნ ---------------------) 2023 წლის 23 მარტის მდგომარეობით ერიცხებოდა და ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მათი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ფ/პ --------- ------------ის (პ/ნ ---------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ითხოვს, ქონებაზე ყადაღისა და ყადაღის აქტის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად,მომჩივანს 2023 წლის 23 მარტის მდგომარეობით ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის ბარათზე ერიცხებოდა აღიარებული დავალიანება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე გამოცემული იქნა 2023 წლის 23 მარტს ბრძანება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ. ბრძანებას გადამხდელი გაეცნო 2023 წლის 12 აპრილს.
აღნიშნული ბრძანების საფუძველზე კი, 2023 წლის 11 აპრილს ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ აქტი.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ მომჩივანს 2023 წლის 23 მარტის მდგომარეობით ერიცხებოდა და ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მათი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: სსკ-ის 8(5); 238(1,2); 239(9); 241(2,4,9); 302(6);
,,მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 42–ე მუხლის მე–6 ნაწილი;