გადაწყვეტილება №25700/2/2025
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№25700/2/2025
01 ოქტომბერი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 18.09.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „----------“ 22.08.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25700/2/2025).
დავის საგანი:
1. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 20 თებერვლის №3040 ბრძანების აღსრულების შედეგები;
2. საჩივრის განუხილველად დატოვება - არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2024 წლის №006-576 საგადასახადო მოთხოვნა;
2. აუდიტის დეპარტამენტის 12.06.2025 წლის №006-162 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;
3. შემოსავლების სამსახურის 5.08.2025 წლის №17542 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 261 833.87 ლარი (27.12.2024 წლის №006-576 საგადასახადო მოთხოვნა).
მათ შორის:
გადასახადი - 132 200
საშემოსავლო გადასახადი - 132 092
ქონების გადასახადი - 108
ჯარიმა - 66 100
საურავი - 63 533.87
დარიცხული თანხა: 272 485.86 ლარი (12.06.2025 წლის №006-162 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა).
მათ შორის:
გადასახადი - 132 200
საშემოსავლო გადასახადი - 132 092
ქონების გადასახადი - 108
ჯარიმა - 66 100
საურავი - 74 185.86
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა სარემონტო სამუშაოების შესრულება, კერძოდ, კედლებისა და გარე ფასადის ლესვა გიპერის აპარატის მეშვეობით, სამღებრო სამუშაოები, ბლოკის წყობის მომსახურება, სარტყელების ჩასხმა, ფილების დაგება, თაბაშირ-მუყაოს ფილების მოწყობის სამუშაოები, კარებების ჩასმის მომსახურება და სხვა.
აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 6 დეკემბრის №25623 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2021 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 მარტამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2024 წლის 25 დეკემბერს საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ:
შეისწავლეს შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემები, მცირე მეწარმის საქმიანობა და დადგინდა, რომ მეწარმის მიერ დამკვეთებისთვის გაწეულია 1 654 262 ლარის მომსახურება დღგ-ის ჩათვლით. დამკვეთია შპს „----------“ (ს/ნ ----------) და შპს „----------“ (ს/ნ ----------). ხოლო, გაცემულია 10 700 ლარის ხელფასი. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩაითვალა, რომ მომჩივნის მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობიდან გამომდინარე, მომსახურების მიწოდება ხდებოდა დაქირავებული მუშა-ხელის მეშვეობით, ამასთან, შეისწავლეს ანალოგიური საქმიანობის კომპანიების მიერ საქმიანობის ფარგლებში მიღებული მოგების მარჟა. აღნიშნულმა მარჟამ შეადგენა 20%. აქედან გამომდინარე, მთლიანი შემოსავლის 20% ჩაითვალა მეწარმის მიერ მიღებულ მოგებად, დარჩენილ თანხას გამოაკლდა მომჩივნის მიერ გაწეული ყველა ხარჯი (შეძენილი მასალები, ბიუჯეტში გადახდილი თანხა, გაცემული ნაჩვენები ხელფასი) და სხვაობის თანხა ჩაითვალა დაქირავებულ პირებზე გაცემულ ხელფასად. შედეგად, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად დაეკისრა ჯარიმა.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 27 დეკემბრის №27465 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №006-576 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 20.02.2025 წლის №3040 ბრძანების საფუძველზე საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ. მიღება-ჩაბარების აქტები, დამკვეთისგან შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაცია და სხვა. (ასევე, მე-3 მხარისაგან წარმოსადგენი მტკიცებულებების შესახებ ინფორმაცია შეთანხმდეს შემმოწმებელთან);
ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
გ) დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების შედეგად გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 12.06.2025 წლის №006-162 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რითაც შემოწმებისთვის წარდგენილი არასრულყოფილი ინფორმაციიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.
აუდიტის დეპარტამენტის 12.06.2025 წლის №006-162 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა და 27.12.2024 წლის №006-576 საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 5.08.2025 წლის №17542 ბრძანებით საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 12 ივნისის №006-162 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა, ხოლო აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2024 წლის №006-576 საგადასახადო მოთხოვნა საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დარჩა განუხილველი.
შემოსავლების სამსახურის 5.08.2025 წლის №17542 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლზე და ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ მოცემული დოკუმენტი მათთვის ცნობილი იყო შემოწმების/გადაანგარიშების პროცესშიც და ზეგავლენას არ ახდენს დარიცხულ თანხებზე და არ წარმოადგენს კორექტირების საფუძველს. ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელი საჩივარში ვერ უთითებს იმ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, თუ რა ნაწილში არ მოხდა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება. შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ამასთან, საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2024 წლის №006-576 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, მეწარმის მიერ 24.01.2025 წელს წარდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 20 თებერვლის №3040 ბრძანებით დააკმაყოფილა ნაწილობრივ.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან არსებობს მომჩივანის მიმართ იმავე დავის საგანზე შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საჩივარი, აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2024 წლის №006-576 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დარჩა განუხილველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მიღებული შემოსავლის 80%-ის დაქირავებულ პირებზე გაცემულ ხელფასად განხილვას. აცხადებს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე აუდიტის დეპარტამენტთან შეთანხმდა რა ტიპის დოკუმენტები უნდა წარედგინა მესამე პირებისგან, ასევე რა ნაწილის წარდგენა იქნებოდა რთული, რადგან იგი იყო გადამხდელის დამკვეთის შიდა ინფორმაცია და არ იქნებოდა მარტივი აღნიშნულის გაზიარებაზე დათანხმება (საკითხი ეხებოდა მშენებლობაზე შესული პირების სრული რეესტრის წარდგენას). განმარტავს, რომ განხორციელდა მოთხოვნილი დოკუმენტაციის სრულად მიწოდება რამდენიმე დღეში, გარდა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირსა და შპს „----------“/ შპს „----------“, ასევე დამკვეთებსა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების, შესაბამისი მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტების, შპს „----------“ / შპს „----------“ დამკვეთებისგან ახსნა-განმარტება, სადაც წარმოდგენილი იქნება: მიღებული მომსახურების დეტალური აღწერა, მცირე მეწარმეებზე საწარმოს მხრიდან ჩართული დამხმარე მუშებისთვის მინიჭებული ფუნქციების და გაწეული მომსახურების კონკრეტიკა/აღწერა. ამის შემდეგ განხორციელდა მესამე პირების დირექტორების გამოკითხვაზე დაბარება. მესამე პირებთან კომუნიკაციის შემდეგ, აუდიტორმა მოითხოვა გადამხდელის დამკვეთის ყველა დებიტორისგან ახსნა-განმარტება, რაც უტოპიური მოთხოვნა იყო, რადგან აუდიტის დეპარტამენტი ისეთი პირებისგან ითხოვდა ინფორმაციას, ვისთანაც საერთოდ შეხება არ ჰქონია გადამხდელს. ამასთან, რიგ პირებთან ურთიერთობები აღარ არსებობს და შეუძლებელია თანამშრომლობა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის 20.02.2025 წლის №3040 ბრძანებით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, მ.შ. მიღება-ჩაბარების აქტები, დამკვეთისგან შესრულებული სამუშაოს შესახებ ინფორმაცია და სხვა. (ასევე, მე-3 მხარისაგან წარმოსადგენი მტკიცებულებების შესახებ ინფორმაცია შეთანხმდეს შემმოწმებელთან); ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მიერ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის 20.02.2025 წლის №3040 ბრძანება აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის 6.06.2025 წლის №230/3 დასკვნიდან ირკვევა, რომ:
აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოხდა საჩივარში დაფიქსირებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელისთვის მოთხოვნა, მათ შორის, მიღება ჩაბარების აქტები, მე-3 პირებისგან ახსნა-განმარტება, სადაც წარმოდგენილი იქნებოდა: მიღებული მომსახურების დეტალური აღწერა, მცირე მეწარმეებზე საწარმოს მხრიდან ჩართული დამხმარე მუშებისთვის მინიჭებული ფუნქციების და გაწეული მომსახურების კონკრეტიკა/აღწერა, ახსნაგანმარტება იმის შესახებ, ხორციელდება თუარა ობიექტზე პირის შესვლა-გამოსვლის აღწერა და არსებობის შემთხვევაში მცირე მეწარმეების /დამხმარე პირების ობიექტზე შესვლის ამსახველი მონაცემები. გადაანგარიშების ეტაპზე მეწარმის მიერ წარმოდგენილი იქნა მხოლოდ სამი პირისგან ახსნა განმარტება, რომლისთვისაც გაწეული მომსახურების წილი უმნიშვნელოა მეწარმის მიერ გაწეულ მთლიან მომსახურებაში. ხოლო ობიექტზე შესვლა-გამოსვლასთან დაკავშირებით გადამხდელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ობიექტის წარმომადგენლები უარს ეუბნებიან მის გადმოცემაზე. შემოწმებისთვის წარდგენილი არასრულყოფილი ინფორმაციიდან გამომდინარე, აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
მომჩივნის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ სრულყოფილად არ არის შესწავლილი საქმის გარემოებები და მტკიცებულებები, რაც წარმოადგენს სადავო საკითხს, ხოლო საჩივარი შემოსავლების სამსახურის მიერ განხილული იქნა მისი მონაწილეობის გარეშე.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა (დასკვნა) ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული შემოსავლების სამსახურის 20.02.2025 წლის №3040 ბრძანების აღსრულების საკითხი, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, ამ ნაწილში მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
ამასთან, საბჭო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგები მომჩივნის მიერ გასაჩივრებული იქნა შემოსავლების სამსახურში. კერძოდ, აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2024 წლის №006-576 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, მომჩივნის მიერ 24.01.2025 წელს წარდგენილი საჩივარი შემოსავლების სამსახურის 20.02.2025 წლის №3040 ბრძანებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის მიერ ამ ნაწილში საჩივრის საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განუხილველად დატოვება მართებულია.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 5.08.2025 წლის №17542 ბრძანება;
3. შემოსავლების სამსახურის 20.02.2025 წლის №3040 ბრძანების აღსრულების საკითხის ნაწილში საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 20 თებერვლის №3040 ბრძანების აღსრულების შედეგები;
2. საჩივრის განუხილველად დატოვება - არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
ფაქტობრივი გარემოებები
1. შემოსავლების სამსახურის 20.02.2025 წლის №3040 ბრძანება აღსრულების შედეგებზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის დასკვნიდან ირკვევა, რომ: აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოხდა საჩივარში დაფიქსირებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელისთვის მოთხოვნა, მათ შორის, მიღება ჩაბარების აქტები, მე-3 პირებისგან ახსნა-განმარტება, სადაც წარმოდგენილი იქნებოდა: მიღებული მომსახურების დეტალური აღწერა, მცირე მეწარმეებზე საწარმოს მხრიდან ჩართული დამხმარე მუშებისთვის მინიჭებული ფუნქციების და გაწეული მომსახურების კონკრეტიკა/აღწერა, ახსნაგანმარტება იმის შესახებ, ხორციელდება თუარა ობიექტზე პირის შესვლა-გამოსვლის აღწერა და არსებობის შემთხვევაში მცირე მეწარმეების /დამხმარე პირების ობიექტზე შესვლის ამსახველი მონაცემები. გადაანგარიშების ეტაპზე მეწარმის მიერ წარმოდგენილი იქნა მხოლოდ სამი პირისგან ახსნა განმარტება, რომლისთვისაც გაწეული მომსახურების წილი უმნიშვნელოა მეწარმის მიერ გაწეულ მთლიან მომსახურებაში. ხოლო ობიექტზე შესვლა-გამოსვლასთან დაკავშირებით გადამხდელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ობიექტის წარმომადგენლები უარს ეუბნებიან მის გადმოცემაზე. შემოწმებისთვის წარდგენილი არასრულყოფილი ინფორმაციიდან გამომდინარე, აქტით დარიცხული თანხები არ დაექვემდებარა შემცირებას.
2. მომჩივნის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ სრულყოფილად არ არის შესწავლილი საქმის გარემოებები და მტკიცებულებები, რაც წარმოადგენს სადავო საკითხს, ხოლო საჩივარი შემოსავლების სამსახურის მიერ განხილული იქნა მისი მონაწილეობის გარეშე. აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა (დასკვნა) ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული შემოსავლების სამსახურის 20.02.2025 წლის №3040 ბრძანების აღსრულების საკითხი, რის გამოც საბჭოს მიაჩნია, რომ საჩივარი, ამ ნაწილში მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს. მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურის მიერ ამ ნაწილში საჩივრის საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე განუხილველად დატოვება მართებულია.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301„ზ“.