გადაწყვეტილება №25715/2/2025

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 13.11.2025
№ დოკუმენტი 25715/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25715/2/2025

13 ნოემბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს "-------" (ს/ნ "-------" )

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,7.11.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "-------"-ს 24.08.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25715/2/2025).

 

დავის საგანი:

რეალიზებული საქონლის ღირებულებასა და შემოწმებით დაანგარიშებულ ხარჯს შორის გამოვლენილი სხვაობის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 6.06.2025 წლის №021-40 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 23.07.2025 წლის №16551 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 82 054.3 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 51 849.51

დღგ - 8 068.71

საშემოსავლო გადასახადი - 43 780.80

ჯარიმა - 25 604.50

საურავი - 4 600.29

 

ფაქტების აღწერა

კომპანიის საქმიანობაა ბეტონის, ბათქაშის და ცემენტისგან ნაკეთობების წარმოება. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2021 წლის 20 აპრილს.

აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 7 თებერვლის №2005 ბრძანებით ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2022 წლის პირველი იანვრიდან 2025 წლის პირველ იანვრამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2.06.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, სადაც სადავო დარიცხვასთან დაკავშირებით ირკვევა შემდეგი გარემოებები:

მომჩივანმა წარადგინა საბანკო ამონაწერები, ინდ. მეწარმეებთან დადებული ხელშეკრულებები და ასევე, შესყიდვის აქტები. საწარმოს დირექტორის განცხადებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, 2025 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი არ ჰქონდა. ამასთან, საწარმო არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, ასევე, მიწოდებული მასალების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მომჩივანს შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული აქვს 2 692 787 ლარის ღირებულების საქონელი. აღნიშნულ რეალიზაციას ახდენდა მხოლოდ ერთ კომპანიასთან სს „----- - სთან“ და ანგარიშსწორება ასახულია საბანკო ამონაწერებში. გაანგარიშდა გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯები და გამოვლინდა სხვაობა 175 123 ლარი, რომელიც ჩაითვალა შესაბამისი საანგარიშო პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. მომჩივანს ასევე დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 6 ივნისის №11631 ბრძანება და ამავე თარიღის №021-40 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 23.07.2025 წლის №16551 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 73-ე, 101-ე, 154-ე, 105-ე, 72-ე, 43-ე მუხლებზე და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული აქვს 2 692 787 ლარის ღირებულების საქონელი. აღნიშნულ რეალიზაციას ახდენდა მხოლოდ ერთ კომპანიასთან სს „------ - სთან“ და ანგარიშსწორება ასახულია საბანკო ამონაწერებში. შემოწმების მიერ დაანგარიშდა მის მიერ გაწეული ხარჯები და გამოვლინდა სხვაობა 175 123 ლარი, რომელიც ჩაითვალა შესაბამისი საანგარიშო პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების პროცესში არასწორად განისაზღვრა ხარჯები. შესამოწმებელ პერიოდში ინდ. მეწარმეებისათვის გადახდილია 509 040 ლარი და აღნიშნული ხარჯი საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, უნდა გამოიქვითოს შემოსავლიდან. ამასთან, კომპანიას დოლარის ანგარიშზე უფიქსირდებოდა 81 900 ლარი, რაც სავარაუდოდ შემოწმებას არ გაუთვალისწინებია ფულის ნაშთის გაანგარიშებისას. თანხა რომლის განკარგვას შემმოწმებლის განმარტებით არ დასტურდება ისეა ჩათვლილი დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რომ ამის შესახებ დირექტორისგან არ არის მიღებული არანაირი ახსნა-განმარტება. რეალურად დირექტორის მიერ თანხის ხელფასის სახით გამოყენება არ მომხდარა, არამედ ეს თანხები მოხმარდა საწარმოს ხარჯებს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საქმეზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 7.11.2025 წლის №------- წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ კომპანიის საქმიანობაა ბეტონის, ბათქაშის და ცემენტისგან ნაკეთობების წარმოება. მომჩივანმა წარადგინა საბანკო ამონაწერები, ინდ. მეწარმეებთან დადებული ხელშეკრულებები და ასევე, შესყიდვის აქტები. საწარმოს დირექტორმა შემოწმებას წარუდგინა განცხადება, რომლის მიხედვითაც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, (2025 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით), სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთი არ ჰქონდა. ამასთან, საწარმო არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას.

დადგენილია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად მომჩივნის მიერ მიღებულ შემოსავლებსა და ხარჯებს შორის სხვაობა 175 123 ლარი, გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამისი მტკიცებულებების ან/და ახსნა-განმარტების წარუდგენლობის, აგრეთვე, სხვაობის თანხის განკარგვის თაობაზე სხვა სახის ინფორმაციის არ არსებობის გამო, ჩაითვალა შესაბამისი საანგარიშო პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

მომჩივნის განმარტებით, შესამოწმებელ პერიოდში ინდ. მეწარმეებისათვის გადახდილია 509 040 ლარი და აღნიშნული ხარჯი საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, უნდა გამოიქვითოს შემოსავლიდან. ამასთან, კომპანიას დოლარის ანგარიშზე უფიქსირდებოდა 81 900 ლარი, რაც სავარაუდოდ არ არის გათვალისწინებული ფულის ნაშთის გაანგარიშებისას. მომჩივანს არ წარმოუდგენია აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.

საბჭო აღნიშნავს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

მომჩივანი მიიჩნევს,რომ შემოწმების პროცესში არასწორად განისაზღვრა ხარჯები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

კომპანიის საქმიანობაა ბეტონის, ბათქაშის და ცემენტისგან ნაკეთობების წარმოება. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2021 წლის 20 აპრილს.

მომჩივანმა წარადგინა საბანკო ამონაწერები, ინდ. მეწარმეებთან დადებული ხელშეკრულებები და ასევე, შესყიდვის აქტები. საწარმოს დირექტორის განცხადებით, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, 2025 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი არ ჰქონდა.გაანგარიშდა გადამხდელის მიერ გაწეული ხარჯები და გამოვლინდა სხვაობა 175 123 ლარი, რომელიც ჩაითვალა შესაბამისი საანგარიშო პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.მომჩივანს ასევე დაეკისრა სსკ-ის 275-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :

73(9),101,154.