გადაწყვეტილება №20289/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 12.10.2023
№ დოკუმენტი 20289/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20289/2/2023

12 ოქტომბერი 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი:შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 22.09.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---------- 17.07.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20289/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 20.08.2021 წლის №27082 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 19 აპრილის №007-95 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 14 ივნისის №13501 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 522 842,95 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 247 031

დღგ - 110 711

მიწის გადასახადი (სასოფლო) - 79

საშემოსავლო გადასახადი - 135 873

ქონების გადასახადი - 368

ჯარიმა - 129 364

საურავი - 146 447,95

 

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის 2018 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 16 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

1. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს დეკლარირებული 18%-იანი დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 5 117 876 ლარს (დღგ გარეშე). საწარმოს დირექტორის განმარტებით შესამოწმებელ პერიოდში საწარმო ახორციელებდა ბუღალტრულ აღრიცხვას ,,----------’’ ბუღალტერის პროგრამაში. კომპიუტერული ტექნიკის დაზიანების გამო დღეის მდგომარეობით აღრიცხული მონაცემებით სარგებლობა შეუძლებელია, რის გამოც არ არსებობს ინფორმაცია მასალების ჩამოწერის, საცალოდ რეალიზებული საქონლის, მარაგების მოძრაობის და შესამოწმებელი პერიოდის დასაწყისში საწყისი ნაშთის შესახებ. შესაბამისად შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით, კერძოდ: შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული საქონელი დაიყო ჯგუფებად/კატეგორიებად (სამშენებლო, ელექტრონული, ხელსაწყოები, სანტექნიკა და სხვა). თითოეულ ჯგუფზე/კატეგორიაზე გავრცელდა გადამხდელის დოკუმენტური ფასების მიხედვით გამოანგარიშებული ფასნამატი, ხოლო იმ საქონელზე, რომელზეც არ ფიქსირდებოდა დოკუმენტური რეალიზაციის ფასი, გავრცელებული იქნა შესაბამისი ჯგუფის იდენტიფიცირებული საქონლის სახეობების საშუალო შეწონილი ფასნამატი. აღნიშნულიდან გამომდინარე, გაანგარიშდა შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ის დასაბეგრი ბრუნვა, რომელმაც შეადგინა 6 184 210 ლარი (დღგ-ის გარეშე), ასევე დადგინდა, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში მიღებული აქვს საიჯარო შემოსავალი 20 339 ლარის (დღგ-ის გარეშე) ოდენობით. შემოწმების შედეგად გამოვლენილი სხვაობა 1 086 673 ლარის ოდენობით დაიბეგრა დღგ-ით. საწარმოს ასევე დაერიცხა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

2. არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშდა შესამოწმებელ პერიოდში მიღებული შემოსავალი (შემოსავლის გაანგარიშებაში ასევე გათვალისწინებულია საიჯარო შემოსავალი 24 000 ლარის ოდენობით). გაკეთდა საწარმოს ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზი, რის შედეგად დადგინდა ნაღდი ფულის ნაშთი 1 100 000 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის გარშე). საწარმოს დირექტორის განმარტებით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს საწარმოს ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნდა და 2020 წლის მარტის შემდეგ ეკონომიკურ საქმიანობას აღარ ახორციელებს. შემოწმების შედეგად ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, დადგენილი ფულადი სახსრების ნაშთი 1 100 000 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადის გარშე) განხილული იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. საწარმოს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 23 ივნისის №20412 ბრძანება და ამავე თარიღის №007-254 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 20.08.2021 წლის №27082 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

1. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);

ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

2. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს წინა პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით განსაზღვროს იმ თანხის ოდენობა, რომელიც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის უნდა არსებულიყო სალაროში და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს, დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 20 აგვისტოს №27082 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 31 მარტის დასკვნის საფუძველზე, მომჩივანს დარიცხული თანხები შეუმცირდა 336 029 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 224 018 ლარით და ჯარიმა

112 011 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2023 წლის 19 აპრილის №007-95 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 14 ივნისის №13501 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ გადაანგარიშების ეტაპზე გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებების საფუძველზე, განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადამხდელს წარმოდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

2023 წლის 31 მარტის აუდიტის დეპარტამენტის მიერ მომზადებულ დასკვნაში დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში მითითებულია, რომ „გადასახადი გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა სამშენებლო მასალებით. წარმოდგენილ საჩივარში არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრას, კერძოდ: შემოწმების მიერ გამოყენებულ ფასნამატს. ითხოვს საკითხის მათი მონაწილეობით შესწავლას და დარიცხული თანხების კორექტირებას.“ დავების გადაწყვეტილების ნაწილში მითითებულია, რომ:

„ა) არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები ( მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ);

ბ) დაევალა აუდიტის დეპარტამენტს ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს წარდგენილი მასალები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);“

აუდიტორის შეფასების ნაწილში მითითებულია, რომ: „შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით გაანგარიშებული ფასნამატის ცხრილი. წარმოდგენილი ინფორმაცია შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შედეგად გადამხდელის წარმოდგენილ ცხრილში ხელთ არსებულ პირველად დოკუმენტაციაზე დაყრდნობით დაკორექტირდა საქონლის სახეობები/ჯგუფები, შეიცვალა საქონლის სახეობების/ჯგუფების ფასნამატი და გაანგარიშებული იქნა მიღებული შემოსავალი, რომელიც დაემთხვა გადასახადის გადამხდელის მიერ გადაწყვეტილების შემდეგ წარმოდგენილ გაანგარიშების ცხრილის მიხედვით მიღებულ დასაბეგრ შემოსავალს (დასკვნის შედეგები გაანგარიშებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების/ცხრილის მიხედვით).

აღნიშნულიდან გამომდინარე დაკორექტირდა (შემცირდა) დამატებული ღირებულების გადასახადის დასაბეგრი თანხა 471 617 ლარით (დღგ-ის გარეშე), შესაბამისად 2023 წლის 31 მარტს შედგა დასკვნა რომლის მიხედვითაც დაკორექტირდა (შემცირდა) შემოწმების აქტით დარიცხული თანხა სულ 127 338 ლარით, მათ შორის ძირითადი გადასახადი 84 891 ლარი და ჯარიმა 42 447 ლარი.“

საშემოსავლო გადასახადის ნაწილში აღნიშნულია, რომ „გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების მიერ სალაროში არსებული ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორის ხელფასად განხილვას. მიუთითებს, რომ აღნიშნული საკითხი არ იყო განხილული გადამხდელთან ერთად. შესაბამისად, ითხოვს საკითხის მათი უშუალო მონაწილეობით შესწავლას და სალაროში არსებული ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ სესხად ან დივიდენდად დაკვალიფიცირებას.“

დავების გადაწყვეტილების ნაწილში აღნიშნულია, რომ „დაევალა აუდიტის დეპარტამენტს ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესრულების შედეგების გათვალისწინებით განსაზღვროს იმ თანხის ოდენობა, რომელიც შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის უნდა არსებულიყო სალაროში და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს, დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);“

აუდიტის დეპარტამენტის შეფასებაში აღნიშნულია, რომ „გადაანგარიშების დასკვნის პირველი საკითხის შესაბამისად შემცირდა გადასახადის გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავალი 471 617 ლარი, შედეგად დაკორექტირდა (შემცირდა) საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხა 695 635 ლარით (471 617 *1.18/0.18=695 635 საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით). აღნიშნულიდან გამომდინარე 2023 წლის 31 მარტს შედგენილი იქნა დასკვნა რომლის შესაბამისად დაკორექტირდა (შემცირდა) შემოწმების აქტით დარიცხული თანხა სულ 208 691 ლარით, მათ შორის ძირითადი გადასახადი

139 127 ლარი და ჯარიმა 69 564 ლარი.“

ქონების გადასახადის ნაწილში აღნიშნულია, რომ „საწარმოს მიერ 2019 წელზე არ არის წარმოდგენილი წლიური ქონების გადასახადის დეკლარაცია, შემოწმების მიმდინარეობისას დადგინდა რომ საწარმო შესამოწმებელ პერიოდში ფლობდა შენობა-ნაგებობას. შემოწმების შედეგად შენობანაგებობის საშუალო წლიური საბალანსო ღირებულება სსკ-ის 201-და 202-ე მუხლების შესაბამისად დაიბეგრა ქონების გადასახადით. საწარმო ასევ დაჯარიმდა სსკ-ის 275-ე მუხლის შესაბამისად ქონების გადასახადის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისთვის.“ გადასახადის გადამხდელის პოზიციის ნაწილში მითითებულია, რომ „გადამხდელს წერილობითი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია.“

სხვა ჯარიმების ნაწილში ამავე დასკვნაში აღნიშნულია, რომ „საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლი მე-7 ნაწილის გათვალისწინებით ითხოვს სანქციებისგან გათავისუფლებას.“ დავების გადაწყვეტილების ნაწილში მითითებულია, რომ „აღნიშნულ საკითხში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.“ აუდიტორის შეფასების ნაწილში მითითებულია, რომ „შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შესაბამისად 2023 წლის 31 მარტს შედგენილი იქნა დასკვნა , რომლის შესაბამისად აღნიშნულ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხა შემცირებას არ დაექვემდებარა.“

მომჩივანი არ ეთანხმება ზემოაღნიშნულ დასკვნაში მითითებულ საკითხებს, კერძოდ:

აუდიტის დეპარტამენტი თავის დასკვნაში აღნიშნავს, რომ შესწავლილ იქნა გადამხდელის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, კერძოდ ფასნამატის გაანგარიშების ცხრილი და გადამხდელის მიერ მიწოდებული ცხრილის შესაბამისად დაკორექტირებულ იქნა საგადასახადო ვალდებულებები დამატებული ღირებულების გადასახადის ნაწილში.

საწარმოს მიერ მიწოდებული დოკუმენტაციის და ფასნამატის გაანგარიშების ცხრილის გათვალისწინებით შემცირებას უნდა დაქვემდებარებოდა როგორც საწყისი ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს, ასევე შესამოწმებელ პერიოდში გაანგარიშებული ბრუნვაც ფასნამატის გაანგარიშებიდან გამომდინარე დადგენილი „რპთ“-ს გათვალისწინებით, მაგრამ ეს პოზიცია არ იქნა სრულად გაზიარებული აუდიტის დეპარტამენტის მიერ, წინააღმდეგ შემთხვევაში გადაანგარიშების შედეგად სულ სხვა მონაცემები უნდა ყოფილიყო ასახული გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე.

დამატებული ღირებულების გადასახადში არასწორად დადგენილი ბრუნვა პირდაპირპროპორციულად ახდენს გავლენას გადამხდელის მიმართ სალაროში არსებული ნაშთის გაანგარიშების ნაწილზე, ვინაიდან არასწორად დადგენილი გაზრდილი შემოსავლის შედეგად სალაროში წარმოიშობა „ვირტუალური ნაშთი“, რომელიც არ ასახავს რეალობას, ხოლო ზემოაღნიშნული ვირტუალური ნაშთი აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხილულია საზოგადოების დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ცხადია, რომ არასწორად დაანგარიშებული ბრუნვა დამატებული ღირებულების გადასახადში იწვევს როგორც დამატებული ღირებულების გადასახადის არასწორ დაანგარიშებას, ასევე მისგან „მისაღები“ ფულადი სახსრების დირექტორზე განაცემად ჩათვლას.

მომჩივანი ითხოვს, მიეცეს საშუალება აუდიტის დეპარტამენტისა და მათი მონაწილეობით საკითხის ხელახალი შესწავლისა და მათ მიერ დაფიქსირებული არგუმენტაციის საფუძვლიანად შესწავლის. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მოხდეს გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათის კორექტირება შემცირების გზით.

მომჩივანი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილსა და 97-ე მუხლზე და აღნიშნავს, რომ ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

პირის უფლება - მიმართოს სახელმწიფოს ნებისმიერ საჯარო დაწესებულებას მისი ინტერესების დასაცავად, განეკუთვნება კონსტიტუციურ უფლებათა სისტემას. ადამიანის უფლებები იყოფა ორ ჯგუფად: მატერიალური და პროცედურული უფლებები. პირის პროცედურულ უფლებათა რიგს მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, შუამდგომლობათა აღძვრის უფლება, მტკიცებულებათა წარდგენის უფლება, სხდომაზე დასწრების და მონაწილეობის უფლება, მოსაზრებათა წარდგენის უფლება, გასაჩივრების უფლება და ა.შ. სწორედ, პროცედურული უფლებების კანონით დადგენილი ფორმებით რეალიზაცია აძლევს პირს შესაძლებლობას, დაიცვას ან აღიდგინოს თავისი მატერიალური უფლებები. სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირების პრინციპი გულისხმობს პროცედურული უფლებების შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად განხორციელებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხე ექმნება მატერიალური უფლებების ჯეროვან რეალიზაციასა და დაცვას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეთა პროცედურული უფლება-მოვალეობების საზოგადო წესებს დეტალურად განსაზღვრავს, მიზნად ისახავს ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვის უზრუნველყოფას.

ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს.

ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია, შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

როგორც 2021 წლის 16 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტშია აღნიშნული, გადამხდელის მიერ ვერ მოხერხდა საბუღალტრო პროგრამის წარდგენა, რომელშიც გადასახადის გადამხდელი ახორციელებდა საბუღალტრო აღრიცხვას. აღნიშნულიდან გამომდინარე შემოწმებამ ბიუჯეტთან ანგარიშსწორების დასადგენად გამოიყენა არაპირდაპირი მეთოდი. გაურკვეველია რა ფასნამატით იხელმძღვანელა აუდიტის დეპარტამენტმა დამატებული ღირებულების გადასახადის გაანგარიშებისას მაგრამ ფაქტია, რომ შესამოწმებელ პერიოდში მოახდინა დეკლარირებული შემოსავლების 20%-ით ზრდა 5 100 000 ლარიდან 6 200 000 ლარამდე.

ასევე გაუგებარია აუდიტის დეპარტამენტის პოზიცია სალაროში „---------“ უძრავი ნაშთის ხელფასად განხილვასთან მიმართებაში. არც ერთ შემთხვევაში ზემოაღნიშნული ნაშთი არ უნდა იქნეს განხილული ხელფასად, ვინაიდან სალაროში თანხის მობრუნების შემთხვევაში გადამხდელს ყველანაირად ეზღუდება მოგების გადასახადში სესხად განხილულ თანხაზე დარიცხული გადასახადის ჩათვლის უფლება, უარეს შემთხვევაში ზემოაღნიშნული თანხა შესაძლოა განხილულ იქნეს დამფუძნებელზე განაწილებულ დივიდენდად მაგრამ არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იქნეს განხილული ხელფასად.

აღნიშნულთან დაკავშირებით მოითხოვს, გადამხდელის მონაწილეობით მოხდეს საკითხის გავლა, დაზუსტებული საკასო ხარჯების გათვალისწინებით სწორად იქნეს განსაზღვრული უძრავი ნაშთის ოდენობა და ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით მოხდეს დასაბეგრი ბრუნვის ფორმირება როგორც მოგების, ასევე საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების ნაწილში.

მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველ და მე-7 ნაწილებზე და აცხადებს, რომ დავის განმხილველ ორგანოს ყურადღება გვინდა მიექცეს იმ გარემოებაზე, რომ ქმედების სამართალდარღვევად მიჩნევისათვის ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და მისი ჩადენა უნდა მოხდეს ბრალეულად. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით, საგადასახადო ორგანოსათვის კანონით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, გათავისუფლდეს სადავო საგადასახადო მოთხოვნით დარიცხული სანქციისაგან (ჯარიმა-საურავი).

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

სადავო საკითხზე წარმოდგენილია შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 31.07.2023 წლის №--------- წერილი, საიდანაც ირკვევა შემდეგი:

გადაანგარიშებისას წარმოდგენილი ინფორმაცია შესწავლილი იქნა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შედეგად გადამხდელის წარმოდგენილ ცხრილში არსებულ პირველად დოკუმენტაციაზე დაყრდნობით დაკორექტირდა საქონლის სახეობები/ჯგუფები, შეიცვალა საქონლის სახეობების/ჯგუფების ფასნამატი და გაანგარიშებული იქნა მიღებული შემოსავალი, რომელიც დაემთხვა გადასახადის გადამხდელის მიერ გადაწყვეტილების შემდეგ წარმოდგენილი გაანგარიშების ცხრილის მიხედვით მიღებულ დასაბეგრ შემოსავალს (შედეგად დასკვნის შედეგები (მათ შორის 2018 წლის საქონლის საწყისი ნაშთის ღირებულება) გაანგარიშებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების/ცხრილის მიხედვით).

2018 წლის საწყისი ნაშთი გაანგარიშებული იქნა 2016 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციაში დაფიქსირებული ნაშთის და 2017 წლის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების განსაზღვრით (2017 წლის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება გაანგარიშებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული შემოსავლის და შემოწმების შედეგად (ახლა უკვე გადაანგარიშებით) დადგენილი საშუალო შეწონილი ფასნამატის მიხედვით, შესაბამისად საჩივარში წარმოდგენილი საკითხები უკვე გათვალისწინებულია მიმდინარე გადაანგარიშების შედეგებში.

გადაანგარიშების შედეგად დაკორექტირდა (შემცირდა) დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი თანხა 471 617 ლარით (დღგ-ის გარეშე). აღნიშნულის გათვალისწინებით ასევე დაკორექტირდა (შემცირდა) საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხა 695 635 ლარით (471 617 *1.18/0.8 = 695 635 საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით). შედეგად, შემცირდა დღგ და საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.

სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულების გადაანგარიშება განხორციელებულია შემოსავლების სამსახურის 20.08.2021 წლის №27082 ბრძანების შესაბამისად. გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 20.08.2021 წლის №27082 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

2018 წლის საწყისი ნაშთი გაანგარიშებული იქნა 2016 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციაში დაფიქსირებული ნაშთის და 2017 წლის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების განსაზღვრით (2017 წლის რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება გაანგარიშებული იქნა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული შემოსავლის და შემოწმების შედეგად (ახლა უკვე გადაანგარიშებით) დადგენილი საშუალო შეწონილი ფასნამატის მიხედვით, შესაბამისად საჩივარში წარმოდგენილი საკითხები უკვე გათვალისწინებულია მიმდინარე გადაანგარიშების შედეგებში. გადაანგარიშების შედეგად დაკორექტირდა (შემცირდა) დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრი თანხა.გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;304(21)