გადაწყვეტილება №22116/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 10.04.2024
№ დოკუმენტი 22116/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№22116/2/2024

10 აპრილი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 31.01.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №22116/2/2024).

 

დავის საგანი:

1. დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება;

2. გაცემული თანხების ხელფასად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 დეკემბრის №085-23 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 12 იანვრის №226 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 235 575 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 119 343

დღგ - 24 008

საშემოსავლო გადასახადი - 95 300

ქონების გადასახადი - 35

ჯარიმა - 105 834

საურავი - 10 398

 

პროცედურული გარემოებები

საწარმოს საქმიანობაა სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების წარმოება.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 სექტემბრის №23079 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2020 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 სექტემბრამდე. შემოწმების შედეგები აისახა 2023 წლის 28 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 4 დეკემბრის №30204 ბრძანება და №085-23 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 235 575 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2024 წლის 2 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2024 წლის 12 იანვრის №226 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის მიერ ყველა განხორციელებულ დასაბეგრ ოპერაციაზე გამოწერილია ელექტრონული დოკუმენტები (ზედნადები, საფი). საგადასახადო შემოწმებით განხორციელდა ზოგიერთ თვეში დასაბეგრი თანხის ცვლილება (გაზრდა/შემცირება). კერძოდ, საწარმოდან მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2020 წლის აპრილში კომპანიის მიერ რეალიზებულია ფორდ ტრანზიტი, რაც გადასახადის გადამხდელის ბუღალტერიაში ასახული არ არის. 2020 წლის დეკემბერში, 2021 წლის იანვარსა და თებერვალში გამოწერილია ელ. ზედნადებები, რომელზეც საფ-ები არ იყო გამოწერილი და არ არის დაბეგრილი საწარმოს მიერ. 2023 წლის ივნისსა და ივლისში შეცდომით (ძირითადად ავანსის განმეორებით დაბეგვრის გამო) გაზრდილია დასაბეგრი ბრუნვა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე და 161-ე მუხლების საფუძველზე, მომჩივანს გაეზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შესაბამისად, დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 136-ე, მე-2, 160-ე, 161-ე, 159-ე, 163-ე, 43-ე მუხლებზე, შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე და აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ამასთან, საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი არ ეთანხმება აუდიტორის მიერ მოყვანილ ფაქტებს, მოსაზრებებს და ითხოვს დარიცხული თანხის სრულად გაუქმებას, რადგან 2020 წელს ქვეყანაში იყო პანდემია, რის გამოც კომპანია ვერ ახერხებდა ბუღალტრული დოკუმენტაციის დროულად წარმოებას და შესაბამის დეკლარირებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დღგით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

აუდიტის დეპარტამენტის 21.02.2024 წლის №---------- წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ ყველა განხორციელებულ დასაბეგრ ოპერაციაზე გამოწერილია ელექტრონული დოკუმენტები (ზედნადები, საფი). საგადასახადო შემოწმებით განხორციელდა ზოგიერთ თვეში დასაბეგრი თანხის ცვლილება (გაზრდა/შემცირება). კერძოდ, კომპანიიდან მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2020 წლის აპრილში საწარმოს მიერ რეალიზებულია ფორდ ტრანზიტი, რაც გადასახადის გადამხდელის ბუღალტერიაში ასახული არ არის. 2020 წლის დეკემბერში, 2021 წლის იანვარსა და თებერვალში გამოწერილია ელ. ზედნადებები, რომელზეც საფ-ები არ იყო გამოწერილი და არ არის დაბეგრილი საწარმოს მიერ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს გაეზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

ამასთან, გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. გაცემული თანხების ხელფასად განხილვა

ფაქტების აღწერა

შემოწმების მიმდინარეობისას, საბანკო ანგარიშებზე და წარდგენილი ბუღალტრული აღრიცხვით თანხების მოძრაობის შესწავლის შედეგად ირკვევა, რომ თანხები გადარიცხულია მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისთვის და შესაბამისად დაბეგრილი არ არის გადახდის წყაროსთან. საწარმოს დამფუძნებელზე ჩარიცხულია 37 860 ლარი, საწარმოს დირექტორზე ჩარიცხულია 97 662 ლარი, მის ძმაზე ჩარიცხულია 80 480 ლარი, რომლებიც რეგულარულად იღებენ ხელფასს. ასევე, საწარმოს მიერ გადახდის წყაროსთან არ არის დაბეგრილი ---------- გაცემული თანხა 6 500 ლარი. ასევე, აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვეში (2020 წლის ნოემბერი, 2021 წლის ივლისი და აგვისტო) სრულად არ არის დეკლარირებული გაცემული ხელფასი. საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, ზემოაღნიშნული განაცემები, სალაროდან გატანილი თანხა და 2020 წლის აპრილის თვეში რეალიზებული ავტომობილის ღირებულება დაკვალიფიცირდა გაცემულ ხელფასად. შესაბამისად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლების საფუძველზე.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 73-ე, 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე და აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარდგენილი საჩივარი ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიას საწარმოს დირექტორ ---------- შეძენილი ჰქონდა 72 000 ლარის ძირითადი საშუალება და კანონის შესაბამისად საზოგადოებას არ ჰქონდა ვალდებულება აღნიშნული თანხა ჩაეთვალა ხელფასად და დაებეგრა, ამიტომ ამ თანხის ხელფასად დაკვალიფიცირება არასამართლიანად მიაჩნიათ. აღსანიშნავია, რომ კომპანია დარიცხული გადასახადების გადახდას ყოველთვის დროულად ახორციელებდა.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით, თანხები გადარიცხულია მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისთვის და შესაბამისად დაბეგრილი არ არის გადახდის წყაროსთან. საწარმოს დამფუძნებელზე ჩარიცხულია 37 860 ლარი, კომპანიის დირექტორზე ჩარიცხულია 97 662 ლარი, მის ძმაზე ჩარიცხულია 80 480 ლარი, რომლებიც რეგულარულად იღებენ ხელფასს. ასევე, საწარმოს მიერ გადახდის წყაროსთან არ არის დაბეგრილი ---------- გაცემული თანხა 6 500 ლარი. ამასთან, რამდენიმე თვეში სრულად არ არის დეკლარირებული გაცემული ხელფასი. საგადასახადო კოდექსის 73- ე, 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, ზემოაღნიშნული განაცემები, სალაროდან გატანილი თანხა და 2020 წლის აპრილის თვეში რეალიზებული ავტომობილის ღირებულება დაკვალიფიცირდა გაცემულ ხელფასად. შესაბამისად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.

რაც შეეხება კონკრეტულად ---------- შეძენილ ძირითად საშუალებას, მასზე შედგენილი დოკუმენტიდან ირკვევა, რომ იგი შედგენილია 2023 წლის 1 თებერვალს და თანხა 72 000 ლარი გადახდილია მყიდველის მიერ, ხოლო საგადასახადო შემოწმებით დაიბეგრა 2023 წლის ივნისში და ივლისში საბანკო ანგარიშიდან დანიშნულებით - „მცირე მეწარმის მომსახურების საფასური“ გადარიცხული 97 662 ლარი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება;

2. გაცემული თანხების ხელფასად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. გადასახადის გადამხდელის მიერ ყველა განხორციელებულ დასაბეგრ ოპერაციაზე გამოწერილია ელექტრონული დოკუმენტები (ზედნადები, საფი). საგადასახადო შემოწმებით განხორციელდა ზოგიერთ თვეში დასაბეგრი თანხის ცვლილება (გაზრდა/შემცირება). კერძოდ, კომპანიიდან მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2020 წლის აპრილში საწარმოს მიერ რეალიზებულია ფორდ ტრანზიტი, რაც გადასახადის გადამხდელის ბუღალტერიაში ასახული არ არის. 2020 წლის დეკემბერში, 2021 წლის იანვარსა და თებერვალში გამოწერილია ელ. ზედნადებები, რომელზეც საფ-ები არ იყო გამოწერილი და არ არის დაბეგრილი საწარმოს მიერ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანს გაეზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ამასთან, გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

2. აუდიტის დეპარტამენტის ინფორმაციით, თანხები გადარიცხულია მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისთვის და შესაბამისად დაბეგრილი არ არის გადახდის წყაროსთან. საწარმოს დამფუძნებელზე ჩარიცხულია 37 860 ლარი, კომპანიის დირექტორზე ჩარიცხულია 97 662 ლარი, მის ძმაზე ჩარიცხულია 80 480 ლარი, რომლებიც რეგულარულად იღებენ ხელფასს. ასევე, საწარმოს მიერ გადახდის წყაროსთან არ არის დაბეგრილი ფიზიკურ პირზე გაცემული თანხა 6 500 ლარი. ამასთან, რამდენიმე თვეში სრულად არ არის დეკლარირებული გაცემული ხელფასი. საგადასახადო კოდექსის საფუძველზე, ზემოაღნიშნული განაცემები, სალაროდან გატანილი თანხა და 2020 წლის აპრილის თვეში რეალიზებული ავტომობილის ღირებულება დაკვალიფიცირდა გაცემულ ხელფასად. შესაბამისად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი. რაც შეეხება კონკრეტულად ფ/პ-სგან შეძენილ ძირითად საშუალებას, მასზე შედგენილი დოკუმენტიდან ირკვევა, რომ იგი შედგენილია 2023 წლის 1 თებერვალს და თანხა 72 000 ლარი გადახდილია მყიდველის მიერ, ხოლო საგადასახადო შემოწმებით დაიბეგრა 2023 წლის ივნისში და ივლისში საბანკო ანგარიშიდან დანიშნულებით - „მცირე მეწარმის მომსახურების საფასური“ გადარიცხული 97 662 ლარი.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარმოდგენილი საჩივარი ორივე ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 154(1„ა“); 159(1„ა,ბ“); 275.