გადაწყვეტილება №17938/2/2022
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№17938/2/2022
9.12.2022
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 9.12.2022 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „----------“ 5.10.2022 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №17938/2/2022).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 30.05.2022 წლის №035-4 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 19.09.2022 წლის №24040 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 235 431 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 134 342
დღგ - 30 541
მოგების გადასახადი - 80 483
საშემოსავლო გადასახადი - 23 318
ჯარიმა - 60 671
საურავი - 40 418
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ახალქალაქში საბითუმო და საცალო ვაჭრობა საკვები პროდუქტებით, სასმელით, ჰიგიენის საშუალებებით და სხვა შერეული პროდუქტით.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 7.08.2019 წლიდან 1.01.2021 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 30 ივნისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
- გადასახადის გადამხდელი არასრულად აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას, კერძოდ, არ აქვს საქონლის მოძრაობა. შემოწმების მიერ, კომპანიის შემოსავალი განისაზღვრა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის შესაბამისად, შემდეგი მეთოდით: განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის მიერ დოკუმენტის გარეშე რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება, რომელიც დაიყო ჯგუფებად (სარეცხი, ჰიგიენის და თავის მოვლის საშუალებები, ხორცპროდუქტები, რძის პროდუქტები, ტკბილეულობა, საკვები დანამატები და ა.შ. - ჯამში 16 ჯგუფად), რაზეც გავრცელდა, თითოეული ჯგუფისთვის, ინვენტარიზაციის მასალებზე დაყრდნობით დადგენილი ფასნამატი. დოკუმენტურ რეალიზაციაში განისაზღვრა თვითღირებულებაზე დაბალი ფასით რეალიზაციის პროცენტული წილი და აღნიშნული წილის და მინუსიანი ფასნამატის გათვალისწინებით განისაზღვრა დოკუმენტის გარეშე რეალიზაციიდან თვითღირებულებაზე დაბალი ფასით მიწოდებული საქონლის შედეგად მიღებული შემოსავალი. ამასთან, შემოწმებით განსაზღვრული ჩვილ ბავშვთა კვების და ბავშვთა ჰიგიენის საშუალებების მიწოდებით მიღებული შემოსავალი ჩართული იქნა ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან გათავისუფლებულ ბრუნვაში, ხოლო საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდების შედეგად განსაზღვრული შემოსავალი ჩაირთო ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულ ბრუნვაში. შემოწმებით დადგენილი შემოსავალი განაწილდა დეკლარირებული დღგ-ის ბრუნვების პროპორციულად, გამოვლენილი სხვაობების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად;
- არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით გაზრდილი შემოსავალი დაკვალიფიცირდა ნაღდი ფულის აღურიცხველ შემოსავლად და დირექტორზე ხელფასის სახით განაცემად. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად;
- გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული პროგრამის ამონაწერების, გადახდის წყაროსთან ხელფასის სახით განაცემზე შეღავათის გამოყენების შესახებ ცნობების და საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 112-ე ნაწილში აღნიშნული შეღავათის გათვალისწინებით, გაანგარიშდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა, რომელიც განსხვავდება გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული მონაცემებისგან. საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის გათვალისწინებით, შესაბამისი პერიოდების მიხედვით, დაკორექტირდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული საშემოსავლო გადასახადი. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 14 ივლისის №23013 ბრძანება და №035-14 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 25.11.2021 წლის №36618 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. კერძოდ:
- პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით - არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფასნამატის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება, ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის, ინფორმაცია ცხრილის სახით საქონლის სახეობების/ჯგუფების მიხედვით ფასნამატის შესახებ). შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, წარდგენილი მტკიცებულებების გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, მე-3 სადავო საკითხის შესწავლა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების შესაბამისად და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);
- აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს მე-4 სადავო საკითხი, მ.შ. საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
- დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 25.11.2021 წლის №36618 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 20 მაისის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა სულ 325 859 ლარით, მის საფუძველზე გამოიცა 2022 წლის 30 მაისის №035-4 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 19.09.2022 წლის №24040 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილსა და 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის შინაარსზე და ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნით, არაპირდაპირი მეთოდით გაზრდილი შემოსავალი დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ სესხად, შედეგად შემცირდა გაზრდილი შემოსავლის ნაწილში დირექტორის ხელფასად დაკვალიფიცირებული თანხები და გადაანგარიშების შედეგად განსაზღვრულ და დეკლარირებულ დღგ-ის ბრუნვებს შორის სხვაობა (დღგ-ის ჩათვლით) ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნევს, რომ გადასახადის გადამხდელის პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ვალდებულებებიდან გამომდინარე, გაზრდილი შემოსავლის დირექტორის ხელფასად კვალიფიკაციის საფუძვლით საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას. მიაჩნია, რომ:
- სააღრიცხვო დოკუმენტაციასთან შედარებით, არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილი შემოსავლის სხვაობის დაბეგვრის შესახებ 2019 წლის 8 ივლისის მეთოდურ მითითება №22708-ში დეტალურად არის აღწერილი, თუ როგორ ხდება არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილი შემოსავლის სხვაობის დაბეგვრა. მასში მოყვანილი მაგალითებით გაზრდილ ბრუნვას არ ემატება დღგ. სხვა მეთოდურ მითითებებში არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილი საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი თანხების დაბეგვრა დღგ-ის დამატებით ხდება. აუდიტორის შეფასებით კი, გამოვლენილი ბრუნვის სხვაობას, რომელიც ახსნა-განმარტების წარდგენის შემდგომ, გადაანგარიშებისას განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად, დამატებული აქვს დღგ. შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილ შემოსავლის სხვაობაზე, მოგების გადასახადის დარიცხვის მიზნებისთვის, დღგ-ის დამატება არამართებულია. შესაბამისად, ითხოვს დღგ-ის თანხის ამოღებას არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილი ბრუნვის სხვაობიდან;
- „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 და 15 ნოემბრის №39866 ბრძანებების თანახმად, თუ საწარმოს საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის შედეგად გამოუვლინდა, რომ აღნიშნული მეთოდით გამოანგარიშებული შემოსავალი არსებითად აღემატება საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით ან/და სხვა მტკიცებულებებით დაფიქსირებულ შემოსავალს და გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამისი მტკიცებულებების ან/და ახსნა-განმარტების წარუდგენლობის, აგრეთვე სხვაობის თანხის განკარგვის თაობაზე სხვა სახის ინფორმაციის არ არსებობის შემთხვევაში, სხვაობის თანხა ჩაითვლება შესაბამისი საანგარიშო პერიოდის ბოლოს საწარმოს დირექტორზე (თუ არ არსებობს სხვა იდენტიფიცირებადი პასუხისმგებელი პირი) გაცემულ ხელფასად. ამასთან:
„გადასახადის გადამხდელის მიერ შესაბამისი მტკიცებულებების ან/და ახსნა-განმარტების წარდგენის შემთხვევაში, მისი განმარტების შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებულ შემოსავალსა და სააღრიცხვო დოკუმენტაციით დაფიქსირებულ შემოსავალს შორის დადებითი სხვაობის თანხა დაკვალიფიცირდება, როგორც შესაბამისი პერიოდის ბოლოს გაცემული:
ა) პროცენტიანი ან უპროცენტო სესხი;
ბ) დივიდენდი;
გ) ხელფასი;
შენიშვნა: გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება ან/და ახსნაგანმარტება შეიძლება მოიცავდეს როგორც ჩამოთვლილი ვარიანტების კომბინაციას, ისე შესაბამისი თანხის (თანხის ნაწილის) სხვა სახის განაცემად დაკვალიფიცირების შემთხვევას.“
შემოსავლების სამსახურის მიერ ამ საკითხის დაკმაყოფილების შემდგომ, მოხდა ახსნაგანმარტების წარდგენა, რათა ასეთი თანხები ჩათვლილიყო დირექტორზე გაცემულ პროცენტიან სესხად. აღნიშნული შემოწმებამ გაითვალისწინა ნაწილობრივ და ეს თანხები დააკვალიფიცირა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად, რაც განსხვავდება ჩვენი ახსნა-განმარტებისგან, სადაც ვითხოვდით, რომ დამატებით გამოვლენილი შემოსავლები უნდა ჩათვლილიყო დირექტორზე გაცემულ პროცენტიან სესხად, რადგან მომავალში დაგეგმილია, რომ აღნიშნული სესხის ძირი და პროცენტი დაბრუნდეს კომპანიაში.
მიაჩნია, რომ მათი მოთხოვნა შემოსავლების სამსახურის ზემოთ მითითებული ბრძანებების საფუძველზე არის სავსებით ლეგიტიმური და სამართლიანი, აღნიშნული დოკუმენტებით უფლება აქვს მიიღოს პროცენტიანი სესხის სტატუსი.
აღნიშნული თემის გასაჩივრებით, შემოსავლების სამსახურის დავების სამსახურმა აღნიშნულ საკითხზე უარის თქმის არანაირი მოტივი არ დაასახელა და სრულიად უსაფუძვლოდ, განხილვაზე დაუსწრებლად გამოიტანა განაჩენი საჩივრის არ დაკმაყოფილების შესახებ.
მოთხოვნა ამ საკითხთან დაკავშირებით არის პრინციპული, რათა არ მოხდეს არასწორი პრეცენდენტების შექმნა და გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის შემთხვევაში, მას უფლება მიეცეს ასეთი თანხები ჩათვლილ იქნას პროცენტიან სესხად.
მოთხოვნის არ დაკმაყოფილების შემთხვევაში, ითხოვს კონკრეტული საფუძვლის მითითებას, რა მოტივით არ შეიძლება მოხდეს ასეთი ფულადი სახსრების პროცენტიან სესხად აღიარება. ითხოვს საჩივარი განხილულ იქნეს მხოლოდ და მხოლოდ გადასახადის გადამხდელის ჩართულობით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია რომ შემოსავლების სამსახურის 25.11.2021 წლის №36618 ბრძანების აღსრულების შედეგად შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა, ხოლო აღნიშნულზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის მიხედვით ირკვევა შემდეგი:
- არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესწავლის შედეგად დაკორექტირდა საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები, კერძოდ, ალკოჰოლური სასმელების ჯგუფი დაიყო ორ ნაწილად: არაყი და დანარჩენი ალკოჰოლური სასმელები (აქტით განსაზღვრული იყო სულ 16 ჯგუფი, მათ შორის ალკოჰოლური სასმელები) და თითოეული ჯგუფის მიხედვით განისაზღვრა საშუალო ფასნამატები. ამასთან, ვინაიდან გადასახადის გადამხდელი ახდენს საქონლის საცალო და საბითუმო (დოკუმენტის გამოწერის გარეშე, სსა ჩეკით) მიწოდებას, ცალკეულ ჯგუფებზე სადაც ჯგუფის საცალო საშუალო ფასნამატი განისაზღვრა უფრო ნაკლები, ვიდრე იგივე ჯგუფის საშუალო საბითუმო ფასნამატი, აღნიშნული ჯგუფების საბითუმო საშუალო ფასნამატები გაუტოლდა საცალო ფასნამატს. აღნიშნულის გათვალისწინებით, განისაზღვრა გადასახადის გადამხდელის შემოსავალი და დაკორექტირდა (შემცირდა) საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები;
- გადასახადის გადამხდელის მოთხოვნით, არაპირდაპირი მეთოდით გაზრდილი შემოსავალი დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ სესხად. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა გაზრდილი შემოსავლის ნაწილში დირექტორის ხელფასად დაკვალიფიცირებული თანხები და გადაანგარიშების შედეგად განსაზღვრულ და დეკლარირებულ დღგ-ის ბრუნვებს შორის (დღგ-ის ჩათვლით) სხვაობა ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად. სესხად დაკვალიფიცირებული თანხით გაიზარდა შესაბამისი თვის მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. ასევე, წლიური 20%-იანი საპროცენტო განაკვეთით განისაზღვრა საპროცენტო შემოსავალი, რომელიც ჩაითვალა დირექტორის სარგებლად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას;
- შემოწმებით გამოვლენილ და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ თანხებს შორის სხვაობის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხი დამატებით იქნა შესწავლილი გადასახადის გადამხდელის წარმომადგენლის მონაწილეობით და სათანადო საფუძვლების არ არსებობის გამო, აღნიშნულ ნაწილში საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა.
მომჩივანი გადაანგარიშების შედეგებს არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილ შემოსავლის სხვაობაზე, მოგების გადასახადის დარიცხვის მიზნებისთვის, დღგ-ის დამატება არამართებულია. შესაბამისად, ითხოვს დღგ-ის თანხის ამოღებას არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილი ბრუნვის სხვაობიდან. არაპირდაპირი მეთოდით გაზრდილი შემოსავალის და დირექტორზე გაცემულ სესხად დაკვალიფიცირების საკითხზე წარადგინა ახსნა-განმარტება, რათა ასეთი თანხები ჩათვლილიყო დირექტორზე გაცემულ პროცენტიან სესხად. გადაანგარიშების შედეგად, აღნიშნული დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად, რაც განსხვავდება მისი ახსნა-განმარტებისგან, სადაც ითხოვდა, დამატებით გამოვლენილი შემოსავლების დირექტორზე გაცემულ პროცენტიან სესხად ჩათვლას, რადგან მომავალში დაგეგმილია აღნიშნული სესხის დაბრუნება. ითხოვს თანხები, ჩათვლილ იქნას პროცენტიან სესხად. მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების საფუძველზე უფლება აქვს მიიღოს პროცენტიანი სესხის სტატუსი.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ არაპირდაპირი მეთოდით გამოვლენილ შემოსავლის სხვაობაზე, დღგ-ის დამატება არამართებულად მიაჩნია, ვინაიდან დღგ-ის ნაწილში უკვე დაერიცხა გადასახადი. მეთოდურ მითითებაში ანალოგიური მაგალითი არ არის განხილული, ამ ნაწილში გაურკვევლობაა, ამდენად მიაჩნია, რომ დღგ-ის ჩათვლით არ უნდა გაანგარიშებულიყო შემოსავალი. მეორე სადავო საკითხია, დამატებით გამოვლენილი შემოსავლის უპროცენტო სესხად განხილვა საგადასახადო ორგანოს მიერ, რადგან წარადგინეს ახსნა-განმარტება და ითხოვეს გაანგარიშებული შემოსავლის პროცენტიან სესხად განხილვა. შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების შესაბამისად, წარდგენილი ახსნა-განმარტების საფუძველზე, პროცენტიანი სესხად განხილვის ლეგიტიმაცია აქვს. აღნიშნულის არ დაკმაყოფილების შემთხვევაში, ითხოვს ფულადი სახსრების პროცენტიან სესხად არ აღიარების კონკრეტული საფუძვლის მითითებას.
აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განმარტა, რომ მომჩივნის მიერ ნახსენებ მეთოდური მითითების მაგალითებში მითითებულია შემოსავალი და სარეალიზაციო თანხა, რაც მოიცავს დღგ-ს, შესაბამისად სწორადაა გაანგარიშებული შემოსავალი დღგ-ის ჩათვლით. რაც შეეხება მეორე საკითხს, შემოსავალი შემოწმებით იქნა დადგენილი, შემდეგ გადაკვალიფიცირდა სესხად, მეთოდურ მითითებაში ნახსენებია პროცენტიანი სესხიც, მაგრამ ვინაიდან, საერთოდ გაუგებარი იყო შემოსავალი მათ მიერ წარდგენილი ინფორმაციით ჩათვალეს, რომ უპროცენტო სესხი იყო.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე შემოსავლების სამსახურის 25.11.2021 წლის №36618 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, სადავო საკითხის შესწავლა შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების შესაბამისად, ხოლო ამავე მეთოდური მითითების თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ ახსნა-განმარტების წარდგენის შემთხვევაში, მისი განმარტების შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდით გამოანგარიშებულ შემოსავალსა და სააღრიცხვო დოკუმენტაციით დაფიქსირებულ შემოსავალს შორის დადებითი სხვაობის თანხა დაკვალიფიცირდება, როგორც შესაბამისი პერიოდის ბოლოს გაცემული პროცენტიანი ან უპროცენტო სესხი.
საბჭო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმესთან არსებული მასალების, მხარეთა არგუმენტაციის მოსმენის და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით, კერძოდ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების საფუძველზე, არაპირდაპირი მეთოდით გაზრდილი შემოსავლის გაცემულ უპროცენტო სესხად დაკვალიფიცირების ნაწილში, საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 19.09.2022 წლის №24040 ბრძანება;
3. საჩივარი, არაპირდაპირი მეთოდით გაზრდილი შემოსავლის გაცემულ უპროცენტო სესხად დაკვალიფიცირების ნაწილში, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.