გადაწყვეტილება №21221/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 14.05.2024
№ დოკუმენტი 21221/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№21221/2/2023

14 მაისი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი1

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 29.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ს 1.11.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21221/2/2023).

 

დავის საგანი:

1. საწარმოს მიერ კაპიტალის შემცირების ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლა და საწარმოს დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად ჩათვლა;

2. ფიზიკურ პირებზე გადარიცხული და სალაროს ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლილი თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №005-225 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 10.10.2023 წლის №25006 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 678 621 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 373 776

დღგ - 111 325

მოგების გადასახადი - 175 739

საშემოსავლო გადასახადი - 86 712

ჯარიმა - 185 757

საურავი - 119 088

 

პროცედურული გარემოებები

საწარმოს საქმიანობას წარმოადგენს ავიაბილეთებით ვაჭრობა, ჩარტერული რეისები, სასტუმროების დაჯავშნა საქართველოში და საზღვარგარეთ, ტურისტული მომსახურების გაწევა (შემომყვანი და გამყვანი ტურები). აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.09.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 29.12.2022 წლის №33732 ბრძანება და №005-225 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 10.10.2023 წლის №25006 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო დავების განხილვის საბჭოში არსებული დავის საგნების ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საწარმოს მიერ კაპიტალის შემცირების ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლა და საწარმოს დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად ჩათვლა

ფაქტების აღწერა

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, 2022 წლის 17 იანვრამდე კომპანიის 100%-იანი წლის მფლობელი იყო კომპანია “---” (აშშ-ს ---ს შტატის კანონმდებლობის ფარგლებში რეგისტრირებული შპს). 2022 წლის 17 იანვარს კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი გახდა შპს “----”. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა მხოლოდ საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერი, უძრავი ქონების შეფასება და კაპიტალის გაზრდის გადაწყვეტილება. სხვა რაიმე სახის ინფორმაცია ბუღალტრული აღრიცხვის, ეკონომიკურ საქმიანობაში განხორციელებული ოპერაციების შესახებ არ წარუდგენია. გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას წარმოუდგინა შპს „---“-ს (ამჟამინდელი ---ს) 100%-იანი წილის მფლობელი პარტნიორის („---“) 2021 წლის 29 სექტემბრით დათარიღებული გადაწყვეტილება, სადაც აღნიშნულია, რომ საწარმოს დამფუძნებელმა პარტნიორმა მიიღო გადაწყვეტილება საწარმოს საწესდებო კაპიტალის გაზრდის და მისი საწარმოს კუთვნილი უძრავი ქონებით შევსების თაობაზე. განხორციელდა ქონების შეფასება. საწარმომ 2021 წლის 1 ოქტომბერს გაასხვისა საწარმოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (---) 350 000 აშშ დოლარად, რომელიც შეძენილი ჰქონდა 1996 წელს 5000 ლარად. 05.10.2021წ, 02.11.2021წ, 06.01.2022წ. და 10.01.2022 წლებში კომპანიის საბანკო ანგარიშიდან დამფუძნებელზე („---„) ეტაპობრივად გადარიცხულია 880 379 ლარი (კაპიტალის შემცირების დანიშნულებით) და 5 823 ლარი (2021 წლის დივიდენდის დანიშნულებით). ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საგადასახადო ორგანომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ოპერაცია არ წარმოადგენს კაპიტალის შემცირებას. საწარმოს კუთვნილი უძრავი ქონების რეალიზაცია წარმოადგენს მიწოდებას, რაც გადამხდელს თავადაც დაბეგრილი აქვს დღგ-ით, ხოლო აღნიშნული მიწოდებიდან მიღებული თანხის დამფუძნებელ არარეზიდენტ საწარმოზე გადარიცხვა წარმოადგენს დივიდენდის განაწილებას. საგადასახადო კოდექსის 73-ე, 130-ე, 981 , 134-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდზე მოგების და საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 981 მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-8 მუხლის მე-12 ნაწილით, 130-ე მუხლის პირველი ნაწილით, 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური იზიარებს აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას და განმარტავს, რომ დამფუძნებელ არარეზიდენტ საწარმოზე გადარიცხული თანხების დივიდენდის განაწილებად განხილვა და მოგების/საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა მართლზომიერია.

ზემოხსენებულ სამართლებრივ ნორმებზე, საქმეში არსებულ მასალებსა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, ამ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი განმარტავს, რომ კომპანიის საქმიანობის საგანს წარმოადგენდა ავიაბილეთებით ვაჭრობა, ჩარტერული რეისები, სასტუმროების დაჯავშნა საქართველოში და საზღვარგარეთ, ტურისტული მომსახურების გაწევა (შემომყვანი და გამყვანი ტურები) აქედან გამომდინარე, კომპანია საგადასახადო კოდექსის 261 მუხლის საფუძველზე წარმოადგენდა ტურისტულ საწარმოს. აღნიშნული საქმიანობის განხორციელების მიზნით, კომპანია ფლობდა უძრავ ქონებას მდებარე:----, რომელიც განმცხადებელმა შეიძინა 1996 წელს, 5000 ლარად. კომპანიის 100% წილის მფლობელ პარტნიორს, 2022 წლის 10 იანვრის სარეგისტრაციო ცვლილებებამდე, (2022 წლის 10 იანვარს განხორციელდა 100% წილის გასხვისება) წარმოადგენდა LT ---, („საწარმოს პარტნიორი“) (შპს ----) ---ის კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, აშშ). საგადასახადო აქტში მითითებულია, რომ უძრავი ქონების საწყისი ღირებულება განსაზღვრულია 5000 ლარად, ყოფილმა დამფუძნებელმა საკუთარი ხარჯებით გადააკეთა და გაარემონტა საწარმოს მაშინდელ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე საქართველო, ---; შემდეგი საკადასტრო კოდით (----) და ამ გზით გაზარდა საკუთარი კაპიტალი 381 585 ლარის ოდენობით, რაც ასახულია წარდგენილ 2012 წლის ქონების გადასახადის დეკლარაციაში და რომლის მიხედვითაც ხორციელდებოდა უკვე ქონების გადასახადის გადახდა, შესაბამისად საწარმოს კაპიტალის შემცირების ნაწილში ამ გარემოებამ უნდა განახორციელოს დაანგარიშებული დარიცხული გადასახადის კორექტირება. მოითხოვს, ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის N33732 ბრძანების ის ნაწილი, რომლითაც არ დაკმაყოფილდა საჩივრის მოთხოვნები პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების საფუძველზე, ახალი გადაწყვეტილებით (ბრძანებით) დაკმაყოფილდეს მომჩივანის მოთხოვნა მოგების გადასახადის ოდენობის შეცვლასთან დაკავშირებით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება. საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე.

საგადასახადო კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში საგადასახადო აღრიცხვაზე მყოფ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას საქართველოში, იბეგრება გადახდის წყაროსთან გამოქვითვების გარეშე, დივიდენდები – ამ კოდექსის 130- ე მუხლის მიხედვით.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც იხდის ამ კოდექსის 134-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ გადასახდელებს.

შემოწმებისას დადგინდა, რომ 2022 წლის 17 იანვრამდე კომპანიის 100%-იანი წლის მფლობელი იყო კომპანია --- (აშშ-ს ---ს შტატის კანმონმდებლობის ფარგლებში რეგისტრირებული შპს). 2022 წლის 17 იანვარს კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი გახდა შპს ---. შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ იქნა მხოლოდ საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერი, უძრავი ქონების შეფასება და კაპიტალის გაზრდის გადაწყვეტილება. სხვა რაიმე სახის ინფორმაცია ბუღალტრული აღრიცხვის, ეკონომიკურ საქმიანობაში განხორციელებული ოპერაციების შესახებ არ წარუდგენია. გადასახადის გადამხდელმა შემოწმებას წარუდგინა შპს „---“-ს (ამჟამინდელი ---ს) 100%-იანი წილის მფლობელი პარტნიორის („---“) 2021 წლის 29 სექტემბრით დათარიღებული გადაწყვეტილება, სადაც აღნიშნულია, რომ საწარმოს დამფუძნებელმა პარტნიორმა მიიღო გადაწყვეტილება საწარმოს საწესდებო კაპიტალის გაზრდის და მისი საწარმოს კუთვნილი უძრავი ქონებით შევსების თაობაზე. განხორციელდა ქონების შეფასება. საწარმომ 2021 წლის 1 ოქტომბერს გაასხვისა საწარმოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (----) 350 000 აშშ დოლარად, რომელიც შეძენილი ჰქონდა 1996 წელს 5000 ლარად. 05.10.2021წ, 02.11.2021წ, 06.01.2022წ. და 10.01.2022 წლებში კომპანიის საბანკო ანგარიშიდან დამფუძნებელზე („----“) ეტაპობრივად გადარიცხულია 880 379 ლარი (კაპიტალის შემცირების დანიშნულებით) და 5 823 ლარი (2021 წლის დივიდენდის დანიშნულებით). ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, აღნიშნული ოპერაცია არ წარმოადგენს კაპიტალის შემცირებას. საწარმოს კუთვნილი უძრავი ქონების რეალიზაცია წარმოადგენს მიწოდებას, რაც გადამხდელს თავადაც დაბეგრილი აქვს დღგ-ით, ხოლო აღნიშნული მიწოდებიდან მიღებული თანხის დამფუძნებელ არარეზიდენტ საწარმოზე გადარიცხვა წარმოადგენს დივიდენდის განაწილებას, რაც დაიბეგრა შესაბამისი გადასახადებით.

აუდიტის დეპარტამენტის 11.12.2023 წლის 126417-21-14 წერილის მიხედვით, შემოწმების დანიშვნამდე გადასახადის გადამხდელის მიერ უძრავი ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებით მოგების და საშემოსავლო გადასახადებით დაბეგვრის რისკების გაქარწყლების ეტაპზე გადასახადის გადამხდელისგან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია კაპიტალის მოძრაობის შესახებ. თუმცა გადასახადის გადამხდელმა ინფორმაცია არ წარადგინა იმ მოტივით, რომ 2022 წელს განხორციელებული დაფუძნებლის ცვლილების გამო, ახალი ხელმძღვანელობა არ ფლობდა არანაირ ინფორმაციას კომპანიის საქმიანობის შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაინიშნა კომპანიის კამერალური საგადასახადო შემოწმება. გადასახადის გადამხდელმა იმავე მოტივით არც შემოწმებასთან ითანამშრომლა. შემოწმების მიერ მოპოვებულ იქნა კომპანიის მიერ წარდგენილი 2020 წლის ფინანსური ანგარიშგება, სადაც საკუთარი კაპიტალის ოდენობად მითითებულია 2 000 ლარი, რაც არ ემთხვევა დავის ეტაპზე წარდგენილ ინფორმაციას.

საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას მომჩივანმა ვერ შეძლო საჩივარში დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებული შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც მისი არგუმენტების გაზიარების, შესაბამისად, შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის, გაბათილების და ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა. ამასთან, განმარტა, რომ უძრავი ქონების მიწოდებაზე პირველადი საგადასახადო დოკუმენტები არ არსებობს. მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საწარმოს მიერ კაპიტალის შემცირების ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლა შედეგად, უძრავი ქონების მიწოდებიდან მიღებული თანხის დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად განხილვა მართებულია და არ არსებობს მომჩივნის არგუმენტის გათვალისწინების და საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. ფიზიკურ პირებზე გადარიცხული და სალაროს ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლილი თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა

შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ იქნა მხოლოდ საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერი. გადასახადის გადამხდელს უფიქსირდებოდა ფიზიკურ პირებზე საბანკო გადარიცხვები (მომსახურების ანაზღაურების შინაარსით), რომელიც არ არის დაბეგრილი გადახდის წყაროსთან. გადასახადის გადამხდელს 2021 წლის 11 ოქტომბრამდე რეგისტრირებული ჰქონდა საკონტროლო სალარო აპარატი ----ში. საწარმოს ახალი მენეჯმენტის მიერ წარდგენილია ახსნა-განმარტება, სადაც აღნიშნულია, რომ წილის შეძენის მომენტში მათთვის არ გადაუციათ არანაირი ფულადი სახსრები, მ.შ. სალაროს მეშვეობით. გადასახადის გადამხდელის მიერ saras.gov.ge-ზე წარდგენილი 2020 წლის ანგარიშგების, საბანკო ანგარიშებზე ნაღდი ფულის შეტანაგამოტანის ოპერაციების და კრედიტორებისთვის ნაღდი ანგარიშსწორებით ანაზღაურებული თანხების გათვალისწინებით შესწავლილ იქნა ფულადი სახსრების მოძრაობა, რის შედეგადაც დამფუძნებლის ცვლილების თარიღისთვის (17.01.2022წ.) სალაროში არსებულმა ნაშთმა შეადგინა 121 522 ლარი, რომელიც აღნიშნული პერიოდისთვის ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

ფაქტობრივი გარემოებების, საგადასახადო კოდექსის 49-ე, 73-ე, 101-ე და 154-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლების შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, 101-ე მუხლის პირველი ნაწილით, 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით.

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ საწარმოს ხელმძღვანელი პირის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი ახსნა-განმარტებით, წილის შეძენის მომენტში მათთვის არ გადაუციათ არანაირი ფულადი სახსრები, მ.შ. სალაროს მეშვეობით.

შემოწმების მეირ, გადასახადის გადამხდელის მიერ saras.gov.ge-ზე წარდგენილი 2020 წლის ანგარიშგების, საბანკო ანგარიშებზე ნაღდი ფულის შეტანაგამოტანის ოპერაციების და კრედიტორებისთვის ნაღდი ანგარიშსწორებით ანაზღაურებული თანხების გათვალისწინებით, შესწავლილ იქნა ფულადი სახსრების მოძრაობა, რის შედეგადაც დამფუძნებლის ცვლილების თარიღისთვის (17.01.2022წ.) სალაროში არსებულმა ნაშთმა შეადგინა 121 522 ლარი. გადასახადის გადამხდელს ასევე უფიქსირდება ფიზიკურ პირებზე საბანკო გადარიცხვები (მომსახურების ანაზღაურების შინაარსით), რომელიც არ არის დაბეგრილი გადახდის წყაროსთან. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სალაროში არსებული ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა, ასევე ფიზიკურ პირებზე გადარიცხული მომსახურების ანაზღაურების გადახდის წყაროსთან დაბეგვრა და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვა მართლზომიერია.

ამასთან, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ამ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით დამატებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი განმარტავს, შემდეგს:

სალაროს ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა

საგადასახადო შემოწმებით დადგენილია, რომ საწარმოს ხელმძღვანელი პირის მიერ შემოწმებისთვის წარდგენილი ახსნა-განმარტებით, წილის შეძენის მომენტში მათთვის არ გადაუციათ არანაირი ფულადი სახსრები, მ.შ. სალაროს მეშვეობით. შემმოწმებლის მიერ, გადასახადის გადამხდელის მიერ saras.gov.ge-ზე წარდგენილი 2020 წლის ანგარიშგების, საბანკო ანგარიშებზე ნაღდი ფულის შეტანაგამოტანის ოპერაციების და კრედიტორებისთვის ნაღდი ანგარიშსწორებით ანაზღაურებული თანხების გათვალისწინებით, შესწავლილ იქნა ფულადი სახსრების მოძრაობა, რის შედეგადაც დამფუძნებლის ცვლილების თარიღისთვის (17.01.2022წ.) სალაროში არსებულმა ნაშთმა შეადგინა 121 522 ლარი. არსებული გაანგარიშება არასწორია ვინაიდან მის მიერ მოპოვებული საბუღალტრო მონაცემებით სალაროს ნაშთი გაცილებით თითქმის 50 000 ლარით ნაკლებია და შეადგენს 77 000, რაც ასევე დასაკორექტირებელია.

საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხი აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოყვანილ მსჯელობაში, გადასახადის გადამხდელს ასევე უფიქსირდება ფიზიკურ პირებზე საბანკო გადარიცხვები (მომსახურების ანაზღაურების შინაარსით), რომელიც არ არის დაბეგრილი გადახდის წყაროსთან. სამწუხაროდ შემოწმების აქტში არ არის იდენტიფიცირებული თითოეული ასეთი პირი, წარმოსადგენია მათი ვინაობა და მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია, რომ შეძლოს ჭეშმარიტების დადგენა და არსებულ საბუღალტრო ჩანაწერებთან იდენტიფიკაცია, რათა განსაზღვროს ფიზიკურ პირებზე გადარიცხული მომსახურების ანაზღაურების გადახდის წყაროსთან დაბეგვრის იდენტიფიკაცია და საშემოსავლო გადასახადის დარიცხვის სისწორე.

მიაჩნია, რომ ეს დარიცხვებიც დიდი ალბათობით დაექვემდებარება კორექტირებას, ვინაიდან აქვს ბუღალტრული აღრიცხვის ელექტრონული მონაცემები. მეტიც შემოსავლების სამსახურში არსებული დეკლარაციების მიხედვით და არსებული მდგომარეობის შესაბამისად, როდესაც განხორციელდება ხელახალი შემოწმება და დარიცხული თანხების კორექტირება საწარმოს კაპიტალის შემცირების შემდეგ, ბუღალტრულ მონაცემებში არსებულ საწარმოს სალაროს ნაშთს და ასევე სხვა არაიდენტიფიცირებად გატანილ თანხებს, რომელიც მოცემულია და დადასტურებულია ბუღალტრულ აღრიცხვაში და ქონების დეკლარაციაში, ნარჩენი თანხა უნდა დაიბეგროს, როგორც დივიდენდის გატანა დამფუძნებელზე, სადაც მხედველობაში არის მისაღები საწარმოს დაარსების დღიდან 2017 წლამდე პერიოდის საწარმოს აკუმულირებული მოგება. ითხოვს, მიექცეს ყურადღება იმ გარემოებას რომ, მოგების გადასახადი საწარმოს მიერ სრულად არის გადახდილი 15%-ის ოდენობით, თუმცა განაწილებული არააა და დღეის მდგომარებით დარჩენილია მხოლოდ დივიდენდის გადასახადი 5%-ის ოდენობით. ასევე ითხოვს, მიექცეს ყურადღება საწარმოს აკუმულირებულ მოგებას და მის ოდენობას, რომელიც შეადგენს დაახლოებით 1 500 000 ( მილიონ ხუთასიათას) ლარს.

მოითხოვს: 1. ბათილად იქნეს ცნობილი აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №33732 ბრძანების ის ნაწილი, რომლითაც ძალაში დარჩა სალაროს ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების საფუძველზე, ახალი გადაწყვეტილებით (ბრძანებით) დაკმაყოფილდეს მოთხოვნა საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებით, დაკორექტირდეს №005-225 საგადასახადო მოთხოვნა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში;

2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №33732 ბრძანების ის ნაწილი, რომლითაც ძალაში დარჩა ფიზიკურ პირებზე დარიცხული თანხების საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა და არ იქნა გათვალისწინებული საჩივრის ავტორის არგუმენტი, რომ ფიზიკური პირები წარმოადგენდნენ ინდივიდუალურ მეწარმეებს და თავად უზრუნველყოფდნენ შემოსავლების დეკლარირებას/გადასახადის გადახდას; ახალი გადაწყვეტილებით დაკორექტირდეს №005-225 საგადასახადო მოთხოვნა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ:

ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს;

დ) საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.

აუდიტის დეპარტამენტის 11.12.2023 წლის 126417-21-14 წერილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს უფიქსირდებოდა ფიზიკურ პირებზე საბანკო გადარიცხვები (მომსახურების ანაზღაურების შინაარსით), რომელიც არ არის დაბეგრილი გადახდის წყაროსთან. გადასახადის გადამხდელს 2021 წლის 11 ოქტომბრამდე რეგისტრირებული ჰქონდა საკონტროლო სალარო აპარატი ---ში. საწარმოს ახალი მენეჯმენტის მიერ წარდგენილია ახსნა-განმარტება, რომელშიც აღნიშნავს, რომ წილის შეძენის მომენტში მათთვის არ გადაუციათ არანაირი ფულადი სახსრები, მ.შ. სალაროს მეშვეობით. გადასახადის გადამხდელის მიერ saras.gov.ge-ზე წარდგენილი 2020 წლის ანგარიშგების, საბანკო ანგარიშებზე ნაღდი ფულის შეტანა-გამოტანის ოპერაციების და კრედიტორებისთვის ნაღდი ანგარიშსწორებით ანაზღაურებული თანხების გათვალისწინებით შესწავლილ იქნა ფულადი სახსრების მოძრაობა, რის შედეგადაც დამფუძნებლის ცვლილების თარიღისთვის (17.01.2022წ.) სალაროში არსებულმა ნაშთმა შეადგინა 121 522 ლარი, რომელიც აღნიშნული პერიოდისთვის ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

საბჭოს სხდომაზე, სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას, მომჩივანმა განაცხადა, რომ საგადასახადო ვალდებულებების სწორად განსაზღვრისათვის ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებას, რომ საწარმოს გააჩნია (მათ შორის გააჩნდა 1.01.2017 წლამდე) აკუმულირებული მოგება, რაც დასტურდება შესაბამისი დეკლარაციებით და ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებით, მზადყოფნა გამოთქვა, რომ შეუძლია წარმოადგინოს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტები.

ამასთან, შემოწმების აქტში არ არის იდენტიფიცირებული თითოეული ფიზიკური პირი, რაც წყაროსთან დაბეგვრის იდენტიფიცირების და დარიცხვის სისწორის დადგენაში ხელის შემშლელია. მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ მომსახურების გამწევ ფიზიკურ პირებზე მიწოდებული აქვს შესაბამისი ინფორმაცია (მაიდენტიფიცირებადი მონაცემები) და აღნიშნული პირები არ წარმოადგენენ ინდივიდუალურ მეწარმეებს. საწარმოს 2021 წლის იანვარში ჰქონდა აკუმულირებული მოგება, მაგრამ მისთვის უცნობია კომპანიას გააჩნდა თუ არა 1.01.2008 წლიდან 1.01.2017 წლამდეც აკუმულირებული მოგება, შესაბამისი რესურსი, რომ გაენაწილებინა დივიდენდი, ვინაიდან საწარმოს აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარუდგენია.

მხარეთა არგუმენტების, წარმოდგენილი მასალების, მითითებული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები, კერძოდ, 1.01.2008 წლიდან 1.01.2017 წლამდე აკუმულირებული მოგების არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა, შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შემოწმებისას განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 10.10.2023 წლის №25006 ბრძანება;

3. მე-2 დავის საგნის ნაწილში, მომჩივანს მიეცეს წინადადება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, ჩაბარებიდან 15 კალენდარულ დღის განმავლობაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს 1.01.2008 წლიდან 1.01.2017 წლამდე აკუმულირებული მოგების არსებობის დამადასტურებელი ინფორმაცია/მტკიცებულებები;

4. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს:

ა) ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, უზრუნველყოს მომჩივნის მიერ წარდგენილი ინფორმაციის/მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა;

გ) სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) და შედეგების ასახვა გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე;

5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

1. საწარმოს მიერ კაპიტალის შემცირების ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლა და საწარმოს დამფუძნებელზე გაცემულ დივიდენდად ჩათვლა;

2. ფიზიკურ პირებზე გადარიცხული და სალაროს ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად ჩათვლილი თანხების გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.09.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 29.12.2022 წლის №33732 ბრძანება და №005-225 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 10.10.2023 წლის №25006 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო დავების განხილვის საბჭოში არსებული დავის საგნების ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 (4,9); 981; 134; 154.