ბრძანება N 17690-5
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 17690
10/07/2018
შპს „-----
(მის: ------ )
სადავო საკითხთან დაკავშირებით
საჩივრის არ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ 2018 წლის 29 ივნისს გამართულ სხდომაზე (ოქმი N 57) განიხილა შპს ----- საჩივარი, რომლითაც გადამხდელი ითხოვს შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 4 დეკემბრის № 083-39 „საგადასახადო მოთხოვნის“ ბათილად ცნობას.
გადამხდელი არ ეთანხმება თანამშრომლისათვის მიწოდებული ავტომობილის საბაზრო ღირებულების ჩათვლას დაქირავებულის მიერ მიღებულ სარგებლად და ავტომობილის თანხის 6250 (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) ლარის ოდენობით დამატებით დაბეგვრას საშემოსავლო გადასახადით 20%-იანი განაკვეთით. გადამხდელის ინფორმაციით საზოგადოებას გააჩნია დებიტორული დავალიანება აღნიშნული რეალიზაციის შესაბამისად. შესაბამისად, გადამხდელი არ ეთანხმება საშემოსავლო გადასახადით 20%-იანი განაკვეთით დაბეგვრას და მოითხოვს აღნიშნულ ნაწილში ძირითადი გადასახადისა და სანქციების გაუქმებას.
სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოწმების აქტში აღნიშნულია შემდეგი:
2015 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდში საზოგადოებამ თანამშრომელს ------ ს მიაწოდა ავტომობილი (დაურეგისტრირა სათანადო წესით). საზოგადოებას აღნიშნული რეალიზაციის შესაბამისად უფიქსირდება დებიტორული დავალიანება ფ.პ ------ ს მიმართ. ფ.პ ------- ს განმარტებით მან აღნიშნული ავტომობილი საზოგადოებისგან მიიღო მის მიერ გაწეული შრომის ასანაზღაურებლად. შემოწმებით ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე თანამშრომლისათვის მიწოდებული ავტომობილის საბაზრო ღირებულება ჩათვლილ იქნა დაქირავებულის მიერ მიღებულ სარგებლად და ავტომობილის თანხა 6250 (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) ლარის ოდენობით დამატებით დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით 20%-იანი განაკვეთით.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დავების განხილვის საბჭო ყურადღებას ამახვილებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის მიხედვითაც თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს. ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
სსკ-ის 101-ე მუხლის მიხედვით ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება ქვემოთ მითითებული თანხა, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით, დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქონლის/ მომსახურების მიწოდებისას ან კომპენსაციის გარეშე გადაცემისას – ასეთი საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი.
სსკ-ის 154-ე მუხლის მიხედვით კი გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
ზემოთ აღნიშნული ნორმების, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებებისა და არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საბჭო მიიჩნევს, რომ ავტომობილის მიწოდების ოპერაციის ხელფასის სახით განაცემად კვალიფიკაცია და სარგებლის ოდენობის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა შეესაბამება მოქმედ საგადასახადო კანონმდებლობას და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს ----- საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ., N11) საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება თანამშრომლისათვის მიწოდებული ავტომობილის საბაზრო ღირებულების ჩათვლას დაქირავებულის მიერ მიღებულ სარგებლად და ავტომობილის თანხის დამატებით დაბეგვრას საშემოსავლო გადასახადით 20%-იანი განაკვეთით. ითხოვს აღნიშნულ ნაწილში ძირითადი გადასახადისა და სანქციების გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების აქტის მიხედვით:
2015 წლის დეკემბრის თვის საანგარიშო პერიოდში საწარმომ თანამშრომელს მიაწოდა ავტომობილი. საწარმოს აღნიშნული რეალიზაციის შესაბამისად უფიქსირდება დებიტორული დავალიანება ფ.პ-ს მიმართ. ფ.პ-ს განმარტებით მან აღნიშნული ავტომობილი საზოგადოებისგან მიიღო მის მიერ გაწეული შრომის ასანაზღაურებლად. შემოწმებით თანამშრომლისათვის მიწოდებული ავტომობილის საბაზრო ღირებულება ჩათვლილ იქნა დაქირავებულის მიერ მიღებულ სარგებლად და ავტომობილის თანხა 6250 (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) ლარის ოდენობით დამატებით დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით 20%-იანი განაკვეთით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო მიიჩნევს, რომ ავტომობილის მიწოდების ოპერაციის ხელფასის სახით განაცემად კვალიფიკაცია და სარგებლის ოდენობის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა შეესაბამება მოქმედ საგადასახადო კანონმდებლობას და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(4); 73(9,,ბ“); 101; 154