გადაწყვეტილება №20485/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 20485/2/2023
02 ნოემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს„----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 12.10.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---------“ 5.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20485/2/2023).
დავის საგანი:
1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატი;
2. სალაროს განკარგვადი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 22 დეკემბრის №023-27 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 20 ივნისის №13970 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 335 816 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 203 996
დღგ - 137 750
საშემოსავლო გადასახადი - 66 246
ჯარიმა - 103 936
საურავი - 27 884
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში, უპირატესად საკვები პროდუქტებით, სასმელებით ან თამბაქოს ნაწარმით. ასევე, საწარმოს აქვს აფთიაქი და ვაჭრობს ფარმაცევტული პროდუქციით. მომჩივანი აღნიშნულ საქმიანობას ახორციელებს ქ. -----------.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 20 იანვრის №1015 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 ივნისამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 19 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 22 დეკემბრის №32407 ბრძანება და №023-27 საგადასახადო მოთხოვნა.
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2023 წლის 23 იანვარს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2023 წლის 20 ივნისის №13970 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატი
ფაქტების აღწერ
გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა დადგენილი წესის შესაბამისად. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საგადასახადო ორგანომ დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის გამოიყენა არაპირდაპირი მეთოდი. 2022 წლის 13 ივნისის №14718 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია. აღნიშნული მასალების საფუძველზე შემოწმებამ დაადგინა სმფ-ის ფასნამატი, რომელიც საშუალოდ შეადგენდა 20%-ს. გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილი სმფ-ები დაიყო კატეგორიებად სახეობების მიხედვით და შემოწმების მიერ განისაზღვრა ფასნამატი კატეგორიების მიხედვით. დეკლარირებული სმფ-ების ნაშთების, შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი სმფ-ების და ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სმფ-ების საბოლოო ნაშთის ურთიერთშეპირისპირებით დადგინდა რეალიზებული სმფ-ების თვითღირებულება, რაზეც გავრცელდა შესაბამისი კატეგორიის ფასნამატი და გაანგარიშდა დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა. შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე და 159-ე მუხლების საფუძველზე, დაკორექტირდა (გაიზარდა) შესამოწმებელი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლებს სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე, მე-2, 160-ე, 161-ე, 159-ე, 163-ე, 164-ე, 73-ე, 101-ე, 154-ე, 43-ე მუხლებზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრა მართლზომიერია. ასევე, დეკლარირებული სმფ-ების ნაშთების, შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი სმფების და ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სმფ-ების საბოლოო ნაშთის ურთიერთშეპირისპირებით დადგენილ რეალიზებული სმფ-ების თვითღირებულებაზე, შესაბამისი კატეგორიის ფასნამატის გავრცელება (პურ/ფუნთუშეულის ჯგუფზე გავრცელდა 13%, თამბაქოს ნაწარმზე - 7%) შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის არგუმენტი, რომლითაც მიუთითებს, რომ შემოწმებისას არ იქნა გათვალისწინებული დღგ-სგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული საქონელი, ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, დღგ-სგან გათავისუფლებულ ბრუნვებს როგორც ფარმაციაში, ასევე საკვებ და ჰიგიენურ პროდუქციაზე და შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში მონაწილეობა არ მიუღია.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართლზომიერად, ხოლო წარდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურმა საჩივარი განიხილა გადასახადის გადამხდელის დაუსწრებლად. შესაბამისად, მომჩივანს არ მიეცა საშუალება წარედგინა თავისი არგუმენტების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რაც შემოწმების აქტით დადგენილი გარემოებების შეცვლის და დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
არ ეთანხმება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოყვანილი ფასნამატის გამოყენებას, რადგან საწარმო ახდენს საცალო რეალიზაციას და დოკუმენტალური რეალიზაცია თითქმის არ გააჩნია. მომჩივნისთვის უცნობია საიდან აიღეს სარეალიზაციო ფასი ფასნამატის გამოთვლის დროს, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ერთეულის საბაზრო ფასი დადგენილია არასწორად (გაზრდილი ოდენობით). შესაბამისად, ფასნამატის პროცენტი არარეალურია, რამაც გამოიწვია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერის ოდენობის შემცირება, საბუღალტრო ნაშთის გაზრდა (საქონლის პირვანდელი ღირებულებით).
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. შემოწმებით ფასნამატის ოდენობამ შეადგინა მთლიან შესამოწმებელ პერიოდში 20%. შესაბამისად, არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული ფასნამატით განისაზღვრა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. ანალოგიური პრინციპით განხორციელდა საშემოსავლო გადასახადის დამატებითი საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა. მომჩივნის გაანგარიშებით, ფასნამატი ჯგუფების მიხედვით განსხვავებულია და არ უდრის საგადასახადო ორგანოს მიერ გამოყენებულ ფასნამატს. კომპანიის მიერ შეძენილი პროდუქციის 70-80% უკავია ისეთ პროდუქტებს, რომელთა ფასნამატი 10%-ს არ აღემატება (სიგარეტების ხვედრითი წილით არის 45%, პური-30% და სხვა). ასევე, საწარმოს შეძენილი აქვს ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული საქონელი, რომლის ბრუნვა სრულად არ არის შემოწმების დროს გათვალისწინებული. შესაბამისად, მომჩივანი ითხოვს, დამატებით წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, მოხდეს ფასნამატის გაანგარიშება და დამატებით გადასახდელი გადასახადების კორექტირება. ამასთან, მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებული გარემოებები უცნობია გადასახადის გადამხდელისთვის. მათ შორის, ინვენტარიზაციის მასალები, რომელსაც შემმოწმებელი ეყრდნობა საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრისას. ასევე, გაურკვეველია შემოწმების მიერ გაკეთებული გაანგარიშებები და აღნიშნული გაანგარიშების სისწორე. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საცალო არასპეციალიზებულ მაღაზიებში ვაჭრობა. საქმიანობის სფეროდან გამომდინარე, პროცესის უფრო დეტალურად გავლისა და გაანალიზების გარეშე, შეუძლებელია ზუსტი ფასნამატის გამოთვლა ან/და დღგ-ის ბრუნვის ზუსტი განსაზღვრა.
მომჩივანი მიუთითებს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე მუხლებზე და ითხოვს, რომ საკითხის შესწავლა მოხდეს უფრო დეტალურად და ამის შემდეგ განისაზღვროს კონკრეტული შედეგები და არა ასეთი ზედაპირული გამოთვლებით. ითხოვს ცნობად იქნას მიღებული ფასნამატის გაანგარიშებასთან დაკავშირებით გაკეთებული განმარტებები და არგუმენტები, ასევე მათ მიერ წარმოდგენილი ფასნამატის გაანგარიშების ცხრილები, რომელიც ზუსტად ასახავს რეალურ სურათს. ერთის მხრივ, გასაგებია შემმოწმებლის პოზიცია და სურვილები, მაგრამ მეორეს მხრივ, მოცემულ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ გააჩნია ისეთი მტკიცებულებები და ნორმატიული მასალა, რომელიც ქმნის კომპანიის პოზიციის სისწორის განცდას და აქვს სრული სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ მოითხოვოს სამართლებრივად დასაბუთებული პოზიციის გაზიარება. მომჩივანი ითხოვს მიეცეს საშუალება შემმოწმებლისა და გადასახადის გადამხდელის მიერ ერთობლივად მოხდეს მათ მიერ წარდგენილი მასალების დეტალურად შესწავლა, რათა მოხდეს რეალური გადასახადის დადგენა.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც, დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებდა ბუღალტრული აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით და საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელი იყო დაბეგვრის ობიექტის დადგენა. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები მართლზომიერად განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. ამასთან, მართებულია დეკლარირებული სმფების ნაშთების, შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი სმფ-ების და ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სმფ-ების საბოლოო ნაშთის ურთიერთშეპირისპირებით დადგენილ რეალიზებული სმფების თვითღირებულებაზე შესაბამისი კატეგორიის ფასნამატის გავრცელება.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დღგ-სგან გათავისუფლებულ ბრუნვებს როგორც ფარმაციაში, ასევე საკვებ და ჰიგიენურ პროდუქციაზე და შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში მონაწილეობა არ მიუღია.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ შემოსავლების სამსახურმა საჩივარი განიხილა გადასახადის გადამხდელის დაუსწრებლად. შესაბამისად, არ მიეცა საშუალება წარედგინა თავისი არგუმენტების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რაც შემოწმების აქტით დადგენილი გარემოებების შეცვლის და დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.
შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ საწარმოს წარმომადგენელი ესწრებოდა დავის განხილვას შემოსავლების სამსახურში.
ამასთან, მომჩივანს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
2. სალაროს განკარგვადი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა
ფაქტების აღწერა
საგადასახადო ორგანომ შეისწავლა გადასახადის გადამხდელის პირველადი საგადასახადო დოკუმენტები, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები, საბანკო ამონაწერები. ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად (არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლები ჩაითვალა მიღებულად, ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი გადახდილად) ნაშთად დარჩენილი თანხა დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოწმების მიერ გადასახადის გადამხდელის პირველადი საგადასახადო დოკუმენტების, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებისა და საბანკო ამონაწერების შესწავლის შედეგად გამოვლინდა სალაროს განკარგვადი თანხა.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელის არგუმენტი, რომლითაც ითხოვს საწარმოს დამფუძნებლის მიერ საბრუნავი საშუალებებისთვის საწარმოში შეტანილი 215 000 ლარის გათვალისწინებას ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, საბრუნავი საშუალებები მოიცავს მარაგების შეძენას და სხვა მიმდინარე ხარჯებს, რაც შემოწმების მიერ გათვალისწინებულია, რადგან განკარგვადი თანხები გაანგარიშებულია შემოსავალს გამოკლებული დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯებიდან.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და აუდიტის დეპარტამენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სალაროს განკარგვადი თანხა, ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით წარმოადგენს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასს და მისი გადახდის წყაროსთან დაბეგვრა მართლზომიერია. ამდენად, წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრული ფულადი ნაშთის დირექტორის ხელფასად განხილვას. მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად არამართლზომიერად იქნა არაპირდაპირი მეთოდი გამოყენებული, მ.შ. უცნობია შემოწმების გაანგარიშებები, რამდენადაც შემმოწმებლის მიერ საგადასახადო შემოწმების აქტში მითითებული გარემოებების მიხედვით, შეუძლებელია კომპანიას დაკისრებოდა შემოწმების აქტით განსაზღვრული ვალდებულება, რის გამოც მიაჩნია, რომ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენების უსაფუძვლობასთან ერთად, შემმოწმებლის მიერ ვალდებულების განსაზღვრისას დაშვებულია მთელი რიგი უზუსტობები. შემმოწმებლების მიერ ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად გაანგარიშებული იქნა საზოგადოების საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. მიღებული სხვაობა შემოწმებით ჩართულია ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. არ ეთანხმება დეკლარირებული და შემოწმებით გამოვლენილი სხვაობის ხელფასად განხილვას შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების გამო: საწარმოს დამფუძნებელს, კომპანიის დაფუძნების დღიდან, საბრუნავი საშუალებებისთვის სხვადასხვა პერიოდში შეტანილი აქვს საწარმოში 215 000 ლარი, რომელზეც საწარმოს გააჩნია მტკიცებულებები, თანხის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომელიც წარმოადგენს დამფუძნებლის უპროცენტო შენატანს საწარმოში და აღნიშნული თანხის გათვალისწინება უნდა მოხდეს სალაროდან გასავლის ნაწილში, რადგან საწარმოს ფინანსური ხარჯები გაწეული იყო დამფუძნებლის შენატანით. დღეის მდგომარეობით აღნიშნული თანხები კომპანიის მხრიდან არ არის დაბრუნებული დამფუძნებლისთვის. აქედან გამომდინარე, შემოწმების აქტში ხელფასად დაფიქსირებული განაცემი არ შეიძლება ჩაითვალოს ხელფასად, არამედ უნდა ჩაითვალოს დამფუძნებელზე გაცემულ შემონატანის უკან დაბრუნებად. აღნიშნული ფინანსური ხარჯების გათვალისწინებით არ იქნება საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეუძლებელია არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული მისაღები შემოსავალი დაიბეგროს დირექტორის ხელფასად. გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა უნდა შემცირდეს დამფუძნებლის მიერ ნაღდი ანგარიშსწორებით საწარმოში შეტანილი თანხით - 215 000 ლარით. სხვა შემთხვევაში გამოდის, რომ დამფუძნებლის ინვესტიცია საგადასახადო შემოწმების აქტით დაბეგრილია საშემოსავლო გადასახადით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს საშემოსავლო გადასახადის ნაწილში დამატებით დარიცხული თანხების შემცირებას. აღნიშნულთან დაკავშირებით დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები წარმოდგენილი იქნება. ამრიგად, საგადასახადო შემოწმებით, ფაქტიურად ის თანხები ჩაუთვალეს შემოსავლად და გაუზარდეს გადასახადებით დასაბეგრი ბრუნვა, რაც არ მიუღიათ. ამდენად, ითხოვს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის და საშემოსავლო გადასახადის გაზრდით, ზედმეტად დარიცხული გადასახადებისა და სანქცია-საურავების შემცირებას (დამატებით წარმოდგენილი დოკუმენტებისა და გაანგარიშებების გათვალისწინების საფუძველზე).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლილი იქნას გადასახადის გადამხდელის მიერ დამატებით წარდგენილი საწარმოს ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და მოხდეს დამატებით დარიცხული თანხების კორექტირება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის პირველადი საგადასახადო დოკუმენტების, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებისა და საბანკო ამონაწერების შესწავლის შედეგად გამოვლინდა სალაროს განკარგვადი თანხა. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გათვალისწინებით, სალაროს განკარგვადი თანხა მართლზომიერად ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შესაბამისად, კომპანიას მართებულად დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი.
მომჩივნის არგუმენტაციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საბრუნავი საშუალებები მოიცავს მარაგების შეძენას და სხვა მიმდინარე ხარჯებს, რაც აუდიტის დეპარტამენტის მიერ გათვალისწინებულია, რადგან განკარგვადი თანხები გაანგარიშებულია შემოსავალს გამოკლებული დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯებიდან.
ამასთან, გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რას შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ გარემოებებს და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრული ფასნამატი;
2. სალაროს განკარგვადი თანხის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში, უპირატესად საკვები პროდუქტებით, სასმელებით ან თამბაქოს ნაწარმით. ასევე, საწარმოს აქვს აფთიაქი და ვაჭრობს ფარმაცევტული პროდუქციით.
1.გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში არ ჰქონდა ნაწარმოები ბუღალტრული აღრიცხვა დადგენილი წესის შესაბამისად.საგადასახადო ორგანომ დაბეგვრის ობიექტის განსაზღვრისთვის გამოიყენა არაპირდაპირი მეთოდი. . ასევე, ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისა და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია. აღნიშნული მასალების საფუძველზე შემოწმებამ დაადგინა სმფ-ის ფასნამატი, რომელიც საშუალოდ შეადგენდა 20%-ს. გადასახადის გადამხდელის მიერ შეძენილი სმფ-ები დაიყო კატეგორიებად სახეობების მიხედვით და შემოწმების მიერ განისაზღვრა ფასნამატი კატეგორიების მიხედვით. დეკლარირებული სმფ-ების ნაშთების, შესამოწმებელ პერიოდში შეძენილი სმფ-ების და ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სმფ-ების საბოლოო ნაშთის ურთიერთშეპირისპირებით დადგინდა რეალიზებული სმფ-ების თვითღირებულება, რაზეც გავრცელდა შესაბამისი კატეგორიის ფასნამატი და გაანგარიშდა დასაბეგრი ბრუნვის ოდენობა. დაკორექტირდა (გაიზარდა) შესამოწმებელი პერიოდის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. შედეგად, მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა.
2. ნაღდი ფულის მოძრაობის ანალიზის შედეგად (არაპირდაპირი მეთოდით შემოსავლები ჩაითვალა მიღებულად, ყველა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯი გადახდილად) ნაშთად დარჩენილი თანხა დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა გათვალისწინებული ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;161(1);159(1);163(1);164(1);73(5,9);101(1);154(1);