გადაწყვეტილება №21520/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 22.03.2024
№ დოკუმენტი 21520/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№ 21520/2/2023

22 მარტი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „----------“ (ს/ნ ----------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 16.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს -----------7.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21520/2/2023).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 22.05.2023 წლის №11299 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 10.10.2023 წლის №006-496 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 21.11.2023 წლის №28684 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 571 008 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 283 244

დღგ - 227 111

მიწა-არასასოფლო - 552

მოგების გადასახადი - 43 852

საშემოსავლო გადასახადი - 11 729

ჯარიმა - 141 621

საურავი - 146 143

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.04.2022 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 6 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

კომპანიამ ურთიერთდამოკიდებულ პირებს (დირექტორის მეუღლე და შვილი) მიაწოდა უძრავი ქონება - 2 საცხოვრებელი ფართი საკუთარ აშენებულ საცხოვრებელ კორპუსში. გარიგების თანახმად, კვადრატულის ფასი განსაზღვრული ჰქონდა 100-280 აშშ დოლარი. საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის, 981 მუხლის მე-4 ნაწილის, ასევე შესაბამის პერიოდში მოქმედი ამავე კოდექსის 158-ე, 159-ე, 160-ე და 161- ე მუხლების გათვალისწინებით, დაკორექტირდა რეალიზებული ბინების კვ.მ-ის ფასი (ფასი განისაზღვრა 550 დოლარი იმავე პერიოდში რეალიზებული ბინების ფასების საშუალო), შედეგად, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და მოგების გადასახადით დასაბეგრი ბაზა. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა შესაბამისი გადასახადები და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე;

კომპანიას დეკემბრამდე უფიქსირდება სალაროში მზარდი ნაშთი. არაგონივრული ნაშთის მიზნობრიობა ვერ დადგინა. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ფაქტობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, შემოწმებით აღნიშნული თანხა მიჩნეული იქნა გაცემულ/მიღებულ სესხის თანხად. საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, აღნიშნული დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას და შემდგომ ჩათვლას შესაბამის საანგარიშო პერიოდებში, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის თანახმად, გაცემულ უპროცენტო სესხზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი საბაზრო საპროცენტო განაკვეთის (20%) შესაბამისად, დარიცხული სარგებელი ჩაითვალა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაექვემდებარა საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 15.12.2022 წლის №31576 ბრძანება და №006-563 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 22.05.2023 წლის №11299 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, სალაროს ნაშთის სესხად განხილვისას შესამოწმებელ პერიოდში არსებული კაპიტალის ოდენობის გათვალისწინება და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 22.05.2023 წლის №11299 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 სექტემბრის დასკვნის საფუძველზე, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა 45 712 ლარით, აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 10.10.2023 წლის №006-496 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 21.11.2023 წლის №28684 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის შინაარსზე, აღნიშნავს, რომ ვინაიდან, გადასახადის გადამხდელს ბუღალტრული პროგრამით ნაშთად უფიქსირდებოდა დამფუძნებლის შენატანი, შემოწმების მიერ გადაანგარიშების ეტაპზე, შენატანის ნაშთი შემცირდა და შესაბამისად, არაგონივრული ნაშთის სესხად ჩათვლასთან დაკავშირებით დარიცხული თანხები სარგებლის ნაწილში დაკორექტირდა, საკითხის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომ სალაროს ნაშთის არაგონივრული ნაშთის სესხად ჩათვლასთან დაკავშირებით დარიცხული თანხები როგორც სარგებლის, ასევე ჯარიმის ნაწილში შემცირებულია სრულად, განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია. ამასთან, გადასახადის გადამხდელს წარდგენილ საჩივარში სადავო გარემოებად მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოება, რაც ბრძანებით არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

დარიცხული თანხის კორექტირება/შემცირება შემმოწმებლის მიერ მოხდა გადასახადის გადამხდელის მონაწილეობის გარეშე. მიიჩნევს, რომ აღნიშნულ საკითხში შემოწმების აქტით დარიცხული თანხა სრულად ექვემდებარებოდა შემცირებას. არასდროს ჰქონია განზრახვა გადასახდელი გადასახადების შემცირებისა და გადახდისაგან თავის არიდების, აღნიშნული დარღვევები გამოწვეული გამოუცდელობისა და არცოდნის გამო (პირველი შემთხვევაა და დღემდე შემოწმება არ ჩატარებულა),მომჩივანი ითხოვს, აღნიშნულის გათვალისწინებას და გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, დამატებით დარიცხული ჯარიმა-საურავის თანხების, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე შემცირებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოწმებით დარიცხული თანხები გასაჩივრდა და შემოსავლების სამსახურის 22.05.2023 წლის 11299 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, სალაროს ნაშთის სესხად განხილვისას შესამოწმებელ პერიოდში არსებული კაპიტალის ოდენობის გათვალისწინება და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება.

ხსენებული ბრძანების აღსრულების საფუძველზე, შემოწმებით დარიცხული თანხები შემცირდა, ხოლო საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 სექტემბრის დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით დამატებით შესწავლილი იქნა სადავო საკითხი. ვინაიდან, გადასახადის გადამხდელს ბუღალტრული პროგრამით ნაშთად უფიქსირდებოდა დამფუძნებლის შენატანი, გადაანგარიშების შედეგად შენატანის ნაშთი შემცირდა და შესაბამისად, არაგონივრული ნაშთის სესხად ჩათვლასთან დაკავშირებით დარიცხული თანხები სარგებლის ნაწილში დაკორექტირდა. შედეგად, შემცირდა გადასახადი 6 985 ლარი და ჯარიმა 38 727 ლარი.

ამასთან, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებაში დაფიქსირებული აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით ირკვევა, რომ სალაროს ნაშთის არაგონივრული ნაშთის სესხად ჩათვლასთან დაკავშირებით დარიცხული თანხები როგორც სარგებლის, ასევე ჯარიმის ნაწილში შემცირებულია სრულად.

მომჩივანი არ ეთანხმება გადაანგარიშების შედეგებს, მაგრამ არ მიუთითებს რა ნაწილში მიიჩნევს აღსრულებას შემოსავლების სამსახურის 22.05.2023 წლის №11299 ბრძანების შეუსაბამოდ, ამასთან, წარმოადგენს ისეთ გარემოებას, რაც არ ყოფილა დავალებული აუდიტის დეპარტამენტისთვის.

რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლების თაობაზე, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, საბჭო ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) შემოსავლების სამსახურის 22.05.2023 წლის №11299 ბრძანების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

საქმესთან არსებული მასალების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის 22.05.2023 წლის №11299 ბრძანების აღსრულება განხორციელებულია ამავე ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის საფუძველზე. ამდენად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

შემოსავლების სამსახურის 22.05.2023 წლის №11299 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით დამატებით შესწავლილი იქნა სადავო საკითხი. ვინაიდან, გადასახადის გადამხდელს ბუღალტრული პროგრამით ნაშთად უფიქსირდებოდა დამფუძნებლის შენატანი, გადაანგარიშების შედეგად შენატანის ნაშთი შემცირდა და შესაბამისად, არაგონივრული ნაშთის სესხად ჩათვლასთან დაკავშირებით დარიცხული თანხები სარგებლის ნაწილში დაკორექტირდა. შედეგად, შემცირდა გადასახადი და ჯარიმა. ამასთან, შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებაში დაფიქსირებული აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებით ირკვევა, რომ სალაროს ნაშთის არაგონივრული ნაშთის სესხად ჩათვლასთან დაკავშირებით დარიცხული თანხები როგორც სარგებლის, ასევე ჯარიმის ნაწილში შემცირებულია სრულად.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;304(1);