გადაწყვეტილება №27663/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 24.08.2026
№ დოკუმენტი 27663/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27663/2/2026

24 აგვისტო 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 23.07.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------- 27.06.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27663/2/2026).

 

დავის საგანი:

შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 24 დეკემბრის №031-11 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 4 ივნისის №12201 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 829 573,83 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 1 085 842,35

დღგ - 537 741,84

საშემოსავლო გადასახადი - 548 100,51

ჯარიმა - 543 263,30

საურავი - 200 468,18

 

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას აშენებული აქვს 4 საცხოვრებელი კორპუსი ------- (მიწის საკადასტრო კოდი: -------).

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ დაინიშნა მომჩივნის საქმიანობის 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 19 დეკემბერს შედგენილ საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებების გამო:

შემოწმების პროცესში გადამხდელმა წარადგინა ბუღალტრული პროგრამა, რომელიც ნაწარმოები აქვს პროგრამა ორისში. გადამხდელის მხრიდან ასევე წარდგენილია შემოწმების მიერ მოთხოვნილი პირველადი დოკუმენტაცია (ბანკის ცნობები, ამონაწერები, ხელშეკრულებები და სხვა). შემოწმების პროცესში ასევე დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია (კომპანიის მიერ აშენებული საცხოვრებელი ბინების შესახებ სრული ინფორმაცია).

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული პროგრამის, ახსნა-განმარტებებისა და დოკუმენტაციის ანალიზით გამოვლინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოება: გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში მიღებული შემოსავალი შეადგენს 4 085 287 ლარს (დღგ-ის ჩათვლით), ხოლო ბუღალტრულად შემოსავალი გატარებული აქვს 1 151 596 ლარი (დღგ-ის ჩათვლით) (მხოლოდ ის თანხები, რაც ავანსის სახით აქვს მიღებული), შესაბამისად, 2 933 691 ლარის შემოსავლის (დღგ-ის ჩათვლით) მიღება და განკარგვა ბუღალტერიაში არ ფიქსირდება, გარდა ამისა, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს ბუღალტრულად არ უფიქსირდება დებიტორული დავალიანება, თუმცა შემოწმების პროცესში კომპანიამ წარმოადგინა 10 ფიზიკურ პირთან გაფორმებული ურთიერთშედარების აქტები, რომლითაც დასტურდება 551 086 ლარის დებიტორული დავალიანება. ასევე დგინდება, რომ შპს „-------“ (ს/ნ -------) გააჩნია დამფუძნებლის მიმართ კრედიტორული დავალიანება 397 000 ლარის ოდენობით, რაც წარმოადგენს მიწის (ს/კ -------) ღირებულებას, სადაც კომპანიამ განახორციელა საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა.

აღნიშნული მიწა შპს „-------“ (ს/ნ -------) საკუთრებაში აქვს 2021 წლის 18 თებერვლიდან. მიწის ნაკვეთი კომპანიას შეძენილი აქვს დამფუძნებლისგან, რომელმაც იგი შეიძინა ფიზიკური პირისგან 2021 წლის 11 თებერვალს. სახელშეკრულებო ღირებულება განისაზღვრა 120 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. გადამხდელის მიერ წარდგენილი ურთიერთშედარების აქტის საფუძველზე დასტურდება, რომ მიწის ღირებულების დაფარვა არ განხორციელებულა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების მომენტისათვის, არამედ განხორციელდა შესამოწმებელ პერიოდში, კერძოდ, 2022 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე პერიოდებში, მიწის ღირებულების გადახდა განხორციელდა ეტაპობრივად.

გარდა ამისა, გადამხდელის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტებების თანახმად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის კაპიტალის ნაშთი შეადგენს 0 ლარს (ბუღალტრულად კომპანიის საწესდებო კაპიტალი შეადგენდა 328 500 ლარს).

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 17 ოქტომბრის №22327 ბრძანების შესაბამისად განხორციელდა მომჩივნის სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურა, რომლის შედეგების თანახმად, კომპანიის ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს 0 ლარს.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად გაანგარიშებული შემოსავლის, კომპანიის მიერ გაწეული ხარჯის, ბიუჯეტში გადახდილი თანხების, საწესდებო კაპიტალის შემცირებისა და შემოწმების ხელთ არსებული სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაციის ანალიზით გაანგარიშდა კომპანიის სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი, რამაც შეადგინა 2 192 402 ლარი, რაც ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 19 დეკემბერს შედგენილ საგადასახადო შემოწმების აქტში, რის საფუძველზეც გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 24 დეკემბრის №28231 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №031-11 საგადასახადო მოთხოვნა.

აღნიშნული დარიცხვა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 4 ივნისის №12201 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-4 ნაწილზე, 101-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 154- ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მშენებლობაზე გაწეული დანახარჯების გათვალისწინების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ (ექსპერტიზაზე დასმული შეკითხვის შინაარსი შეთანხმდეს შემმოწმებელთან). დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

სალაროს ნაღდი ფულის ნაშთი. საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, შემოსავალი წარმოადგენს ეკონომიკურ სარგებელს, რომელიც იწვევს გადასახადის გადამხდელის ქონებრივი მდგომარეობის ზრდას. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ შემოსავალი ვერ განიხილება იზოლირებულად, იმ ხარჯების გარეშე, რომელიც აუცილებელია აღნიშნული ეკონომიკური სარგებლის მისაღებად. მოცემულ შემთხვევაში, შპს „-------“-ს საქმიანობის სახეს წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობა, სადაც შემოსავლის მიღება ობიექტურად შეუძლებელია შესაბამისი ხარჯების გაწევის გარეშე, მათ შორის: სამშენებლო მასალების შეძენა; სამუშაო ძალის ანაზღაურება;•ტექნიკის, ტრანსპორტის და სხვა ინფრასტრუქტურული ხარჯები; ადმინისტრაციული და საოპერაციო ხარჯები. შესაბამისად, შემოსავლის სრული ოდენობის „დაკარგულად“ მიჩნევა და ხელფასად კვალიფიკაცია ეკონომიკურად და სამართლიანად გაუმართავია.

საგადასახადო კოდექსის 8-ე მუხლის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები უნდა განისაზღვროს ეკონომიკური შინაარსის, სამართლიანობისა და თანაზომიერების პრინციპების დაცვით. აღნიშნული პრინციპები გულისხმობს: შემოსავალი უნდა განისაზღვროს ხარჯების გათვალისწინებით და არა მის გარეშე; არ უნდა იყო უგულვებელყოფილი ის გარემოება, რომ კონკრეტული საქმე ხარჯიანია; არ უნდა იყოს გამოყენებული მხოლოდ ფორმალური მათემატიკური განსხვავება რეალური ეკონომიკური სურათის შეფასების გარეშე.

საგადასახადო კოდექსის 18-ე მუცლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს აქვს საშუალება გადაწყვეტილება მიიღოს დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით ასევე მის გარეშეც, მოცემულ შემთხვევაში მიაჩნია, რომ არ მომხდარა დადგენა იმის შესახებ, რომ შემოსავლის მიღებას არ ახლდა ხარჯები; არ ჩატარებულა ხარჯების შეფასება, მიუხედავად საქმიანობის სპეციფიკისა; არ იქნა გამოთხოვილი ან გამოყენებული ხარჯების განსაზღვრის ალტერნატიული მეთოდები.

შესაბამისად, ხარჯების სრული იგნორირება არ ეფუძნება არც ფაქტობრივ მტკიცებულებებს და არც სამართლებრივ საფუძვლებს. საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლიდან გამომდინარე თანაზომიერების პრინციპი გულისხმობს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც გადასახადის გადამხდელის მიერ ხარჯები სრულად არ არის დოკუმენტალურად წარმოდგენილი, საგადასახადო ორგანოს ეკისრება ვალდებულება გამოიყენოს პროპორციული და ობიექტური შეფასების მეთოდები, რომლებიც მიღებულია საგადასახადო პრაქტიკით.

მოცემულ შემთხვევაში: მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა შემოსავლებისა და ხარჯების პროპორციული ანალიზი; არ იქნა გამოყენებული სამშენებლო საქმიანობისათვის ტიპიური ხარჯების სტრუქტურა; არ იქნა გამოყენებული არც მინიმალური, არც საშუალო ხარჯის კოეფიციენტები. ამის ნაცვლად, შემოსავლის სრული ოდენობა მიჩნეულ იქნა ხელფასად, რაც წარმოადგენს არაპროპორციულ და გადაჭარბებულ მიდგომას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე: შემოსავლების მიღება ხარჯის გარეშე ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსის 97-ე მუცლით განსაზღვრულ შემოსავლის ცნებას; აუდიტორების მიერ ხარჯების გაუთვალისწინებლად შემოსავლის დადგენა არღვევს საგადასახადო კოდექსის 8-ე მუხლით დადგენილ სამართლიანი და თანაზომიერი დაბეგვრის პრინციპებს; რაც შეეხება ნაღდი ფულის ნაშთის ხელფასად კვალიფიკაციის ნაწილს, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასად მიჩნევა ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული საზღაური ან სარგებელი.

მოცემულ შემთხვევაში: არ არსებობს დირექტორისათვის ხელფასის დარიცხვის ფაქტი; არ არსებობს შრომითი ანაზღაურების გაცემის დოკუმენტური საფუძველი; არ არსებობს სარგებლის მიღების ფაქტი დაქირავებით მუშაობის ფარგლებში. შესაბამისად, მხოლოდ ბუღალტრული ნაშთის არსებობა ვერ წარმოშობს ხელფასის სამართლებრივ კვალიფიკაციას, რადგან საგადასახადო კოდექსი ხელფასს უკავშირებს არა ნაღდი ფულის მოძრაობას, არამედ შრომით ურთიერთობას.

გამომდინარე ასევე იქედან, რომ აღნიშნული თანხა ითვლება დირექტორზე გაცემულ თანხას, საწარმოს აქვს მიმდინარე სამუშაო პროცესები და აღნიშნული თანხის დაბრუნება პერიოდის მანძილზე მოხდება საწარმოში ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად, აღნიშნული თანხა წარმოადგენს დირექტორზე გაცემულ სესხს და არ ექვემდებარება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას. მოცემულ შემთხვევაში, ხარჯების გათვალისწინების შემდეგ დარჩენილი თანხა არ წარმოადგენს პირის საბოლოო ეკონომიკურ სარგებელს, ექვემდებარება დაბრუნებას და ბუღალტრული თვალსაზრისით ქმნის დებიტორულ მოთხოვნას ( ფიზიკურ პირზე გაცემული სესხი) დირექტორის მიმართ.

აღნიშნული ნიშნების ერთობლიობით, თანხის სწორი კვალიფიკაცია არის ფიზიკურ პირზე გაცემული სესხი. საგადასახადო კოდექსის 97 (1) მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკური პირისათვის გაცემული თანხა, რომელიც არ უკავშირდება ეკონომიკური საქმიანობის მიზნებს, მათ შორის „სესხის ფორმულირებით გაცემული თანხა“, თუ იგი არ აკმაყოფილებს კანონით გათვალისწინებულ გამონაკლისებს. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში: თუ თანხა დაკვალიფიცირდება როგორც ფიზიკურ პირზე გაცემული სესხი, მისი დაბეგვრის სწორი რეჟიმი არის მოგების გადასახადი და არა ხელფასზე დარიცხული საშემოსავლო გადასახადი.

საგადასახადო კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ მოგების გადასახადით დაბეგრილი თანხა შემდგომ უბრუნდება კომპანიას, გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს მოახდინოს დაბეგრილი ბაზის კორექტირება და შესაბამისი თანხის აღდგენა. შპს „-------“ წარმოადგენს მოქმედ კომპანიას, რომელიც შესამოწმებელი პერიოდის დასრულების შემდგომაც აგრძელებს ეკონომიკურ საქმიანობას, მათ შორის სამშენებლო პროექტების განხორციელებას, კომპანიის სპეციფიკიდან გამომდინარე, მისი ოპერირება საჭიროებს მნიშვნელოვან ფულად სახსრებს, რაც აუცილებელია მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების დასრულებისათვის.

ხარჯების გათვალისწინებით შემდეგ დარჩენილი თანხა არ წარმოადგენს კომპანიის მიერ საბოლოოდ განაწილებულ ფინანსურ სარგებელს. აღნიშნული თანხა: გამოყენებულ იქნება კომპანიის მიმდინარე პროექტების დასაფინანსებლად; წარმოადგენს დირექტორის მიერ დროებით გამოყენებულ თანხას, რომელიც ექვემდებარება დაბრუნებას; ბუღალტრულად და ეკონომიკური შინაარსით ქმნის დებიტორულ მოთხოვნას კომპანიის სასარგებლოდ. აღნიშნული გარემოება ადასტურებს, რომ თანხის ხელფასად კვალიფიკაცია ეწინააღმდეგება მისი რეალური ეკონომიკური შინაარსის შეფასებას, რაც მოთხოვნილია საგადასახადო კოდექსის 8-ე მუხლით.

საგადასახადო კოდექსის 8-ე მუხლით დადგენილი სამართლიანობისა და თანაზომიერების პრინციპი ავალდებულებს საგადასახადო ორგანოს, გადასახადის დადგენისას გაითვალისწინოს გადაწყვეტილების რეალური ეკონომიკური შედეგები გადასახადის გადამხდელისათვის.

მოცემულ შემთხვევაში, სალაროს ნაღდი ფულის ნაშთის ხელფასად დაბეგვრა: ქმნის მძიმე ფინანსურ ტვირთს მოქმედი კომპანიისათვის; იწვევს ფულადი სახსრების დეფიციტს; აფერხებს სამშენებლო პროექტების განხორციელებას; კომპანიას აგდებს ფინანსურ კრიზისში, მიუხედავად იმისა, რომ იგი აგრძელებს ეკონომიკურ საქმიანობას. მოცემულ შემთხვევაში: კომპანია საჭიროებს ფულად სახსრებს მშენებლობის გასაგრძელებლად; პროექტების განხორციელების პროცესში მიღებული შემოსავალი მომავალში უზრუნველყოფს როგორც საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას, ისე კომპანიის ფინანსურ მდგრადობას; თანხის დაუყოვნებლივი დაბეგვრა ხელფასის რეჟიმში ართმევს კომპანიას ოპერირების შესაძლებლობას. აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევაში, თუ მომავალში ეკონომიკური საქმიანობის დასრულების ან შემოსავლების მიღების შემდგომ დარჩენილი თანხა არ დაბრუნდა კომპანიაში ან არ იქნება გამოყენებული ეკონომიკური საქმიანობის მიზნებისათვის, აღნიშნული გარემოება წარმოადგენს დამოუკიდებელ საგადასახადო მოვლენას, რომელიც შესაძლებელია შეფასდეს შესაბამისი პერიოდის ფარგლებში მოქმედი საგადასახადო წესების მიხედვით. თუმცა მიმდინარე ეტაპზე, მოქმედი კომპანიისათვის თანხის ხელფასად დაბეგვრა წინასწარ არაპროპორციულ სანქციას წარმოადგენს. შესაბამისად უნდა შეიცვალოს თანხის კვალიფიკაცია და დარჩენილი ნაღდი ფულადი თანხის კლასიფიკაცია უნდა მოხდეს „დირექტორზე გაცემულ სესხად“.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

მომჩივანი საბჭოში წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნავს, რომ შემოსავალი ვერ განიხილება იზოლირებულად, იმ ხარჯების გარეშე, რომელიც აუცილებელია ეკონომიკური სარგებლის მისაღებად. მოცემულ შემთხვევაში, მომჩივნის საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, შემოსავლის მიღება ობიექტურად შეუძლებელია შესაბამისი ხარჯების გაწევის გარეშე, მათ შორის: სამშენებლო მასალების შეძენა, სამუშაო ძალის ანაზღაურება, ტექნიკის, ტრანსპორტის და სხვა ინფრასტრუქტურული ხარჯები, ადმინისტრაციული და საოპერაციო ხარჯები. შესაბამისად, შემოსავლის სრული ოდენობის „დაკარგულად“ მიჩნევა და ხელფასად კვალიფიკაცია ეკონომიკურად და სამართლიანად გაუმართავია.

მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა შემოსავლებისა და ხარჯების პროპორციული ანალიზი, არ იქნა გამოყენებული სამშენებლო საქმიანობისათვის ტიპიური ხარჯების სტრუქტურა, არ იქნა გამოყენებული არც მინიმალური, არც საშუალო ხარჯის კოეფიციენტები. ამის ნაცვლად, შემოსავლის სრული ოდენობა მიჩნეულ იქნა ხელფასად, რაც წარმოადგენს არაპროპორციულ და გადაჭარბებულ მიდგომას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიაჩნია, რომ შემოსავლების მიღება ხარჯის გარეშე ეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლით განსაზღვრულ შემოსავლის ცნებას, აუდიტორების მიერ ხარჯების გაუთვალისწინებლად შემოსავლის დადგენა არღვევს საგადასახადო კოდექსით დადგენილ სამართლიანი და თანაზომიერი დაბეგვრის პრინციპებს. მომჩივანი ითხოვს №3 - ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით დადგენილი სალაროს ნაღდი ფულის ნაშთი შეფასდეს შემოსავლის მისაღებად გაწეული ხარჯების გათვალისწინებით, არ დაკვალიფიცირდეს ხელფასად, შეიცვალოს მისი კვალიფიკაცია ფიზიკურ პირზე (დირექტორზე) გაცემულ დაბრუნებად თანხად (სესხად) და გაუქმდეს აღნიშნული კვალიფიკაციის საფუძველზე დარიცხული საშემოსავლო გადასახადი, ჯარიმა და საურავი.

შემოსავლების სამსახური სადავო ბრძანებაში მიუთითებს გადასახადის გადამხდელის პოზიციაზე, რომ მშენებლობის მიმდინარეობის პერიოდში არ ჰყავდა ბუღალტერი, რის გამოც ვერ ხდებოდა ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის სრულყოფილად კონტროლი, სისტემატიზაცია და სათანადო სააღრიცხვო ფორმით ასახვა. აღნიშნავს, რომ საწარმოს დოკუმენტურად სრულყოფილად არ უფიქსირდება ისეთი სახის სამშენებლო მასალებისა და მომსახურებების შეძენა, რომლებიც ობიექტურად აუცილებელი იყო საცხოვრებელი კორპუსების ასაშენებლად. ამდენად, გადამხდელი განმარტავს, რომ ფულის ნაშთის გაანგარიშებისას არ იქნა გათვალისწინებული ხარჯები.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მშენებლობაზე გაწეული დანახარჯების გათვალისწინების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ (ექსპერტიზაზე დასმული შეკითხვის შინაარსი შეთანხმდეს შემმოწმებელთან). დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

საბჭო ყურადღებას ამახვილებს საქმის გარემოებებზე, მხარეთა არგუმენტაციაზე და მიიჩნევს, რომ არაგონივრული ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად კვალიფიკაცია მართებულია და შესაბამისად, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. ამასთან, გადასახადის გადამხდელს დავის განხილვის ეტაპზე არ წარმოუდგენია ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რომლითაც დადგინდება ამ ნაწილში შემოწმების შედეგად დადგენილისგან განსხვავებული გარემოებები.

შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 4 ივნისის №12201 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია, არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის სალაროში ნაღდი ფულის ნაშთის დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის, გადამხდელის მიერ წარდგენილი ბუღალტრული პროგრამის, ახსნა-განმარტებებისა და დოკუმენტაციის ანალიზით გამოვლინდა შემოსავლის მიღება და განკარგვა, რომელიც ბუღალტერიაში არ ფიქსირდება, გარდა ამისა, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს ბუღალტრულად არ უფიქსირდება დებიტორული დავალიანება, თუმცა შემოწმების პროცესში კომპანიამ წარმოადგინა 10 ფიზიკურ პირთან გაფორმებული ურთიერთშედარების აქტები, რომლითაც დასტურდება დებიტორული დავალიანება. ასევე დგინდება, რომ მომჩივანს გააჩნია დამფუძნებლის მიმართ კრედიტორული დავალიანება, რაც წარმოადგენს მიწის ღირებულებას, სადაც კომპანიამ განახორციელა საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა.

გარდა ამისა, გადამხდელის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტებების თანახმად, შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსათვის კაპიტალის ნაშთი შეადგენს 0 ლარს; საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ბრძანების შესაბამისად განხორციელდა მომჩივნის სალაროში ნაღდი ფულის განსაზღვრის პროცედურა, რომლის შედეგების თანახმად, კომპანიის ნაღდი ფულის ნაშთი შეადგენს 0 ლარს.

შემოწმების შედეგად გაანგარიშებული შემოსავლის, კომპანიის მიერ გაწეული ხარჯის, ბიუჯეტში გადახდილი თანხების, საწესდებო კაპიტალის შემცირებისა და შემოწმების ხელთ არსებული სხვა ინფორმაცია/დოკუმენტაციის ანალიზით გაანგარიშდა კომპანიის სალაროში ნაღდი ფულის ნაშთი, რაც ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილება მართლზომიერია, არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების და საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5, 9); 101; 154