ბრძანება N 18106
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 18106
26 ივლისი 2023
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „-------“ (ს/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2023 წლის 19 აპრილის საჩივრის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 6 ივლისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №71) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) №67137/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 29 დეკემბრის №081-396 და 2021 წლის 10 ივნისის №081-175 საგადასახადო მოთხოვნებთან, ასევე შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2021 წლის 10 აგვისტოს №081-890 ბრძანებასთან ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ და 2022 წლის 10 თებერვლის №2021/081-890/1 ქონებაზე ყადაღის დადების აქტთან დაკავშირებით.
მომჩივნის პოზიცია:
ითხოვს დავის დაწყებას/განახლებას ახლად აღმოჩენილი/ახლად გამოვლენილი გარემოებების საფუძველზე, კერძოდ:
● მიუთითებს, რომ შპს „-------“-ის ექსპერტმა შეისწავლა საგადასახადო შემოწმების აქტები, რაზეც შედგა 2023 წლის 10 აპრილის ექსპერტიზის დასკვნა. აღნიშნულის საფუძველზე განმარტავს, რომ გაანგარიშებისას შემმოწმებლებს არ აქვთ გათვალისწინებული ის საქონელი, რომელსაც კომპანია იყენებდა შიდა მოხმარებისათვის, კერძოდ ავტომანქანების რემონტისთვის, რადგან თითოეული გადაზიდვის შემდეგ მანქანა საჭიროებდა ხარჯების გაწევას. აღნიშნავს, რომ შემოწმების პროცესში დადგენილი ნაშთი უნდა შემცირდეს შიდა მოხმარებისთვის გახარჯული საქონლის შესაბამისად. ამასთან, მიუთითებს, რომ შემოწმების პროცესში არ ჩატარებულა ინვენტარიზაცია და არ არის გათვალისწინებული ავტომანქანების ექსპლუატაციისათვის საჭირო მასალების ჩამოწერები, შესაბამისად დასადგენია თუ რა რაოდენობის მასალები სჭირდება მუშა მანქანას თვის ან წლის განმავლობაში.
● აღნიშნავს, რომ შპს „-------“ შეისწავლა არაპირდაპირი მეთოდით გადაზიდვის მომსახურების საბაზრო ფასის განსაზღვრის საკითხი სხვა მსგავსი აუდირებული კომპანიის ტრანსპორტირების საბაზრო ფასების მიხედვით და დაადგინა, რომ შემოწმების მიერ არ არის მკაფიო პოზიცია აღნიშნულ საკითხზე და დამატებით დარიცხული თანხები ექვემდებარება შემცირებას.
● 2017 წელს საწარმოს მიერ სატვირთო ავტომობილების ნაწილის რეალიზაციისას, შემოწმების მიერ საბაზრო ფასის დასადგენად ავტომობილების გაყიდვების ელექტრონული პორტალის ინფორმაციის შესწავლასთან მიმართებით, ექსპერტის დასკვნის შესაბამისად განმარტავს, რომ დასადგენია შესაბამისი პერიოდისთვის შეფასებული სმფ-ების ღირებულების შესაბამისობა საბაზრო ფასთან მიმართებაში.
● შემოწმების შედეგად დადგენილ ფულის ნაშთთან მიმართებით, მომჩივანი აცხადებს, რომ ხელფასის სახით 3 469 726 ლარის მაგივრად დასაბეგრია 930 16 ლარი. განმარტავს, რომ კომპანიას ამ ეტაპზე გააჩნია სალაროს ბრუნვის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე გაანგარიშდა დივიდენდად გასატანი თანხა და კომპანიის შემოსავლები 2017-2020 წლებში.
● მომჩივანი დამატებით აღნიშნავს, რომ ექსპერტმა შეისწავლა კომპანიის ბუღალტრული პროგრამა და დადგინდა, რომ რიგ შემთხვევებში ნაცვლად არაპირდაპირი მეთოდისა შესაძლოა გამოყენებულ იქნას პირდაპირი მეთოდი. ითხოვს ექსპერტების დასკვნების შესაბამისად ხელახლა გადამოწმდეს კომპანიის მონაცემები.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 9 ოქტომბრის №30683 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-------“ (ს/ნ -------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2017 წლის პირველი იანვრიდან 2020 წლის პირველ აგვისტომდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2020 წლის 25 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2020 წლის 28 დეკემბრის №39151 ბრძანება და 2020 წლის 29 დეკემბრის №081-396 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 413 131 ლარი, მათ შორის: გადასახადი 207 832 ლარი, ჯარიმა 102 823 ლარი, საურავი 102 476 ლარი.
ასევე, შემოწმების შედეგებზე 2021 წლის 31 მაისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2021 წლის 10 ივნისის №18597 ბრძანება და ამავე თარიღის №081-175 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 1 742 672 ლარი, მათ შორის: გადასახადი 1 033 054 ლარი, ჯარიმა 513 891 ლარი, საურავი 195 727 ლარი.
● აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 29 დეკემბრის №081-396 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელმა 2021 წლის 25 იანვარს საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს, რაზეც გამოიცა 2021 წლის 27 აპრილის N12750 ბრძანება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. აღნიშნული ბრძანება გადასახადის გადამხდელმა 2021 წლის 17 მაისს გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რაზეც 2021 წლის 24 დეკემბერს გამოიცა N13027/2/2021 გადაწყვეტილება, რომლითაც გადასახადის გადამხდელის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
● აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 10 ივნისის №081-175 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელმა 2021 წლის 20 ივლისს და 2 აგვისტოს საჩივრებით მიმართა შემოსავლების სამსახურს, რაზეც გამოიცა 2021 წლის 20 სექტემბრის N29199 ბრძანება საჩივრების განუხილველად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ბრძანება გადასახადის გადამხდელმა 2021 წლის 11 ოქტომბერს გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 4 თებერვლის N14720/2/2021 გადაწყვეტილებით გადამხდელის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 20.09.2021 წლის N29199 ბრძანება;
3. საჩივარი განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.” საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2022 წლის 4 თებერვლის N14720/2/2021 გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, გამოიცა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 19 აპრილის N9947 ბრძანება შპს „-------“ (ს/ნ -------) 2021 წლის 20 ივლისისა და 2 აგვისტოს საჩივრების განუხილველად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ბრძანება ასევე გაასაჩივრა გადასახადის გადამხდელმა 2022 წლის 3 მაისს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2022 წლის 16 სექტემბრის N16501/2/2022 გადაწყვეტილებით გადასახადის გადამხდელის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
● საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ იქნა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ 2021 წლის 10 აგვისტოს N081-890 ბრძანება, რომლის საფუძველზეც ყადაღა დაედო შპს „-------“ (ს/ნ -------) საკუთრებაში რიცხულ ქონებას. აღნიშნულზე ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ 2022 წლის 10 თებერვალს შედგენილ იქნა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ №2021/081-890/1 აქტი. ვალის მართვის დეპარტამენტის 2021 წლის 10 აგვისტოს N081-890 ბრძანება გადასახადის გადამხდელმა ჩაიბარა 2021 წლის 10 აგვისტოს, ხოლო 2022 წლის 10 თებერვლის №2021/081-890/1 აქტი - 2022 წლის 10 თებერვალს.
● გადასახადის გადამხდელმა 2022 წლის 21 მარტს სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 10 ივნისის №081-175 საგადასახადო მოთხოვნის, შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 20 სექტემბრის N29199 ბრძანების, ასევე, აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 29 დეკემბრის №081-396 საგადასახადო მოთხოვნის, შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 27 აპრილის N12750 ბრძანების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 24 დეკემბრის N13027/2/2021 გადაწყვეტილების, ვალის მართვის დეპარტამენტის 2021 წლის 10 აგვისტოს N081-890 ბრძანების და 2022 წლის 10 თებერვლის №2021/081-890/1 აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2022 წლის 16 მაისის განჩინებით წარმოებაში მიიღო გადასახადის გადამხდელის 2022 წლის 21 მარტის სარჩელი.
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოების ან მტკიცებულების საფუძვლით დავის დაწყების/განახლების მოთხოვნის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის თანახმად:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში.
2. დავის განახლების მოთხოვნით დავის განმხილველი ორგანოსათვის მიმართვის უფლება აქვს მხოლოდ მომჩივანს.
3. მომჩივანი ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებით მიმართავს დავის განმხილველ ბოლო ორგანოს, რომელმაც არსებითად იმსჯელა მომჩივნის მიერ მითითებულ დავის საგანზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ დავის დაწყება დასაშვებია ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით.
ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანი ვალდებულია, დაამტკიცოს, რომ კონკრეტული გარემოება, რომელსაც იგი ემყარება დავის დაწყების მოთხოვნისას, ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებაა და აღნიშნული გარემოების შესახებ არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილ საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს დავის დაწყების/განახლების საფუძველი. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის დაწყების/განახლების მოთხოვნის ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 29 დეკემბრის №081-396 და 2021 წლის 10 ივნისის №081-175 საგადასახადო მოთხოვნებთან, ვალის მართვის დეპარტამენტის 2021 წლის 10 აგვისტოს №081-890 ბრძანებასთან და 2022 წლის 10 თებერვლის №2021/081-890/1 აქტთან დაკავშირებით საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შპს „-------“ (ს/ნ -------) მიერ აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 29 დეკემბრის №081-396 საგადასახადო მოთხოვნა გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რახედაც 2021 წლის 25 იანვარს გამოიცა 2021 წლის 27 აპრილის N12750 ბრძანება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. ასევე, აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 10 ივნისის №081- 175 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2021 წლის 20 ივლისის და 2 აგვისტოს წარმოდგენილი საჩივრები შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 19 აპრილის №9947 ბრძანებით დარჩა განუხილველი.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქმეში არსებულ იმ გარემოებაზე, რომ 2022 წლის 21 მარტს შპს „-------“ (ს/ნ -------) სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, მათ შორის, აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 29 დეკემბრის №081-396 და 2021 წლის 10 ივნისის №081- 175 საგადასახადო მოთხოვნების, ვალის მართვის დეპარტამენტის 2021 წლის 10 აგვისტოს N081-890 ბრძანების და 2022 წლის 10 თებერვლის №2021/081-890/1 ქონებაზე ყადაღის დადების №2021/081-890/1 აქტის ბათილად ცნობა, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 16 მაისის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული გადასახადის გადამხდელის 2022 წლის 21 მარტის სარჩელი.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ მომჩივანმა იმავე დავის საგანზე მიმართა სასამართლოს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ი“ და „ზ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 29 დეკემბრის №081-396 და 2021 წლის 10 ივნისის №081-175 საგადასახადო მოთხოვნებთან, ვალის მართვის დეპარტამენტის 2021 წლის 10 აგვისტოს №081-890 ბრძანებასთან და 2022 წლის 10 თებერვლის №2021/081-890/1 აქტთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი ახლად აღმოჩენილი/ახლად გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის დაწყების/განახლების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
2. შპს „-------“(ს/ნ -------) საჩივარი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 29 დეკემბრის №081-396 და 2021 წლის 10 ივნისის №081-175 საგადასახადო მოთხოვნებთან, ასევე შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2021 წლის 10 აგვისტოს №081-890 ბრძანებასთან და 2022 წლის 10 თებერვლის №2021/081-890/1 აქტთან დაკავშირებით დარჩეს განუხილველი;
3. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
გადასახადის გადამხდელი ახლად აღმოჩენილი/ახლად გამოვლენილი გარემოებების საფუძველზე ასაჩივრებს შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ბრძანებას და აქტს ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს-ს საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების შუალედური და საგადასახადო შემოწმების აქტები, აღნიშნულზე გამოიცა საგადასახადო მოთხოვნები. შპს-ს მიერ აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რაზედაც გამოიცა ბრძანება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ იქნა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ ბრძანება, რომლის საფუძველზეც ყადაღა დაედო გადამხდელის საკუთრებაში რიცხულ ქონებას და შედგენილ იქნა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ აქტი.
გადამხდელმა სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების, მათ შორის, აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნების, ვალის მართვის დეპარტამენტის ბრძანების და ქონებაზე ყადაღის დადების აქტის ბათილად ცნობა, ხოლო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული გადასახადის გადამხდელის სარჩელი.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ წარმოდგენილ საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებას, რომელიც შეიძლება გახდეს დავის დაწყების/განახლების საფუძველი. ამდენად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი ახლად აღმოჩენილი/გამოვლენილი გარემოებების ან მტკიცებულებების საფუძვლით დავის დაწყების/განახლების მოთხოვნის ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ მომჩივანმა იმავე დავის საგანზე მიმართა სასამართლოს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით შპს-ს საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნებთან, ვალის მართვის დეპარტამენტის ბრძანებასთან და აქტთან დაკავშირებით უნდა დარჩეს განუხილველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 299(6-7); 301 (ი; ზ), 302(6); 308