გადაწყვეტილება № 27911/2/2026
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 27911/2/2026
08 სექტემბერი 2026
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „------“ (ს/ნ -----)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 4.09.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-----“-ის 4.08.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27911/2/2026).
დავის საგანი:
ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 16 მარტის №001-42 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 15 ივლისის №16198 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ქონების გადასახადი - 67 401.23 ლარი.
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 23 თებერვლის №4075 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება 2023 და 2024 წლების საანგარიშო პერიოდებში №----- და №----- საკადასტრო კოდებზე რეგისტრირებული უძრავი ქონების (გარდა მიწისა) გადასახადით დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა 2026 წლის 12 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილია შპს „----“ (ს/ნ ----) მიერ შპს „-----“-ის ბიზნესის ღირებულების შეფასების ანგარიში 2024 წლის 13 აგვისტოს მდგომარეობით, სადაც უძრავი ქონება, კერძოდ, შენობა-ნაგებობები (საკადასტრო კოდები №----- და №----), შეფასებულია 1 249 243 აშშ დოლარად დღგ-ის გარეშე, აღნიშნული ღირებულება დღგის ჩათვლით შეადგენს 1 474 107 აშშ დოლარს. საგადასახადო ორგანოს მიერ შესწავლილ იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს აღნიშნული შენობა-ნაგებობის ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა 2023 წელს დეკლარირებული აქვს 698 631 ლარი, ხოლო 2024 წელს - 663 230
ლარი. საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის, 202-ე მუხლის 41 ნაწილის და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლის საფუძველზე, დაკორექტირდა (გაიზარდა) ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა და მომჩივანს სხვაობაზე დაერიცხა ქონების გადასახადი.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 16 მარტის №5724 ბრძანება და №---- საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 67 401.23 ლარი (გადასახდელის გადახდის სავადო თარიღი 15.04.2026 წელი).
აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2026 წლის 18 აპრილს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2026 წლის 13 მაისის №10545 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც 1.06.2026 წელს გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 12.06.2026 წლის №27467/2/2026 (რეგ. 18.06.2026 წელი, №-----) გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 13 მაისის №10545 ბრძანება და საჩივარი დაუბრუნდა ამავე სამსახურს ხელახლა განსახილველად (გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა დაბრუნებული საჩივარი და 2026 წლის 15 ივლისის №16198 ბრძანებით არ დააკმაყოფილა იგი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 306-ე, 201-ე, 202-ე, 205-ე მუხლებზე, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლზე, დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა საბაზრო ფასით და აღნიშნულის შესაბამისად ქონების გადასახადის დარიცხვა მართლზომიერია.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის დამატებით შესწავლა/გამოკვლევის შედეგად არ გამოვლინდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, წარდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებით საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს. სამწუხაროდ, შემოსავლების სამსახურმა კვლავ არ დააკმაყოფილა საწარმოს საჩივარი ყოველგვარი დამატებითი წერილობითი არგუმენტის გარეშე. ამასთან, შემოსავლების სამსახურში ზეპირსიტყვიერად განუმარტეს, რომ რადგან კანონმდებლობაში არ არის მითითებული ქონების დასაბეგრი ბაზის განსაზღვრისას საბაზრო ფასი აღებულ უნდა იქნას დღგ-ის ჩათვლით, თუ დღგის გარეშე, მოქმედი პრაქტიკის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო ქონების დასაბეგრი ბაზის განსაზღვრისას ხელმძღვანელობს საბაზრო ფასით დღგ-ის ჩათვლით.
საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო შემოწმებების დროს გამოყენებული დღეს მოქმედი პრაქტიკის მიუხედავად, მიაჩნია, რომ აღნიშნული მოქმედი პრაქტიკის გამოყენება ყველა გარემოებაში არასამართლიანია. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც თავად საგადასახადო ორგანო არ აყენებს ეჭვქვეშ. კერძოდ: 1) ქონების გადასახადის გადამხდელი საწარმო არის დღგ-ის გადამხდელი; 2) ქონება, რომელზეც დღგ-ის გადამხდელი საწარმო იხდის ქონების გადასახადს, გამოყენებულია დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებში. საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის შესაბამისად, დასაბეგრი ქონების ღირებულების განსაზღვრა საბაზრო ფასით ემსახურება არა საწარმოს დასჯას (რაზეც მეტყველებს ის გარემოებაც, რომ აფასების მიუხედავად არ გამოიყენება სანქციები), არამედ სხვა ანალოგიურ საწარმოებთან მიმართებაში საწარმოს ჩაყენებას სამართლიან (თანაბარ) დაბეგვრის რეჟიმში. საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების მიხედვით. ამასთანავე, აქტივის ღირებულება, საგადასახადო კოდექსის 148-ე მუხლის შესაბამისად, მოიცავს აქტივის შესყიდვის, წარმოების, მშენებლობისა და სხვა ხარჯებს, რომლებიც ზრდის მის ღირებულებას. ამავე დროს, დღგ-ის ეკონომიკური შინაარსიდან გამომდინარე, იგი წარმოადგენს საბოლოო მომხმარებლის გადასახადს, ხოლო დღგ-ის გადამხდელი ბიზნესი, რომელიც ძირითად საშუალებას იყენებს დასაბეგრი ოპერაციების განხორციელებისთვის, უფლებამოსილია ჩაითვალოს აღნიშნულ აქტივთან დაკავშირებული დღგ. ამ პირობებში, აქტივის საბაზრო ფასის განსაზღვრა დღგ-ის ჩათვლით ქონების გადასახადის მიზნებისთვის იწვევს არათანაბარ მდგომარეობას სხვადასხვა გადასახადის გადამხდელს შორის. კერძოდ, თუ საგადასახადო ორგანო ქონების გადასახადის დარიცხვის ბაზად იყენებს აქტივის საბაზრო ფასს დღგ-ის ჩათვლით, მაშინ: იმავე აქტივის სხვა დღგ-ის გადამხდელ კომპანიაზე (თუნდაც ურთიერთდამოკიდებულ პირზე) საბაზრო ფასით რეალიზაციის შემთხვევაში, მყიდველ კომპანიას ექნება უფლება ჩაითვალოს აღნიშნული დღგ; - შესაბამისად, იგი აქტივს ბალანსზე აღრიცხავს ნასყიდობის ფასით დღგ-ის გარეშე; - შედეგად, ქონების გადასახადის გამოანგარიშება მოხდება აქტივის საბალანსო ღირებულებიდან (დღგ-ის გარეშე). ანალოგიური შედეგი მიიღება იმ შემთხვევაშიც, თუ კომპანია დააფუძნებს შვილობილ კომპანიას, რომელიც იქნება დღგ-ის გადამხდელი და აღნიშნულ აქტივს შეიტანს მის კაპიტალში. საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, აქტივის კაპიტალში შეტანა საქონლის მიწოდებად არ განიხილება, ხოლო მიმღები პირი ითვლება მიმწოდებლის უფლებამონაცვლედ. ასეთ შემთხვევაში შვილობილი კომპანია აქტივს ბალანსზე აღრიცხავს შესაბამისი საბალანსო ღირებულებით (საბაზრო ფასით დღგ-ის გარეშე) და ქონების გადასახადს გადაიხდის საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. ამგვარად, პრაქტიკაში იქმნება სიტუაცია, როდესაც: ერთ შემთხვევაში ქონების გადასახადი დარიცხულია აქტივის დღგ-ის ჩათვლით საბაზრო ფასიდან, ხოლო სხვა შემთხვევაში იგივე აქტივზე ქონების გადასახადი გამოითვლება დღგ-ის გარეშე საბალანსო ღირებულებიდან. აღნიშნული მიდგომა, მომჩივნის შეფასებით, არ შეესაბამება საქართველოს საგადასახადო სისტემის ერთ-ერთ ძირითად პრინციპს – გადასახადის გადამხდელთა თანასწორობას საგადასახადო დაბეგვრის მიზნებისთვის. საგადასახადო ორგანოს მოქმედი პრაქტიკა არ უნდა უბიძგებდეს გადასახადის გადამხდელს, რათა სხვა ანალოგიურ საწარმოებთან სამართლიან (თანაბარ) დაბეგვრის რეჟიმში ჩასადგომად განახორციელოს დამატებითი ტრანზაქცია, მაგალითად, საბაზრო ფასად შეფასებული აქტივის გასხვისება საბაზრო ფასად (იმავე შეფასების დოკუმენტის შესაბამისად) ურთიერთდამოკიდებულ პირზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქონების გადასახადის მიზნებისთვის აქტივის საბაზრო ღირებულების განსაზღვრისას დღგ არ უნდა ჩაითვალოს დასაბეგრი ქონების ღირებულებაში იმ შემთხვევაში, როდესაც გადასახადის გადამხდელი არის დღგ-ის გადამხდელი და საბაზრო ღირებულებით შეფასებულ აქტივს იყენებდა და იყენებს დღგ-ით დასაბეგრ ეკონომიკურ საქმიანობაში. ითხოვს მოხდეს დამატებით დარიცხული ქონების გადასახადის შესაბამისად გადაანგარიშება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.
საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით).
ამავე მუხლის 41 ნაწილის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით. აღნიშნული ნორმა არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას:
ა) პირს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხება ქონების გადასახადის ძირითადი თანხა. ამასთანავე, აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან, ხოლო აღნიშნული სხვაობა გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება;
ბ) პირი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში.
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლის თანახმად:
1. წინამდებარე თავით რეგულირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის საფუძველზე საგადასახადო შემოწმებისას გადასახადის გადამხდელის დასაბეგრი ქონების ღირებულების საბაზრო ფასით განსაზღვრის წესი (ამ თავის მიზნებისათვის, შემდგომში - წესი).
2. ეს წესი განსაზღვრავს შემთხვევებს, როდესაც საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, საგადასახადო შემოწმებისას გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით.
3. ამ თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც საგადასახადო ორგანოს წარმოეშვა უფლებამოსილება გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით, საგადასახადო შემოწმებისას საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საბაზრო ფასით, თუ:
ა) დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას;
ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ – „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასების შედეგად გამოანგარიშებული დასაბეგრი ქონების ღირებულება აღემატება ამ ქონების საბაზრო ფასს.
საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საწარმო/ორგანიზაცია ქონების გადასახადის დეკლარაციას შესაბამის საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 აპრილისა და ამავე ვადაში იხდის ქონების გადასახადს, გარდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საწარმო/ორგანიზაცია ქონებაზე გადასახადს იხდის მიმდინარე გადასახდელის სახით, გასული საგადასახადო წლის წლიური გადასახადის ოდენობით, არა უგვიანეს საგადასახადო წლის 15 ივნისისა.
სადავო საკითხზე წარმოდგენილია აუდიტის დეპარტამენტის 3.09.2026 წლის №------ წერილი, სადაც მითითებულია, რომ 2026 წლის 23 თებერვლის №4075 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2023 და 2024 წლების საანგარიშო პერიოდებში №----- და №----- საკადასტრო კოდებზე რეგისტრირებული უძრავი ქონების (გარდა მიწისა) გადასახადით დაბეგვრის სისწორესთან დაკავშირებით. საგადასახადო ორგანოსთვის წარდგენილია შპს „-----“ ( ს/ნ -----) მიერ შპს „-----“-ის ბიზნესის ღირებულების შეფასების ანგარიში 2024 წლის 13 აგვისტოს მდგომარეობით, სადაც უძრავი ქონება, კერძოდ, შენობა-ნაგებობები (საკადასტრო კოდები №------ და №------) შეფასებულია 1 249 243 აშშ დოლარად დღგ-ის გარეშე, აღნიშნული ღირებულება დღგ-ის ჩათვლით შეადგენს 1 474 107 აშშ დოლარს. საგადასახადო ორგანოს მიერ შესწავლილ იქნა გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემები, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს აღნიშნული შენობა-ნაგებობების ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა 2023 წელს დეკლარირებული აქვს 698 631 ლარი, ხოლო 2024 წელს - 663 230 ლარი. საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის, ფინანსთა მინისტრის გადასახადების ადმინისტრირების შესახებ №996 ბრძანების 921 მუხლის და საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის მიხედვით, საწარმოს ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა შემოწმებით დაკორექტირდა/გაიზარდა და სხვაობაზე დაერიცხა ქონების გადასახადი.
მომჩივანი აღნიშნავს, რომ ქონების გადასახადის მიზნებისთვის აქტივის საბაზრო ღირებულების განსაზღვრისას დღგ არ უნდა ჩაითვალოს დასაბეგრი ქონების ღირებულებაში იმ შემთხვევაში, როდესაც გადასახადის გადამხდელი არის დღგ-ის გადამხდელი და საბაზრო ღირებულებით შეფასებულ აქტივს იყენებდა და იყენებს დღგ-ით დასაბეგრ ეკონომიკურ საქმიანობაში.
„დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.“
მომჩივნის არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ არ არის სათანადოდ გამოკვლეული/შეფასებული სადავო საკითხი, რაც საჭიროებს დამატებით შესწავლას. აღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 15 ივლისის №16198 ბრძანება;
3. საჩივარი დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
ქონების გადასახადის დარიცხვის მართლზომიერება.
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის მიერ დაინიშნა კომპანიის კამერალური საგადასახადო შემოწმება უძრავი ქონების გადასახადით დაბეგვრის სისწორესთან დაკავშირებით. საგადასახადო ორგანოს წარედგინა ბიზნესის ღირებულების შეფასების ანგარიში, რომლის მიხედვითაც შესაბამისი შენობა-ნაგებობების საბაზრო ღირებულება დღგ-ის ჩათვლით მნიშვნელოვნად აღემატებოდა გადამხდელის მიერ დეკლარირებულ დასაბეგრ ბაზას. ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებთან შედარებით, საწარმოს ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა შემოწმებით გაიზარდა და გამოვლენილ სხვაობაზე დაერიცხა ქონების გადასახადი.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
საბჭოს მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;201;202;