ბრძანება N 16455
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 16455
20 ივლისი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს „---ის“ (ს/ნ ---)
(მის.: ---) 2026 წლის 22 აპრილის
საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 9 ივლისის სხდომაზე (ოქმი №60) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 30 ივნისის №27404/2/2026 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „---ს“ (ს/ნ ---) 2026 წლის 22 აპრილის №101927/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 21 აპრილის №065-9 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ კომპანიის საწესდებო კაპიტალის საწყისი ნაშთის დივიდენდის სახით განაცემად განხილვას და მოგებისა და საშემოსავლო გადასახადების დარიცხვას. აცხადებს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა სრულყოფილი ინფორმაცია არაშესამოწმებელ პერიოდთან დაკავშირებით, კერძოდ, 2018-2021 წლების საბანკო ამონაწერები, ასევე, ამავე პერიოდის ბრუნვითი უწყისები, შემოსავალ-გასავლის ორდერები, საბუღალტრო პროგრამა. განმარტავს, რომ გადაანგარიშებისას შემმოწმებელს უნდა გადაემოწმებინა წარდგენილი დოკუმენტაცია და დაედგინა კომპანიის მიერ გასაწევი ხარჯის დასაფინანსებლად საჭირო იყო თუ არა დამფუძნებლის შენატანი. აცხადებს, რომ წინა საგადასახადო შემოწმების პერიოდში გადამხდელს 2018-2021 წლების საანგარიშო პერიოდებში კაპიტალთან დაკავშირებული ოპერაციები საბუღალტრო პროგრამაში ასახული ჰქონდა ვალდებულების ანგარიშზე და არა კაპიტალის ანგარიშზე. მიაჩნია, რომ ერთი ვალდებულების მეორე ვალდებულებით ჩანაცვლებით კომპანიის ვალდებულება დამფუძნებლის მიმართ არ იცვლება. განმარტავს, რომ ახალი საკანონმდებლო რეგულაციების შესაბამისად, კომპანიაში განთავსებული კაპიტალის არსებობა სავალდებულო არ არის, ასეთ შემთხვევაში ითვლება, რომ საწარმოში შეტანილი ფულადი სახსრები წარმოადგენს პარტნიორების წინაშე საწარმოს ვალდებულებას, რომელთა ფინანსური აღრიცხვა შესაძლებელია განხორციელდეს როგორც საკუთარი კაპიტალის ანგარიშზე, ასევე ვალდებულების ანგარიშზე. მიუთითებს, რომ საჩივარზე თანდართული მტკიცებულებების მიხედვით შემოწმების დასაწყისისთვის კომპანიის ვალდებულება დამფუძნებლის წინაშე შეადგენს 171 697 ლარს. ამასთან, დამფუძნებელს თანხა შეაქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საქონელი/მომსახურება არის შესაძენი და წარმოქმნილი ვალდებულებები გასასტუმრებელი. აცხადებს, რომ საბუღალტრო რეგისტრებში დამფუძნებლის მიერ შეტანილი თანხები კაპიტალის ნაწილში აისახება თუ ვალდებულების ნაწილში არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მთავარია დამფუძნებელმა გაიტანა მის მიერ შეტანილი თანხა, რომელიც ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დაკვალიფიცირდება დივიდენდის სახით განაცემად.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრული სალაროს ნაშთის ოდენობას. განმარტავს, რომ სალაროს ნაშთის გაანგარიშებისას აუდიტორს დაშვებული აქვს მექანიკური შეცდომა, კერძოდ, შემმოწმებლის გაანგარიშების მიხედვით კრედიტორული დავალიანება, 2025 წლის პირველი ივნისის მდგომარეობით, შეადგენს 47 431 ლარს, ხოლო გადამხდელის საბუღალტრო მონაცემების მიხედვით 35 000 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელის გაანგარიშების მიხედვით, სალაროში თანხის სხვაობა შეადგენს მხოლოდ 285 ლარს, ნაცვლად 12 715 ლარისა. განმარტავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინა შემმოწმებლის გაანგარიშების ცხრილი, ასევე, გადამხდელის მიერ გაკეთებული გაანგარიშება, სადაც მიუთითა შესაბამის შეცდომაზე, თუმცა შემმოწმებელმა შეცდომა არ გამოასწორა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 15 ოქტომბრის №21897 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივარი. კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
„1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;
ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, დავის განხილვის პროცესში წარდგენილი) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 15 ოქტომბრის №21897 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2026 წლის 17 აპრილის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დარიცხული თანხები, ჯამში 2 462 ლარით, მათ შორის, გადასახადი 1 636 ლარის ოდენობით და ჯარიმა 826 ლარის ოდენობით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 21 აპრილის №065-9 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
ზემოაღნიშნული კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2026 წლის 13 მაისის №10544 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2026 წლის 30 ივნისის №27404/2/2026 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 13 მაისის №10544 ბრძანება და საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 30 ივნისის №27404/2/2026 გადაწყვეტილებაში მითითებულია: „საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 დეკემბრის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტებზე, რომლითაც სადავოდ ხდის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 17 აპრილის დასკვნაში დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებებს. შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნის დასახელებული არგუმენტების სათანადო შესწავლა/გამოკვლევა არ მომხდარა, ამრიგად, შემოსავლების სამსახურს არ უმსჯელია მომჩივნის მიერ წარმოდგენილ არგუმენტებზე, რომლის თანახმად, სადავოდ ხდის ფაქტობრივ გარემოებებს, შესაბამისად, დასკვნის შედეგებს და მოითხოვს გადაანგარიშება მოხდეს რეალური გაანგარიშების საფუძველზე.
საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საბჭო განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დარიცხვა ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.
საბჭო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხებთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა, შესაბამისად, მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ სათანადოდ არ არის გამოკვლეული სადავო საკითხები, რის გამოც საჩივარი, მომჩივნის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს“.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
შემოწმებამ შეისწავლა კომპანიის საწესდებო კაპიტალის საწყისი ნაშთის დივიდენდის სახით განაცემად განხილვასთან დაკავშირებით გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, დავის განხილვის პროცესში წარდგენილი), კერძოდ, წარმოდგენილი მტკიცებულებების განხილვა განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებთან მიმართებაში (მათ შორის, გადამხდელის მოთხოვნის შესაბამისად 2018-2021 საანგარიშო წლების მიხედვით) და დადგინდა, რომ საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების (შემცირების) საფუძვლები არ არსებობს.
შემოწმების მიერ განხორციელდა საჩივარზე თანდართული ინფორმაცია/დოკუმენტაციის, მათ შორის, ი/მ ----თან გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულებებისა და მიღება-ჩაბარების აქტების ანალიზი შესრულებულ სამუშაოზე. აღსანიშნავია, რომ შემოწმების მიმდინარეობისას მოცემული დოკუმენტაცია წარმოდგენილი არ ყოფილა. ამასთან, გარკვეულ შემთხვევებში თანხის გადახდა საბუღალტრო პროგრამაში ასახულია, როგორც სახელფასო განაცემი. შედეგად, საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).
შემოწმებამ შეისწავლა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, დავის განხილვის პროცესში წარდგენილი) და დადგინდა, რომ სალაროს ნაშთთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების (შემცირების) სათანადო საფუძვლები არ არსებობს.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.
სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შემოწმებამ შეისწავლა სადავო საკითხებთან დაკავშირებით გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, დავის განხილვის პროცესში წარდგენილი) შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებთან მიმართებაში (მათ შორის, გადამხდელის მოთხოვნის შესაბამისად 2018-2021 საანგარიშო წლების მიხედვით) და დადგინდა, რომ საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების (შემცირების) საფუძვლები არ არსებობს. ამასთან, საჩივარზე თანდართული ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად შემცირებას დაექვემდებარა ინდივიდუალურ მეწარმეებზე გადახდილი თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადის თანხა. გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარმოდგენილ არგუმენტებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელის მიერ წარმოებული ბუღალტრული აღრიცხვა გარკვეულ შემთხვევებში ნაწარმოები იყო ხარვეზებით, რაც შემოწმების მიმდინარეობისას განხილულ იქნა საწარმოს ბუღალტერთან, კერძოდ, რიგ შემთხვევებში პროგრამულად საწარმოს მიერ გადახდილია სახელფასო განაცემები შესაბამისი გადასახადებით, რაც წარმოდგენილ დეკლარაციებსა და დარიცხულ გადასახადებს არ შეესაბამება.
ასევე, შპს „---ის“ დირექტორს წარმოადგენს ფ/პ ---, ხოლო დამფუძნებელია ფ/პ ---. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემისა და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ კომპანიის საქმიანობას წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვის გზით გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისათვის გაწეული მომსახურება, კერძოდ, სპორტული მოედნებისა და გასახდელების რეაბილიტაცია/მშენებლობა. კამერალური საგადასახადო შემოწმების ბრძანებით განსაზღვრულ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს შესრულებულ სამუშაოებზე გამოწერილი აქვს, როგორც საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები და სასაქონლო ზედნადებები, ასევე მიღება-ჩაბარების აქტები, ხოლო დამკვეთებს წარმოადგენენ ადგილობრივი მუნიციპალიტეტები. სამუშაოების შესრულება ხორციელდება, როგორც თვითონ კომპანიის მიერ, ასევე ქვეკონტრაქტორების მეშვეობით. ერთ-ერთ ქვეკონტრაქტორს წარმოადგენს შპს „---“. აღნიშნული კომპანია არის გადამხდელის ურთიერთდამოკიდებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით. შპს „---ს“ დირექტორს და დამფუძნებელს წარმოადგენს ---. შპს „---ის“ მიერ 2022 წლის ივნისის თვის საანგარიშო პერიოდზე შპს „----ზე“ გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით შესრულებული სამუშაოს ღირებულება შეადგენს 157 896 ლარს (აღნიშნული სამუშაოების გაშიფვრა შემოწმების მოთხოვნის მიუხედავად არ წარმოდგენილა). აღნიშნული ოპერაციის ღირებულება შპს „----დან“ განხორციელებულია ნაღდი ანგარიშსწორებით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემებით, შპს „---ს“ სამუშაოების მომსახურების გაწევა გარდა შპს „---სა“ არ უფიქსირდება. ამასთან, შპს „---ის“ მიერ 2022 წლიდან ხელფასის ან/და დივიდენდის სახით განაცემი არ აქვს.
ზემოაღნიშნულ კომპანიას დღევანდელი მდგომარეობით ბიუჯეტისადმი ერიცხება დავალიანება, კერძოდ, ძირითადი გადასახადი 36 311 ლარი, საურავი 19 933 ლარი. 2022 წლის პირველი იანვრიდან ბიუჯეტში გადახდილი თანხა არ ფიქსირდება. გარდა ზემოაღნიშნულისა, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 28 მაისის №16581 ბრძანების საფუძველზე დანიშნული იყო შპს „---ის“ საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. აღნიშნული ბრძანება ძალადაკარგულად გამოცხადდა 2021 წლის 3 დეკემბრის №37513 ბრძანებით. აღნიშნული შემოწმების მასალებში დაფიქსირებულია, რომ სამუშაოების შესრულება ხორციელდებოდა ძირითადად ქვეკონტრაქტორის შპს „---“-ის მეშვეობით. ეს საწარმო წარმოადგენდა ასევე ურთიერთდამოკიდებულ პირს, კერძოდ, შპს „---“-ის დამფუძნებელი დირექტორი არის შპს „---ს“ დირექტორი ფ/პ ---.
ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, შპს „---“ 2021 წლის დეკემბრის შემდეგ აღარ ფუნქციონირებს. ზემოაღნიშნულ კომპანიას დღევანდელი მდგომარეობით ბიუჯეტისადმი ერიცხება დავალიანება ძირითადი გადასახადი 62 092 ლარი, საურავი 28 445 ლარი. ამასთან, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარზე დანართის სახით წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საკითხის ზეპირ განხილვაზე აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის მიხედვით, აღნიშნული დოკუმენტები გადამხდელს გადაანგარიშების პროცესშიც ჰქონდა წარდგენილი, რომელიც შემოწმების მიერ შესწავლილ იქნა და დადგინდა, რომ მოცემული დოკუმენტები არ იწვევს შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირებას.
შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, სადავო საკითხების დამატებით შესწავლა/გამოკვლევის შედეგად არ გამოვლინდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგად განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „---ის“ (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ კომპანიის საწესდებო კაპიტალის საწყისი ნაშთის დივიდენდის სახით განაცემად განხილვას და მოგებისა და საშემოსავლო გადასახადების დარიცხვას.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმების მიერ განსაზღვრული სალაროს ნაშთის ოდენობას.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმებამ შეისწავლა კომპანიის საწესდებო კაპიტალის საწყისი ნაშთის დივიდენდის სახით განაცემად განხილვასთან დაკავშირებით გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, დავის განხილვის პროცესში წარდგენილი), კერძოდ, წარმოდგენილი მტკიცებულებების განხილვა განხორციელდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებთან მიმართებაში (მათ შორის, გადამხდელის მოთხოვნის შესაბამისად 2018-2021 საანგარიშო წლების მიხედვით) და დადგინდა, რომ საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების (შემცირების) საფუძვლები არ არსებობს.
შემოწმების მიერ განხორციელდა საჩივარზე თანდართული ინფორმაცია/დოკუმენტაციის, მათ შორის, გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულებებისა და მიღება-ჩაბარების აქტების ანალიზი შესრულებულ სამუშაოზე. აღსანიშნავია, რომ შემოწმების მიმდინარეობისას მოცემული დოკუმენტაცია წარმოდგენილი არ ყოფილა. ამასთან, გარკვეულ შემთხვევებში თანხის გადახდა საბუღალტრო პროგრამაში ასახულია, როგორც სახელფასო განაცემი. შედეგად, საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები დაექვემდებარა კორექტირებას (შემცირებას).
შემოწმებამ შეისწავლა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, დავის განხილვის პროცესში წარდგენილი) და დადგინდა, რომ სალაროს ნაშთთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების (შემცირების) სათანადო საფუძვლები არ არსებობს.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 21.