გადაწყვეტილება №20530/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№20530/2/2023
22 იანვარი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 7.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ის 10.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20530/2/2023)
დავის საგანი:
1. შესამოწმებელ პერიოდში ავანსის სახით მიღებული თანხების და ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში მიწოდებული უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავლის დაბეგვრა დღგ-ით;
2. შემოწმებით გარიგების ფასებსა და დეკლარირებულ ფასებს შორის სხვაობის და სალაროში ნაღდი ფულის ფაქტობრივი ნაშთის საბუღალტრო აღრიცხვაში დაფიქსირებულ ნაშთთან შედარებისას გამოვლენილი სხვაობის საწარმოს დირექტორზე (ანგარიშვალდებულ პირზე) ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად დაკვალიფიცირება;
3. დამფუძნებელი ფიზიკური პირების საკუთრებაში გადაცემული ფართების გარიგების ფასსა და საბაზრო ფასს შორის სხვაობის თანხის მოგების განაწილებად განხილვა და ფიზიკურ პირზე უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემული ფართის (სახურავის) მოგების გადასახადით დაბეგვრა;
4. არაგონივრული ნაშთის საწარმოს უფლებამოსილ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა და სესხად მიჩნეული თანხის მიხედვით გაანგარიშებული სარგებლის ხელფასის სახით განაცემად კვალიფიკაცია.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის №021-134 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 24.07.2023 წლის №17862 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 687 606 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 362 253
დღგ - 166 781
მიწა-არასასოფლო - 448
მოგების გადასახადი - 18 076
საშემოსავლო გადასახადი - 176 948 22
ჯარიმა - 193 573 საურავი - 131 780
პროცედურული გარემოებები
კომპანიის საქმიანობაა კორპუსების მშენებლობა და აშენებული საცხოვრებელი და კომერციული ფართების რეალიზაცია „შავი კარკასის“ მდგომარეობით. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა კომპანიის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.07.2022 წლამდე პერიოდის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 16.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის №32616 ბრძანება და ამავე თარიღის №021-134 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული აქტები 2023 წლის 18 იანვარს და 23 მაისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 24.07.2023 წლის №17862 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. შესამოწმებელ პერიოდში ავანსის სახით მიღებული თანხების და ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში მიწოდებული უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავლის დაბეგვრა დღგ-ით
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა შეადგენს 1 968 695 ლარს, ხოლო შემოწმებით დადგინდა 2 833 112 ლარი.
გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ სააღრიცხვო ინფორმაცია/დოკუმენტაციაზე დაყრდნობით დგინდება, რომ 2019-2022 წლების საანგარიშო პერიოდში საწარმო ახდენდა მის საკუთრებაში არსებული ფართების გასხვისებას, ნასყიდობის ხელშეკრულებების ფარგლებში, რაც არ არის დაბეგრილი სრულად. სულ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიწოდებული აქვს 25 ერთეული ბინა, 1 ერთეული კომერციული ფართი და 4 ავტოსადგომი.
საცხოვრებელი ბინების სარეალიზაციო ფასები მერყეობს 322 აშშ დოლარიდან 788 აშშ დოლარამდე. შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს კომპანიის ბალანსზე ირიცხება ავტოსადგომების და კომერციული ფართის ნაწილი. 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის და 2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე, 163-ე მუხლების მოთხოვნების შესაბამისად, შესამოწმებელ პერიოდში ავანსის სახით მიღებული თანხები, ასევე, ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში მიწოდებული უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავალი ჩაირთო დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრ ბრუნვაში. შედეგად, 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ბრუნვა გაიზარდა 864 417 ლარით. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, ამასთან, გადასახადის გადამხდელი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურში წარდგენილი საჩივრის განხილვისას შემმოწმებელს არაერთხელ ეთხოვა ინფორმაციის მოწოდება (იხ. წარდგენილი განცხადებები) თუ რა პარამეტრებზე დაყრდნობით მოახდინა მან ბრუნვის გაზრდა და როგორ მოხდა თითოეული რეალიზებული ფართის ღირებულების განსაზღვრა, მაგრამ მიუხედავად აღნიშნულისა პასუხი წარდგენილ განცხადებზე დღემდე არ მიუღია, ასევე არ მიუღია შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს მიერ წარდგენილი საჩივრის განხილვის სხდომის ოქმის ასლი. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ რეალიზებულია 25 ერთეული ბინა 5 ავტოსადგომთან ერთად და 1 ერთეული კომერციული ფართი.
აღნიშნული ბინებისა და სხვა დანიშნულების ფართების რეალიზაცია, არ მომხდარა მხოლოდ შესამოწმებელ პერიოდში, შესამოწმებელ პერიოდამდე ბინების გარკვეულ ნაწილზე გაფორმებულია წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები და გარკვეული თანხები, ფართების ღირებულების ნაწილი, მიღებულია საანგარიშო პერიოდამდე და იგი დეკლარირებული და დაბეგრილია შესაბამისი გადასახადით, მითითებული ფაქტობრივი გარემოება შემმოწმებლის მიერ არც შემოწმების პროცესში იქნა გათვალისწინებული და არც საჩივრის განხილვისას, სწორედ ამ გარემოებიდან გამომდინარე ითხოვდა ინფორმაციას შემოსავლების სამსახურიდან, რომ მიეთითებინა საგადასახადო შემოწმების აქტში არსებულ კონკრეტულ უზუსტობებზე. გარდა აღნიშნულისა, ბინების რეალიზაციისას საბოლოო ანგარიშსწორებამდე მოხდა რამდენიმე წინარე ხელშეკრულების ცვლილება სხვადასხვა ეკონომიკური ფაქტორების გამო, არც ეს გარემოება იქნა გათვალისწინებული შემმოწმებლის მიერ.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე-8 ნაწილის მიხედვით:
1. დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც:
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;
ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
8. უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:
ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;
ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილების და მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით: 1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.
საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საბჭოს სხდომაზე საჩივრის ზეპირი განხილვისას მომჩივნის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის შემოსავალი დღგ-ის ჩათვლით იყო დაახლოებით 1 მლნ. აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, გადახდილი დღგ შეადგენდა 130 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში. ბინების (1 კვ.მ.-ის) გასაყიდი ფასი მერყეობდა 450-500 აშშ დოლარის ფარგლებში. შესამოწმებელ პერიოდამდე ბინების გარკვეულ ნაწილზე გაფორმებულია წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებები და გარკვეული თანხები, ფართების ღირებულების ნაწილი, მიღებულია საანგარიშო პერიოდამდე და იგი დეკლარირებული და დაბეგრილია შესაბამისი გადასახადით. გარდა აღნიშნულისა ბინების რეალიზაციისას საბოლოო ანგარიშსწორებამდე განხორციელდა რამდენიმე წინარე ხელშეკრულების ცვლილება სხვადასხვა ფაქტორების გამო, რაც არ იქნა გათვალისწინებული შემმოწმებლის მიერ.
კერძოდ, I. ერთ შემთხვევაში (---) კომპანიამ განახორციელა ბინის გასხვისება საბანკო კრედიტით. ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების მომენტამდე კომპანიის საბანკო ანგარიშზე მყიდველის მიერ ჩაირიცხა თანხა და მოხდა ბანკის მიერ ამ თანხის ბლოკირება. მას შემდეგ რაც დასრულდა კორპუსის მშენებლობა და ექსპლუატაციაში მიღების პროცედურები, აღნიშნულ ჩარიცხულ თანხას მოეხსნა ბლოკი და კომპანიამ მიიღო ეს თანხა (შემოსავალი). ამ შემთხვევაში საგადასახადო ორგანომ დააჯამა ბლოკირებული და ბლოკის მოხსნის შემდგომ მიღებული (იგივე) თანხა და დაბეგრა.
II. ასევე, არის ასეთი შემთხვევა, რომ ბინის გასხვისება ხდება წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებით (რომელიც წარმოადგენდა ვალდებულების რეგისტრაციის ხელშეკრულებას) და მას შემდეგ, რაც სრულდებოდა კორპუსის მშენებლობა, განშლის შესაბამისად ფორმდებოდა საბოლოო ნასყიდობის ხელშეკრულება. მომჩივანმა განიხილა შემდეგი შემთხვევები:
ა) წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა ბინაზე და პარკინგზე, შემდგომ არ მოხდა მყიდველის მიერ პარკინგის შეძენა და ეს თანხა არ გადაუხადა კომპანიას, რაზეც უარყოფის შესახებ ხელშეკრულება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში და ეს თანხა, რომელიც არ მიუღია კომპანიას დაბეგრილია;
ბ) წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით ორი ბინა გაიყიდა ერთ მყიდველზე, რომელმაც კორპუსის მშენებლობის პროცესში ერთი ბინა გაასხვისა სხვა პირზე, კომპანიის მიერ საბოლოო ნასყიდობის ხელშეკრულება შედგენილია და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ორივე მყიდველზე ცალ-ცალკე. თუმცა თანხა კომპანიას მეორე პირისგან არ მიუღია (მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო ნასყიდობის ხელშეკრულებაში ჩაიწერა მყიდველი მეორე პირი და გარიგების ფასი) და კომპანიას დაბეგრილი ჰქონდა პირველი მყიდველისგან მიღებული თანხები, ხოლო ის სხვაობის თანხა რაც ბინის გასხვისების დროს გამოვლინდა კომპანიას არ მიუღია. აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა მომჩივნის არგუმენტზე განმარტა, რომ შემოწმების შედეგად წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით დაბეგრილია მიღებული ავანსები, ხოლო საბოლოო ხელშეკრულების მიხედვით დაბეგრილია სხვაობა დარჩენილ და გადახდილ თანხას შორის. ამდენად, მომჩივნის არგუმენტი აღნიშნული თანხების ჯამის დაბეგვრაზე უსაფუძვლოა. ამასთან, დასაბეგრ ბრუნვაში ჩასართავი თანხები დათვლილია საკადასტრო კოდების მიხედვით ანუ ბინის გასხვისებამდე და გასხვისების შემდგომ გადახდილი ავანსები დაუკავშირდებოდა საბოლოო მყიდველს და არ მოხდებოდა თანხის ორმაგად დაბეგვრა. ზემოთ აღნიშნული გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივანს უნდა მიეცეს შესაძლებლობა აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტების დამადასტურებელი დოკუმენტები/მტკიცებულებები, ხოლო, აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტების/მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
2. შემოწმებით გარიგების ფასებსა და დეკლარირებულ ფასებს შორის სხვაობის და სალაროში ნაღდი ფულის ფაქტობრივი ნაშთის საბუღალტრო აღრიცხვაში დაფიქსირებულ ნაშთთან შედარებისას გამოვლენილი სხვაობის საწარმოს დირექტორზე (ანგარიშვალდებულ პირზე) ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად დაკვალიფიცირება ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
ა) გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული ბაზების შესწავლისა და ანალიზის შედეგად დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში ნასყიდობის ხელშეკრულებით დაფიქსირებული გარიგების ფასები განსხვავდება გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებული ფასებისგან.
შემოწმებით გარიგების ფასებსა და დეკლარირებულ ფასებს შორის სხვაობა, რომელიც ბუღალტრულ ჩანაწერებში არ ფიქსირდება, ჩაითვალა მიღებულ საკომპენსაციო თანხად (გადამხდელის მიერ დებიტორული დავალიანების შესახებ წარდგენილი ახსნა-განმარტების გათვალისწინებით) და დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
შემოწმების შედეგად, საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
ბ) საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 8.06.2022 წლის №14317 ბრძანების საფუძველზე, 13.06.2022 წელს განხორციელდა კომპანიის სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც გადასახადის გადამხდელის სალაროში, გამოვლინდა ნაღდი ფულის ნაშთი 0 (ნული) ლარის ოდენობით, რაზედაც შევსებულია სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის შედეგების შესახებ ოქმი. შემოწმების მიერ სალაროში ნაღდი ფულის ფაქტობრივი ნაშთი შედარებულია გადასახადის გადამხდელის მიერ საბუღალტრო აღრიცხვაში დაფიქსირებულ ნაშთთან და გამოვლენილი სხვაობა, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად, განხილულია ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაბეგრილია გადახდის წყაროსთან. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე. ამასთან გადასახადის გადამხდელი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემმოწმებელს საჩივრის განხილვის პროცესში ეცნობა, რომ კომპანიის დირექტორი გარკვეულ თანხებს აღიარებდა მიღებულ სესხად და იგი ექვემდებარება კომპანიისათვის დაბრუნებას. აღნიშნული საკითხი არც შემოწმებისას და არც საჩივრის განხილვისას არ იქნა გათვალისწინებული და აღნიშნული გაანგარიშება არასწორია, კერძოდ დადგენილი სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე/ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და გაიზარდა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით. განმარტავს, რომ საწარმოს დირექტორის და დამფუძნებლების მიერ სისტემატურად ხდებოდა ფულადი სახსრების შეტანა სამეურნეო დანიშნულებით, ამ გარემოებიდან და მოცემულობიდან გამომდინარე შემოწმებით დადგენილ სხვაობას უნდა გამოკლებოდა საწარმოს დამფუძნებლის მიმართ არსებული დავალიანება და ეს თანხა უნდა დაბეგრილიყო აგროსვის შედეგად. გარდა აღნიშნულისა, შემოსავლების სამსახურში საჩივრის განხილვისას წარდგენილია განცხადება და დაზუსტებული საჩივარი, რომ კომპანიის დირექტორი 2020-2022 წლებში მასზე გაცემული თანხების ნაწილს აღიარებს სესხად, რაც ექვემდებარება კომპანიისთვის დაბრუნებას. კერძოდ, თანხის ნაწილი წარმოადგენს სასყიდლიან სესხს, რომელსაც უნდა დაერიცხოს წლიური 20%-იანი სარგებელი. ამდენად, იგი მიჩნეულ უნდა იქნას კომპანიის დირექტორზე გაცემულ სესხად და ფულადი სახსრების დანაკლისი უნდა შემცირდეს აღნიშნული სესხის თანხით. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებით დამტკიცებულია ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითება „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“, რომელიც არეგულირებს საგადასახადო შემოწმებისას საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის სალაროში ნაღდი ფულის ნაშთიდან გონივრული ნაშთის გაანგარიშებას და არაგონივრული ნაშთის დაბეგვრას (მე-10 და მე-11 მუხლები).
აღნიშნულიდან გამომდინარე არსებული მასალებით და არგუმენტაციის გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტმა, სალაროს ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხი უნდა შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით:
4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
მომჩივანი საჩივარში მიუთითებს, რომ კომპანიის დირექტორი 2020-2022 წლებში მასზე გაცემული თანხების ნაწილს აღიარებს სესხად, რაც ექვემდებარება კომპანიისთვის დაბრუნებას. კერძოდ, თანხის ნაწილი წარმოადგენს სასყიდლიან სესხს, რომელსაც უნდა დაერიცხოს წლიური 20%-იანი სარგებელი. ამდენად, იგი მიჩნეულ უნდა იქნას კომპანიის დირექტორზე გაცემულ სესხად და ფულადი სახსრების დანაკლისი უნდა შემცირდეს აღნიშნული სესხის თანხით.
ამდენად, აუდიტის დეპარტამენტმა, სალაროს ნაშთის საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვის საკითხი უნდა შეისწავლოს შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) შესაბამისად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
შემოწმების შედეგად, შესამოწმებელ პერიოდში ნასყიდობის ხელშეკრულებით დაფიქსირებულ გარიგების ფასებსა და დეკლარირებულ ფასებს შორის სხვაობა, რომელიც ბუღალტრულ ჩანაწერებში არ ფიქსირდება, ჩაითვალა მიღებულ საკომპენსაციო თანხად (გადამხდელის მიერ დებიტორული დავალიანების შესახებ წარდგენილი ახსნა-განმარტების გათვალისწინებით) და დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ასევე, სალაროში ნაღდი ფულის ფაქტობრივი ნაშთი შედარებულია გადასახადის გადამხდელის მიერ საბუღალტრო აღრიცხვაში დაფიქსირებულ ნაშთთან და გამოვლენილი სხვაობა განხილულია ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაბეგრილია გადახდის წყაროსთან. ზემოთ აღნიშნული გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ პირველი სადავო საკითხის შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, ამ ნაწილშიც აუდიტის დეპარტამენტმა სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უნდა განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
3. დამფუძნებელი ფიზიკური პირების საკუთრებაში გადაცემული ფართების გარიგების ფასსა და საბაზრო ფასს შორის სხვაობის თანხის მოგების განაწილებად განხილვა და ფიზიკურ პირზე უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემული ფართის (სახურავის) მოგების გადასახადით დაბეგვრა
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების შესწავლისა და ანალიზის შედეგად დგინდება, რომ საწარმოს ურთიერთდამოკიდებულ პირებზე მიწოდებული აქვს საცხოვრებელი ფართები, რომელთა გარიგების ფასი განსხვავდება მისი საბაზრო ფასისგან, კერძოდ: დამფუძნებელ ფიზიკურ პირებს საკუთრებაში გადაეცათ საცხოვრებელი ფართები, რომელთა 1 კვ.მ.-ის ღირებულება შეადგენს 137 და 152 აშშ დოლარს, მაშინ როდესაც იმავე საანგარიშო პერიოდში და იმავე სართულზე სხვა პირზე მიწოდებული საცხოვრებელი ფართის საშუალო ღირებულება შეადგენს 461 აშშ დოლარს. შემმოწმებელი დაეყრდნო საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის დებულებებს და გარიგების ფასსა და საბაზრო ფასს შორის დადგენილი სხვაობა ჩაითვალა განაწილებულ მოგებად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. ამასთან, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება ფიზიკურ პირზე, ფართის (სახურავი) საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა, რომელიც საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის გათვალისწინებით დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას. ზემოაღნიშნული დებულებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, საწარმოს ურთიერთდამოკიდებულ პირებზე მიწოდებული აქვს საცხოვრებელი ფართები, რომელთა გარიგების ფასი განსხვავდება აღნიშნული ფართების საბაზრო ფასისგან. გარდა აღნიშნულისა, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში ფიზიკურ პირზე უსასყიდლოდ აქვს საკუთრებაში გადაცემული ფართი (სახურავი). ამასთან, გადასახადის გადამხდელი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
დამფუძნებელ პირებზე ბინების რეალიზაციისას ერთ კვადრატულ მეტრზე შემმოწმებლის მიერ გავრცელებულია ფასი 461 აშშ დოლარის ოდენობით. შემმოწმებელმა ფასის გავრცელებისას იხელმძღვანელა იგივე სართულზე იგივე პერიოდში რეალიზებული ფასიდან გამომდინარე. უფრო დაბალ ფასად რეალიზაცია განპირობებული იყო გარკვეული პირობით, რისი დასაბუთების საშუალებაც არ მისცემია. რაც შეეხება სახურავის რეალიზაციას იგი განიხილა, როგორც უსასყიდლო მიწოდება და შესაბამისად განხორციელებული ოპერაცია დაიბეგრა მოგების გადასახადით. მიუხედავად, ასევე არაერთი მოთხოვნისა შემმოწმებელმა არ მიაწოდა ინფორმაცია თუ რა ფასად განიხილა 1 კვ.მ. ფართის რეალიზაცია.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის და მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად: 1. ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.
2. განსაკუთრებულ ურთიერთობებს მიეკუთვნება ურთიერთობები, რომელთა დროსაც პირები არიან ერთი საწარმოს დამფუძნებლები (მონაწილეები), თუ მათი ჯამური წილი არანაკლებ 20 პროცენტია.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების და მე-7 ნაწილის თანახმად:
1. რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია:
ბ) გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის;
გ) უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.
7. ამ კოდექსის 981−984 მუხლებით გათვალისწინებული გადახდების/განაცემების არაფულადი ფორმით განხორციელების შემთხვევაში მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი განისაზღვრება მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასით, ხოლო თუ მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასი დამატებული ღირებულების გადასახადს მოიცავს − საბაზრო ფასით, დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე.
საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოგების განაწილებად ითვლება საწარმოს მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირთან (რომელიც მოგების გადასახადით არ იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) განხორციელებული ოპერაცია, თუ მათ შორის დადებული გარიგების ფასი განსხვავდება მისი საბაზრო ფასისაგან და მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს გარიგების შედეგზე. ასეთ შემთხვევაში განაწილებული მოგების ოდენობა შეადგენს გარიგების საბაზრო ფასსა და მიღებულ/მისაღებ შემოსავალს შორის სხვაობას, თუ გარიგების საბაზრო ფასი აღემატება მიღებულ/მისაღებ შემოსავალს.
საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება.
საჩივარში მითითებულია, რომ დამფუძნებელ ფიზიკურ პირებზე ბინების უფრო დაბალ ფასად რეალიზაცია განპირობებულია გარკვეული პირობით, რისი დასაბუთების საშუალებაც არ მისცემია. რაც შეეხება, სახურავის რეალიზაციას შემმოწმებელმა არ მიაწოდა ინფორმაცია თუ რა ფასად განიხილა ერთი კვადრატული მეტრი ფართის რეალიზაცია. შემოწმების აქტში მითითებულია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების შესწავლისა და ანალიზის შედეგად დგინდება, რომ საწარმოს ურთიერთდამოკიდებულ პირებზე მიწოდებული აქვს საცხოვრებელი ფართები, რომელთა გარიგების ფასი განსხვავდება მისი საბაზრო ფასისგან, კერძოდ: იმავე საანგარიშო პერიოდში და იმავე სართულზე სხვა პირზე მიწოდებული საცხოვრებელი ფართის საშუალო ღირებულებისგან. გარიგების ფასსა და საბაზრო ფასს შორის დადგენილი სხვაობა ჩაითვალა განაწილებულ მოგებად და დაიბეგრა მოგების გადასახადით. ამასთან, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში უფიქსირდება ფიზიკურ პირზე, ფართის (სახურავი) საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემა, რაც ასევე დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას. გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ გარემოებებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
4. არაგონივრული ნაშთის საწარმოს უფლებამოსილ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა და სესხად მიჩნეული თანხის მიხედვით გაანგარიშებული სარგებლის ხელფასის სახით განაცემად კვალიფიკაცია
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
საწარმოს ყოველი თვის ბოლოს სალაროში უფიქსირდება ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც იზრდება/მცირდება პერიოდულად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის შეადგენს 5 500 ლარს. შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანების შესაბამისად დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) თანახმად, ყოველთვიური სალაროს ფულადი ნაშთიდან განსაზღვრულია გონივრული ნაშთის ოდენობა (საკასო შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით), ხოლო დარჩენილი ნაღდი ფულის ნაშთის ნაწილი, შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით, დაკვალიფიცირდა არაგონივრულ ნაშთად. შემოწმების შედეგად, არ გამოვლენილა ისეთი გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც დასაბუთებული იქნებოდა სალაროში არაგონივრული ნაშთის შენახვის საჭიროება. გაანგარიშებული არაგონივრული ნაშთის ოდენობა, მისი წარმოშობის კალენდარულ თვეში, ჩაითვალა საწარმოს უფლებამოსილ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად, რომელიც დაიბეგრა მოგების გადასახადით, ხოლო იმ პერიოდებში, სადაც სალაროს ნაშთი მცირდება, დაკვალიფიცირებულია სესხის დაბრუნებად და დარიცხული მოგების გადასახადი დაექვემდებარა ჩათვლას. გაცემული სესხის მიხედვით გაანგარიშებული სარგებლის თანხა, საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაკვალიფიცირდა ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი მოგებისა და საშემოსავლო გადასახადები, ასევე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების აქტში ასახულ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, საწარმოს ყოველი თვის ბოლოს სალაროში უფიქსირდებოდა ნაღდი ფულის ნაშთი, რომელიც იზრდებოდა/მცირდებოდა პერიოდულად და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის შეადგინა 5 500 ლარი. შემოწმების მიერ, შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის 10 №22708 ბრძანების შესაბამისად დამტკიცებული მეთოდური მითითების (დანართი №9) თანახმად, ყოველთვიური სალაროს ფულადი ნაშთიდან განსაზღვრულია გონივრული ნაშთის ოდენობა (საკასო შემოსავლებისა და ხარჯების გათვალისწინებით), ხოლო დარჩენილი ნაღდი ფულის ნაშთის ნაწილი, შესაბამისი საანგარიშო პერიოდების მიხედვით, დაკვალიფიცირდა არაგონივრულ ნაშთად. შემოწმების შედეგად, არ გამოვლენილა ისეთი გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც დასაბუთებული იქნებოდა სალაროში არაგონივრული ნაშთის შენახვის საჭიროება.
სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარდგენილი საჩივრები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების პროცესში კომპანიის დამფუძნებლებზე რეალიზებულ ბინებზე შემმოწმებელმა მოახდინა გაფორმებული სახელშეკრულებო ფასის საბაზრო ფასზე აფასება. მიუხედავად იმისა, რომ დამფუძნებლებმა აღნიშნული ქონება შეიძინეს საბაზრო ფასზე იაფად გარკვეული პირობების სანაცვლოდ, რომლის დასაბუთების საშუალებაც არ მიეცა, კალკულაციით მიიღება შემდეგი შედეგი: კერძოდ ---- 120*461= 55 320 აშშ დოლარი *3.03 =167 619 ლარი და ---- 62*461=28 582*3.03=86 603 ლარი, ჯამი 167 619+86 603=254 222 ლარი, აქედან დადეკლარირებულია და ბრუნვაში ჩართულია 80 000 ლარი, შესაბამისად შესამოწმებელ პერიოდში მიღებული შემოსავალი უნდა გაიზარდოს 174 222 ლარით. (254 222-80 000=174 222)
ზემოთ ჩამოთვლილი მონაცემების საფუძველზე, შესამოწმებელ პერიოდში რეალიზაციიდან მიღებული თანხები (დღგ-ის ჩათვლით) შეადგენს 2 744 153+219 209+174 222=3 137 584 ლარს, საიდანაც შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებულია 2 323 060.38 ლარი და სხვაობა რჩება 814 523.62 ლარი დღგ-ის ჩათვლით და შესაბამისად, მასზე დარიცხული დღგ უნდა შეადგენდეს 124 214.85 ლარს.
თუმცა აქვე აღსანიშნია, რომ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ რამდენიმე მობინადრის შემთხვევაში, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ობიექტური მიზეზების გამო მოხდა საბოლოო გადასახდელი თანხების კორექტირება, თუმცა დაზუსტებული ხელშეკრულებების გაფორმება აღარ მომხდარა, კომპანიამ მიიღო გაცილებით ნაკლები შემოსავალი ვიდრე აუდიტის პროცესში გამოთქმული დაშვებებით არის მოცემული, აღნიშნული დადასტურების და დამატებით დოკუმენტების წარდგენის საშუალება სამწუხაროდ არ მიეცა. გარდა დღგ-ის დარიცხვის კორექტირებისა ითხოვს, რომ შემოწმებით გარიგების ფასებსა და დეკლარირებულ თანხებს შორის სხვაობა დაკვალიფიცირდეს დირექტორის მიერ მიღებულ სესხად, ვინაიდან ეს თანხები კომპანიაში უკან დაბრუნებას ექვემდებარება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 და მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით:
4. თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
9. საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.
საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის და მე-8 ნაწილის შესაბამისად:
3. მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა). ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება საბანკო დაწესებულების, საკრედიტო კავშირის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა და სესხის გამცემი სუბიექტის მიერ განხორციელებულ ოპერაციებზე.
8. თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა. საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის და მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება ქვემოთ მითითებული თანხა, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა. საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
მომჩივანს მიაჩნია, რომ იმის მიუხედავად, რომ დამფუძნებლებმა, გარკვეული პირობების სანაცვლოდ, ქონება შეიძინეს საბაზრო ფასზე იაფად შესამოწმებელ პერიოდში მიღებული შემოსავალი უნდა გაიზარდოს 174 222 ლარით. შესამოწმებელ პერიოდში რეალიზაციიდან მიღებული თანხები (დღგის ჩათვლით) შეადგენს 3 137 584 ლარს, საიდანაც შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებულია 2 323 060.38 ლარი და სხვაობა რჩება 814 523.62 ლარი დღგ-ის ჩათვლით და შესაბამისად, მასზე დარიცხული დღგ უნდა შეადგენდეს 124 214.85 ლარს. თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ რამდენიმე მობინადრის შემთხვევაში, ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ობიექტური მიზეზების გამო მოხდა საბოლოო გადასახდელი თანხების კორექტირება, თუმცა დაზუსტებული ხელშეკრულებების გაფორმება აღარ მომხდარა, კომპანიამ მიიღო გაცილებით ნაკლები შემოსავალი ვიდრე აუდიტის დეპარტამენტის მიერ არის დადგენილი. გარდა დღგ-ის დარიცხვის კორექტირებისა ითხოვს, რომ შემოწმების შედეგად გარიგების ფასებსა და დეკლარირებულ თანხებს შორის სხვაობა დაკვალიფიცირდეს დირექტორის მიერ მიღებულ სესხად, ვინაიდან ეს თანხები კომპანიაში უკან დაბრუნებას ექვემდებარება.
საბჭო მიუთითებს შემოსავლების სამსახურის უფროსის 3.07.2023 წლის №15615 ბრძანებაზე, რომლის მიხედვით განხორციელდა ცვლილება 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებაში. კერძოდ, მე-10 მუხლის თანახმად, ამ მეთოდური მითითების მიზნებისთვის, პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრება შესამოწმებელი პერიოდის ბოლო საანგარიშო პერიოდის (კალენდარული თვის) არაგონივრული ნაშთის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში. კერძოდ, აღნიშნული თანხა კვალიფიცირდება როგორც საწარმოს დირექტორზე (თუ არ არსებობს სხვა იდენტიფიცირებადი პასუხისმგებელი პირი) გაცემული ხელფასი.
საბჭო ყურადღებას ამახვილებს აღნიშნულ გარემოებაზე და მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, ხსენებული მეთოდური მითითების გათვალისწინებით. ამ მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს ამ ნაწილში უნდა დაევალოს სადავო საკითხის შესწავლა და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 24.07.2023 წლის №17862 ბრძანება;
3. პირველ და მე-2 სადავო საკითხზე მომჩივანს მიეცეს შესაძლებლობა, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს მისი არგუმენტების დამადასტურებელი დოკუმენტები/მტკიცებულებები;
4. აუდიტის დეპარტამენტს დაევალოს:
ა) მომჩივნის მიერ წარდგენილი დოკუმენტების/მტკიცებულებების მომჩივნის მონაწილეობით შესწავლა და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულების კორექტირება (შემცირება);
ბ) მე-4 სადავო საკითხზე მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს ამ გადაწყვეტილების შესაბამისად;
გ) განახორციელოს ამ გადაწყვეტილების შესაბამისი შედეგების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა;
5. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. შესამოწმებელ პერიოდში ავანსის სახით მიღებული თანხების და ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში მიწოდებული უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავლის დაბეგვრა დღგ-ით;
2. შემოწმებით გარიგების ფასებსა და დეკლარირებულ ფასებს შორის სხვაობის და სალაროში ნაღდი ფულის ფაქტობრივი ნაშთის საბუღალტრო აღრიცხვაში დაფიქსირებულ ნაშთთან შედარებისას გამოვლენილი სხვაობის საწარმოს დირექტორზე (ანგარიშვალდებულ პირზე) ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლად დაკვალიფიცირება;
3. დამფუძნებელი ფიზიკური პირების საკუთრებაში გადაცემული ფართების გარიგების ფასსა და საბაზრო ფასს შორის სხვაობის თანხის მოგების განაწილებად განხილვა და ფიზიკურ პირზე უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემული ფართის (სახურავის) მოგების გადასახადით დაბეგვრა;
4. არაგონივრული ნაშთის საწარმოს უფლებამოსილ პირზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვა და სესხად მიჩნეული თანხის მიხედვით გაანგარიშებული სარგებლის ხელფასის სახით განაცემად კვალიფიკაცია.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოწმების შედეგები აისახა 16.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 23.12.2022 წლის №32616 ბრძანება და ამავე თარიღის №021-134 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული აქტები 2023 წლის 18 იანვარს და 23 მაისს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 24.07.2023 წლის №17862 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
გადაწყვეტილება
საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 ( 4, 9); 101; 154; 159; 163; 164; 97; 981; 984; 983; 982.
2021 წლამდე მოქმედ საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 160; 161.